ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

მშობლები – სასწავლო პროცესის სრულფასოვანი მონაწილეები

ჩემთვის დიდად საამაყოა, რომ უკვე ორი წელია ვთანამშრომლობ
ჩვენს ძალზე პრესტიჟულ ინტერნეტგაზეთთან. საკმაოდ ბევრი სტატიაც დამიგროვდა, თუმცა
ადრინდელ თემას პირველად
ვუბრუნდები.
საკითხი სასწავლო პროცესის უმნიშვნელოვანეს რგოლს, მშობლებს ეხება: მათ ურთიერთობას
სკოლასთან,   მშობლების როლს შვილების აკადემიური
და არამარტო აკადემიური წარმატებისათვის  ბრძოლაში.
განათლების სამინისტრომ ერთ-ერთ პრიორიტეტად ახალი სასწავლო წლიდან მშობელთა სასკოლო
ცხოვრებაში ჩართულობა გამოაცხადა. ითქვა, რომ მშობელი სასკოლო ცხოვრების სრულფასოვან
წევრად უნდა იქცეს. ცვლილებები შევიდა  ეროვნულ
სასწავლო გეგმაში, რომელთა ერთი ნაწილი სწორედ მშობლებთან ურთიერთობას დაეთმო, მათ
შორის, დამრიგებლის და მშობლის ურთიერთობას. მოკლედ, მშობელთა ჩართულობა შვილის სასკოლო
ცხოვრებაში ახალ რეალობაში ახალ მოთხოვნებს გვიყენებს. გადასახედი და დასახვეწია სკოლისა
და მშობლების ურთიერთობის ესა თუ ის ასპექტი. მშობელთა ჩართულობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია
იმ უამრავ პრობლემათა შორის, რომელთა წინაშეც ჩვენი სკოლები დგას. მშობლების კომპეტენტურ
აქტიურობაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული რამდენად წარმატებული იქნებიან ჩვენი მოსწავლეები,
რამდენად ავტორიტეტული  გახდება ჩვენი სკოლები,
რამდენად გაუმჯობესდება  განათლების დონე მთელ
ქვეყანაში. განათლებასთან დაკავშირებულ ყველა პრობლემურ საკითხში ჩვენ შეგვიძლია ვისარგებლოთ
უცხოური გამოცდილებით, მაგრამ ვერც ჩვენს სპეციფიკას ავუვლით გვერდს. უპირველესად მხედველობაში
მაქვს მძიმე სოციალური ფონით გამოწვეული ძალზე სამწუხარო (მე ვიტყოდი, საგანგაშოც)   გარემოება, რომ სკოლას საერთოდ არ აქვს ურთიერთობის
საშუალება ბევრ მშობელთან. მათი საკმაოდ მოზრდილი ნაწილი სამუშაოდ სხვა ქვეყნებშია  წასული და ბავშვები მოხუც ბებია-ბაბუასთან იზრდება.
განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებისათვის დამახასიათებელი ეს მოვლენა ქართულ სინამდვილეში
ბავშვის სწავლასთან და ქცევასთან დაკავშირებულ სპეციფიკურ სირთულეებს ქმნის. გვინდა
იმედი ვიქონიოთ, რომ ამ მტკივნეულ პრობლემას მაქსიმალურად მოკლე ხანში მოევლება.

 მასწავლებლების
შრომის შედეგი დიდწილად მშობლებზეა დამოკიდებული. უპირველესად სწორედ მშობლები არიან
პასუხისმგებლები შეუქმნან თავიანთ შვილებს სიყვარულით, მზრუნველობით და  ყურადღებით
გაჯერებული გარემო. მათ ეკისრებათ  ბავშვების
მორალური მხარდაჭერა, სრულად ევალებათ ბავშვების მატერიალური უზრუნველყოფა.  ამგვარად ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მშობლები სასკოლო
პროცესის სრულფასოვან მონაწილეებად იქცენენ.

როდესაც სასკოლო ცხოვრებაში მშობლების სრულფასოვან
მონაწილეობაზე ვსაუბრობთ, ალბათ ინტერესმოკლებული არ იქნება გავითვალისწინოთ მშობლების
მიერ ბავშვებისათვის   სრულიად ბუნებრივი, ძალდაუტანებელი  გზით გადაცემული ცოდნა და უნარ-ჩვევები, როგორც
სასკოლო ასაკამდე, ასევე სკოლაში შესვლის შემდეგაც.  ეს გამოცდილება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ განათლების
ზოგიერთი მუშაკი მშობლებს საუკეთესო მასწავლებლებადაც მიიჩნევს. ამ მოსაზრების სასარგებლოდ
რამდენიმე მაგალითის მოტანაც საკმარისი იქნება.


v 

შვილები საუბარს მშობლებისგან სწავლობენ. მათი
მეშვეობით ამყარებს ბავშვი პირველ კომუნიკაციას გარშემომყოფებთან და სწავლობს თავისი  გრძნობების გამოხატვას მის ირგვლივ განვითარებული
მოვლენების მიმართ.


v 

სწორედ მშობლები არიან პასუხიმგებელნი თავიანთი
შვილების სხეულის ლოკომოტორულ განვითარებაზე. ბავშვის პირველი ნაბიჯები მშობლის უშუალო
ფიზიკური დახმარებით და მორალური მხარდაჭერით იდგმება.


v 

მშობლების ფაქტორი უმნიშვნელოვანესია შვილების
პირველ სასკოლო დღეებთან,  სკოლასთან შეგუების
პრობლემების დასაძლევად. სწორედ მათი მორალური მხარდაჭერით უნდა დაძლიოს ბავშვმა  ცხოვრების ეს უმნიშვნელოვანესი მომენტი. ასევე გადამწყვეტია
მშობლის როლი ბავშვების აკადემიური წარმატების მიღწევის საქმეში. მათი დახმარების გარეშე
მხოლოდ მასწავლებლის ძალისხმევით შეუძლებელი იქნება წერა-კითხვის და ანგარიშის სწავლა.
სწავლების საწყის ეტაპზე შვილებისათვის გადამწყვეტია მშობლების აზრი  იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა იქცეოდნენ სკოლაში
მასწავლებელთან, კლასელებთან, უფროს მოსწავლეებთან.


v 

მშობლები მნიშვნელოვანწილად აყალიბებენ თავიანთი
შვილების ხასიათს. მათ უნდა ჩაუნერგონ ბავშვებს დადებითი თვისებები და განაწყონ  ცხოვრების მიმართ დადებითი ემოციებით. სრულიად განსაკუთრებულია მშობლების როლი შვილების
გარდატეხის პერიოდში. ანგარიშგასაწევია ისიც, რომ მშობლის ზოგიერთი თვისება შვილს გენეტიკურადაც
გადაეცემა.


v 

 მშობლები
აყალიბებენ თავიანთი შვილების რელიგიურ გრძნობებს, რომელიც ასევე ძალზე მნიშვნელოვანია
ბავშვის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში. მან ზოგჯერ ცხოვრებისეული გზის არჩევანიც
შეიძლება განაპირობოს.

ჩვენს სტატიაში მშობლებთან დაკავშირებულ კიდევ რამდენიმე ასპექტზე გვსურს გავამახვილოთ ყურადღება,
ხოლო დასკვნით ნაწილში მშობლებს ექსპერტების რამდენიმე რჩევას შევთავაზებთ. გასათვალისწინებელია,
რომ მშობლის როლი  თავიანთი შვილების სწავლების
პროცესში ბავშვების ზრდასთან ერთად მცირდება, მაგრამ მათ ენთუზიაზმს და პოზიტიურ დამოკიდებულებას
სწავლის მიმართ ყველა ეტაპზე შეუძლია ბავშვებშიც გააღვივოს ასეთივე ენთუზიაზმი და გააძლიეროს
სწავლის სურვილი.
მათ
ყოველთვის შეუძლიათ უფრო მეტი გააკეთონ თავიანთი შვილების წარმატებისათვის.
კვლევამ აჩვენა, რომ დადებითი ოჯახური გარემო ბავშვების წარმატებაში უფრო
მნიშვნელოვანია, ვიდრე მშობლების შემოსავალი. თუმცა ასეთი სახის კვლევამ ჩვენს
სინამდვილეში შესაძლოა სხვა შედეგები აჩვენოს. აღსანიშნავია ერთი პრობლემატური
გარემოებაც, დაწყებით კლასებში მოსწავლე ბედნიერია მშობლის სკოლაში სიარულით, მაგრამ  საშუალო და განსაკუთრებით მაღალ კლასებში
მოზარდები ავლენენ ინდივიდუალიზმს, უჩნდებათ დამოუკიდებლობის მძაფრი გრძნობა.  ამ ასაკში მოსწავლეების უმეტესობას მშობლის
სკოლაში ხშირი სიარული პროტესტის გრძნობას უჩენს. თუმცა მშობლის ჩართულობა ამ
ეტაპზეც აუცილებელია.  მოსწავლეებს
ურთიერთობა უწევთ მეტ მასწავლებელთან, სწავლობენ მეტ საგანს. ასე რომ, მშობელმა
ყურადღება არ უნდა მოადუნოს, მაგრამ  უნდა
შეცვალოს სტრატეგიები (მაგ; გაითვალისწინოს შვილის ინტერესები, შეძლებისდაგვარად
თავი აარიდოს  პირდაპირ მითითებებს და ა.შ.)
ბავშვის შინაგან სამყაროში მიმდინარე მოვლენების მიუხედავად მშობელი მისთვის
ცხოვრების ამ ეტაპზეც მაგალითის მიმცემ პიროვნებად რჩება.  მაგალითად, ამ ასაკში მშობლების კვალდაკვალ
არამარტო უვითარდებათ  კითხვის სიყვარული,
არამედ   უყალიბდებათ ლიტერატურული
გემოვნებაც. ისინი აკეთებენ არჩევანს, რა სახის (გაზეთები, ჟურნალები, წიგნები) და
რა თემატიკის  ლიტერატურა იკითხონ.
ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს ისიც, რომ მშობლების ჩართულობა არ გულისხმობს მათ
ურთიერთობას მხოლოდ სკოლის მასწავლებლებთან და ადმინისტრაციასთან, მნიშვნელოვანია
მშობლების ერთმანეთთან ურთიერთობაც. შესაძლოა ზოგჯერ სწორედ მათ მისცენ ერთმანეთს
ისეთი ღირებული რჩევები, რომლებიც დაეხმარებათ  გამოსავლის პოვნაში.
მშობელთა ჩართულობით მოგებული რჩება როგორც მოსწავლე, ასევე სკოლა. ისინი
აჩვენებენ მაგალითს თავის შვილებს, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობა ძალზე
მნიშვნელოვანია. მართალია მშობელთა ჩართულობის მთავარი მიზანი შვილების აკადემიური
მოსწრების ამაღლებაა, თუმცა ამასთანავე მიიღწევა სხვა მნიშვნელოვანი შედეგებიც.
კვლევებმა აჩვენა, იმ სკოლების მოსწავლეთა შორის, სადაც მშობელთა ჩართულობა
მაღალია, ნაკლებად გვხვდება ისეთი პრობლემები როგორიცაა:  მოზარდებს შორის თამბაქოს მოხმარება, დეპრესიული
მდგომარეობა, კვებასთან დაკავშირებული პრობლემები, დისციპლინარული გადაცდომები და
სხვა.

 

ჩვენი სტატიის დასასრულს
შემოგთავაზებთ რამდენიმე კონკრეტულ რეკომენდაციას, რომელსაც უცხოელი ექსპერტები
აძლევენ მშობლებს.

 

იყავი სწავლის მოდელი.ბავშვები სწავლას პატარაობიდან
მშობლების მეშვეობით იწყებენ. როცა ისინი სკოლაში სიარულს დაიწყებენ, მშობელმა უნდა
გააგებინოს ბავშვს, რომ სკოლა ის ადგილია, სადაც სახლში დაწყებული სწავლა უნდა გააგრძელოს.
მანვე უნდა დაარწმუნოს ბავშვი რამდენად საინტერესო და აუცილებელია სწავლის გაგრძელება.
მშობელს ევალება ბავშვის დროის ორგანიზება და უამრავი სიახლის წინაშე მდგარი შვილების
მორალური მხარდაჭერა.

გაარკვიე,
როგორ სწავლობს შენი შვილი.
მასწავლებლებისათვის ცნობილია, რომ მრავალმხრივი ინტელექტის
თეორიის თანახმად ბავშვები სხვადასხვა გზით იძენენ ცოდნას. მათი უმეტესობა სწავლის
სხვადასხვა კომბინაციებს იყენებს, მაგრამ მრავლადაა შემთხვევები, როცა ბავშვს ერთი
რომელიმე ტიპისკენ აქვს მიდრეკილება  მაგ.  ვიზუალისტია და ხედვით სწავლობს, აუდიტორებისთვის მოსმენაა აუცილებელი და ა. შ.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ თეორიის ზოგადი ცოდნა მშობლებისათვისაც სასარგებლო
იქნება. როცა მშობელს ეცოდინება რა ტიპის მსწავლელია ბავშვი, მისი დახმარებაც უფრო
კვალიფიციურად იქნება შესაძლებელი. ის შვილის ყველაზე მისაღები გზით (მაგ:
სურათებით, საუბრით, მოდელების აშენებით,
სიმღერით, პატარა ლექსების შექმნით) შეეცდება დახმარებას.  ამასთანავე მათთვის გასაგები გახდება ზოგიერთი
მანამდე ბუნდოვანი საკითხი (მაგ; როცა დედმამიშვილები ერთნაირად ვერ სწავლობენ,
შესაძლოა ამის მიზეზის  იყოს, რომ მათ ერთი
გზით ასწავლიან, ხოლო ბავშვებს სწავლის განსხვავებული ტიპის ინტელექტი აქვთ).

გამოძებნე დრო
ერთობლივი კითხვისთვის.
პატარაობიდანვე
ხშირად უკითხეთ ბავშვებს ხმამაღლა. ხმამაღლა კითხვა ითვლება ბავშვის ლიტერატურით
დაინტერესების ყველაზე ეფექტურ და მარტივ გზად. ამ  აქტივობით მშობელს შეუძლია ჩამოაყალიბოს  შვილის ლიტერატურული გემოვნება. გარკვეული პერიოდის შემდეგ ბავშვს დამოუკიდებლად
წაკითხვის სურვილი აღეძვრება. ექსპერტები გვირჩევენ, რომ მშობლებმა თავიანთი
სასარგებლო საქმიანობა მყისიერად იმ შემთხვევაშიც არ  შეწყვიტონ, თუ ბავშვი კითხვის სურვილს აშკარად
გამოავლენს. ისინი გვთავაზობენ მოქმედების რამდენიმე ვარიანტს. პირველ ეტაპზე,
მშობელს შეუძლია ასეთ ხერხს მიმართოს, მშობელი
კითხულობს ერთ თავს ხმამაღლა, ბავშვი კითხულობს მომდევნოს თავისით და ა.შ.
 მომდევნო ეტაპზე შესაძლოა მშობელმა  წიგნის მხოლოდ პირველი ორი თავი წაუკითხოს
ბავშვს. ეს საკმაოდ დამაინტრიგებელი მოქმედებაა და ხშირად ამართლებს, რადგანაც
ნაწარმოების დასაწყისშივე ხდება ისეთი რაღაც, რისი დასასრულიც ბავშვს
დააინტერესებს. შესაძლოა მშობლის და შვილის
გემოვნება  ერთმანეთს ყოველთვის არ
დაემთხვეს კლასგარეშე საკითხავის შერჩევისას, მაგრამ სასურველია, მაინცდამაინც არ
შევზღუდოთ ისინი წიგნის არჩევისას. მიეცით უფლება წაიკითხონ, რაც მოსწონთ. უხალისო მკითხველებისათვის ურიგო არ არის  სერიებიანი წიგნების კითხვა გაგრძელებებით
(პატარა სურათებიანი წიგნები). დაე, მათ თავიდან იკითხონ ადვილი, საინტერესო
მოთხრობები და ზღაპრები და არა შედარებით რთული ნოველები.

მინიმუმამდე
დაიყვანე ტელევიზიით სარგებლობა.
ბევრი იწერება ბავშვების კომპიუტერთან მიჯაჭვულობაზე და ამ
ფენომენთან დაკავშირებულ პრობლემებზე. ამ ფონზე ტელევიზიის ფაქტორი თითქოსდა უკანა
პლანზე გადადის. მშობლები ტელევიზორის ეკრანთან გატარებულ დროს  პრობლემად აღარ მიიჩნევენ. ისინი  კომპიუტერსა და ტელევიზორს შორის არჩევანს ამ
უკანასკნელზე აკეთებენ.  მაგრამ როგორც
ჩანს, ტელევიზიაც ქმნის ახალ პრობლემებს. ფსიქოლოგიის დოქტორი დიანა ლევინი მიიჩნევს:
,,ტელევიზორის დიდხანს ყურება ბავშვებს ართმევს საშუალებას, გამოავლინონ თავიანთი საკუთარი ინტერესები და თავად აღმოაჩინონ
სიახლეები, რადგანაც ხშირ შემთხვევაში სწორედ ტელევიზია კარნახობს მათ დღის
წესრიგს. ბავშვებისათვის იდეალურია, ერთი შეხედვით არასტრუქტურირებული დღის
წესრიგი – წიგნები, სათამაშოები, მათთვის საყვარელი საქმიანობა, მეგობრებთან
ურთიერთობა და ა.შ. სწორედ ასეთი აქტივობები აძლევს ბავშვებს იმის საშუალებას, რომ
აღმოაჩინონ თავიანთი ინტერესები, განივითარონ აუცილებელი უნარები, მიიღონ
დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები, გაიწაფონ ამა თუ იმ საქმიანობაში”.

 

დროდადრო  რაღაც ახალი ისწავლე. დროდადრო რაღაც ახლის სწავლა
შესანიშნავი  მაგალითი იქნება შენი
შვილისათვის თითონაც დაინტერესდეს სწავლის პროცესით. ეს შეიძლება იყოს ახალი ენის
შესწავლა, რაიმე ხელობა, თუნდაც რაიმე უცნობი საკითხის უფრო  საფუძვლიანად შესწავლა. მთავარია, ბავშვმა
დაინახოს,   რომ რაღაც ახალს სწავლობ და
ამისათვის გარკვეული ძალისხმევის გაღება გიწევს. ეს დაგეხმარებათ ორივეს, მშობელი
გაიხსენებს სწავლის პროცესს და უკეთ გაუგებს შვილს, ხოლო მშობლის მაგალითით შთაგონებული
ბავშვი უფრო მეტად მოინდომებს.  შესაძლოა  მშობლის საქმიანობაზე დაკვირვებით რაიმე
კონკრეტული სასწავლო უნარიც შეიძინოს. შეგიძლიათ ერთად სწავლის დროც დააწესოთ, რაც
ერთდროულად ძალზე სასარგებლო და სახალისო იქნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი