ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სიტყვის მარილი

ამას წინათ ერთმა მოსწავლემ მკითხა: – მასწავლებელო, თქვენსავით საუბარს რომ ვისწავლი, მეც შევძლებ მასწავლებელი გავხდე? ეს ამბავი, ერთი შეხედვით უღიმღამო, ჩაწყვეტილი ხმის გამო, ჩურჩულით ჩატარებულ გაკვეთილზე მოხდა. არადა, ხმა ხომ მასწავლებლის მთავარი სამუშაო იარაღია?!        

ხშირად მოსწავლეები პედაგოგს არასასიამოვნო ხმის გამო იწუნებენ. მართალია, ხმა გაკვეთილზე შეუცვლელი და საჭირო რესურსია, მაგრამ ხმის გარდა, ყურადღებას იქცევს კიდევ მრავალი ნიუანსი, რომელიც მასწავლებელს მოსწავლეებთან კავშირის დამყარებაში ეხმარება.

 
მასწავლებლის საუბარი სხვა პროფესიის ადამიანების სიტყვით გამოსვლისგან ბევრად განსხვავდება. პირველ რიგში, მას ლაპარაკი და აუდიტორიის მართვა ერთდროულად უწევს. პედაგოგის ამოცანა მხოლოდ ინფორმაციის გადაცემა კი არა, მისი სათანადოდ დამუშავებაცაა. მის მიერ მომზადებული სიტყვა შეიცავს კონკრეტული ასაკის და შესაძლებლობის მსმენელისათვის მომზადებულ მასალას, რომელიც უმეტესად დიდაქტიკური ხასიათის სიგნალებით არის გაჯერებული და ადამიანის აღზრდას, აზროვნების განვითარებას ემსახურება. ამიტომაც მოსწავლეებთან საუბარში გამოყენებული სიტყვები მისაწვდომი უნდა იყოს მოზარდის ნედლი ცნობიერებისთვის. 

ახალი ინფორმაციის სასკოლო აუდიტორიისთვის მიწოდებამდე აუცილებელია დადებითი განწყობის შექმნა და ეფექტური სამოტივაციო გეზის არჩევა. პირველი  სიგნალი, რომელსაც მოსწავლეები ჩვენგან იღებენ და აფასებენ, ინფორმაციის შინაარსი კი არა, მისი მიწოდების ფორმაა.
მოუსმინე, რომ მოგისმინონ

ყველაზე მეტ ინფორმაციას ადამიანის ერუდიციაზე, ინტელექტზე, ეთიკასა თუ აღზრდაზე, მისი საუბრის მოსმენის დროს ვიღებთ. მეტყველების კულტურის დაუფლება ხელს უწყობს საზოგადოებაში თვითდამკვიდრებას და პროფესიულ წინსვლას. მასწავლებელს განსაკუთრებით სჭირდება სამეტყველო და, მასთან ერთად, მოსმენის უნარ-ჩვევების განვითარება. 

სკოლაში მუშაობა ნიშნავს ხშირ კონტაქტს მრავალფეროვან და მრავალრიცხოვან საზოგადოებასთან, რომლის წევრებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ასაკით (მშობელი, მოსწავლე, მეურვე ბებია-ბაბუები), სოციალური სტატუსით, აღმსარებლობით, მსოფლმხედველობით… დასაწყისში, სანამ მოსწავლეები გაგიცნობენ, სჯობს, მსმენელის როლი მოირგოთ. ნდობის მოპოვებას ყველაზე სწრაფად ამ გზით მოახერხებთ, შემდეგ თქვენი მოსმენის ჯერიც დადგება.
,,ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი”

მასწავლებელი მოზარდებისთვის მისაბაძ მაგალითს წარმოადგენს. ის, პირველ რიგში, გამართულად უნდა საუბრობდეს, არ უნდა დაუშვას ენობრივი შეცდომები, სათქმელი ჩამოაყალიბოს მოკლედ, მარტივი სიტყვებით და წარმოთქვას გარკვევით.

კარგი დიქცია (სიტყვების გარკვევით, მკაფიოდ წარმოთქმა) მეტყველების ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია. მის გარეშე შეუძლებელია ნორმალური კომუნიკაციის დამყარება. გაურკვევლად წარმოთქმული სიტყვები ხელს უშლის მოსმენილი ინფორმაციის გაგებასა და გაანალიზებას, ამცირებს მოსაუბრის მიმართ ნდობას (არსებობს საარტიკულაციო აპარატის მოქნილობის გასაუმჯობესებელი ვარჯიშები: ენის გასატეხები, მიმიკური ვარჯიშები  და ა.შ.).

მასწავლებელი კარგად უნდა ფლობდეს ხმას – არ უკანკალებდეს, გამოთქვამდეს სიტყვებს მკაფიოდ, შესაბამისი ინტონაციით, მშვიდად, ზედმეტი ემოციის გარეშე. როცა მასწავლებელს ღელვა ემჩნევა, კლასის მართვის სადავეებიც ადვილად უსხლტება ხელიდან. 

მასწავლებლის  ხმა

მოსწავლეს მასწავლებლის მოსასმენად, პირველ რიგში, საუბრის კეთილხმოვანება განაწყობს. ხმის ხარისხის ყველაზე კარგ მაჩვენებლად სირბილე, ჰაეროვნება და გამძლეობა ითვლება. სასიამოვნო ხმის ტემბრი ხელს უწყობს წარმატებული კავშირის დამყარებას. შეიძლება არ გაინტერესებდეს და მაინც მოუსმინო.  ხმას შეუძლია განგაწყოს, გთხოვოს, გიბრძანოს, აგაღელვოს და დაგამშვიდოს.  

თუ სიტყვა მეტისმეტად გაგიგრძელდა, კეთილხმოვანება ვეღარ გიშველის. ხანგრძლივი მონოლოგი და აუდიტორიის პასიური მოსმენის ფაზაში დიდხანს გაჩერება მოსწავლეების მხრიდან გაკვეთილისადმი ინტერესს აცხრობს. ამიტომ სასურველია, სასწავლო პროცესის დიდი ნაწილი დიალოგის რეჟიმში მიმდინარეობდეს. აქტიური გაკვეთილის ჩატარების დროს დიდი რაოდენობის სამეტყველო რესურსი იხარჯება და იწვევს ხმის გადაღლას, რაც პედაგოგთა მთავარ ,,პროფესიულ დაავადებად” ითვლება. 

ხმას ემოციურად დატვირთული საუბარიც ღლის. როცა ცდილობ, რომ ემოციების დახმარებით აუდიტორიის ყურადღება მიიპყრო, ხმას ხშირად უწევ, იწყებ არასწორად სუნთქვას, იშვიათად ისვენებ სტრიქონებს შორის. სამეტყველო პროცესში პაუზების  შემცირებამ შესაძლოა სასუნთქი გზების სპაზმიც  კი გამოიწვიოს.

ხმის გადასარჩენად აუცილებელია სამეტყველო პაუზების ხშირი გამოყენება. საუბრის დროს, თუნდაც წამით, ხშირად უნდა შეისვენო. თან ბავშვებს საგაკვეთილო თემასთან დაკავშირებული ინფორმაციის ეტაპობრივი გადამუშავება უფრო ეადვილებათ. ასე რომ, ლოგიკური პაუზებით დანაწევრებული გაკვეთილი ხმის შემონახვასთან ერთად ახალი ინფორმაციის გაგება-დამუშავებასაც შეუწყობს ხელს.

გასათვალისწინებელია საუბრის ტემპიც. ჩქარი საუბრისთვის ყურის მიდევნება მოზარდებს ძალიან უჭირთ, მაგრამ არც მეტისმეტად გაწელილი ლაპარაკი ვარგა.  საუბრის დინამიკურობა სამეტყველო ტემპსა და რიტმს ეფუძნება. რადგან ქართულ ენაში მახვილი არ გამოიყენება, რიტმის შექმნა სწორედ ლოგიკური პაუზებით, ინტონაციის ცვლით, აზრობრივი მახვილების გამოყენებით შეიძლება.  

როგორ გავუფრთხილდეთ ხმას

რამდენიმე გაკვეთილის ჩატარების შემდეგ, მასწავლებლის ხმა ძალიან იღლება, იძაბება და იბზარება, სრულ სიჩუმეში საუბრის დროსაც  კი. ახალი მასალის ახსნის, ინსტრუქციის მიცემის, გამოკითხვის პროცესში, ყველაზე ხშირად ხმის სიმაღლე იცვლება. დაწყებით კლასებში ყურადღების კონცენტრირების, თვითკონტროლის, მოთხოვნილებათა გადავადების უნარ-ჩვევები ჯერ კიდევ დასახვეწია. შესაბამისად, მოსწავლეები არც თუ ისე ხშირად სხედან ჩუმად და მასწავლებელს ხმის დაძაბვის ხარჯზე უწევს გაკვეთილის ჩატარება.

სახმო აპარატის უდიერად ,,გამოყენებამ” შესაძლოა ხმის დაკარგვა გამოიწვიოს. მასწავლებელმა უნდა ისწავლოს ბგერითი რესურსების ,,გამოზოგვა”. მავნებელია ხმის სიმაღლის ხშირად ცვლა, დასუსტებული ხმით ყვირილი, დაჭიმული სამეტყველო აპარატით ხანგრძლივი და ემოციური საუბარი.

თურმე საშუალოზე დაბალი დიაპაზონის ბგერებსაც შესძლებიათ სახმო სიმების ,,აშლა”: ხმის დაკარგვის დროს  ცდილობენ ჩურჩულით ისაუბრონ, მაგრამ საარტიკულაციო აპარატი ამ შემთხვევაშიც ისევე იძაბება, როგორც ხმამაღლა საუბრისას.

არ გირჩევთ საკლასო ხმაურის ჩახშობის მიზნით ხმის ხშირად აწევას, რადგან შედეგი მაინც დროებითი იქნება. სჯობს, კლასის მართვისთვის უკვე არსებული უამრავი მეთოდიდან ამოვირჩიოთ და მოვირგოთ რომელიმე მათგანი. 

სამი საათის მანძილზე შეუსვენებლად ჩატარებული გაკვეთილების შემდეგ, აუცილებელია მინიმუმ ერთსაათიანი შესვენება, რათა ხმამ დახარჯული ძალები აღიდგინოს. საუბრის დროს არ უნდა დაგეჭიმოთ ყელის კუნთები, მხრები,  კისერი. 

შეამცირეთ საუბარში ემოციების ,,დიაპაზონი”. გადაჭარბებული ემოციით საუბარი იწვევს სუნთქვის რიტმის დარღვევას, სამეტყველო აპარატის დაღლას და დაჭიმვას. სპეციალური ვარჯიშების (მიმიკური, სუნთქვითი) დახმარებით, საუბრის ,,საშემსრულებლო მანერა” იხვეწება და ხმაც  ძლიერდება. იმ პროფესიის ადამიანებისთვის, ვისთვისაც ხმა მთავარი სამუშაო იარაღია (მასწავლებელი, მომღერალი, მსახიობი), აუცილებელია ექიმ-ლარინგოლოგთან ხშირი თანამშრომლობა.

უნდა ისაუბროთ მშვიდად და მსუბუქად. მოერიდეთ ხმამაღალ სიცილს, ხანგრძლივ სატელეფონო საუბრებსა და ჩურჩულს. მავნებელია მგზავრობის დროს, ხალხმრავალ ადგილებში საუბარი (ხმას ძალიან ვნებს  ალკოჰოლური, გაზიანი სასმელებისა და თამბაქოს რეგულარული მიღებაც). დაკარგული ხმის  სრულყოფილად აღდგენა რამდენიმე დღის მანძილზე ,,ჩუმად ყოფნის რეჟიმისთაა” შესაძლებელი. ჩუმად ყოფნის, რაც მასწავლებლისთვის ერთგვარ შეუსრულებელ მისიას წარმოადგენს. ამიტომაც შეეცადეთ არ დაკარგოთ ის აუცილებელი სამუშაო ხელსაწყო, რომლის გარეშეც ვერც ერთ კარს ვერ შეაღებთ სიტყვებით: – დილა მშვიდობისა, ბავშვებო!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი