პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

გაკვეთილის მარტოხელა რეჟისორები

მეცნიერები, პრაქტიკოსი მკვლევრები უამრავ ნაშრომს გვთავაზობენ გაკვეთილზე მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობის  შესახებ. რა  თქმა უნდა,  მათი გაცნობა და  მიღებული  ცოდნა პედაგოგს უქმნის მზაობას ამ პროცესში შესასვლელად, მაგრამ სირთულე ის გახლავთ, რომ ამ ურთიერთობას ახასიათებს  მოულოდნელობები. ყველა კონკრეტულ სიტუაციაში ერთმანეთის პირისპირ მოსწავლე და მასწავლებელი რჩება.  

მასწავლებელი, პირველი ყველაზე შთამბეჭდავი ფიგურაა ბავშვის რესოციალიზაციის პროცესში. ბავშვი გაფართოებული თვალებით შესცქერის მას და მისი ქმედებები სიცოცხლის ბოლომდე გაუხუნარ ემოციად აღებეჭდება.

პირველი პედაგოგი, რომელთანაც 3-4 წლის ასაკში  ურთიერთობა მქონდა, ნინო მასწავლებელი იყო, პატარა სოფლის დაწყებითი სკოლის კლასკომპლექტის მასწავლებელი. მუდამ თეთრსაყელოიანი ასაკოვანი ქალბატონი, წელგამართული მოუყვებოდა ხოლმე გზას სკოლისაკენ. ეს სკოლა ჩემი პაპა-ბებიის სახლის ერთ ოთახში იყო დაბინავებული.  ძალიან, ძალიან მინდოდა მოხვედრა ამ ჯადოსნურ ოთახში, მაგრამ ბებიასთან დარჩენა ძირითადად დასვენების დღეებში მიწევდა და მხოლოდ ფანჯრიდან ვუჭვრიტინებდი მერხებსა და დაფას. როგორც  შემდეგ გავიგე, ქალბატონი ნინო კახეთში, მოძღვრის ოჯახში იყო აღზრდილი და გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული. ერთხელაც ჩემი ოცნება ასრულდა. მან კლასში შემიყვანა და მერხზე დამსვა.  მოსწავლეებს თქვენობით მიმართავდა, ასევე მომმართავდა მეც და უბედნიერესად ვგრძნობდი თავს, რადგან დიდივით მექცეოდნენ, თანაც სკოლაში ვიყავი. ორმოცდაათზე მეტი წელი გავიდა და ეს მოგონება არ გახუნებულა. ნინო მასწავლებელმა მასწავლა წერა-კითხვაც. შემდეგ ჩემს  სკოლაშიც ნინო მასწავლებელი მყავდა, კლასში ოცდაათზე მეტნი ვიყავით და თქვენობით ნამდვილად არ გველაპარაკებოდნენ. ჩემი  მასწავლებელიც ძალიან მიყვარდა, მაგრამ კითხვის ნიშნები მაინც დაბორიალობდნენ ჩემს თავში.  ეტყობა, ეს ,,თქვენობა” მომწონდა.

კიდევ ერთი სახე: ის პედაგოგიც ჩემი რჩეული იყო. მისგანაც ვგრძნობდი  სითბოსა და გულისხმიერებას. ერთხელაც, მას  ჩემმა თანაკლასელმა, უწყინარმა ბიჭმა, სწავლით რომ არ გამოირჩეოდა, მინდვრის ყვავილების თაიგული მიართვა. ვიყავით ასე მეხუთე კლასში. პირველი, რაც მეუცხოვა, ის იყო, რომ მასწავლებელმა მადლობა არ უთხრა და რაღაც უდიერად შეხედა.  კლასიდან გასულმა კი იქვე, ურნაში მოისროლა ყვავილები. მე  შემრცხვა,   გავიქეცი და ვიტირე… არ ვიცი, სხვამ ვინ დაინახა, იმ ბიჭმაც დაინახა თუ არა, მაგრამ იმ წუთიდან ჩემთვის  მასწავლებელი სხვა ადამიანად იქცა და გული აღარ მომბრუნებია… მის მაგივრად მრცხვენოდა ჩემი კლასელის. სულ ვფიქრობდი, რატომ მოიქცა ასე… ბიჭს ვარდების დიდი ბაღი ჰქონდა და ყოველთვის გამორჩეული თაიგულები მოჰქონდა მისთვისაც და სხვებისთვისაც. ამიტომ იუკადრისა უბრალო, ყვითელი ყვავილები? ან იქნებ, ძალიან ცუდ ხასიათზე იყო და საერთოდ არ ეყვავილებოდა? ან იქნებ, ეს ყვავილები აშინებდა რაიმე ცუდი მოგონების გამო?.. ვუძებნიდი გამართლებებს მერე, დიდობაში, როცა მივხვდი, რა ძნელი იყო მასწავლებლობა… რამდენ გამოცდას აბარებდა მასწავლებელი ყოველ წამს ამდენ მოსწავლეს… მაგრამ ცხადია, გამამართლებელი ვერაფერი ვიპოვე და ვერც ეს ამბავი მოვიშორე მახსოვრობიდან. ყოველ გაზაფხულზე, როცა ეს ყვითელი თაიგულები (სახელი დღესაც არ ვიცი, მათ ჭერმის მძაფრი სუნი აქვთ) გამოჩნდება დახლებზე ან ქუჩებში,  გამახსენდება  კუთხეში, სახანძრო დაფის წინ მდგარ ურნაში ყვავილებს ჩაყოლილი ჩემი სიყვარული და თითქოს, ჭერმის სუნიც ამწვავს ხოლმე ცხვირს.

შემდეგი მოგონება ჩემი ფიზიკასთან მწყრალი დამოკიდებულების მიზეზად იქცა: ფიზიკის პირველ გაკვეთილზე შემოსულმა მასწავლებელმა ჩემი გვარის ამოკითხვისთანავე განაცხადა – ,,უჰ, წინა სკოლაში ამ გვარის ხალხმა თავისი დებილობით გამითეთრა თმა (ისე, მართლა თავისი ასაკისათვის უჩვეულოდ გაჭაღარავებული თმა კი ჰქონდა), აქაც ეს არ დამხვდაო”. არ გაგიჭირდებათ, წარმოიდგინოთ ჩემი განცდა ასეთი ,,კომპლიმენტის” შემდეგ,  ბავშვურმა გონებამ ანგარიში ფიზიკასთან გაასწორა და მასზე გული აიყარა. საბედნიეროდ, ამ პედაგოგმა ორ თვეში სხვა სკოლაში გადაინაცვლა  საწყალი ჩემი მოგვარეების ,,გასაბედნიერებლად”. მე და ფიზიკამ კი მეგობრობა ვეღარ აღვადგინეთ.

შეუცდომლობასა  და უცოდველობას ვინ დაიჩემებს, მაგრამ მასწავლებლობა იმიტომ არის ძნელი, რომ სხვისთვის ჩვეულებრივი გადაცდომა მოსწავლეების მგრძნობიარე აღქმას დიდ კვალს ამჩნევს, გუბეში ჩაგდებული  კენჭივით უამრავი განცდის წრეს ტვიფრავს მათ სულებზე.

ამდენი უარყოფითი მაგალითი რომ გავიხსენე, აქვე შემრცხვა, ჩემი საუკეთესო მასწავლებლების. ისევ ჩემი პედაგოგი  დამიდგა თვალწინ: უკვე უნივერსიტეტში, შემოქმედებით ტურზე დასაწერად მომცეს ესე  ,,ჩემი მეზობელი”.  მაშინ დაკეტილი აგარაკების თემა აქტუალური იყო, აგარაკი ბურჟუაზიულ ფუფუნებად, ესე იგი, საბჭოთა მოქალაქისთვის შეუფერებლად ითვლებოდა. მეც მოვმართე ამ ტალღაზე და აღვწერე ჩემს მეზობლად დაკეტილი აგარაკი, უქმად დარჩენილი დიდი ბიბლიოთეკა, ჭიშკარზე  დაჟანგული ბოქლომი და დაძახილზე – მეზობელო, მიშველე,  – სრული მდუმარება.

შეფასების მოლოდინში გულაფანცქალებულს კომისიის წევრმა, სათვალიანმა შუახნის კაცმა მითხრა: – დაწერილს ვერ დაგიწუნებ,  შვილო, მაგრამ კარგი მეზობელი არ გყავსო? შემრცხვა, როგორ არ მყავდა, ცუდის გამოგონებას ნამდვილზე და კარგზე დამეწერა…  ეს ადამიანი ბატონი რეზო დვალიშვილი აღმოჩნდა და კიდევ ბევრი სასარგებლო გვასწავლა პროფესიული და ადამიანური თვალსაზრისითაც. გვასწავლა, რომ ცუდი თვითმიზნურად არ უნდა ეძებო ადამიანში, კარგის მოძიება და მაგალითად ქცევა უფრო მნიშვნელოვანია. თუმცა თანამედროვე მედიასივრცეში ეს უკვე ანაქრონიზმად ითვლება.

კიდევ ერთი გახსენებაც: არაჩვეულებრივი ადამიანი,  ახალგაზრდობაში თეატრის მსახიობი ბატონი სოლომონ ხუციშვილი თავისი ოსტატობით ერთბაშად აჯადოებდა  აუდიტორიას, მისი მსმენელი დაეჭვდებოდი ,,კაცია-ადამიანი”, ალბათ, აქამდე არასდროს წამიკითხავსო. ერთ ასეთ საინტერესო ლექციას ვუსმენდით სულგანაბულები. ბატონი სოლომონი როლში იყო შესული, მიზანი მიღწეული ჰქონდა (ახლა ჩვენ ამას გამოწვევას, მოტივაციის შექმნას, ინტერესის აღძვრას რომ ვუწოდებთ). ჩვენი ყურადღება ზღვრამდე იყო გაფაციცებული, ყველა მზად ვიყავით ცოდნის ყველაზე ძნელად გასაღწევ ლაბირინთებში თვალდახუჭულნი წავყოლოდით … ის გრძნობდა ამას, გვაჯადოებდა და გვაჯადოებდა…  უცებ გაჩერდა, ტუჩებზე თითის მიდებით სიჩუმეზე მიგვანიშნა და ჩურჩულით განგვიმარტა: მაკას (ჩვენი ჯგუფელი, რომელსაც 2-3 თვის შვილი ჰყავდა) ჩაეძინა, ეტყობა უძილოა, ის ყველაზე დიდ საქმეს აკეთებს – შვილს ზრდის და  ცოტა ხანს ვაცალოთო. ცხადია, აქაც გაგვიყოლა ბატონმა სოლომონმა, ვიყავით ასე სულგანაბულები ჰუმანურობის დიდ გაკვეთილზე. 4-5 წუთი გავიდა და მაკას სიჩუმეზე გაეღვიძა… ვერ მიხვდა, რა მოხდა, რადგან უხერხულობა რომ არ ეგრძნო, ბატონმა სოლომონმა უცებ გააგრძელა საუბარი, თითქოს არც გაჩერებულა. ასეთ სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღებას ვერც ერთი პედაგოგიური მეცნიერება, ვერც ერთი ფსიქოლოგი წინასწარ ვერ დაუგეგმავს მასწავლებელს. ის თავისი სივრცისა და პროცესის მარტოხელა რეჟისორია და როგორც შესავალში აღვნიშნეთ, მიღებული განათლება, საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, კოლეგების გამოცდილება და ასე შემდეგ, მხოლოდ ეხმარება მას, თორემ ყოველი გაკვეთილი და მოსწავლესთან ურთიერთობა სრულიად განსხვავებულ და ექსკლუზიურ სცენარს ითხოვს. 

ძნელია? გეთანხმებით, მაგრამ თქვენ ხომ მასწავლებლები ხართ? 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი