სამშაბათი, აპრილი 16, 2024
16 აპრილი, სამშაბათი, 2024

ვაკეთებ – ვაცნობიერებ

„განათლება ცეცხლის გახურებას ჰგავს და არა ჭურჭლის ავსებას“

სოკრატე

დღევანდელ სტატიას ძველი ჩინური თქმით დავიწყებ: „ვისმენ – მავიწყდება, ვხედავ – მახსოვს, ვაკეთებ – ვაცნობიერებ“. რა თქმა უნდა, ეს სწორედ წინა თემის გაგრძელებაა: დიუის თეორიას ვაგრძელებ: „სწავლა – კეთებით“, ან „სწავლა – გამოცდილებით“. სიცოცხლე ყოველთვის დიალოგია, შეცნობა ყოველთვის უკავშირდება კეთებას, რადგან კეთებაც – დიალოგია, ურთიერთქმედება და ურთიერთგავლენა. თუ ადამიანი მეორე ადამიანთან, ბუნებასთან, საგნთან, რომელიმე თეორიასთან დიალოგშია და ცვლილებას არ განიცდის, მაშინ ის უბრალოდ ნივთია, დახავსებული და უსარგებლო.

ადამიანი შეიცნობს თავის თავს მხოლოდ II პირის მეშვეობით. ეს მეორე პირი შეიძლება იყოს ადამიანი, ბუნება, წიგნი… ან ნებისმიერი რამ, რასაც ეხები, განიცდი, გრძნობ….

ბახტინის მიხედვით, „ყოფნა ნიშნავს იყო სხვისთვის და სხვისი მეშვეობით საკუთარი თავისთვის. ადამიანს არა აქვს შინაგანი სუვერენული ტერიტორია, ის ყველგან და ყოველთვის ზღვარზეა… როცა თავის თავში იხედება, ის უყურებს თვალებში სხვას, ან იმზირება სხვისი თვალებით“. სწორედ ამიტომ საჭიროა მეორე, როგორც საკუთარი თავი.

„მე ვარსებობ, რამდენადაც მე ჩემს თავს გავცემ“ – ამბობს სარტრი. „თავის გაცემაც“ – დიალოგში შესვლაა. „რასაცა გასცემ, – შენია“ – ამავე აზრის მატარებელია. რადგან შეცნობა – ეს არის შეხებით და ურთიერთქმედებით გამოწვეული მდგომარეობა. ამიტომ ნამდვილი ცოდნა – მხოლოდ კეთებით მიღებული გამოცდილებაა, გამოცდილება, რომელიც გცვლის და გამზადებს სხვა, ახალი გამოცდილებისთვის, რადგან  ცხოვრება არასდროს არ არის მყარი მოცემულობა.

როგორც განიცდით ცხოვრებას,  სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა მეტაფორით შეიძლება გამოიხატებოდეს. მეტაფორების ლექციაზე ყოველთვის ვსვამ კითხვას: მითხარით, თქვენი ცხოვრების მეტაფორა და გეტყვით, ვინ ხართ და როგორი ხართ თქვენ?

იმის მიუხედავად, აცნობიერებთ თუ არა, რომ მეტაფორები „გეხებათ“ თქვენ და გმართავთ კიდეც, ეს პროცესი მაინც მიმდინარეობს.

მაგალითად, რომ წარმოვიდგინოთ ასეთი მეტაფორა: ცხოვრება – მწვერვალია და ცხოვრების გზა – ამ მწვერვალზე ამავალი ბილიკი. ცხოვრების გაგება ამ მეტაფორით ერთგვარი სპორტია: გარბიხარ ფინიშისაკენ. ადვილად ამოიცნობთ ამ მოდელის ადამიანებს: მათ ყოველთვის ეჩქარებათ, ისინი მწვერვალს გაჰყურებენ და ზომავენ მანძილს, რომ მოასწრონ სიცოცხლის განმავლობაში მწვერვალზე ასვლა…  ასეთ შემთხვევაში, თითქოს ყველაფერი წინასწარ იცი: რასაც აკეთებ და რასაც გააკეთებ, ან რაც უნდა გააკეთო. მაგრამ ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი ცხოვრების მეტაფორა მწვერვალზე ასვლა კი არა, უბრალოდ ჰორიზონტია. ცხოვრება – ჰორიზონტია… რაც იმას ნიშნავს, რომ აბსტრაქციაა ყველაფერი, საითაც მიდიხარ და რაც გინდა. ჰორიზონტი წარმოსახვითია და სინამდვილეში არ არსებობს… რამდენადაც მიუახლოვდები, უფრო დაგშორდება.. არის ამ მეტაფორაში რაღაც უსასრულო და უსაზღვრო.

ცხოვრება – თეატრია? ჰო, მაშინ შენ სულ თამაშობ, სულ სცენაზე ხარ, სულ სხვა ხარ… თუ ცხოვრება გამოცდაა, აი, მაშინ კი ცხოვრების ნებისმიერ მომენტს იღებ, როგორც გამოცდას. ერთგვარად რელიგიურია ეს კონცეპტი. აბარებ გამოცდებს და ამას არა აქვს დასასრული, რადგან მთელი ცხოვრება გამოცდაა, ვიდრე სიკვდილამდე. და რატომ აბარებ ამდენ გამოცდას და, ბოლოს და ბოლოს, როდის იღებ შედეგს? – რა თქმა უნდა, სიცოცხლის შემდეგ დაჯილდოვდები, ოღონდ იქ ნამდვილად ვერავინ გამოგყვება ამის შესამოწმებლად, სიტყვაზე უნდა ენდო ამ მეტაფორას… ამ აზრს გამოხატავს გურამიშვილის „სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდებისო.“

ეს და სხვა მრავალი კონცეპტი ერთგვარად უნივერსალური მეტაფორებია, რომლებსაც მოირგებენ ხოლმე ადამიანები სამოსივით და მერე მთელი მათი ქმედება სწორედ ამ მეტაფორებიდან გამომდინარეობს.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ რაღაც ვიცით საგნებზე, როდესაც ვლაპარაკობთ ხეებზე, ფერებზე, თოვლზე და ყვავილებზე, სინამდვილეში საგნებს მხოლოდ მეტაფორებით ვფლობთ“(ნიცშე). საგნებსაც და საკუთარ თავსაც მხოლოდ მეტაფორებით ვფლობთ და სიტყვა „ფლობა“ ამ წინადადებაში მეტაფორაა, რადგან შეუძლებელია მუდმივად ცვალებადის ფლობა…

ყველაზე საინტერესო ის მომენტია, როდესაც ადამიანი იწყებს ფიქრს თავისი ცხოვრების მეტაფორაზე. ამას ვერ გააყალბებ, რადგან ეს შენი მსოფლმხედველობაა, მისით იკვებები, საზრდოობ და ყველა ქცევა საბოლოოდ იმ კონცეპტისკენ მიემართება, რომელსაც შესაძლოა ისე ატარებ, რომ წარმოდგენაც არ გაქვს მის შესახებ.

ერთმა სტუდენტმა აღელვებულმა მიამბო, როგორ შეცვალა მისი ცხოვრება ერთმა მეტაფორამ. მითხრა, რომ მრავალი წლის განმავლობაში აკვიატებული ჰქონდა ერთი მეტაფორა: რომ ცხოვრება საბოლოოდ არაფერია, რაც არ უნდა გააკეთო, რაც არ უნდა შექმნა, როგორც არ უნდა იფიქრო, ბოლოს ყველაფერი ნადგურდება და ქრება…  მას შემდეგ, რაც ვაიძულე დაფიქრებულიყო იმაზე, საით მიყავდა მის მმართველ მეტაფორას მისი ცხოვრება, ნამდვილი ტრანსფორმაცია მოხდა. მნიშვნელოვანი იყო, რომ ჯერ ამოეცნო საკუთარი კონცეპტუალური მეტაფორა და მერე, თუ საჭიროდ ჩათვლიდა, შეეცვალა…  როგორც სტუდენტმა აღმიწერა: მისი ცხოვრება იყო მთვლემარე, უინიციატივო, მოსაწყენი და უინტერესო, რადგან ის იდეა, რომელიც მართავდა (რომ ცხოვრება არაფერია), მხოლოდ ასეთ ცხოვრებას სთავაზობდა; მაგრამ ერთხელაც, როდესაც გააცნობიერა, სხვა მეტაფორა: „არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა?“, – მისი ცხოვრება შეიცვალა, გოგონა გახდა აქტიური, მოტივირებული, შემოქმედებითი… დაიწყო ისეთი საქმეების კეთება, რასაც მანამდე არასდროს გააკეთებდა და ეს შეძლო მხოლოდ ერთი მეტაფორის გაცნობიერებით, რომელსაც ეფუძნებოდა მისი ყოველდღიური ცხოვრება.

დიუის თეორიის მთავარი აქცენტი, რომ გამოცდილების მიღება ეს არის არა უბრალოდ თეორია, არამედ ეს არის ურთიერთქმედება, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სწორედ ასე გამოიხატა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ურთიერთქმედება მხოლოდ ადამიანთან არის შესაძლებელი, მაგრამ ეს შეიძლება გამოიწვიოს უსულო საგანმაც, როცა მასზე ფიქრობ, რა თქმა უნდა… ფიქრი – ეს უკვე ურთიერთქმედებაა… და რაიმე საგანზე ან მოვლენაზე ფიქრის შემდეგ ჩვენ უკვე სხვა ვართ, ვიდრე ეს ფიქრამდე ვიყავით. სწორედ ასეთია ცოდნის გზაც – ურთიერთქმედება, სინერგია, დიალოგი. ცნობიერებას აქვს დიალოგური ბუნება.

საკუთარი თავის გაცნობიერებაც მხოლოდ დაპირისპირებისას (დიალოგისას) არის შესაძლებელი. მე ვამბობ მე-ს მხოლოდ ვინმესთან ურთიერთობისას, რომელიც იქნება შენ. სხვაგვარად არცერთი არ არსებობს. ანუ არსებულია ის, რაც ამ ორის ურთიერთქმედებით მიიღწევა.

ბულგაკოვი წიგნში „სახელთა ფილოსოფია“ მე-ს ენის ძირს“ უწოდებს, ხოლო შენ ნაცვალსახელს განსაზღვრავს, როგორც მეორე მეს. ფილოსოფოსის აზრით, ნაცვალსახელში მე „არ არის არავითარი იდეა, არავითარი სიტყვა, ის მხოლოდ ადასტურებს ყოფიერებას. ის არის ონტოლოგიური ჟესტი, რომელშიც ვლინდება „სიტყვის ონტოლოგიური რეალობა (ბულგაკოვი).

ფრაზაში: „მე შენ მიყვარხარ“ – აღარც მეა და აღარც შენ… არამედ მხოლოდ დამოკიდებულება ორს შორის, რომელიც სულ სხვაა, ვიდრე ეს ორი ობიექტი ცალ-ცალკე. ცოდნაც ამ თვისებისაა…. ადამიანს ცვლის კეთება და კეთებით მიღებული გამოცდილება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მაჩაბელი 

ცეცხლის წამკიდებელი

სიტყვამწარე

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი