სწავლისთვის წახალისების მეთოდები

ბავშვებს ხშირად ეზარებათ სწავლა, რაც მშობლებისა და მასწავლებლებისთვის დაუძლეველი პრობლემაა. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ არსებობს მიდგომები, რომელთა მეშვეობითაც ბავშვს შეიძლება მეცადინეობის სურვილი და მოტივაცია გაუჩინოთ.
1. ცოდნის მნიშვნელობაში დარწმუნება
დაარწმუნეთ ბავშვი, რომ სწავლა და ცოდნა ყველაზე ძვირფასი განძია ადამიანისთვის, რომ ყველაზე სასურველ მიზნებამდე სწორედ ცოდნის საშუალებით უნდა მივიდეს.
2. ქება
ქება ბავშვზე ძალიან კარგად მოქმედებს და სტიმულსაც უღვიძებს. შეაქეთ მოზარდი, თუნდაც მან უმაღლესი შეფასება ვერ დაიმსახუროს, მაგრამ მიგაჩნდეთ, რომ საკუთარი შესაძლებლობა ბოლომდე გამოიყენა. 
3. ადეკვატური თვითშეფასება
ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვს საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენა უნდა ჰქონდეს – ეს ამაღლებს თვითშეფასებას. „ყველაფერს შეძლებ, აუცილებლად გამოგივა” – ეს ფრაზა მშობლებმა ხშირად უნდა გაუმეორონ. 
4. საჩუქრები
ეს ერთ-ერთი საუკეთესო სტიმულია. ძალიან კარგად მოქმედებს საჩუქრები, რომლებზეც ბავშვი დიდი ხანია ოცნებობს. საჩუქარი შეიძლება შეიცვალოს საინტერესო გასეირნებით, თუნდაც ქალაქგარეთ. 
5. მეტოქეობის სურვილი
კარგი იქნება, თუ საქმეში ბავშვის თავმოყვარეობასაც ჩართავთ და კონკურენციის სურვილს გაუღვიძებთ. „მე რა, სხვებზე ნაკლები ვარ? რატომ მჯობნიან სხვები?” – თუ ასე ფიქრს დაიწყებს, თანდათან მეტად და მეტად მოინდომებს, რომ სხვებს არ ჩამორჩეს.
6. მიზნის დასახვა
ეს უფრო მოზრდილი ბავშვებისთვისაა. დაეხმარეთ მომავალი პროფესიის არჩევაში, თუნდაც სურვილის დონეზე, და მისი ინტერესების შესაბამისად ამეცადინეთ.
7. ფულით წახალისება 
ბოლო დროს წახალისების ეს ხერხი საკმაოდ გახშირდა. ფულით დაინტერესება ცუდი არ არის, მაგრამ ამ მეთოდს ერთი ნაკლი აქვს. ჯერ ერთი, თუ ოჯახს ფინანსური პრობლემები გაუჩნდა, ესე იგი ბავშვმაც უნდა მოუკლოს სწავლას. თანაც ფულისთვის „ბრძოლაში” აკრძალული მეთოდებიც ერთვება: გადაწერა, კარნახი და ჩივილი, რომ მასწავლებელმა ნიშანი დააკლო. მშობლებს, რომლებიც წახალისების ამ ვარიანტს ირჩევენ, უნდა ახსოვდეთ, რომ ბავშვი ამ დროს ანგარებით მოქმედებს, ეს კი მორალური თვალსაზრისით არ არის გამართლებული. თუმცა ყველაფერი ინდივიდუალურია. თუ აშკარად ამჩნევთ, რომ ფული მართლაც კარგ ბიძგს აძლევს სწავლას, შედეგი თვალსაჩინოა და არც ფინანსურ გასაჭირს განიცდით, წახალისების ამ ფორმის გამოყენებაც შეიძლება სასიკეთო იყოს. 
8. შინაგანი მოტივაციის ამაღლება
სწავლისთვის წახალისებისას აქცენტი არა ნიშნებზე, არამედ ბავშვის მოტივაციაზე დასვით. მოსწავლე მეტის შესწავლას უნდა ცდილობდეს და არა უკეთესი ნიშნის მიღებას. ნიშანი შედეგი უნდა იყოს და არა მიზანი. შეიძლება, მაქსიმალური ქულები ბავშვმა ვერასოდეს დაიმსახუროს (ნიჭმა არ შეუწყოს ხელი), მაგრამ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი რომ გამოიყენოს, ეს უკვე დიდი წარმატებაა.
მოამზადა თამარ კაციტაძემ

კომენტარები

comments