ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

„არ არსებობენ ცუდი ბავშვები “

დასაწყისი

გაიცანით: ჟანეტ ლანსბერგი – პედაგოგი, სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ნაადრევი განვითარების სპეციალისტი.

მშობლებს უჭირთ გაიგონ, როგორ უნდა დასაჯონ ბავშვები ცუდი ქცევისათვის – ფიზიკურად თუ მხოლოდ მკაცრი ფრაზებით შემოიფარგლონ? ან იქნებ დემონსტრაციულად იგნორირება მოახდინონ და ცოტა ხნით ხმა არ გასცენ პატარას? როდის უნდა მიანიჭონ ბავშვს არჩევნის სრული თავისუფლება, და პირიქით, როდის  უნდა დააწესონ ზუსტი წესები და ნორმები?

აქვე გეტყვით, რომ როდესაც საქმე ეხება პატარებს, ჩემი აზრით, არ არსებობს ცუდი ქცევა. და თუ პატარა „ცუდად იქცევა“ ეს ნიშნავს, რომ მას სურს, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გითხრათ. მაგალითად: „დავიღალე და მეძინება“. ბავშვი იზრდება, ვითარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ცდილობს დღეს სხვანაირად მოიქცეს, ვიდრე თუნდაც გუშინ იქცეოდა. მშობლებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიუშვან ეს პროცესი თვითდინებაზე. როგორც მაგდა გერბერი ამბობს (უნგრელი პედაგოგი, ბავშვთა ადრეული განათლების მაგისტრი. ოჯახთან ერთად აშშ-ში გადასვლის შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა შეზღუდვების მქონე ბავშვებთან, მათ შორის აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონესთანაც): თუ ბავშვთან ურთიერთობაში მშობლები უარს ამბობენ დისციპლინაზე, ეს ნიშნავს, რომ ისინი კეთილები კი არ არა, გულგრილები არიან.

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ დისციპლინა კონსტრუქციული და ჯანსაღი იყოს და არა ზედმეტად მკაცრი? ამისათვის დედიკოებს და მამიკოებს ვურჩევ, გადახედონ აღზრდის შესახებ საკუთარ წარმოდგენებს.

პატარას დაბადებიდან პირველი წელი ის დროა, როდესაც მშობლებს აქვთ მაქსიმალური შესაძლებლობა, დახვეწონ შვილთან სწორი ურთიერთობების უნარ-ჩვევები, რომლებიც შემდგომშიც ძალიან გამოადგებათ. და რით უნდა დავიწყოთ?

  1. ბავშვის ყოველდღიური ცხოვრება უნდა იყოს მკაფიოდ განსაზღვრული, ნათელი და არა ქაოსური და მოულოდნელობებით აღსავსე. თქვენმა შვილმა ზუსტად უნდა იცოდეს, თუ რას ითხოვენ და მოელიან მისგან მშობლები. აქედან იწყება დისციპლინა.

დროის უმეტესი ნაწილი პატარამ შინ მშობლებთან ერთად უნდა გაატაროს. რა თქმა უნდა, პერიოდულად ის უნდა წაიყვანოთ იქ, სადაც მიდიხართ. მაგრამ არ დაივიწყოთ, რომ პატარებს არ შეუძლიათ იდეალურად მოქცევა, თუ, მაგალითად, თქვენ უკვე ოთხი საათია მეგობრებთან სტუმრად იმყოფებით; ან თუ საყიდლებზე ხმაურიან სავაჭრო ცენტრში წაყვანილი პატარისგან სიმშვიდეს და მოთმინებას ელით.

  1. ბავშვის ცუდი საქციელი გულთან ახლოს არ მიიტანოთ. მშობლებისა და ბავშვებისათვის გამართულ სემინარებზე ზოგჯერ ბავშვები ხმაურობენ და ხელს უშლიან საქმიანობას. ამის გამო შეწუხებელი მშობლები მიიჩნევენ, რომ მათი შვილები თანდათანობით სულ უფრო „რთულები“ გახდებიან და შესაძლებელია საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევებად ჩამოყალიბდნენ. ამგვარად, ახდენენ უფროსები საკუთარი შიშების ბავშვებზე პროექციას. ისინი იწყებენ ზედმეტი სიმკაცრის გამოჩენას და უსამართლოდ ექცევიან პატარებს, რაც საბოლოოდ უფრო დიდ პრობლემებად გადაიქცევა. ამიტომ არ უნდა მივაწებოთ ბავშვების ქცევებს იარლიყები. თუ თქვენ შეამჩნიეთ, რომ ბავშვი წუთი-წუთზე დაარღვევს რომელიმე  წესს, არ დატოვოთ ეს ამბავი უყურადღებოდ. მიეცით პატარას გაფრთხილება, მაგრამ უხეში სიტყვების და აგრესიული ქმედებების გარეშე. ისწავლეთ სწრაფი, მტკიცე და რაციონალური რეაგირება. თუ ბავშვი სახეში ბურთს გესვრით, ეს არ ნიშნავს, რომ მას არ მოსწონხართ ან ძალიან გაბრაზებულია. ბავშვი იქცევა ისე, როგორც მისთვისაა სასურველი, ის სწავლობს მის გარშემო სამყაროს; ცდილობს, გაიმეოროს ყველაფერი, რაც სოციუმში ხდება. ამით პატარა ადგენს, სად გადის ზღვარი ამ სამყაროში და ამ რეალობის შემეცნებაში მას დახმარება მშობლებმა უნდა გაუწიონ.
  2. თუ ბავშვი არღვევს ქცევის წესებს, მაშინვე დაელაპარაკეთ მას ამის შესახებ. ისაუბრეთ მშვიდად, საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანის ინტონაციით. წარმოიდგინეთ, რომ დიდი კომპანიის გენერალური დირექტორი ხართ, თქვენი შვილი კი – პატივსაცემი ხელქვეითი. არ გაბრაზდეთ და არ იყვიროთ. ბავშვს უფრო მეტად გაუჭირდება თქვენთან ურთიერთობა და თქვენი წესების მიღება, თუ დაინახავს, რომ მისი საქციელი თქვენში ბრაზსა და მრისხანებას იწვევს.

არ დაიწყოთ ნოტაციების კითხვა, უხეშობა და არ დაამციროთ პატარა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დანაშაულის განცდა გაუჩნდება და მუდმივად დაბნეული იქნება (არ ეცოდინება როგორ უნდა მოიქცეს ამა თუ იმ სიტუაციაში). ისაუბრეთ მხოლოდ ფაქტებზე. მაგალითად: „არ გადააგდო სათამაშოები. თუ გადაყრი, მაშინ მე მომიწევს ისინი შევინახო და აღარ მოგცე“. თუ ხედავთ, რომ პატარა ისევ აპირებს სათამაშოს გადაგდებას, აუცილებლად დაუშალეთ ამის გაკეთება.

მთავარია, არ გადადოთ მნიშვნელოვანი დარიგება მომავლისათვის. ცუდ ქცევაზე რეაგირება სწრაფად უნდა მოახდინოთ. იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოასწარით ან არ ისურვეთ რამის თქმა, მაშინ მოგიწევთ, დაელოდოთ შემდეგ „დარღვევას“. მაშინაც თქვენ მხოლოდ რამდენიმე წამი გექნებათ, რათა მოახერხოთ პატარის ყურადღების მიპყრობა და ახსნა, რაშია საქმე. მხოლოდ ასე შეძლებს ბავშვი იმის მიხვედრას, რის გამო აძლევენ მას შენიშვნას და რას ითხოვენ მისგან.

  1. ბავშვს არ უნდა ესაუბროთ მესამე პირში, მაგალითად: „დედას არ მოსწონს, როდესაც ნინიკო ლეკვს აწვალებს“. ეს ძალიან უცნაურად და არაგულწრფელად ჟღერს და ხელს უშლის თქვენსა და მას შორის ურთიერთგაგებას.

 

  1. რა უნდა ითქვას დასჯის ისეთ მეთოდზე, როგორიცაა, ბავშვთან ურთიერთობაზე დროებით უარის თქმა? (ამ მეთოდს „ტაიმ-აუტს“ უწოდებენ). ეს მეთოდი არ მოსწონდა მაგდა გერბერს: რა არის „ტაიმ-აუტი“? ეტყობა ეს რაღაც მცირედი ამოსუნთქვისმაგვარია. კი მაგრამ ბავშვებმა რისგან უნდა შეისვენონ? სრულფასოვანი ცხოვრებისაგან? – კითხულობდა მაგდა გერბერი. ის დარწმუნებული იყო, რომ პატარა ბავშვებისათვის აუცილებელია მშობლებთან მუდმივი ურთიერთობა. ამდენად, თუ მშობლები ცოტა ხნით წყვეტენ ურთიერთობას პატარასთან, მისთვის ცხოვრების ბუნებრივი რიტმი ირღვევა. „ტაიმ-აუტი“ და დასჯის მსგავსი ფორმები, მეცნიერის აზრით, არაეფექტურია.

თუ ბავშვი საზოგადოებაში „ცუდად იქცევა“, ის ასეთი ქცევებით გაუცნობიერებლად გაჩვენებთ, რომ დაიღალა და თავს არაკომფორტულად გრძნობს. შესაძლებელია მან „უმიზეზოდ“ ტირილიც კი დაიწყოს. ამ დროს პატარა უნდა წაიყვანოთ სახლში და არავითარ შემთხვევაში არ სცადოთ იძულებით მისი დამშვიდება, მით უფრო, ყვირილი და დასჯა.

  1. თუ გსურთ, ისწავლოთ ბავშვების სწორად აღზრდა, უარი თქვით დასჯის არალოგიკურ და მკაცრ მეთოდებზე და დაიწყეთ მის ქცევებზე ბუნებრივი რეაგირება. ზემოთ ნახსენები „ტაიმ-აუტი“ – არაბუნებრივი და უსარგებლოა. თუ პატარა გაჭირვეულდა და საჭმელს არ მიირთმევს, უთხარით მას, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება და ამიტომ მას მოუწევს მოგვიანებით ჭამა; თუ ქუჩაში გასვლის წინ თქვენ მიერ შერჩეულ ტანსაცმელს არ იცვამს, მაშინ უთხარით, რომ გასეირნება აღარ შედგება. ასეთ რეაქციებს არაფერი აქვთ საერთო მანიპულაციასა და ზეწოლასთან. თქვენ უბრალოდ უხსნით ბავშვს, თუ რა შედეგები მოჰყვება მის მორიგ უსაქციელობას. შესაძლებელია, თქვენი სიტყვების შემდეგ შვილი „გაგებუტით“, მაგრამ, რაც მთავარია, მას არ ექნება განცდა, რომ უსამართლოდ დაჩაგრეს, შეაშინეს ან შეარცხვინეს.
  2. აკრძალვები საჭიროა, მაგრამ ისინი არ უნდა გამოვიყენოთ იმ შემთხვევებში, როდესაც ბავშვი ბუნებრივ, გულწრფელ ემოციებს გამოხატავს. პირიქით, საჭიროა წაახალისოთ პატარას ნორმალური, სრულფასოვანი რეაქციები. სამი-ოთხი წლის ასაკის ბავშვების უმრავლესობა მრავალ ურთიერთსაწინააღმდეგო, ძლიერ გრძნობასა და ემოციას განიცდის. აუცილებელია, ნება დავრთოთ მათ,  გამოხატონ ბრაზი, დაბნეულობა და თუნდაც უბრალო უკმაყოფილება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თქვენ რაიმე ახალი აკრძალვა დაუწესეთ. ბავშვს არ უნდა ეშინოდეს და რცხვენოდეს საკუთარი ემოციებისა და განცდების გამოხატვის. მაგალითად: თუ ის რამეზე გაბრაზებულია და ბალიშს მუშტებს ურტყამს, ამაში არაფერი საშიში და საშინელი არ არის.
  3. თუ ყოველ ჯერზე, როგორც კი პატარა რაიმე წესს დაარღვევს, თქვენ მას დემონსტრაციულად „გაებუტებით“, მაშინ ის მიეჩვევა მუდმივად შფოთვისა და შიშის მდგომარეობაში ყოფნას, რათა შემთხვევით რამე არ გაწყენინოთ. ბუნებრივია, ასეთ რეალობაში მყოფ პატარას ვერ ჩამოუყალიბდება დაცულობისა და უსაფრთხოების გრძნობა.

ალფი კონმა – (ცნობილი ფსიქოლოგი, ლექტორი, განათლების და ადამიანური ურთიერთობების სფეროს დამოუკიდებელი მკვლევარი. 14 წიგნის ავტორი და რამდენიმე პროფესიული ჯილდოს მფლობელი.) გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსში“ გამოაქვეყნა სტატია: „როდესაც დედიკოს „მე შენ მიყვარხარ“, ნიშნავს: „მე შენ მიყვარხარ, მხოლოდ მაშინ, როცა შენ ყველაფერს ისე აკეთებ, როგორც მე მსურს“. ფსიქოლოგმა აღწერა მანიპულაციური მეთოდების ნეგატიური შედეგები, რომლებსაც ხშირად იყენებენ მშობლები. მაგალითად: ბავშვები თანდათნობით უფრო და უფრო ძლიერად გამოხატავენ უკმყოფილებას, მრისხანებას, გადაჭარბებულ სიმორცხვეს, ჩაკეტილობასა და უნდობლობას მშობლების მიმართ.

  1. არავითარი ფიზიკური დასჯა! საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ მაინც გავიმეორებ, რომ სწორედ დასჯის ასეთი ფორმები ყველაზე მეტად უშლის ხელს მშობლებს, მოიპოვონ საკუთარი შვილების ნდობა. ჟურნალ „ტაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში მკვლევარი ელის პარკი წერდა, რომ 2500 ბავშვზე ჩატარებული კვლევის საფუძველზე დადგინდა: ის ბავშვები, რომლებიც ფიზიკურად ხშირად ისჯებიან, ხუთ წლის ასაკისათვის გაცილებით ჯიუტები და აგრესიულები ხდებიან, ვიდრე მათი თანატოლი, რომლებსაც არასდროს ან ძალიან იშვიათად სჯიდნენ ფიზიკური მეთოდების გამოყენებით.

ბავშვისათვის ტკივილის მიყენება არ შეიძლება მისადმი სიყვარულის გამოხატვად ჩაითვალოს. მაგრამ რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, სწორედ ასეთი კავშირი ყალიბდება პატარის ცნობიერებაში, რომელსაც ფიზიკურად ხშირად სჯიან. გიყვარდეთ საკუთარი შვილები, სულაც არ ნიშნავს ყველაფერში დაეთანხმოთ და მით უმეტეს ყველაფრის ნება დართოთ პატარას. ხშირად, ყველაზე ბრძნული გადაწყვეტილებაა – მტკიცედ თქვათ „არა“, რაც არ უნდა ძნელი სათქმელი იყოს ეს უარი თქვენთვის.

ბავშვები იმსახურებენ იმას, რომ მშობლები/უფროსები მათთან სამართლიანი და პირდაპირი იყვნენ. პატარების სრულფასოვანი ზრდისა და განვითარებისათვის აუცილებელია აკრძალვები და წესები, რომელთა გარეშეც წარმოუდგენელია პრიორიტეტების სწორად განაწილება; ასევე, საკუთარი თავის პატივისცემისა და საზოგადოების ნორმალურ წევრად ჩამოყალიბება. წიგნში: „კარგი მშობელი. პატარა ბავშვებისადმი ბრძნული დამოკიდებულება“ მაგდა გერბერი წერდა: „თქვენი მიზანია ხელი შეუყწოთ იმას, რომ პატარას განუვითარდეს საკუთარი თავისადმი სწორი ღირებულებითი სისტემა, დისციპლინირებულობა და გარშემომყოფებისადმი თანამშრომლობის უნარი“.

სტატიის მეორე ნაწილში გაგაცნობთ ავტორის მოსაზრებას, იმის თაობაზე, თუ რატომ იქცევიან ბავშვებიცუდად“. 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი