ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ფიქრები ხმამაღლა…მარილზე…

მარილზე რა აზრის ბრძანდებით? ჩვეულებრივ  სუფრის მარილზე გეკითხებით. ნატრიუმის ქლორიდი გახლავთ და არაბი ალქიმიკოსების აზრით, ერთ-ერთი უძლიერესი ნარკოტიკია. ავიცენა თავის ‘მედიცინის ტრაქტატში’ წერდა, რომ ეს ნივთიერება საკვებს საოცარ გემოს აძლევდა, თუმცა შეჩვევას იწვევდა და ზოგიერთები მასზე, ნარკოტიკივით დამოკიდებულნი ხდებოდნენ. ავიცენა იმასაც ამბობდა, ჩვენი ნაფიქრალი მარილისგან არის შექმნილიო. მართლაც, მარილი (უფრო სწორედ, ნატრიუმის იონი) ცენტრალური ნერვული სისტემის სწორი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. ნერვულ უჯრედებს შორის სიგნალი სწორედ მისი მონაწილეობით გადაიცემა. ეს რთული მექანიზმით ხორხიელდება, რაც ავიცენამ სულაც არ იცოდა, მაგრამ ეტყობა  გრძნობდა რაღაცას.

თუმცა, ზემოთ აღნიშნული სულაც არ ნიშნავს, რომ ამავე დროს,  მარილი მავნებელი არ არის.

ვაღიაროთ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მარილის გარეშე კერძის გემო ვერ წარმოუდგენიათ. ამიტომ, როგორც მომზადების დროს აყრიან კერძს მარილს, ასევე უკვე თეფშზე გადმოღებულსაც ამატებენ. სალათს, ბოსტნეულს, მოხარშულ კვერცხს, ყველაფერს მარილთან ერთად მიირთმევენ.

ახლა, სხვა მხარესაც გავიხედოთ, ყველი (ჭყინტი არ ითვლება), კონსერვები და მწნილეული (ნაყიდზე აღარაფერს ვამბობ, სახლში, ბებოს ჩადებულიც კი), სოსისები, ძეხვეული, ჩიფსები და მსგავსი გაურკვევლობა… ყველაფერი მარილით არის გაჯერებული.

მარილზე პირველად არ ვწერ. თავიდან ლამაზად აღვწერე https://mastsavlebeli.ge/?p=3673. შემდეგ, ოდნავ სახუმარო ტონი შევურიე https://mastsavlebeli.ge/?p=4348 თუმცა ახლა, ჯობს მიწაზე დავეშვა და რაც არის, ისე დავწერო.

ძველ რომსა და საბერძნეთში შეამჩნიეს, რომ მარილიანი საჭმელი გემრიელი იყო. გარდა ამისა, წყურვილის ძლიერ გრძნობას იწვევდა. ამიტომ, დიპლომატიური სადილების დროს ძალუმად იყენებდნენ, რათა… შემდეგ სტუმრებისთვის წყლის ნაცვლად ღვინო შეეთავაზებინათ და თრობაში წასულებს ყველა საიდუმლო იოლად გაეცათ. გარდა ამ მზაკვრული გეგმისა, მარილი საკვების შესანახად იყო საჭირო, რადგან მაშინ მაცივრები არ ქონდათ. მარილი კი კარგი კონსერვანტია, მიკრობებს მაშინვე კლავს. ადამიანებსაც კლავს, ოღონდ ნელა, გახანგრძლივებით. თუმცა, ადრე სხვანაირად ფიზიკური აქტიურობით სავსე ადამიანები იყვნენ, ომობდნენ, მომთაბარეობდნენ, ფიზიკურ ძალას ხარჯავდნენ და ახლანდელი ადამიანივით კომპიუტერთან მიმჯდარი ცხოვრებით არ ცხოვრობდნენ.

აი, ასეთი გენეტიკური მიჯაჭვულობა გვერგო მარილთან. არადა, თუ მარილს ძალიან შევამცირებთ, პირველივე თვეში 8 კილომდე დავიკლებთ. გგონიათ ცხიმი დაიწვება? არაა, ჩვენი ცხიმი ადგილზევე, ანუ ჩვენთან დარჩება. აი, შეკავებულ წყალს კი დავკარგავთ.

ორგანიზმში ზედმეტი მარილი წყალს იკავშირებს და აკავებს. შედეგად გულსისხლძარღვთა სანათური ვიწროვდება, სისხლძარღვის კედელი მოქნილობას კარგავს და შეკუმშვა უძნელდება, ვითარდება ჰიპერტონია. ადამიანს წონა ემატება შეკავებული წყლის ხარჯზე. გარდა ამისა, ნატრიუმი კალციუმის ანტაგონისტია. მისი ჭარბი რაოდენობა ორგანიზმიდან კალციუმის იონს  აძევებს. კალციუმი არა მხოლოდ ძვლის ქსოვილისთვის არის საჭირო, სხვა უამრავ პროცესშიც მონაწილეობს, ასევე გულის კუნთის შეკუმშვაშიც. ამიტომ, სისხლში მისი დეფიციტის შემთხვევაში, ორგანიზმი საჭირო კალციუმს ძვლიდან აიღებს, ძვალი კი გამოიფიტება და  განვითარდება ოსტეოპოროზი.

მოდი, განვმარტოთ, მარილის შედგენილობიდან სახიფათო ზედმეტი რაოდენობის  ნატრიუმის იონია. სამედიცინო დასკვნებით, გინდაც საერთოდ არ მივიღოთ მარილი, ჩვენს დღიურ ნორმას, 2,5გრამს, ბოსტნეულიდან და მწვანილებიდან მაინც შევითვისებთ. ახლა დავფიქრდეთ, სხვადასხვა სასუსნავებში ემულგატორებით,  ასევე მარილების სახით, რამდენი ნატრიუმია ჩასაფრებული. სულ რამდენიმეს ჩამოვთვლი: E-401-ნატრიუმის ასკორბატი; E-301-ნატრიუმის ბუტირატი, E- 500- ნატრიუმის კარბონატი; E-211-ნატრიუმის ბენზოატი, E-524-ნატრიუმის კაზეინატი და ა.შ.

დღეს ბაზარი სხვადასხვა მარილს გვთავაზობს. მათ შორის ყველაზე პოპულარული, ლამაზი, მიმზიდველი და ძვირი ე.წ. ჰიმალაის ვარდისფერი მარილია. ერთ გადაცემაში ისიც მოვისმინე, მიირთვით რამდენიც გნებავთო, ეს ჰიმალაის არის და ორგანიზმში წყალს სულაც არ აკავებსო…

ჰმ…

ჩავუღრმავდეთ…

ვადასტურებ, რომ ლამაზი და ფერადია. ჰიმალაის მარილად წოდებულ ვარდისფერ მარილს პაკისტანში მთებში  მოიპოვებენ. სჯერათ, რომ ოკეანის მარილის და ვულკანური ლავის შერევით წარმოიქნა. ამ ვულკანებმა ჰიმალაის მთების ფორმირებაში მიიღეს მონაწილეობა. ვარდისფერს სხვადასხვა მინერალების თანაარსებობა განაპირობებს. აქ არის კალიუმი, ფთორი, იოდი, მაგნიუმი, სპილენძი და ა.შ. მართალია მათი მთლიანი რაოდენობა მხოლოდ 3%-ია, მაგრამ შეფერილობის მისაცემად საკმარისია. რა არის დანარჩენი 97%?

ნ ა ტ რ ი უ მ ი ს   ქ ლ ო რ ი დ ი…!  დიახ, ჩვეულებრივი მარილი გახლავთ, ლამაზი ფერით, დამატებული მინერალებით, ოდნავ უფრო გემრიელიც, მაგრამ მაინც მარილი და შესაბამისად წყალსაც წარმატებულად აკავებს ორგანიზმში. იწვევს სისხლძარღვების კედლის სანათურის შევიწროვებას. ასევე, ღვიძლის შემაერთებელი ქსოვილიც ზიანდება. ყველაფერი ისევეა, როგორც ჩვეულებრივი მარილის ჭარბად მოხმარების დროს.

სუპერმარკეტების დახლებზე ზღვის მარილსაც შეხვდებით. ზღვის წყლის ამოშრობით მარტივად მოიპოვებენ. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ასეთ მარილში იოდი იქნება, მაგრამ იოდი აქ ძალიან ნაკლებია, რადგან მოპოვების პროცესში იკარგება. აბა, ზღვის წყალს, რომ იოდის სურნელი აქვსო?-იკითხავთ. იოდის სურნელი სინამდვილეში იმ წყალმცენარეებიდან იგრძნობა, რომელიც ან ნაპირზეა გამორიყული, ან ახლოს ტივტივებს.

მოკლედ, აქ ერთადერთი სიმართლე ის არის, რომ ჩვეულებრივ სუფრის მარილშიც, ზღვის მარილშიც და ჰიმალაის მარილშიც NaCl-ის რაოდენობა 95-98%-ია, დანარჩენი თანმხლებ მინერალებზე მოდის. ასე რომ, თუ მაინც უნდა ავირჩიოთ მარილი, ისევ იოდიზირებულზე  შევაჩეროთ ყურადღება, ანუ იმაზე, რომელსაც იოდი ხელოვნურად ექნება დამატებული კალიუმის იოდინის ან კალიუმის იოდატის სახით. ამ უკანასკნელს უფრო უპირატესობას ანიჭებენ, რადგან  მდგრადია და მასში იოდი ნაკლებად იჟანგება.

თავის დროზე, იოდიზებული მარილი ევროპისთვის (და არა მხოლოდ) ნამდვილ შვებად იქცა, რადგან იოდის დეფიციტის გამო ფარისებრი ჯირკვლის მასიური დაავადება იყო გავრცელებული. ჯირკვალი იოდშემცველ ჰორმონებს გამოიმუშავებს და ადამიანის ორგანიზმის ერთგვარ „ელემენტად“  გვევლინება https://mastsavlebeli.ge/?p=16073 „ელემენტი“ თუ დაიცალა, ადამიანიც ეშვება, მუდმივ დაღლას და უგუნებობას გრძნობს. იოდის ნაკლებობა სახეზეც აისახება. კანი უფრო მშრალი, თვალები შეშუპებული, თმები კი მსხვრევადი ხდება.

ის, რომ ფარისებრი ჯირკვალი პრობლემა იყო, ეს შუა საუკუნეების მხატვრულ ტილოებზეც ჩანს. გნებავთ ალბომები გადაფურცლეთ, გნებავთ ინტერნეტით გადაამოწმეთ, მაგრამ ტილოზე გამოსახული ქალბატონების უმრავლესობას შესიებული ფარისებრი ჯირკვალი-ჰიპოთერიოზი- აღენიშნება.

აი, რამდენიმე მაგალითიც:

ბარტოლომეო ვივარინი- „მადონა და ბავშვი“; https://savevenice.org/our-restorations/church-of-san-giovanni-in-bragora-bartolomeo-vivarini-madonna-and-child-with-saints/

Madonna and Child

ჰანს ჰობეინი- „ადამი და ევა“ https://www.artbible.info/art/large/282.html

არტემიზია ჯენტილესკი -„ივდითი და მისი მოახლე“ https://it.wikipedia.org/wiki/Giuditta_con_la_sua_ancella#/media/File:Gentileschi_judith1.jpg

თუმცა, ეს სტატია მარილის საქებრად არ დაწერილა, ამიტომ იოდის მიღება რაიმე სხვა გზითაც  ხომ უნდა შეიძლებოდეს? მსხალში, ფეიხოსა და ბოლოკში იოდს იპოვით, თუმცა რაოდენობა დიდი არ არის. აი, ზღვის კომბოსტო 100 გრამში დღიური ნორმის 70% იოდს შეიცავს. თევზის 100 გრამში კი ექვსი დღის ნორმას აღმოაჩენთ.

რადგან წერილი მარილის უფრო ხიფათიან  მხარეს შეეხება და წაკითხვის შემდეგ მასთან დამშვიდობებას თუ გადაწყვეტთ, პროცესი ეტაპებად შეიძლება დაიყოს.

პირველი ეტაპი-თავად მარილზე უარის თქმა და ან მისი ძალიან შემცირებაა.

მეორე ეტაპი-უარს ვამბობთ კონსერვირებულ საკვებზე (ბებოს ჩადებულ მწნილზეც კი) და მარილიან ყველზე (სხვათა შორის, 100გრამ ყველზე საშუალოდ 8-10გრამი მარილი მოდის). ან, ძალიან ვამცირებთ მათ მოხმარებას. სალათებისთვის მარილის ნაცვლად ლიმონის წვენს ან ძმარს ვიყენებთ. ამბობენ, უმარილობას ვერ იგრძნობთო.

არსებობს კიდევ ავარიული მესამე ეტაპიც, როცა უარს ვერაფრზე ვამბობთ. ამ შემთხვევაში, ის მაინც უნდა შევძლოთ, რომ მენიუში კალიუმის და მაგნიუმის შემცველი პროდუქტები გავაორმაგოთ. კალიუმი ორგანიზმში ნატრიუმის ანტაგონისტია. მაღალი კონცენტრაციის შემთხვევაში, კალიუმის იონი ნატრიუმს გამოაძევებს და სითხესთან ერთად დატოვებს ორგანიზმს. მაგნიუმი მუსკულატურის კარგ შეკუმშვას უწყობს ხელს, მათ შორის გულის და სისხლძარღვების მუსკულატურას. ორივე მათგანს იპოვით ბრინჯში, ქატოში, მოუხალავ მზესუმზირასა და გოგრის თესლსში, სელის თესლში, გარგარში, ნიგოზ-თხილეულობასა და ნუშში.

ამჯერად, აი ასეთი „ფიქრები ხმამაღლა“ გამოვიდა მარილზე. მორალი ერთია, ყველანაირი მარილი მარილია და გადამეტება ვნებს.

და ეს მხოლოდ მარილს არ ეხება. ზედმეტი და გადამეტებული მგონი არაფერი ვარგა, განსაკუთრებით კი ცხოვრებაზე ჰიმალაის მარილისნაირი ვარდისფერი სათვალით ყურება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი