პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

რამდენად ეხმარება ბავშვს სკოლის სახელმძღვანელო სამყაროს შემეცნებაში?

(პირველი ნაწილი – ლატვიის რესპუბლიკის გამოცდილება)
     ბოლო  თხუთმეტი  წლის  განმავლობაში  ლატვიაში განათლების სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. პირველ რიგში ის სასკოლო სახელმძღვანელოების პრობლემაზე აისახა. „ერთი  სახელმძღვანელოს” პრინციპის სანაცვლოდ (რომელშიც მოცემულია ყველაფერი, რაც კი მოსწავლეს სწავლისათვის სჭირდება) სკოლაში შემოვიდა „რამდენიმენაწილიანი სახელმძღვანელოს” პრინციპი. სახელმძღვანელოს კომპლექტში შედის  – მოსწავლის წიგნი,  სამუშაო  რვეული  და  მასწავლებლის  მეთოდური  წიგნი. ამავე დროს  შეიცვალა  მოსწავლეთა  პრიორიტეტებიც: თუ  ადრე  გამოიყენებდნენ  ტრადიციულ  სასწავლო მასალებს, მათ  შორის  წიგნებს, ახლა უმეტესად  იყენებენ  ინტერნეტს  და  სხვა  ელექტრონულ  რესურსებს.
     მეცნიერები მიიჩნევენ, რომ  ქვეყნებში, სადაც განვითარებულია საინფორმაციო  ტექნოლოგიები, ბავშვები დამოკიდებულები ხდებიან კომპიუტერსა და  ინტერნეტზე. რამდენიმე წლის წინ ლატვიის პედაგოგებმა დაადასტურეს, რომ მათ  ქვეყანაში  ინტერნეტმიჯაჭვულობა მოზარდების ცხოვრების შემადგენელ ნაწილად იქცა  და  დაწყებითი  კლასების  მოსწავლეებიც  კი  აღიარებენ, რომ  ინტერნეტქსელს იყენებდნენ,   როგორც  ცოდნის  მისაღებ წყაროს და თანატოლებთან  ურთიერთობის საშუალებას.
      სკოლა, როგორც საგანმანათლებლო ინსტიტუტი, უძლურია  მოსწავლეთა შეცვლილი  პრიორიტეტებისა და ჩვევების წინააღმდეგ. ინტერნეტი, რომლის მოხმარებაც იოლია და რომელშიც ფართოდაა წარმოდგენილი გამოსახულებითი  და  ინტერაქტიული  დავალებები, სულ  უფრო  მნიშვნელოვან  როლს  თამაშობს  მოსწავლეთა  ცხოვრებაში, გავლენას  ახდენს  მათ  სასწავლო  უნარ-ჩვევებზე.
       როგორც  ჩანს, პედაგოგები  არ  არიან  მზად  ამ  ცვლილებებისთვის. სასწავლო  მასალები, რომლის გამოყენებაც  მასწავლებლებს გაკვეთილზე  შეუძლიათ, ძირითადად  სწავლების  ძველ  ტრადიციებს ეყრდნობა. ისინი  მიმართულია  ცოდნის  ჩვეულებრივად  მიღებაზე, რაც გულისხმობს სტანდარტული სწავლება-სწავლის პარადიგმის გამოყენებას.  ამიტომ 2001-2013 წლებში სასწავლო გეგმების და სასწავლო მასალების საკვლევად, მასწავლებელთა მოსამზადებლად და მათი შესაძლებლობების  გამოსავლენად რამდენიმე პროექტი მომზადდა.  მეცნიერებისა  და  განათლების  სამინისტრომ  წამოიწყო  პროექტები: ავტორებისთვის და  რეცენზენტებისთვის სასწავლო  წიგნების  და  მეთოდიკების  ხარისხის კრიტერიუმების გამოსამუშავებლად; სასწავლო მასალების შემუშავება პედაგოგებისთვის, რომელსაც  მუშაობის  პროცესში გამოიყენებენ; მასწავლებელთა  შემდგომი პროფესიული  განვითარების    გეგმის  და  ტრენინგების  კურსის  შედგენისთვის.
    პროექტების ძირითადი იდეა ის იყო, რომ სკოლებში გარკვეული ცვლილებები გაეტარებინათ, პასიური სწავლებიდან გადასულიყვნენ ინტერაქტიურ სწავლებაზე. უპირველესად უნდა ჩამოყალიბებულიყო შეხედულება, რომ  ინფორმაციული ცოდნის  მიღება  თავისთავად  არ  წამოადგენს  მთავარ  მიზანს. მასალის  გაგება, მეტაკოგნიტური სწავლება და  ცოდნის  გამოყენება  სხვადასხვა  სიტუაციაში – აი,  მთავარი  მახასიათებელი მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა/სწავლების პროცესისა. აუცილებელი გახდა სახელმძღვანელოებსა და დამატებით მასალებში ცვლილებების შეტანა, რაც აუცილებელი იყო  ახალი  პედაგოგიური  მიდგომების  გასამყარებლად.
    იმისათვის, რომ საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსები მოსწავლეთა მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოდიოდეს, გამომცემლობებმა აღქმის  სხვადასხვა  დონისთვის გამოუშვეს ელექტრონული წიგნების სამი სახეობა (უმეტესად, საბუნებისმეტყველო  მეცნიერებებში):  საკითხავი ტექსტები, რომელიც შინაარსის არსს  პრაქტიკული ამოცანებით ხსნის; ტექსტები ფოტოებით ან  დახატული სურათებით (რაც ხშირად უფრო ეფექტურია, ვიდრე ფოტო!); ტექსტები სქემატური ვიზუალებით. ეს არის  საწყისი  ეტაპი, რომელიც წინ უძღვის უკვე  ადრეული  სასკოლო წლებიდან „ახალი თაობის” სასწავლო რესურსებითა და სასწავლო ვებპლატფორმების გამოყენებით სწავლებას ვირტუალურ სივრცეში. (რედ. კომენტარი: ამის მაგალითია ჩვენში ისეთი პროგრამების ამოქმედება როგორიც არის: „ბუკი – ისწავლე ხალისით” და „SkooolTM საქართველო”. ასევე ანალოგიისათვის საინტერესოა, გაეცნოთ ისეთ საგანმანათლებლო პორტალებს: https://www.khanacademy.org/; განსაკუთრებით საინტერესოა ინტერაქტიული წიგნების სერია რომელიც შესაძლებელია, ნახოთ ამ საიტზე: https://www.usborne.com/quicklinks/eng/?loc=usa. ზოგიერთი მათგანი ქართულადაც არის უკვე ნათარგმნი).
           ჩვენი  კვლევის  მიზანია  სხვა  წყაროების  ფონზე სასწავლო  წიგნების  როლის  გაანალიზება. შესწავლილ  იქნა  21 სახელმძღვანელო  და მათზე  16  დამატებითი  მასალა, მათი  პოტენციალი, მოსწავლეთა და მასწავლებელთა აზრი  არსებულ  ცვლილებებზე. ჩვენ  მივმართეთ მოქმედ მასწავლებლებს და მოსწავლეებს  თხოვნით,  კომენტარი  გაეკეთებინათ  წიგნის როლზე სასწავლო პროცესში. მასწავლებლებმა აღნიშნეს, რომ დაწყებითი  სკოლის სახელმძღვანელოები უპირველეს ყოვლისა ის წიგნებია, რომელიც მას სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად მუშაობაში ეხმარება. სწორედ  მათი  დახმარებით  პედაგოგი  უსაფრთხო  გზას ირჩევს. 
კვლევის    კონტექსტი 

   
 დღესდღეობით სწავლა/სწავლების პარადიგმა ისეთი სკოლისკენ იხრება, რომელშიც მასწავლებელი უფრო ფასილიტატორია, ვიდრე დირექტიული ცოდნის მიმწოდებელი. მომავალი  თაობის  სკოლისთვის  საჭიროა  პედაგოგთა  მომზადების  ახალი  მიდგომები, რომლებიც თან მოიტანს უმაღლესი განათლების სისტემის ცვლილებას. მასწავლებლებს უნდა დავეხმაროთ კლასებში საკუთარი სწავლების პრაქტიკის შეცვლაში. დემოკრატიული და ტოლერანტული საზოგადოების განვითარების გზაზე ძირითადი წინააღმდეგობა სწავლა–სწავლებისადმი ტრადიციული მიდგომები იყო, რომელიც ფაქტების გადმოცემას ეყრდნობოდა და რომელსაც  პედაგოგი  ან  წიგნი გვთავაზობდა, საპირისპიროდ  კრიტიკული  და შემოქმედებითი  ანალიზისა  და  ახალი  ინფორმაციების  გამოყენებისა, რომელიც  ცოდნას  პირად  გამოცდილებასა  და  სოციალურ–პოლიტიკურ  კონტექსტთან  აკავშირებს. გაკვეთილებზე  ბატონობდა  მასწავლებელი, ფაქტები  და  მოცემულობები. ნებისმიერ  შემთხვევაში  ტერმინები – პარადიგმის  ცვლილება, ტრანსფორმაცია, განვითარების  პროცესი – მიეკუთვნება  ინოვაციებს, რომლებიც სკოლის  ჩარჩოებში უნდა  განხორციელდეს.           
     
 სასწავლო წიგნების  შესწავლის  შედეგად მივედით  დასკვნამდე – თუ კვლევას პედაგოგიური პროცესიდან და საერთო სასკოლო კონტექსტიდან გამოვყოფთ, მკვლევართა  რეკომენდაციები  უადრესატოდ  დარჩებიან: სასკოლო  წიგნების  ანალიზი  შეუძლებელია  მთლიანი  პროცესის კონტექსტის გათვალისწინების გარეშე. ამ იდეის თანახმად ჩვენ  წიგნების საკითხს და მის ხარისხს სამი სრულიად განსხვავებული, მაგრამ  ურთიერთდაკავშირებული   პროცესების  კონტექსტში  განვიხილავთ:
·არსებული  სიტუაციის, მოთხოვნების, მოდერნიზაციის  მასშტაბების  ან  ახალი  რეალობის  შექმნის  ანალიზი; რესურსები (ამ  შემთხვევაში  სახელმძღვანელოები, დამხმარე  მასალა, ასევე  ელექტრონული  მასალები  და  წიგნები) აუცილებელია  ახალი  პედაგოგიური  პარადიგმისთვის, რომელშიც მოსწავლე  მუშაობს.
·სწავლა-სწავლების  სოციალური  გარემოს  შექმნა (მასწავლებელთა    და  მშობელთა  მომზადება), როგორც  ერთ–ერთი  ძირითადი  საშუალება; განხორციელდება თუ  არა ეს  ცვლილებები,  დამოკიდებულია  იმ  ადამიანებზე, რომლებიც  პასუხისმგებლები  არიან  ამ  პროცესებზე, და  მათ  სურვილზე –  მხარი  დაუჭირონ  ამ  ცვლილებებს. სასწავლო  წიგნებს  ჯერ  ისევ  უკავიათ  ცენტრალური  ადგილი  დაწყებითი  სკოლების  სწავლა–სწავლების  პროცესში.
·სკოლის  ხელმძღვანელობის  მიერ  შექმნილი  სისტემა, რომელიც  მიმართულია  ახალი პარადიგმის  შექმნისკენ; თვითონ  ცვლილებების პროცესი უნდა იყოს  მართვადი და თანმიმდევრული; აუცილებელია  წიგნების, პედაგოგთა მეთოდიკების  სხვადასხვა ვარიანტების შეთავაზება და ჩვენება, თუ  როგორ  უნდა  გამოიყენონ  ისინი.  
კვლევის ისტორია
   1990 წლებში  ლატვიაში  განათლების  და  სკოლის  მმართველობის  ყველა  დონეზე  განიხილეს მასწავლებელთა საჭიროებები და მათი მზადყოფნა, შეეცველათ საკუთარი საგაკვეთილო პრაქტიკა, გადასულიყვნენ  სწავლების  ახალ პარადიგმაზე. შემუშავდა  კანონები, სტანდარტები, სასკოლო დემოკრატიული პროგრამები, მოსწავლეზე ორიენტირებული  სწავლების  განსახორციელებლად; შესაბამისად  შეიცვალა  უმაღლესების  პროგრამები  მომავალი  მასწავლებლებისთვის. ჯერ  კიდევ  1998წ. გამოქვეყნდა  განათლების  სისტემის  ეროვნული   სტანდარტი, სადაც  გაწერილია  განათლების  რეფორმის  ძირითადი  პრინციპები, როგორიცაა  „ინფორმაციის  მიღების  შემდგომი  პრიორიტეტების  შეცვლა, რომელიც  მის  გამოყენებას  ეხება; პრაქტიკული  ორიენტაცია, რომელიც აქცენტებს  ფუნქციონალურ  ცოდნასა  და უნარებზე  აკეთებს; საგნების  ინტეგრაცია   და  ბალანსი  გადატვირთვის, დუბლირების  და  განსხვავებების  თავიდან  ასაცილებლად” (რედაქტორის შენიშვნა – იხ. წერილი საქართველოს რეალობასთან შესადარებლად).
   ყველაზე დიდი პრობლემა, რომელსაც ახალი პრინციპების განხორციელებისას  გადააწყდნენ იყო ის, რომ არამარტო სტუდენტებს არამედ პედაგოგებსაც არ აღმოაჩნდათ  ის  უნარები, რომელიც  მიზანმიმართულად გაამრავალფეროვნებდა ახალ მეთოდებს და  რესურსებს სწავლა–სწავლების პროცესში. 2000 წელს საზოგადოებრივი  მეცნიერებების  695 მასწავლებელზე  ჩატარდა  კვლევა,  რომელიც  ადასტურებს, რომ  ისინი  იშვიათად  იყენებენ  სწავლების  ინტერაქტიურ  ფორმებს  ან  რაიმე  დამატებითი  ინფორმაციის  წყაროებს, მაგ. ინტერნეტს: 14,4% –მა უპასუხა  იშვიათად, 83,7% – არასოდეს; ვიდეომასალების  გამოყენებას  და მის  განხილვას: 46%–მა უპასუხა იშვიათად, 46,8% – არასოდეს.
    
განათლების  სისტემის  გაუმჯობესების  მცდელობებმა, რომელიც  ორი  ათწლეული  მიმდინარეობდა, მხოლოდ  ნაწილობრივი  შედეგი  გამოიღო. აი,  ამის  რამდენიმე  მიზეზი:
·განათლების  დეცენტრალიზაციის  პროცესი  წარმოქმნილი  გაუგებრობების გამო რთულად წარიმართა. მასწავლებლები, რომლებიც  მოუმზადებლები  იყვნენ  ცვლილებებისთვის, ვერ  გახდნენ  უფრო  მოქნილები  და თავისუფლები  სასწავლო  პროცესში, რომელსაც  სთავაზობდა  ეროვნული   ახალი სისტემა, არ გამოიყენეს  ახალი  სახელმძღვანელოები და სხვადასხვა, მათ შორის ელექტრონული ფორმატის  მასალები –  სწავლების ახალი მიდგომები  გამოიყენებოდა  უსისტემოდ.
·კლასში  სწავლების  პარადიგმა  და  მოსწავლეზე,  დამოუკიდებელ მუშაობაზე ორიენტირებული საგაკვეთილო პროცესი  ინერგებოდა  ნელა, რადგან  პედაგოგებს  არ  ჰქონდათ  გამოცდილება. მათი  მუშაობის   წარმატება  უმრავლეს  შემთხვევაში  დამოკიდებული  იყო  ტესტების  შედეგებზე; მოსწავლეებს  თავისუფალი  არჩევნის  საშუალება  იშვიათად  ეძლეოდათ, რადგან არჩევნის  თავისუფლება  გულისხმობს სწავლის მიზნის მიღწევის ახალ მეთოდებს და მასწავლებლებს ეშინოდათ  არაპროგნოზირებადი  შედეგების.
·მიუხედავად არასამთავრობო სტრუქტურების მიერ შეთავაზებული  შესაძლებლობებისა, ბევრ  ღონისძიებაში, რომელიც პროფესიული სრულყოფისკენ იყო მიმართული, პედაგოგები ვერ იგებდნენ განათლებაში დანერგილი ცვლილებების სიღრმისეულ მიზეზებს. მაგ. რატომ  შეიძლება მოსწავლესა და მასწავლებელს შორის  ურთიერთდამოკიდებულება პროდუქტიული იყოს გააზრებული სწავლებისთვის. ასეთ  სიტუაციაში  მასწავლებლები  სემინარების  და  კურსების  გავლის  შემდეგ უკეთესად  გრძნობენ  თავს, მაგრამ  დიდხანს  ვერ მისდევენ ახალ მიდგომებს, ვერ იყენებენ მას  ყოველდღიურ მუშაობაში იმის  გამო, რომ მხოლოდ თეორიულად ითვალისწინებენ  მოსწავლეთა ინდივიდუალურ მოთხოვნილებებს. მასწავლებლები თეორიის  პრაქტიკაში  გამოყენებისას სირთულეებს აწყდებიან. ამას გარდა, პედაგოგთა არჩევანს ხელს უშლის  მათი ეჭვი, რომელიც მათ განათლების სფეროში სახელმწიფო  პოლიტიკის   პრაქტიკული  რეალიზაციის მიმართ აქვთ.
1.მოსწავლეები  მასწავლებლებისგან  განსხვავებით ინტერნეტის  და  ელექტრონული  კომუნიკაციის   უფრო  გამოცდილი  და  წარმატებული  მომხმარებლები  გახდნენ. ამ  განსხვავების  გამო მასწავლებლები აღიარებენ, რომ მოსწავლეებს სურვილი აქვთ უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ სწავლების პროცესში, ეს კი ხშირად დისციპლინის პრობლემებს ქმნის. მასწავლებლებს სჭირდებათ გარკვეული დრო, რომ შეცვალონ  თავიანთი პროფესიონალური აზროვნება და ეჭვის თვალით აღარ შეხედონ ცვლილებებს. ამის გამო სკოლებში ელექტრონული წიგნებისა და მასალების გამოყენება   დაგვიანებით დაიწყეს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დამხმარე საშუალებების  გამოყენების ფართო  პროგრამები აამოქმედა, რომელიც ხელს  შეუწყობს  ახალი  პედაგოგიური  პარადიგმით  სწავლებას.
იმისათვის, რომ  დაჩქარებულიყო ცვლილებების  პროცესი, საჭირო  იყო  შესაბამისი  ნაბიჯების  გადადგმა. ამ  მიზნით  განათლების  და  მეცნიერების  სამინისტრომ, ლატვიის  მეცნიერების  საბჭომ და უნივერსიტეტებმა  რამდენიმე პროექტი დაიწყეს: საჭიროებების  ანალიზი, რამდენიმე საპილოტე პროექტი, პედაგოგთა  კვალიფიკაციის  ამაღლება, სკოლის მმართველობის  მექანიზმის  გაუმჯობესება.
    ცვლილების   პროცესის  შემდგომი  წინსვლა  გაართულა  მსოფლიო  ეკონომიკურმა და  ფინანსურმა  კრიზისმა. რეცესიის  გადასალახად და გარეშე ვალის იმავე  დონეზე  შესანარჩუნებლად, სახელმწიფომ  შეამცირა  საბიუჯეტო დაფინანსება; დაფინანსება  2008–დან 2011 წლამდე 67%–ით შემცირდა. ელექტრონული წიგნები და სხვა მასალები  ძვირადღირებულ საშუალებებად ჩაითვალა.  

   

თარგმანი და რედაქტირება – კახა ჟღენტი  
 
1.Источники познаний ребенка: есть ли среди них учебник? Жогла И., Туна А. 2014. ПРОБЛЕМЫ СОВРЕМЕННОГО ОБРАЗОВАНИЯ. № 4-2014
2.„განათლების და მეცნიერების რეფორმა საქართველოში”.2008-05-22  https://www.mes.gov.ge/old/index.php?module=publication&page=detals&id=91
3.„განათლების რეფორმის ხუთი წელი” ს. ჯანაშია. https://www.tabula.ge/ge/story/52869-ganatlebis-reformis-xuti-tseli. 1 აგვისტო, 2010

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი