ქალები მარტინ ლუთერ კინგს მიღმა

ოთხ ივლისს შეერთებულმა შტატებმა დამოუკიდებლობის დღე 242-ჯერ იზეიმა. რამდენიმე საუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ორ ოკეანეს შორის გადამჭიმულმა ქვეყანამ უამრავი ქარტეხილი გამოიარა. ამერიკელები შეებრძოლნენ ევროპულ იმპერიებს, მონათმფლობელობის ტრადიციას, „დიდ დეპრესიას“, ნაციზმს … თუმცა, ყველაზე რთული დასამარცხებელი მაინც თეთრკანიანთა გონებაში მომწიფებული და მათ ქცევებში გამოვლენილი ჩაგვრა იყო. 1960-70-იან წლებამდე აფროამერიკელები აშშ-ის მეორეხარისხოვან მოქალაქეებად ითვლებოდნენ და უნივერსალური უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. გასული საუკუნის მეორე ნახევარში დაწყებულმა სამოქალაქო წინააღმდეგობამ დრამატული გარდატეხის მიღწევა შეძლო. მოძრაობის წევრთა თავდადების შედეგად აფროამერიკელთა გარიყვისა თუ დამცირების ფორმალურ დონეზე აღმოფხვრა მოხერხდა. სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლას პროტესტანტი მღვდელი, მარტინ ლუთერ კინგი ედგა სათავეში. დოქტორ კინგს დღეს მთელი მსოფლიო იცნობს. გლობალიზაციის პირობებში ამერიკული საზოგადოებისათვის იდეალად მიჩნეულმა პირებმა ავტორიტეტის მოხვეჭა ჩვენი პლანეტის ყველა კუთხეში შეძლეს. ერთხელ საქართველოს მაღალმთიანი რეგიონის ღარიბ ბიბლიოთეკაში გახსნილი „ამერიკული კუთხის“ პატარა მოსწავლემ ლუთერ კინგის ცნობილი გამოსვლა – „I have a dream“ – ზეპირადაც კი მომიყვა.  პასტორის წვლილის არაფრად ჩაგდება საშინელი უსამართლობა იქნებოდა, მაგრამ სირცხვილია ისიც, რომ აფროამერიკელთა გათავისუფლების საქმეში გადადგმულ უკანასკნელ დიდ ნაბიჯს ერთადერთ კაცს ვუკავშირებთ. მარტინ ლუთერ კინგს არ შეუქმნია მოძრაობა, მოძრაობამ შექმნა მარტინ ლუთერ კინგი. ერთი ადამიანი, რაც არ უნდა ქარიზმატული იყოს ის, მარტო ვერ განსაზღვრავს კარგად ორგანიზებული სამოქალაქო პროტესტის ბედს. თითოეული აღიარებული ლიდერის მიღმა უამრავი ადამიანის შრომა თუ არა რამდენიმე მოქალაქის განსაკუთრებული მონდომება მაინც დგას.

სავარაუდოდ, ელლა ბეიკერის სახელი სამოქალაქო განათლების ქართულ სასკოლო სახელმძღვანელოებში მოხსენიებულიც კი არ არის. არადა, მის გარეშე სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლა, ალბათ, წარმოუდგენელი იქნებოდა. მონად ნამსახურები ბებიის მიერ გაზრდილი ელლა აფროამერიკელთა გათავისუფლებისთვის ბრძოლის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე გახლდათ. მას გამოარჩევდა ის, რომ მხოლოდ რასობრივი საკითხით არ ინტერესდებოდა. ბეიკერს მიაჩნდა, რომ რასობრივი საკითხი ქალთა და მამაკაცთა თანასწორუფლებიანობისა და სოციალური სამართლიანობის ელემენტარული წინაპირობების შექმნის საფუძველზე უნდა გადაწყვეტილიყო. ვირჯინიელი ყველაზე დიდ საქმედ ადგილობრივი თემებისა და სამეზობლოების მობილიზებას მიიჩნევდა. მან მთელი ცხოვრება რიგითი ადამიანების ორგანიზებას, დარაზმვას, მათთვის შესაბამისი ინტელექტუალური რესურსების შექმნას შეალია. ქალი აქტივისტი დაუღალავად ილაშქრებდა იერარქიისა და უსარგებლო ბიუროკრატიის წინააღმდეგ. ყოფილი საგაზეთო რედაქტორი მხარს უჭერდა სამოქალაქო უფლებებისთვის დაწყებული მოძრაობის ქვემოდან მართვის იდეას. შოუს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს ეკუთვნის სიტყვები: „ძლიერ ხალხს ძლიერი ლიდერები არ სჭირდებათ“. რაც მთავარია, ბეიკერი უშუალოდ მონაწილეობდა განდის იდეების აშშ-ში განხორციელების მცდელობაში და რასიზმის გამოვლინებებს პირდაპირი, არაძალადობრივი, მასობრივი მოქმედებით უპირისპირდებოდა. 1960-იანი წლებში აფროამერიკელთა ყველა დიდი პოლიტიკური გამოსვლის საძირკველში ელლა ბეიკერის შრომა იყო ჩადებული.

სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ისტორიიდან კიდევ ერთი ქალი შეგვიძლია გავიხსენოთ. დოროთი კოტონი ელლა ბეიკერივით წინააღმდეგობრივი, იდეოლოგიურ დისკუსიებში ჩართული პირი არ ყოფილა. იგი მთელ თავის ენერგიას სამოქალაქო განათლების პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში ხარჯავდა. მოგეხსენებათ, რომ გასულ საუკუნეში აშშ-ის სამხრეთში აფროამერიკელთათვის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვას საარჩევნო რეგისტრაციის კანონით ცდილობდნენ. საარჩევნო სიაში აღმოსაჩენად უამრავ ღარიბ, სასკოლო განათლების არმქონე აფროამერიკელს წერა-კითხვის ტესტის ჩაბარება უწევდა. უმრავლესობას ობიექტური მიზეზების გამო გამოცდის დაწერა უძნელდებოდა. შესაბამისად, ისინი გამორიცხულნი იყვნენ საარჩევნო პროცესისგან და მათი პოლიტიკური მნიშვნელობაც უმცირესი გახლდათ. დოროთი კოტონმა კი შეიმუშავა სპეციალური პროგრამა, რომლითაც მონათა გარიყულ შთამომავლებს ჯერ წერა-კითხვას ასწავლიდნენ, შემდეგ ადამიანის უფლებებზე ესაუბრებოდნენ, უზიარებდნენ  გამოცდილებას მშვიდობიანი პროტესტის დაგეგმვისა და წარმართვის შესახებ.  კოტონის პროგრამის საშუალებით ათი ათასამდე ადამიანმა შეძლო საარჩევნო რეგისტრაციის უფლების მოპოვება. ცხადია, პროგრამის მონაწილეები სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლის სხვადასხვა ეტაპზეც მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ.

სამწუხაროდ, ისტორიული უსამართლობის წყალობით კიდევ ბევრი ადამიანი დარჩა ლიდერთა მიღმა. მნიშვნლოვანია, რომ ღირსეული აქტივისტვის შრომა ახალ საუკუნეში მაინც არ დავტოვოთ ჩრდილში.

 

კომენტარები

comments