მასწავლებლობა – დეპრესიის მაღალი რისკის მქონე პროფესია

იმ  პროფესიათა ჩამონათვალში, რომლებიც დეპრესიის მაღალი  რისკის მატერებელია, მასწავლებელს „საპატიო” პოზიცია უკავია. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ჩვენი პროფესიის წარმომადგენლებს პირდაპირი და უშუალო ურთიერთობა უწევთ ჩამოყალიბების პროცესში მყოფ ათასობით ადამიანებთან, რაც დიდ ნერვულ დაძაბულობას იწვევს. ამას ემატება მშობლებთან, ადმინისტრაციასთან, კოლეგებთან  მუდმივი, და არც თუ ისე იშვიათად, რთული ურთიერთობები, საზოგადოებრივი დატვირთვები. მეტად  დაძაბული მუშაობა უწევს მხედველობის ორგანოს, ხმაურის დონე  ჩვენ ირგვლივ დაშვებულ ნორმაზე მაღალია, დიდია ინფიცირების რისკი, ამას ემატება კომპიუტერთან დიდი ხნის მუშაობა და სხვა. შემდეგი  მიზეზი ის გახლავთ, რომ პროფესიულ საქმიანობაში შეცდომის დაშვება, ექიმისა არ იყოს,  ძალზე ძვირი გვიჯდება, რაც დიდ პასუხისმგებლობას გულისხმობს. რასაკვირველია, უმნიშვნელოვანესია სამუშაო პირობები: კოლექტივში გაბატონებული ფსიქოლოგიური კლიმატი,  ხშირად არასწორად რეგულირებული რთული სამუშაო განრიგი და ძალზე მცირე მატერიალური ანაზღაურება. ეს უკანასკნელი გარემოება მასწავლებელს აიძულებს კერძო რეპეტიტორობას მიჰყოს ხელი, რაც უდიდეს ტვირთად აწვება მას.  ამასთან ერთად მოთხოვნები მასწავლებლის მიმართ  თანდათან იზრდება, იგი გამუდმებით ცდილობს დააკმაყოფილოს ისინი და სრულიად ბუნებრივია, რომ ადამიანის ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა ზოგჯერ ვერ უძლებს ყოველივე ამას. ამ ფაქტორებით გამოწვეულ დაავადებათა შორის ხშირია დეპრესია.
უკანასკნელ პერიოდში კვლევები ერთმნიშვნელოვნად აჩვენებენ, რომ დეპრესია, გულსისხლძარღვთა დაავადების მსგავსად, ყველაზე გავრცელებული დაავადებაა დასავლეთის თითქმის ყველა ქვეყანაში. ამ დიაგნოზით მოსახლეობის 20% იტანჯება. დეპრესია სერიოზული დაავადებაა, რომელიც მკვეთრად აქვეითებს შრომისუნარიანობას და დიდ დისკომფორტს უქმნის როგორც ავადმყოფს, ისე გარშემომყოფებს. 
სამწუხაროდ, ადამიანები ნაკლებად არიან გაცნობიერებულები დეპრესიის  სიმპტომებსა  და შედეგებში, რის გამოც მათი დროული დახმარება ვერ ხერხდება  ან საერთოდ არ მკურნალობენ. დეპრესიის   შესახებ  თანამედროვე წარმოდგენა  ეფუძნება  ბიო-ფსიქო-სოციალურ მოდელს, სადაც დაავადების წარმოშობაში  თავისი წილი ყველა ფაქტორს შეაქვს. განვიხილოთ თითოეული მათგანი:
1.ბიოლოგიური ფაქტორები. მათ უპირველეს ყოვლისა მიაკუთვნებენ ნეიროქიმიური პროცესების სპეციფიკურ დარღვევებს, ნეირომედიაციის შეცვლას (ძირითადად, სეროტონინის, ნორადრენალინის, აცეტილქლორინის და სხვა). ეს დარღვევები შესაძლებელია მემკვიდრეობითი იყოს;
2.ფსიქოლოგიური ფაქტორებში იგულისხმება აზროვნების გარკვეული სტილი, ე.წ. ნეგატიური აზროვნება, რომლისთვისაც დამახასიათებელია ცხოვრების  და საკუთარი პიროვნების უარყოფით მომენტებზე ფიქსაცია, მიდრეკილება ყველაფერში  დაინახო ცუდი,  უპერსპექტივობა,  ოჯახური პრობლემები, ალკოჰოლისკენ სწრაფვა, სოციალური იზოლაცია, თბილი, ადამიანური უთიერთობების დეფიციტი და სხვა; 
3.დეპრესიის სოციალური კონტექსტიდან ადამიანზე უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენს თანამედროვე ცხოვრების სწრაფი ტემპი, კონკურენტული გარემო, სოციალური არასტაბილურობა, მიგრაციის მაღალი ხარისხი, ეკონომიკური სიდუხჭირე, ხვალინდელი დღის რწმენის დეფიციტი, ფიზიკური ძალადობის, უპირატესობის მოპოვების  კულტი და სხვა.
დეპრესია, მთელი ორგანიზმის დაავადებაა, მისი ტიპური გამოვლინებები მრავალფეროვანია. მოკლედ  განვიხილოთ ისინი.
ემოციური გამოვლინებები: მოწყენილობა, შფოთიანობა, უიმედობა,  შინაგანი დაძაბულობა, სასოწარკვეთა, უბედურების მოლოდინი, გაღიზიანება, დანაშაულის განცდა და საკუთარი თავით უკმაყოფილება,  დაბალი თვითშეფასება, ასევე საზოგადოებრივ ადგილებში არასასურველად წარდგენის შიში, გარშემომყოფებით დაუინტერესებლობა, ღრმა დეპრესიის შემთხვევებში  კი საერთოდ რაიმე გრძნობების განცდა და გამოვლენა. იგი ხშირად ერწყმის ახლობლების ჯანმრთელობის გაუარესების შიშით გამოწვეულ შფოთვას.  
ფიზიოლოგიური გამოვლინებები: ძილის დარღვევა (უძილობა ან ზედმეტად ძილი), მადის დაქვეითება ან, პირიქით, კუჭ-ნაწლავის პრობლემები (შეკრულობა ან აშლილობა), სექსუალური  მოთხოვნილებების ზოგადად ენერგიის დაქვეითება, ადვილად დაღლა  როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი შრომის დროს, სისუსტე, გულის, კუჭის ან კუნთების არეში ტკივილის შეგრძნებები და სხვა.
ქცევითი გამოვლინებები: პასიურობა, საქმეში ჩართვის   და გატაცების, მიზანდასახული მოქმედებების განხორციელების სირთულე,  კონტაქტების რთულად დამყარება,  განმარტოებისკენ სწრაფვა – სხვა ადამიანებისადმი ინტერესის უქონლობა, გართობაზე უარის თქმა, ალკოჰოლითა და ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გატაცება, რომლებიც დროებით შვებას აძლევენ.
გამოვლინებები აზროვნებაში: უჭირს  აზრის, ყურადღების კონცენტრირება, გადაწყვეტილების მიღება. საკუთარ თავზე, ცხოვრებაზე, სამყაროზე ზოგადად მუქი, პესიმისტური ხედვები გააჩნია, ვერ ხედავს პერსპექტივას,  ცხოვრება უაზრობად ეჩვენება, დეპრესიის მძიმე შემთხვევებში თავს იჩენს ფიქრი თვითმკვლელობაზე. აქვს განცდა, რომ არავის სჭირდება, არააობაა. თუ ეს გამოვლინებები 2 კვირა  და მეტი გრძელდება სახეზეა დეპრესია.
 დეპრესია აუცილებლად მკურნალობას მოითხოვს. ხშირად როგორც ავადმყოფის, ისე ირგვლივმყოფების მიერ იგი აღიქმება როგორც ცუდი ხასიათის გამოვლენა, სიზარმაცე ან ეგოიზმი, პესიმისტური ბუნება. ეს ასე არ არის, დეპრესია არის დაავადება, რომელსაც სჭირდება მკურნალობა და რომელიც ადვილად ემორჩილება მას, განსაკუთრებით თუ ის დროულია. რა უშლის ხელს ადამიანებს,  მიმართონ ექიმს? 
1. შესაძლო სოციალური შეზღუდვები ( აღრიცხვაზე აყვანა, ტრანსპორტის მართვის აკრძალვა…);
 2. შიში, რომ სხვები გაიგებენ მისი ფსიქიატრთან/ ფსიქოთერაპევტთან ვიზიტის შესახებ; 
3. წამლებით მკურნალობის დაუსაბუთებელი შიში, რომ ფსიქოტროპული საშუალებები საშიშია. 
ხშირად ადამიანები არ ფლობენ სათანადო ინფორმაციას და არასწორად ესმით თავიანთი მდგომარეობის  ბუნება. ფიქრობენ, რომ თუ იციან მისი გამომწვევი მიზეზი, მაშინ ეს არ უნდა შეფასდეს, როგორც დეპრესია. თვლიან, რომ ეს არის სრულიად ნორმალური მდგომარეობა და თავისით გაივლის. 
ზოგჯერ ისეც ხდება, რომ დეპრესიის  ფიზიოლოგიური გამოვლინებები აყალიბებენ წარმოდგენებს სერიოზული სომატური დაავადებების შესახებ. ადამიანების უმრავლესობა სწორედ ამ ჩივილებით მიდის ექიმ-თერაპევტთან. დეპრესიის მქონე ავადმყოფების 80% პირველად სწორედ ზოგადი პრაქტიკის ექიმს მიმართავს, რომელიც მხოლოდ 5%-ის შემთხვევაში სვამს სწორ დიაგნოზს. ადეკვატურ თერაპიას კი კიდევ უფრო ნაკლები პაციენტი იღებს. სამწუხაროდ, პოლიკლინიკის დონეზე ძალიან ძნელია გამიჯნო დეპრესიის ფიზიოლოგიური გამოვლენა ჭეშმარიტად სომატური დაავადებისაგან, რაც არასწორ დიაგნოზში და შესაბამისად არასათანადო მკურნალობაში გამოიხატება – პაციენტებს ენიშნებათ  სიმპტომატური მკურნალობა (გულის, კუჭის, თავის ტკივილის და ა.შ.), მაგრამ  გამოჯანმრთელება შეუძლებელია. ყველაფერი ეს კი ავადმყოფში აჩენს მძიმე დაავადების განწყობას, რაც კიდევ უფრო ართულებს მათ მდგომარეობას და ისინი სპეციალისტთან უკვე დეპრესიის მძიმე,  ქრონიკული ფორმით დაავადებულნი ხვდებიან.
ტესტი. ყურადღებით წაიკითხეთ დებულებები და შემოხაზეთ სათანადო ნომერი, ის რომელიც თქვენს მდგომარეობას შეესაბამება.
I.  
                 0. არაფერი არ იწვევს ჩემში სევდასა და დარდს; 
                 1. ზოგჯერ სევდიანი ვარ;
                  2. მუდმივად დარდიანი ვარ, ვერ ვახერხებ მისგან თავის დაღწევას;
              3. ისე ძლიერ ნაღვლიანი და  უბედური ვარ, რომ ვერც კი ვეწინააღმდეგები 
            ამ განცდებს.
II.
0.  არ მეშინია მომავლის;
1. მეშინია მომავლის;
2. კარგის მოლოდინში არ ვარ;
3. საშინელების მოლოდინი მაქვს და თან ვიცი, რომ ვერაფერს შევცვლი.
III.
0. არ მაქვს ჩავარდნები, წარუმატებელი მცდელობები;
1. ვფიქრობ, რომ სხვებზე უფრო ხშირი ჩავარდნები მაქვს;
2. წარსულს რომ გადავხედავ, ბევრ წარუმატებლობას ვხედავ;
3. ვიცი რომ სრულიად უიღბლო ვარ.
IV.
0. საგნები, ნივთები ისევე მატკბობენ, როგორც წინათ;
1.  საგნები, ნივთები ისევე ვეღარ მატკბობენ, როგორც წინათ;
2. ვეღარაფრისგან ვიღებ სიამოვნებას;
3. ყველაფერი მომწყინდა და ყველაფრით უკმაყოფილო ვარ.
V.
0. დანაშაულის განცდა არ მაქვს;
1.  ზოგჯერ  მიპყრობს დანაშაულის განცდა; 
2.  ხშირად დიდი ხნით და მთლიანად  მიპყრობს დანაშაულის განცდა; 
3. ყოველთვის მაქვს დანაშაულის განცდა.
VI. 
0. არ ვთვლი, რომ დასჯილი ვარ;
1. ვთვლი, რომ შეიძლება დავისაჯო;
2. ველოდები სასჯელს;
3. ვგრძნობ, რომ დასჯილი ვარ.  
VII.
0. საკუთარი თავით იმედგაცრუებული არ ვარ; 
1. საკუთარი თავით იმედგაცრუებული  ვარ;
2. საძაგელი ვარ;
3. მეზიზღება საკუთარი თავი.
VIII.
0. სრულებითაც არ ვთლი, რომ ვინმეზე უარესი ვარ;
1. ხშირად ვაკრიტიკებ საკუთარ თავს შეცდომებისა და  მარცხის გამო;
2. გამუდმებით ვაკრიტიკებ თავს წარუმატებლობების გამო;
3. რაც კი ხდება, ყველაფერზე საკუთარ თავს ვკიცხავ.
IX.
0. არასოდეს მიფიქრია თვითმკვლელობაზე;
1. თვითმკვლელობაზე მიფიქრია, მაგრამ ამის ჩამდენი არ ვარ;
2. მქონია თვითმკვლელობის სურვილი;
3. თუ გავრისკე, შემიძლია თავი მოვიკლა.
X.
0. ახლაც ისევე ვღელავ და განვიცდი, როგორც უწინ;
1. ახლა უფრო ხშირად ვარ განცდებში;
2. სულ განცდებში ვარ;
3. სულ ვიტირებდი, მაგრამ ახლა, ძალიანაც რომ მოვინდომო,  ვერ შევძლებ.
XI.
0. ჩვეულებრივზე მეტად არ ვარ გაღიზიანებული;
1. ჩვეულებრივზე უფრო მეტად გაღიზიანებული ვარ;
2. შესაძლოა დიდი ხნის განმავლობაში გამყვეს წყენა და გაღიზიანება;
3. სულ გაღიზიანებული ვარ.
XII.
0. ადამიანების მიმართ ინტერესი არ დამიკარგავს;
1. ჩვეულებრივზე ნაკლებად ვინტერესდები ადამიანებით;
2.ძალიან დიდი დოზით დავკარგე ადამიანებისადმი ინტერესი;
3. სრულიად დავკარგე ადამიანებისადმი ინტერესი.
XIII.
0. როგორც ყოველთვის, ახლაც ადვილად  ვიღებ გადაწყვეტილებას;
1. ზოგჯერ გაურკვეველი დროით გადავდებ გადაწყვეტილების მიღებას;
2. ამჟამად ძალიან მიჭირს გადაწყვეტილებების მიღება;
3. სრულიად  არ შემწევს უნარი მივიღო გადაწყვეტილება.
XIV.
0. გამოვიყურები ჩვეულებრივად, როგორც უნდა გამოვიყურებოდე;
1. ვღელავ, რადგან ვთვლი, რომ ასაკთან ერთად სულ უფრო ცუდად გამოვიყურები; 
2.მუდმივად მაქვს განცდა, რომ  ვიცვლები და თანდათან ნაკლებად მომხიბვლელი ვხდები;
3. დარწმუნებული ვარ, რომ საშინლად გამოვიყურები.
XV.
0. ისევე კარგად ვმუშაობ, როგორც ადრე;
1. სამუშაო დიდ ძალისხმევას მოითხოვს ჩემგან;
2. თავს უნდა ვაიძულო, რომ რამე გავაკეთო;
3. აღარ შემიძლია მუშაობა.
XVI.
0. უწინდელივით ახლაც კარგად მძინავს;
1. ჩვეულებრივზე  უარესად მძინავს;
2. 1-2 საათით ადრე ვიღვიძებ და შემდეგ მიჭირს დაძინება;
3. რამდენიმე საათით ადრე ვიღვიძებ და შემდეგ ვეღარ ვიძინებ. 
XVII.
0. უწინდელივით ახლაც ძნელად არ ვიღლები;
1. ახლა ადვილად  ვიღლები;
2. ნებისმიერი სამუშაო მღლის;
3. ყველაფერი მღლის.
XVIII.
0. მადა არ შემცვლია;
1. ისე კარგ მადაზე ვეღარ  ვარ, როგორც ვიყავი;
2. ძალიან უმადოდ ვარ;
3. არაფრის ჭამა არ მინდა.
XIX.
0. შეიძლება ითქვას, რომ იგივეს ვიწონი;
1. 2,5 კგ დავიკელი;
2. 5კგ დავიკელი;
3. 7,5 კგ დავიკელი.
XX.
0. ჯანმრთელობაზე ისევე ვწუხვარ, როგორც ადრე;
1. მაქვს ზოგადი ჩივილები, კბილების და კუჭ-ნაწლავის პრობლემები;
2. მაქვს ზოგადი ჩივილები, კბილების და კუჭ-ნაწლავის პრობლემები და  
  დიდხანს ვფიქრობ მათზე;
3.იმდენად მაწუხებს ჯანმრთელობის პრობლემები, რომ  სხვა რამეზე აღარც
    კი ვფიქრობ.
XXI.
0. სექსუალური ინტერესები არ შემცვლია;
1. სექსი ნაკლებად მაინტერესებს;
2. სექსი ძალიან ნაკლებად მაინტერესებს;
3. სექსი საერთოდ არ მაინტერესებს.
გასაღები: შეკრიბეთ შემოხაზული ციფრები.
 10 ქულამდე – სრულიად ნორმალური მდგომარეობა.
11-16 ქულა- ზომიერი  მდგომარეობა. 
17-20 ქულა -კლინიკური დეპრესიის ზღვარი.
21-30 ქულა – ზომიერი დეპრესია.
31-40 ქულა – სერიოზული დეპრესია.
40 ქულა და მეტი – ექსტრემალური დეპრესია.
17 ქულამდე პროფესიონალი ფსიქოთერაპევტის  ჩარევა არ არის საჭირო.
გაგაცნობთ დოქტორ ა.დ. ბეკის მარტივ თეზისს:
1. როდესაც შეწუხებული ან დეპრესიულ მდგომარეობაში ხართ თქვენი აზრები არალოგიკურია, ყველაფერი უკიდურეს ფერებში გეჩვენებათ, ჭარბობს დამანგრეველი განწყობები;
2. მცირედი ძალისხმევაც კი საკმარისია, რათა ისწავლოთ ნეგატიურ აზრებთან შეებრძოლება და საკუთარი ქცევის კორექცია;
3. როდესაც  ავადმყოფობის სიმპტომები უკან დაიხევს, თქვენი ქმედება კვლავ პროდუქტული გახდება და დაგიბრუნდებათ საკუთარი თავის პატივისცემის გრძნობაც;
4. ეს ყველაფერი შეიძლება შედარებით მოკლე დროში მოხდეს, თუ მაკორექტირებელ მეთოდებს გამოიყენებთ.

კომენტარები

comments