პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

გერმანული სწავლების  თავისებურებები

გერმანული სასკოლო განათლების დადებითი მხარეები თვალშისაცემია: ხშირი ზეიმი და და ექსკურსია, ჯინსები და მაისურები ფორმის სანაცვლოდ, კეთილმოწყობილი სათამაშო მოედნები და ველოსიპედები სკოლის ეზოებში, პირსინგიანი მასწავლებლები, რომლებიც არც საშინაო დავალებას ასწორებენ და არც ნიშნებს წერენ დღიურში. თუმცა გერმანული სკოლის წესებსა და პრინციპებს ბევრი მინუსიც აქვს, თანაც, საკმაოდ რთულად ასახსნელი.

ავშვისთვის სახლის პირობებში განათლების მიცემა აკრძალულია – გერმანიაში მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვით ყველა მოსწავლემ განათლება მხოლოდ სკოლაში უნდა მიიღოს. ეს კანონი ყველანაირი ჯანმრთელობის მქონე ბავშვზე ვრცელდება, თუმცა, უმჯობესი იქნებოდა, ადამიანს არჩევნის საშუალება ჰქონოდა და განათლების მიღების შანსი სახლშიც მისცემოდა. მაგალითად, არიან ძალიან მგრძნობიარე ბავშვები, განსაკუთრებული პრობლემების ან სინდრომის მქონენი, რომლებსაც უჭირთ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა და სხვა ადამიანებთან ხშირი კომუნიკაცია. მართალია, ასეთი შემთხვევები იშვიათობაა, მაგრამ მათ არავინ გამორიცხავს და თუ მსგავსი პრობლემები გაქვთ, გერმანიაში ვერ იცხოვრებთ, რადგან თქვენი შვილი საშუალო განათლებას ვერ მიიღებს.

10 წლის ასაკში გადაწყვეტილების მიღება – ბავშვმა 10 წლის ასაკში უნდა გააკეთოს არჩევანი, რომლისთვისაც ის ნამდვილად არ არის მზად. დაწყებითი სკოლის შემდეგ, სადაც ის პირველიდან მეოთხე ან პირველიდან მეექვსე კლასამდე სწავლობს, შუძლია სწავლა გააგრძელოს Hauptschule-ში, Realschule-ში ან გიმნაზიაში.

Hauptschule-ში სუსტი პროგრამაა, Realschule-ში – უფრო ძლიერი. ამ სკოლებში ბავშვებს გარკვეული პროფესიისთვის ამზადებენ. გიმნაზია – არის ყველაზე სერიოზული და ინტენსიური პროგრამის მქონე სასწავლებელი. აქ ჩაბარებისას ადრე გარკვეული ქულა უნდა მოგეგროვებინა. თეორიულად გიმნაზიაში სწავლის გაგრძელება ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია, მაგრამ იმ ატესტატის აღება, რომელსაც ისინი ითხოვენ, მხოლოდ გიმნაზიაშია შესაძლებელი.

 

ერთი მხრივ, ეს ყველაფერი კარგია. ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია გააგრძელოს სწავლა იქ, სადაც შეასწავლიან საგანს, რომელიც მისთვის საინტერესოა. მეორე მხრივ, 10-12 წლის ბავშვმა უკვე უნდა გააკეთოს არჩევანი, რომელიც მის მომავალს გადაწყვეტს. თუ საშუალო სკოლაში ბავშვი არც ისე კარგად სწავლობს და ის Realschule-ში მოხვდება, ძალიან გაუჭირდება ამის შემდეგ გიმნაზიაში ჩაბარება. პროგრამაში განსხვავება კოლოსალურია. გამოდის, რომ უკვე 10 წლის ასაკში ბავშვმა და მშობლებმა უნდა დაგეგმონ მისი ცხოვრება და გადაწყვიტონ, სჭირდება თუ არა მას უმაღლესი განათლება.

 

დაწყებითი კლასები ნიშნების და საშინაო დავალებების გარეშე – გასვლები, კონკურსები, დღესასწაულები, შესვენებები სუფთა ჰაერზე, გაკვეთილებზე ხელგარჯილობა, საშინაო დავალებების თითქმის სრული არქონა. ეს ყველაფერი იმდენად ადუნებს ბავშვებს დაწყებით კლასებში, რომ შემდეგ მას უჭირს სწავლის გაგრძელება. დაწყებით კლასებში ბევრი ბავშვი ვერ ახერხებს დავალებაზე კონცენტრაციას და საშინაო დავალების დამოუკიდებლად შესრულებას. მათ საერთოდ არ უწერენ ქულებს. გიმნაზიაში კი იწყება ლათინურის სწავლება – კვირაში 5-ჯერ, ინგლისური – კვირაში  4-ჯერ, მათემატიკა და გერმანული – ყოველდღე. საშინაო დავალების შესრულებას კი მინიმუმ 2 საათი უნდა. ბავშვები ტირიან და იღლებიან, რადგან სერიოზული სწავლისთვის არავინ მოამზადა.

ფასიანი გახანგრძლივებული კლასები – გახანგრძლივებული კლასის ფასი ოჯახის შემოსავალზეა დამოკიდებული. ყოველდღიურ ორსაათიან გახანგრძლივებულ სწავლებაში საშუალოდ მათ 100 ევროს გადახდა უწევთ. ფასს რომ თავი დავანებოთ, ამ ჯგუფში ადგილის მიღება მარტივი როდია. მშობელმა უნდა წარადგინოს ცნობა განათლების დეპარტამენტში, სადაც დეტალურად განმარტავს, თუ რატომ ესაჭიროება ბავშვს სკოლის შემდეგ დამატებით რამდენიმე საათი სკოლის ყურადღება. თუ დედა დიასახლისია, მაშინ გახანგრძლივებულ ჯგუფში ადგილის მოპოვების შანსი ნულის ტოლია.

სქესობრივი აღზრდა მეოთხე კლასიდან  – ეს დღემდე საკამათო ამბავია. გერმანიის ზოგ სკოლაში მეოთხე კლასიდან ასწავლიან საგანს „გოგოები და ბიჭები“ (ზოგ სკოლაში ამ საგნის სწავლება მეექვსე კლასიდან იწყება, ზოგან კი ამ საკითხებს ბიოლოგიის კურსი მოიცავს). გაკვეთილებზე საუბრობენ სქესობრივ განსხვავებებზე, რა ცვლილებას განიცდის ორგანიზმი, საიდან ჩნდებიან ბავშვები… საგანი, რა თქმა უნდა, საჭირო და სასარგებლოა. როგორც წესი, მშობლები კმაყოფილი არიან იმით, რომ მასწავლებელი მათ შვილებს კორექტულად აუხსნის ყველაფერს. თუმცა მენტალურად განსხვავებული ერების წარმომადგენლები საკმაოდ ღელავენ გერმანელების ღიაობაზე ამ პიკანტურ თემებთან მიმართებაში. მაგალითად, მშობლები ხშირად აპროტესტებენ კურსს, სადაც დიდი აქცენტი კეთდება ოჯახის შემადგენლობის ვარიაციებზე, ერთსქესიან და არასრულ ოჯახებზე.

მასწავლებლის როლი – როგორც წესი, გერმანიაში მასწავლებელს 26-28 საათი აქვს კვირაში, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეში 5-6 გაკვეთილის ჩატარება უწევს. ასეთი დატვირთვით მასწავლებელი ვერ ინტერესდება ყველა ბავშვის პრობლემით. ამიტომ აქ ყველამ იცის, რომ  ბავშვის აღზრდაში ის გადამწყვეტ ან აქტიურ როლს დიდად არ თამაშობს. მშობელთა კრებაზეც უმეტესად საორგანიზაციო საკითხები წყდება. მშობელს სკოლაში მხოლოდ ექსტრემალურ სიტუაციაში იძახებენ. თუ მშობელმა საგნის მასწავლებელთან შეხვედრა მოისურვა, ერთი კვირით ადრე უნდა შეატყობინოს ამის შესახებ.

პროფესიული უკმაყოფილება – გერმანელი მასწავლებლები თავის პროფესიას სტრესულად მიიჩნევენ. მრავალი კვლევა აჩვენებს, რომ ამის ერთ-ერთი წონიანი მიზეზი არა მხოლოდ პროფესიის სპეციფიკური მხარეა, არამედ პროფეორიენტაციური შერჩევის უკმარისობა. ამაში იგულისხმება პრაქტიკული მომზადება, სტუდენტური სტაჟირება, რომელიც პედსასწავლებლებში სწავლებიდან მხოლოდ 3-4 წლის შემდეგ იწყება. საბოლოოდ გამოდის, რომ ახალბედა მასწავლებელი მხოლოდ პრაქტიკაში, სკოლის გარემოში ხვდება, არის თუ არა მასწავლებლობა პროფესია, რომელშიც ის ხანგრძლივი დროის განმავლობაში დარჩება. ახალგაზრდა პედაგოგებს ხშირად აქვთ სკოლაში ადაპტირების პრობლემები. პედაგოგიური კარიერის დასაწყისში კი ბევრს ეპარება ეჭვი, რამდენად სწორია მისი პროფესიული არჩევანი.

კვების პრობლემა – შესვენების დროს, ამინდის მიუხედავად, მოსწავლეებს სკოლის ეზოში გასვლას აიძულებენ. ეს წესია. გერმანულ სკოლაში სპორტის კულტია, მაგრამ რაც შეეხება კვების საკითხს, ის საკმაოდ მოისუსტებს. ყველა სკოლა ამ პრობლემას თავისებურად უმკლავდება: ვიღაც სახლიდან ეზიდება საჭმელს, სადღაც სასკოლო კაფეტერიები მუშაობს, სადაც, ტრადიციულად, უგემური საკვები იყიდება. ბევრ სკოლას არ აქვს კაფეტერია, მოსწავლეებს კი – წახემსების დრო.

დიდი დისტანცია – გერმანელი მოსწავლეები შესანიშნავად მუშაობენ ერთად, შეუძლიათ პრობლემების ერთად გადაწყვეტა, განსაკუთრებით 15 წლის ასაკში. ასეთია 2017 წლის PISA-ის ტესტების მონაცემები, რომლებიც 125 ათასი მოსწავლის გამოკითხვას ეფუძნება, რომელთაგან 1900 გერმანელია. გამოიკვეთა, რომ გერმანიაში კვლავ ფასობს ჯგუფური მუშაობა და მისი უნარები მოზარდებში. მეორე მხრივ, ყოველ მეორე მეცხრეკლასელ მოსწავლეს ურთულდება ჯგუფური მუშაობა. სპეციალისტების გათვლით, გერმანელ ძლიერ და სუსტ მოსწავლეებს შორის ძალიან დიდია დისტანციაა, რაც არც ისე კარგია.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი