ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მეგობრებთან ერთად წაკითხული წიგნი

ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, როგორ დავაინტერესოთ ბავშვები წიგნის კითხვით. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახისა და მასწავლებლის როლი, მაგრამ არანაკლები ძალა აქვს მეგობრების რჩევასა და მათი გამოცდილების გათვალისწინებას. საკუთარ თავზეც რომ წარმოვიდგინოთ, ხშირად დაგვიწყია ისეთი წიგნის კითხვა, რომელიც ჩვენს მეგობარს მოსწონს. რატომ? პასუხი მარტივია – ვენდობით მის გემოვნებას.

 

შარშან ჩემი ექვსი მოსწავლე კონკურსში მონაწილეობდა. ამ მოტივით წაიკითხეს ,,ჰარი პოტერის” შვიდივე ნაწილი. ბავშვები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ და მათი განწყობა მთელი კლასისთვის ,,გადამდები” აღმოჩნდა. ,,ჰარი პოტერის” კითხვა დაიწყეს არა მხოლოდ თანაკლასელებმა, არამედ – მათმა დამრიგებელმაც. ბევრი საინტერესო თავგადასავალი მოჰყვა კითხვის პროცესს – ერთად ვუყურებდით ფილმებს, მოვაწყვეთ ლიტერატურული კაფე, შევქმენით ტექსტის სიუჟეტთან დაკავშირებული ხელნაკეთი ნივთები. მერე ერთმა მოსწავლემ ლიტერატურულ დღიურში ჩაწერა, ჰარი პოტერის კითხვამ მე და ჩემს კლასელებს საერთო ენა გვაპოვნინაო. ჩემთვის ყველაზე მთავარი ეს შედეგი აღმოჩნდა – წიგნი იქცა კლასელების სასაუბრო თემად, წაკითხულმა ისინი უფრო მეტად გააერთიანა და საერთო ინტერესები გაუჩინა.

ცოტა ხნის წინ მკითხველთა კლუბის შესახებ საზღვარგარეთული გამოცდილების გასაზიარებლად მასალებს ვეცნობოდი და საინტერესო ინფორმაციას წავაწყდი – გერმანიაში არსებობს საბავშვო სამკითხველო კლუბების გაერთიანება, რომლის დევიზია ,,Mit Freu(n)den lesen”  და ორ მნიშვნელობას მოიცავს – კითხვა მეგობრებთან ერთად, კითხვა სიხარულით. ვფიქრობ, სწორი მიდგომაა და ნამდვილად გასათვალისწინებელია ეს პრაქტიკა ჩვენთვის.

კლასელებთან ერთად კითხვას მართლაც შეუძლია ბავშვების დამეგობრება და მათი გახალისება, მთავარია, ამას მასწავლებელი აცნობიერებდეს. ასეთ დროს არა მხოლოდ წიგნიერების კომპეტენცია უვითარდებათ მოსწავლეებს, ისინი ერთმანეთთან ურთიერთობასაც სწავლობენ.

 

თვის წიგნი

 

,,თვის წიგნი” – ამ ორ სიტყვას ყველასთვის სხვადასხვა დატვირთვა აქვს, ჩემი მოსწავლეებისთვის კი ნიშნავს აქტივობას, რომელიც უკავშირდება წაკითხულ წიგნ(ებ)ს და ზოგჯერ კედლის გაზეთის მომზადებას გულისხმობს, ხანაც – მეგობრებთან ერთად კლუბში შეკრებასა და საუბარს, ხანდახან შემაჯამებელი დავალებაც ყოფილა, ლიტერატურული თამაშიც და სახალისო ვიქტორინაც. კითხვა რომ მოსაწყენ პროცესად არ იქცეს, ფორმას ვცვლით, უცვლელი რჩება მთავარი მიზანი – ბავშვებმა წიგნი უნდა წაიკითხონ, თანაკლასელებს გააცნონ და შთაბეჭდილებები ერთმანეთს გაუზიარონ.

ჩვენი ,,თვის წიგნი” ორი სახისაა: კლასელები საკუთარი სურვილით ირჩევენ საკითხავს და შემდეგ ერთმანეთს წარუდგენენ ან კითხულობენ ერთსა და იმავე წიგნს – მასწავლებლის მიერ შეთავაზებულს.

პირველი უფრო მარტივია. კითხვის სასიამოვნო პროცესად ქცევას თავისუფალი არჩევანი განაპირობებს. მოსწავლეებს როცა გადაწყვეტილების მიღების პასუხისმგებლობას ვაკისრებთ, მათი მოტივაცია იზრდება. თანაკლასელები ერთმანეთის წიგნებით ინტერესდებიან და კითხვას იწყებენ.

მეორე ვარიანტი მეტ ძალისხმევას საჭიროებს. წიგნების სამყაროში ბავშვებს მრჩეველი სჭირდებათ. ამ დროს ძალიან ბევრია დამოკიდებული მასწავლებელზე, მან ყურადღებით უნდა შეარჩიოს საკითხავი მოსწავლეთა ინტერესების, გემოვნებისა და საჭიროებების გათვალისწინებით და ისე შესთავაზოს მათ, რომ კითხვის სურვილი გაუჩნდეთ. ცხადია, კლასის ესა თუ ის წევრი ერთნაირად ვერ დაინტერესდება, არსებობს იმის საფრთხეც, რომ ბავშვებს მასწავლებლის შეთავაზებული წიგნი არ მოეწონოთ. ეს ბუნებრივია და ამისთვისაც უნდა ვიყოთ მზად. წაკითხულის არმოწონება უკვე ნიშნავს იმას, რომ მკითხველმა ტექსტი შეაფასა, ეს ხომ გემოვნების ჩამოყალიბების  თანამდევი პროცესია. მთავარი ისაა, რომ კლასელები წიგნის გარშემო ერთიანდებიან, ერთსა და იმავე ტექსტს კითხულობენ, თუმცა ყველა თავისებურად აღიქვამს, საკუთარი თავისთვის ნათქვამს პოულობს ფურცლებზე. თუ ერთი რომელიმე პერსონაჟის ქცევას განიხილავს, მეორე ხვდება, რაზე საუბრობს, თუ მესამე შეკითხვას სვამს, მეოთხე პასუხობს. ხანდახან ისეც ხდება, რომ წაკითხული წიგნის განხილვისას პერსონაჟების მაგალითით ბავშვები ერთმანეთს ეუბნებიან სათქმელს. მთელი ეს პროცესი ტექსტის გააზრებას უფრო საინტერესოს ხდის და ასე ნელ-ნელა ყალიბდება საკლასო გარემო, რომელშიც წიგნის კითხვა პრიორიტეტულია.

ზემოთ ნათქვამში შესაძლოა დამეთანხმოთ, მაგრამ მთავარი სირთულე ხომ მოსწავლეთა წიგნამდე მიყვანაა. ამ დროს ჩნდება კითხვა – როგორ წავაკითხოთ ბავშვებს ტექსტი ისე, რომ ამის სურვილი თავად ჰქონდეთ და ეს არ იყოს მათთვის ვალდებულება? გაგიზიარებთ გამოცდილებას, გიამბობთ ჩემი მოსწავლეების მიერ ბოლო ხანს წაკითხული წიგნის შესახებ და იმასაც გეტყვით, როგორ გაახალისა მათი ყოველდღიურობა მეგობრებთან ერთად კითხვამ.

,,სახატავ რვეულში ჩაწერილი ზღაპრები”

 

წიგნების ფესტივალზე ხეტიალისას დიანა ანფიმიადისა და გიორგი ბარბაქაძის ახალგამოცემული წიგნი ჩამივარდა ხელთ.

,,ერთმა პატარა ბიჭმა, გიორგიმ, სანამ ლაპარაკს დაიწყებდა, ჯერ ხატვა ისწავლა. მერე დიდხანს, დიდხანს ელაპარაკებოდა დედას ნახატებით.

დედას კი ხატვა არ შეეძლო, სამაგიეროდ, ამბების მოყოლა უყვარდა.

ჰოდა, ასე დაიწერა ეს წიგნი…” ჯერ ანოტაცია წავიკითხე, მერე ილუსტრაციები გადავათვალიერე და მაშინვე შევიძინე. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ თანამედროვე ქართულ საბავშვო ლიტერატურას, ერთი, რომ არაჩვეულებრივი ტექსტები იქმნება დღეს და მეორე – მოსწავლეების დასაინტერესებლად მშვენიერი საშუალებაა.

მოლოდინი გამიმართლდა. ბევრი თვალით წავიკითხე ,,სახატავ რვეულში ჩაწერილი ზღაპრები” – მასწავლებლის, დედის, ბავშვის… და ძალიან მომეწონა. იმასაც მივხვდი, რომ ჩემი მოსწავლეები დაინტერესდებოდნენ. ვიდრე ბავშვებს წიგნს წარვუდგენდი, დავუკავშირდი მწერალს და ვკითხე, შეძლებდა თუ არა ჩვენს ლიტერატურულ კლუბში სტუმრობას და იმ მოსწავლეებთან შეხვედრას, რომლებიც მის ,,სახატავ რვეულში ჩაწერილ ზღაპრებს” წაიკითხავდნენ. დიანა დამთანხმდა.

ამ ამბით გახარებულმა სკოლისკენ დავიმგზავრე ზღაპრების ფერადყდიანი კრებული და ბავშვებს გავაცანი. ნაწყვეტები ხმამაღლა წავუკითხე, ნახატები დავათვალიერებინე. ამ დროისთვის რამდენიმეს საკუთარი ინიციატივით უკვე წაკითხულიც ჰქონდა. შემდეგ მეხუთე- და მეშვიდეკლასელ მოსწავლეებს ვუთხარი, რომ მალე ავტორი ლიტერატურულ კლუბში გვესტუმრებოდა და ერთად ვისაუბრებდით ,,სახატავ რვეულში ჩაწერილი ზღაპრების” შესახებ. ვისაც სურვილი ჰქონდა, შეეძლო წიგნის წაკითხვა და შემდეგ მწერლის ნახვა, მასთან საუბარი, მისი მოსმენა  (ოდესმე აუცილებლად დავწერ, რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებისა და თანამედროვე ავტორების შეხვედრა, როგორ უმაღლებს მოსწავლეს კითხვის მოტივაციას მწერალთან შეხვედრის მოლოდინი).

მოხდა ის, რასაც ველოდი. უმრავლესობამ თავიდანვე გამოთქვა წიგნის წაკითხვის სურვილი. თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას ჯადოსნური ძალა აქვს, გადაწყვეტილების მიღებასაც ასწავლის ბავშვებს. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი მგონია.

თუ თქვენი მოსწავლეები სქელტანიანი წიგნების კითხვას ერიდებიან, ,,სახატავ რვეულში ჩაწერილი ზღაპრები” ამ შემთხვევაშიც დაგეხმარებათ. 60-გვერდიანი კრებული პატარ-პატარა საინტერესო ამბებისგან შედგება და მკითხველს აფიქრებს მეგობრობაზე, ადამიანურ ურთიერთობებზე, სიყვარულზე. მარტივად, სწრაფად იკითხება.

,,სახატავ რვეულში ჩაწერილი ზღაპრები” სასწავლო რესუსრსადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. მას შემდეგ, რაც ბავშვებს შევატყობინებთ, ეს ლიტერატურული ზღაპრები დედამ შვილის ილუსტრაციების მიხედვით შექმნა, იმასაც ვეტყვით, რომ ავტორმა მკითხველზეც იფიქრა, წიგნში გამოყოფილია 2 გვერდი, რათა მსურველმა ჩახატოს, დაწეროს და ამით წიგნის ნაწილი გახდეს. ჩემი მოსწავლეები დასაწყისშივე ძალიან დაინტერესდნენ ამ შეთავაზებით.

 

 

რამდენიმე დღეში პირველი მკითხველებიც გამოჩნდნენ. დაიწყო ემოციების გაზიარების პროცესი. ზოგიერთმა წიგნის შეძენა ვერ მოახერხა და მეგობრები სიხარულით სთხოვნიდნენ საკუთარს.

რომელი ილუსტრაცია მოგეწონა? ეს ზღაპარი გაიგე? მწერალს რომ ვკითხო, შეიძლება? გადაწყვიტე, რას ჩახატავ? ზღაპარი უნდა დაწერო? როგორი ამბავია, ეს როგორ მოიფიქრა?

შეკითხვები არ ილეოდა. არც პასუხები. მეგობრები ერთმანეთის განცდების თანაზიარნი ხდებოდნენ.

 

***

ერთ-ერთ კლასში წიგნის წაკითხვის ყველაზე ცოტა მსურველი აღმოჩნდა. მოსწავლეს, რომელსაც უკვე წაკითხული ჰქონდა, გაკვეთილზე ვთხოვე, შთაბეჭდილება გაეზიარებინა ჩვენთვის. გვითხრა, თავიდან არ ვაპირებდი წაკითხვას, ,,ზღაპრები” პატარებისთვის განკუთვნილად მივიჩნიე, მაგრამ პირველივე ფურცლებმა მიმახვედრა, ეს წიგნი ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვისაა დაწერილიო. ყველაზე მეტად რომელი სიტყვები მოეწონა, ისიც კი გაგვანდო: ,,ძველ მეგობარს არაფრის გამო არ აწყენინო, ყველაფერი ძველდება, მეგობარი კი ყოველთვის შენთან რჩება”.

მალევე გაიზარდა მსურველების რაოდენობა. ალბათ, ხვდებით, რატომაც – მეგობრის შეხედულებამ ბავშვები დააინტერესა.

 

კიდევ ერთი იდეა გაგვიჩნდა იმ მომენტში – შეგვექმნა ხელნაკეთი წიგნი და სტუმრად მოსული მწერლისთვის გვეჩუქებინა. შევადგინეთ კითხვარი:

  1. თქვენი აზრი ამ წიგნის შესახებ;
  2. თქვენთვის გამორჩეული ზღაპარი;
  3. საინტერესო სიტყვები, ფრაზები;
  4. რომელი ილუსტრაცია მოგეწონათ ყველაზე მეტად და რატომ;
  5. შეკითხვა მწერალს…

ვერ წარმოიდგენთ, რამდენ ხანს ფიქრობდნენ პასუხებზე, როგორი მონდომებით წერდნენ, ხატავდნენ და აბედნიერებდათ ის, რომ მათ ნააზრევს ავტორი წაიკითხავდა.

ჩემი ერთი მოსწავლე 2 წლის წინ სხვა სკოლაში გადავიდა. მეგობრებს მოსანახულებლად ესტუმრა. გაიგო, რომ კითხულობდნენ წიგნს, რომლის ავტორსაც მალე შეხვდებოდნენ. მთხოვა, თუ შეიძლება, მეც წავიკითხავ და შეხვედრაზეც მოვალო. სიხარულით დავთანხმდი. წიგნმა მეგობრებთან კიდევ უფრო დააკავშირა.

 

მწერლის სტუმრობამ საოცარი ემოციებით აგვავსო. ყველაზე მთავარი – ბავშვებს უხაროდათ და ეს სიხარული კითხვას მოჰყვა შედეგად. გარდა ამისა:

  • მოსწავლეებმა გაუზიარეს თავიანთი შეხედულებები ავტორს;
  • თავისუფლად გამოთქვეს აზრები;
  • იმსჯელეს წაკითხულის შესახებ;
  • აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოვიდნენ;
  • დასვეს შეკითხვები და მიიღეს პასუხები;
  • შეიტყვეს წიგნის შექმნის ისტორია;
  • დიანა ანფიმიადისგან ბევრი საინტერესო ამბავი მოისმინეს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ავტორი მოსწავლეებს ესაუბრა აუტიზმის შესახებ და აუხსნა, რამდენად მნიშვნელოვანია, ვიპოვოთ ადამიანებთან ურთიერთობის გზა;
  • მწერალს აჩვენეს საკუთარი ნახატები და ნაწერები;
  • იყვნენ ბედნიერები.

 

მეგობრებთან ერთად წაკითხული წიგნი ჩემი მოსწავლეებისთვის საინტერესო თავგადასავლად იქცა. რაც მთავარია, მათ უნდათ, რომ ასეთი ამბები ხშირად გადახდეთ თავს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი