გარე ტაქტი. წერტილი. ლიგა. ფერმატა

გარე ტაქტი

მუსიკალური ნაწარმოების უმახვილო (მეტრულად სუსტი) წილით დაწყება (ისევე, როგორც პოეზიაში – ლექსის დასაწყისში), თითოეულ თქვენგანს, ალბათ, არაერთხელ შეუმჩნევია. მელოდიის ამგვარი დასაწყისი კი ყოველთვის გარე ტაქტზე მიანიშნებს. მისი არ შემჩნევა შეუძლებელია, ვინაიდან თვალშისაცემია ტაქტის „მცდარი“ ზომით დაწყება. როგორც წესი, გარე ანუ არასრული ტაქტი ერთი ან რამდენიმე ნოტისგან შედგება.  რაც შეეხება გარე ტაქტის მეორე ნაწილს ანუ დარჩენილ თვლას, რომელიც „არა მცდარი“ ზომის მაუწყებელია, ბოლო ტაქტშია მოცემული ან ნაწარმოების შუაში ნებისმიერი ნაწილის წინ. ამრიგად, ბოლო ტაქტი სრულად გამორიცხავს პირველი ტაქტის გაუგებრობას და კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს მუსიკალური თეორიის იდეალურ კანონებზე.

გარე ტაქტი ასევე ძალიან ჰგავს დირიჟორის გამაფრთხილებელ, ეგრეთ წოდებულ წინმსწრებ ჟესტს – აუფტაქტს (ხელისა თუ ჯოხის აქნევა), რომელიც გამოიყენება ნაწარმოების დაწყების წინ შემსრულებელთა საყურადღებოდ.

 

წერტილი

წინარე წერილებში გრძლიობებზე ბევრი გვისაუბრია. ვინაიდან მრავალფეროვან მუსიკალურ რიტმულ სამყაროში არსებული ძირითადი გრძლიობები არასაკმარისია, თვალი გადავავლოთ იმ დამხმარე საშუალებებს, რომლებიც ბგერების ჩაწერაში უკეთ დაგვეხმარება. დასაწყისისთვის, გავიხსენოთ ხუთი ძირითადი გრძლიობა: მთელი, ნახევარი, მეოთხედი, მერვედი და მეთექვსმეტედი.

როგორც გვახსოვს, მთელი ნოტი ყველაზე ხანგრძლივია და ყველა სხვა გრძლიობა მასთან შეფარდებით იზომება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დანარჩენი გრძლიობა მისი თანაბარ, ლუწ ნაწილებად დაყოფის შედეგად მიიღება. უკეთ გაგებისთვის მოსახერხებელი იქნება, თუ წამს პირობით ერთეულად მივიჩნევთ ანუ მეოთხედ ნოტს – 1 წამად, ნახევარს – 2 წამად, ხოლო მთელს – 4 წამად. მეოთხედზე ნაკლები გრძლიობები, შესაბამისად, მერვედი – 0,5 წამსა და მეთექვსმეტედი – 0,25 წამს  გაუტოლდება.

იმისათვის, რომ კომპოზიტორმა სანოტო ჩანაწერში ჩანაფიქრი სრული სიზუსტით გამოხატოს და რომელიმე ნოტის ჟღერადობა მეტად შეაყოვნოს, გრძლიობის გახანგრძლივებისთვის ორ ხერხს იყენებს: წერტილის (წერტილების) და ლიგის ნიშნების დამატებას. მაგალითად, ნოტის ან პაუზის გრძლიობის ნახევარჯერ გაზრდისთვის, ნოტის მარჯვნივ წერტილი უნდა დაისვას. სხვაგვარად თუ ვიტყვი, წერტილი ნოტს მისი გრძლიობის ნახევარს (50%) უმატებს.

მაგალითად, ნახევარი გრძლიობის ნოტი ორს ითვლის, ხოლო წერტილი მას სამ თვლამდე ზრდის. რაც შეეხება მთელს წერტილით, მისი გრძლიობა მეტრონომის ექვს დარტყმას უდრის ანუ 6 თვლამდე იზრდება, ვინაიდან მთელი ოთხს ითვლის და წერტილის სახით მისი გრძლიობის ნახევარი ანუ დამატებით ორი თვლა ემატება.

მეოთხედი ნოტი წერტილის გარეშე ერთს ითვლის, წერტილით კი – ერთნახევარს ანუ სამ მერვედს. ვფიქრობ, ადვილი გამოსათვლელია, როცა ვიცით, რომ ნებისმიერი გრძლიობის ნოტს წერტილის სახით მისი გრძლიობის ნახევარი ემატება. შესაბამისად, მეოთხედ ნოტს, რომელშიც ორი მერვედია 1/4 = 2/8, დაემატება მეოთხედის ნახევარი ანუ კიდევ ერთი მერვედი: 2/8 + 1/8 = 3/8.

იმ შემთხვევაში, თუ თვლას დროის განზომილებაში გადავიყვანთ: როცა მეოთხედი  წამს ითვლის, ხოლო წერტილი ანუ მისი ნახევარი – ნახევარ წამს, მივიღებთ წამ ნახევარს (1,5 წ.). ამგვარი თვლის პრაქტიკა შეგიძლიათ ნებისმიერი გრძლიობის გადათვლაზე გამოიყენოთ.

ახლა განვიხილოთ მერვედი წერტილით. როგორც ვიცით, მერვედში ორი მეთექვსმეტედია 1/8 = 2/16. წერტილის დამატების შემთხვევაში ორის ნაცვლად სამ მეთექვსმეტედს მივიღებთ: 2/16 + 1/16 = 3/16.

 

ორი წერტილი

თუ ნოტს ორი წერტილი მოსდევს, საწყისი გრძლიობა სამი მეოთხედით გაიზრდება. ეს ნიშნავს, რომ პირველ წერტილს, რომელიც მოცემული გრძლიობის ნახევარს უმატებს, ამ წერტილის ნახევარი დაემატება ანუ მეორე წერტილს მიღებული გრძლიობის ნახევარი დაემატება, ასე ვთქვათ „ნახევრის ნახევარი“. მაგალითად, მეოთხედთან ორი წერტილი მიანიშნებს, რომ მეოთხედის (ერთი თვლა) შემდეგ ვგულისხმობთ ჯერ მერვედ (მეოთხედის ნახევარს), ხოლო შემდეგ მეთექვსმეტედ (მერვედის ნახევარს) თვლას.

ორი წერტილი მთელ ნოტთან: თუ მთელი ითვლის ოთხს, პირველი წერტილი ორ თვლას (ნახევარი გრძლიობა), ხოლო მეორე წერტილი კიდევ ერთ თვლას – ორი თვლის ნახევარს (მეოთხედ გრძლიობას) მიუმატებს. მთლიანობაში შვიდ თვლას (4 + 2 + 1) მივიღებთ.

ორი წერტილი ნახევარ ნოტთან: თუ ნახევარი ორს ითვლის, პირველი წერტილი ერთ თვლას (მეოთხედს), ხოლო მეორე წერტილი ერთის ნახევარს (მერვედს) მიუმატებს (2 + 1+ 0,5).

 

 

ლიგა

ბგერების გრძლიობის მოსამატებლად წერტილის გარდა არსებობს კიდევ ერთი ხშირად გამოყენებადი ხერხი – ლიგა (რკალი), რომელიც ერთი და იმავე სიმაღლის მეზობელ ორ ნოტს აერთებს. ლიგით გადაბმული ნოტი არ იკვრება და ჟღერს, როგორც პირველის გაგრძელება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პირველ გრძლიობას მეორე გრძლიობა ემატება, ანუ ლიგა ორ ნოტს ერთ ნოტად აერთიანებს. გავითვალისწინოთ, რომ ლიგა პაუზებთან არ გამოიყენება.

ალბათ დაგაინტერესებთ, რა საჭიროა ლიგა, თუკი მსხვილი გრძლიობის ჩაწერის მარტივი შესაძლებლობა არსებობს? მაგალითად, ლიგით გადაბმული ორი მეოთხედი ნოტის ნაცვლად რატომ არ უნდა ეწეროს ნახევარი, ან ორი ნახევრიანი ნოტის ნაცვლად – მთელი? საქმე იმაშია, რომ ლიგა იმ შემთხვევაში გამოიყენება, როცა მსხვილი ნოტი ორი ტაქტის ზღვარზე ჩნდება (პირველ ტაქტში ვერ ეტევა). ამიტომ ნოტი უნდა დანაწევრდეს, გაიყოს ორ ნაწილად. პირველი ნაწილი ერთ ტაქტში დარჩება, ხოლო მეორე, როგორც პირველის გაგრძელება მომდევნო ტაქტის თავში, საწყის თვლაზე მოთავსდება.  შემდეგ დანაწევრებულ ორ ნაწილს შევაერთებთ და მივიღებთ ზუსტ რიტმულ ნახაზს. ასე რომ, როგორც ვხედავთ ლიგას გვერდს ვერაფრით ავუვლით.

მაგალითად, ორი გადაბმული მეოთხედი ნოტი ნახევრიანი ნოტის ანალოგი იქნება. როდესაც დაკვრისას ლიგას შევამჩნევთ, მოცემული ორი ნოტი უბრალოდ „შევაწებოთ“ ანუ თვლით გავაერთიანოთ.

 

ფერმატა

ფერმატა არის მუსიკალური სიმბოლო, რომელიც ნოტის ან პაუზის ხანგრძლივობას განუსაზღვრელი დროით ზრდის და დამოკიდებულია შემსრულებლის სურვილზე. ფერმატა იმაზე მიანიშნებს, რომ ბგერა იმაზე მეტად დავაყოვნოთ, ვიდრე სანოტო ჩანაწერშია მოცემული. ფერამატას ნიშანი (რკალი წერტილით) ნოტის ზევიდან ან ნოტის ქვევიდან დაისმება.

სწორედ ზევით აღნიშნული გამომსახველობითი ხერხების ჰარმონიული შეხამების წყალობით იქმნება მუსიკა, რომელიც მუდამ თან გვდევს და ცხოვრებას გვილამაზებს.

 

კომენტარები

comments