როგორ „გავაღვიძოთ“ მოსწავლე – კრიტიკული აზროვნების ნიუანსები

სკოლამ მოსწავლე, უპირველეს ყოვლისა, კრიტიკულ აზროვნებას უნდა მიაჩვიოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მასწავლებლის მთავარი ამოცანა არა ინფორმაციის გადაცემა, არამედ მოპოვებული ფაქტების შერჩევა, ანალიზი, სინთეზი და შეფასებაა. ამისთვის კი თვითონ პედაგოგს უნდა ჰქონდეს ეს უნარი, რომელიც, რა თქმა უნდა, მუდმივ წვრთნას მოითხოვს. მასწავლებელმა მოსწავლე უნდა „გააღვიძოს“, რათა მან შეძლოს საგნებისა და მოვლენების ნათლად აღქმა და დანახვა. „გაღვიძება“ იგივე მოძრაობაა, მოქმედებაა ინდივიდუალობის განსავითარებლად, კოლექტიური შეხედულებების მღვრიე ნაკადებში გზის გასაკვლევად.

სასკოლო განათლების მთავარი პერსპექტივები დაკავშირებულია არა მხოლოდ უახლეს ტექნოლოგიებთან, არამედ ადამიანებთან, რომლებიც მას შესაბამისი მიზნებისთვის გამოიყენებენ. XXI საუკუნეში კაცობრიობა განვითარების ახალ სტადიაზე გადავიდა: მეცნიერები, პოლიტიკოსები, პედაგოგები თუ საზოგადოებრივი ცხოვრების სფეროთა სხვა წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად საუბრობენ საინფორმაციო ერაზე, რომელმაც ადამიანისგან ახალი უნარების განვითარება მოითხოვა. შრომით ბაზარზე ინტელექტუალური შრომის წილი სულ უფრო მეტად იზრდება, რაც სკოლისგანაც მოითხოვს მზადყოფნას, შეგუებას, იმ მოთხოვნათა გაცნობიერება-გააზრებას, რომლებიც თანამედროვე სოციალურმა დაკვეთებმა წარმოშვა. ასე რომ, განათლება უნდა დაეფუძნოს არა მზა ცოდნის ათვისებას, არამედ მის შემოქმედებით გადამუშავებას და დამოუკიდებელ გამოყენებას, იმის უნარს, რომ ადამიანმა შეძლოს თავისი საქმიანობის შეფასება. მასწავლებელმა ციფრული ტექნოლოგიებიც იმისთვის უნდა გამოიყენოს, რომ კრიტიკული აზროვნების უნარი განუვითაროს მოსწავლეებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსწავლე მიეჩვიოს სააზროვნო ტექნიკებისა თუ სტრატეგიების გამოყენებას სასურველი შედეგის მისაღწევად. ეს არის აზროვნების იმგვარი მართვის უნარი, როცა შეგიძლია მიზანდასახულად ფიქრი, ამოცანების გადაწყვეტა, არსებულ მონაცემთა კლასიფიკაცია, დამუშავება და შესაბამისი დასკვნების გამოტანა.

კრიტიკულად მოაზროვნე არა მხოლოდ კონკრეტულ ამოცანებს წყვეტს, არამედ რეალური ცხოვრებისეული გამოწვევებისთვისაც ემზადება. ამგვარი აზროვნების უნარი ეხმარება ადამიანს, დამოუკიდებლად გაიკვლიოს გზა თანამედროვე საინფორმაციო ნაკადებში. ცხოვრებაში კი უმნიშვნელოვანესია განსაზღვრული ორიენტირები, რომელთა გარეშე საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბება წარმოუდგენელია.

კრიტიკული აზროვნების განსავითარებლად მასწავლებელი მუდმივად შემოქმედებითად უნდა იყოს განწყობილი, რათა შესაბამისი ხერხები და მეთოდები მოიძიოს კონკრეტული კლასის მონაცემებისა თუ შესასწავლი მასალის გათვალისწინებით. მან გაკვეთილზე ხელი უნდა შეუწყოს:

* სხვადასხვა თვალსაზრისის, შეფასების, დამოკიდებულების არსებობას;

* კომუნიკაციის კულტურის განვითარებას;

* შაბლონურ და სტერეოტიპულ კითხვა-პასუხებზე უარის თქმას;

* სასწავლო პროცესის იმგვარად ორგანიზებას, რომ მოსწავლეებს მიეცეთ დამოუკიდებლად ფიქრისა და გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა;

* გაკვეთილზე მრავალფეროვანი სასწავლო სტრატეგიის გამოყენებას და სხვ.

ხანგრძლივი დაკვირვების საფუძველზე მასწავლებელს ნათელი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს თითოულ მოსწავლეზე; უნდა იცოდეს, როგორ გაითვალისწინოს მოსწავლეთა უმრავლესობისა თუ უმცირესობის ინტელექტუალური მონაცემები, ათვისებისა და შემეცნების სტილი და შეიმუშაოს შესაბამისი, მოკლე თუ გრძელ პერსპექტივაზე გათვლილი ტაქტიკა. თუ პედაგოგი დიდხანს ვერ იღებს შედეგს, თვითდიაგნოსტირების გზით კარგად უნდა გააცნობიეროს მიზეზი:

  1. საჭიროა სწავლების სტრატეგიის შეცვლა;
  2. სხვადასხვა მოსწავლის „გასაღვიძებლად“ საჭიროა სხვადასხვა მეთოდის გამოყენება.

ყველა მოსწავლე ინდივიდუალურად აღიქვამს სამყაროს, მოვლენებს, თავისებური სმენა და ინტუიცია აქვს. ამიტომ კარგად უნდა გავარკვიოთ, ესა თუ ის ბავშვი რას ხედავს იოლად და რას – ვერა. სხვათა რეკომენდაციებისა და გამოცდილების გაცნობა-გაზიარება აუცილებელია, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი გზა. ყოველგვარი მასალის გაცნობის შემდეგ საჭიროა შემოქმედებით-ანალიტიკური ფიქრი, ძიება და პოვნა იმ ხერხისა, რომელიც ყოველ ცალკეულ მოსწავლეს დაანახებს იმას, რასაც აქამდე ვერ ხედავდა და ამიტომაც ვერ ვითარდებოდა, არ უყალიბდებოდა კრიტიკული აზროვნების ჩვევა და უნარი, რის გამოც თვითონაც წუხდა და მასწავლებელსაც საგონებელში აგდებდა.

კრიტიკული აზროვნება გულისხმობს გამოსავლის მუდმივ ძიებას, წიგნებსა თუ ინტერნეტსივრცეში წაკითხულ თუ გაგონილ რჩევებში შესაბამისის ამორჩევისა და გამოყენების უნარს, მზა მოდელების ცვლილებას კერძო და კონკრეტული ამოცანის გადასაწყვეტად. ერთ თვალსაჩინო მაგალითს მოვიყვანთ, რომელიც ჯეკი თერნბულის წიგნიდანაა: „ბავშვობაში ოჯახს ხშირად დავყავდი სასეირნოდ. მთელი ოჯახი მივდიოდით ხოლმე: ბიძები, მამიდები, ბიძაშვილები. ერთ-ერთი ასეთი სერნობის დროს სოფლის პირას მივდიოდით, როცა ჩემმა ერთმა ბიძაშვილმა გვთხოვა, გავჩერებულიყავით. მას შეემჩნია მეჟოლია, რომელიც ღობეზე იჯდა და ვიწრო ჭრილიდან ოდნავ მოჩანდა. სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ჩემ გარდა ყველა ულამაზესი ჩიტის ყურებით ტკბებოდა. მე კი წარმოდგენა არ მქონდა, რას მიშტერებოდნენ ასე. „შეხედე, ჟაკლინ, შეხედე“, – ჩამჩურჩულა ბიძამ, დაიხარა და ღობისკენ მიმანიშნა, რომელსაც ყველა უყურებდა. „შეხედე, სანამ გაფრინდება“. მე, შეძლებისდაგვარად, მზერა გავამახვილე. „სად არის, სად?“ – ვკითხულობდი დიდი ინტერესით. „აი, იქ, იქ“, – მიპასუხა ბიძაჩემმა, განაწყენებულმა იმით, რომ აქამდე ვერ შევამჩნიე ფრინველი. ლამის საუკუნე გავიდა იმის მცდელობაში, რომ ჩიტი დამენახა. ბოლოს, თითქოს დარაბა ჩამოხსნესო, სრულიად სხვა სურათი წარმომიდგა თვალწინ. მეც დავინახე ფრინველი, რომელსაც დანარჩენები უკვე დიდი ხანია ხედავდნენ. მშვენივრად ჩანდა. აღმოჩნდა, რომ ორი მეტრიც კი არ მაშორებდა მისგან“ (ჯეკი თერნბული, „პროფესიონალი მასწავლებლის 9 მახასიათებელი“).

„მზერის გამახვილებას“ წვრთნა სჭირდება, რომლის ხანგრძლივობა ყველა მოსწავლეს შეიძლება სხვადასხვა ჰქონდეს. ამისთვის კი არსებობს ნაცადი სასწავლო სტრატეგიები. უპირველეს ყოვლისა, ყოველი გაკვეთილი ისე უნდა დაიგეგმოს, რომ კარგად გამოიკვეთოს სამი ეტაპი: გამოწვევა, გააზრება, რეფლექსია.

გამოწვევის ეტაპზე მასწავლებელმა შეიძლება სხვადასხვა მეთოდი გამოიყენოს: ინდივიდუალური მუშაობა, წყვილებსა თუ ჯგუფებში მუშაობა, გონებრივი იერიში, შინაარსის პროგნოზირება, პრობლემური კითხვები… ამგვარად, მოსწავლეს ექმნება ბაზისი ცოდნის მიღება-გაანალიზებისთვის, ახალი ინფორმაციის ძველთან ეფექტურად დაკავშირებისთვის, ამ ახალი ინფორმაციის კრიტიკული გადამუშავებისთვის.

გააზრების ეტაპზე მოსწავლე უღრმავდება ახალ მასალას, კითხულობს ტექსტს, უყურებს ფილმს, უსმენს ლექციას, სვამს კითხვებს, ინიშნავს გასარკვევ თუ პრობლემურ საკითხებს. ყოველი მოსწავლე თავის დამოკიდებულებას გამოხატავს, მსჯელობს, როგორ გაიგო ესა თუ ის საკითხი, რა დაეხმარა ამაში ან რამ შეუშალა ხელი, რამ წაიყვანა სხვა გზით. მოსწავლეებს აუცილებლად უნდა შეეძლოთ ამგვარი თვითანალიზი. მასწავლებელმა ისინი ამას თანდათან უნდა შეაჩვიოს.

ცოდნის გამყარება სხვადასხვა ხერხითა და მეთოდით მიიღწევა. მაგალითად, თუ მასწავლებელი ჯგუფური მუშაობის ფორმას აირჩევს, მაშინ კარგად უნდა დააკვირდეს, რომ ჯგუფში ორი მნიშვნელოვანი რამ გამოიკვეთოს: ინდივიდუალური ძიება და იდეების გაცვლა-გაზიარება. ჯერ იდეები, თვალსაზრისები უნდა გამოთქვან მოსწავლეებმა, მერე ერთმანეთთან თანამშრომლობით გამოიტანონ დასკვნები, ბოლოს კი ლიდერს მიანდონ თავიანთი თვალთახედვის (ნამუშევრის) საპრეზენტაციოდ გამოტანა.

ყველა მეთოდი თავიდანვე ერთნაირი წარმატებით ვერ იმუშავებს – უნდა ადაპტირდეს, ტრანსფორმირდეს და მასწავლებელმაც ხშირად უნდა გამოიყენოს, რათა მოსწავლეები მიაჩვიოს ამგვარი ტექნოლოგიით ცოდნის შეძენას და სხვადასხვა მნიშვნელოვანი უნარის განვითარებას.

რეფლექსიის სტადიაზე მოსწავლეები გაიაზრებენ, რა ისწავლეს გაკვეთილზე, ამგვარად იმყარებენ შეძენილ ცოდნას, ახალი მასალის გათვალიწინებით, აქტიურად უზიარებენ ერთმანეთს თავიანთ დამოკიდებულებასა და შეხედულებებს. ერთსა და იმავე ფაქტსა თუ მოვლენას სხვადასხვა რაკურსით გაიაზრებენ, ეცნობიან განსხვავებულ შეხედულებებს, შემოქმედებითად გადაამუშავებენ სხვადასხვა ინფორმაციას, იძენენ უნარს, თავისუფლად გამოხატონ სუბიექტური დამოკიდებულება ყოველივეს მიმართ, სხვაც შეაფასონ და საკუთარი შესაძლებლობებიც სწორად აღიქვან.

ამგვარად მასწავლებელი  აამაღლებს გაკვეთილზე ინფორმაციის მიღება-გადამუშავების ხარისხს, მოსწავლეთა მოტივაციასა და ჩართულობას, ცოდნისადმი მათ პასუხისმგებლობას, განუვითარებს მათ პიროვნულობას, რათა მოსწავლემ სწავლა გაიაზროს არა როგორც მომაბეზრებელი რუტინა, არამედ როგორც სამყაროსა და საკუთარი თავის დაუსრულებელი, აღმოჩენებით სავსე შემეცნების პროცესი.

 

 

კომენტარები

comments