ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ფრობელის აღზრდის მივიწყებული პრინციპები 

დიახ, პირველი საბავშვო ბაღი გერმანიაში, XIX საუკუნის პირველ ნახევარში გამოჩნდა. სწორედ მაშინ ჩამოაყალიბა გერმანელმა პედაგოგმა ფრიდრიხ ფრობელმა სკოლამდელი დაწესებულების პრინციპები, რომლებიც მშობლებს ბავშვების განათლებაში, განვითარებასა და სწავლებაში უნდა დახმარებოდა – თამაშის გზით და ყოველგვარი იძულების გარეშე. ბევრი იმდროინდელი მეთოდი დღესაც საკმაოდ წარმატებულია.

 

ფრიდრიხ ფრობელი გერმანიაში 1782 წელს დაიბადა. ის მეექვსე შვილი იყო და მალევე დაობლდა. როცა დედა გარდაეცვალა, ჯერ წლისაც არ იყო. მამას და დედინაცვალს ბავშვისთვის ნაკლებად ეცალა, ამიტომ და-ძმა უვლიდა. თუმცა უმეტეს დროს მარტო ატარებდა. „ბუნება იყო ჩემთვის სკოლა, ხეები და ყვავილები – მასწავლებლები“, – იხსენებს ფრობელი.

 

მოზარდობაში ფრობელი ბიძასთან ცხოვრობდა, მერე დაამთავრა საშუალო სკოლა და უნივერსიტეტი, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერების ფაკულტეტი. თუმცა უფულობის გამო სწავლა მიატოვა და მუშაობა დაიწყო. მუშაობდა მეტყევედ, ბიბლიოთეკარად, მდივნად. დაინტერესებული იყო არქიტექტურით. ერთხელაც სკოლის მასწავლებელს დაუმეგობრდა და პედაგოგიკას მიჰყო ხელი. მიხვდა, რომ მასწავლებლობა მისი მოწოდება იყო.

 

იმ დროისათვის ევროპაში ქუხდა მასწავლებელ-განმანათლებლის – შვეიცარიელი იოჰან ჰაინრიხ პესტალოცის სახელი, რომელმაც  კერძო სკოლა გახსნა და მიიწვია არა მარტო მოსწავლეები, არამედ მასწავლებლებიც, რათა მათ პედაგოგიკა ესწავლათ. ფრობელმა ამ სკოლაში ორი წელი გაატარა – სწავლობდა და ასწავლიდა კიდეც.

 

მაშინ ბევრს საუბრობდნენ ადამიანის ცხოვრებაში ბავშვობის როლზე, მაგრამ იდეალად ჯერ კიდევ უცოდველი ბავშვის სახე მიაჩნდათ. ცხადია, ეს არ მიესადაგებოდა რეალურ ბავშვებს – ცნობისმოყვარეებს, დაუღალავებსა და ჯიუტებს. მიუხედავად ამისა, რელიგიურ აღმზრდელებს სწამდათ, რომ აუცილებელი იყო „ცოდვილი ბუნების მოთვინიერება“, თუნდაც როზგების საშუალებით. პესტალოცი კი (და მის შემდეგ ფრობელიც) ამტკიცებდა, რომ ბავშვის შეზღუდვა მკაცრი წესებით არ შეიძლებოდა, პირიქით, მოზრდილები უნდა დახმარებოდნენ მათ სამყაროს შეცნობაში.

1816 წელს ფრობელმა საკუთარი სკოლა გახსნა. თავდაპირველად ექვსი მოსწავლე ჰყავდა. სკოლაში ფრობელის სამხედრო მეგობრები მასწავლებლობდნენ (ფრობელმა  მონაწილეობა მიიღო 1813 წელს ფრანგების წინააღმდეგ პარტიზანულ ომში), რომლებიც მან პედაგოგიკის იდეით „მოწამლა“. ეს კი ფრობელს შესანიშნავად ეხერხებოდა – მისმა ცოლმა, ქმრის იდეებით აღტკინებულმა, სკოლის კეთილმოწყობას საკუთარი ქონება მოახმარა.

მისი ძმა ბიზნესის გაყიდვის შემდეგ სკოლას ხელმძღვანელობდა. მეორე ძმის ქვრივმა მეუღლემ კი ფრობელს შესთავაზა თავისი სკოლა მის ახალ მამულებში გადაეტანა. თუმცა სკოლას დიდხანს არ უარსებია – ფრობელი ათეიზმის პროპაგანდაში დაადანაშაულეს. ფრობელი ათეისტი არ იყო. პირიქით, ცდილობდა ბავშვებში „ღვთაებრივი საწყისის“ განვითარებას, მაგრამ მისი მეთოდები ძალიან უჩვეულო იყო მათთვის, ვინც თავმდაბლობასა და მორჩილებას ქადაგებდა.

„ადამიანები რომ შეცვალო, უნდა გიყვარდეს. ადამიანებზე გავლენა პროპორციულია მათი სიყვარულისა“, – ფრობელის ეს განცხადება გაჯერებული იყო ქრისტიანული სულისკვეთებით, მაგრამ, სინამდვილეში, მათთვის, ვინც ათეიზმი დასწამა, ეს რთულად გასაგები აღმოჩნდა.

ფრობელი და მისი მეუღლე ბევრს მოგზაურობდნენ. სადაც მიდიოდნენ, ყველგან ცდილობდნენ სკოლების გახსნას. მაგალითად, შვეიცარიაში ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბურგდორფის ობოლთა სახლის ხელმძღავანელობაც კი შესთავაზა.  იმ პერიოდში თავშესაფართა უმეტესობა ეკლესიას ეკუთვნოდა. იქ მკაცრი დისციპლინა იყო, თუმცა ბავშვების აღსაზრდელად განსაკუთრებული არაფერი კეთდებოდა. ბავშვებს სჭირდებოდათ პედაგოგი, მაგრამ აქ ეს ნაკლებად აინტერესებდათ. რადგან ფრობელი თავად იყო ობოლი, კარგად ესმოდა რამდენად მნიშვნელოვანი იყო ბავშვზე ზრუნვა და ყურადღება. ის ურთიერთობდა ბავშვებთან, უწერდა ლექსებს, სიმღერებს, თამაშებს, უკეთებდა სათამაშოებს, რომლებიც ისტორიას შემორჩა. თუმცა, ფრობელი დიდხანს ვერ დაყოვნდა შვეიცარიაში – მისმა მეუღლემ ადგილობრივი კლიმატი ვერ აიტანა.

გერმანიაში, ქალაქ ბლანკენბურგში 1839 წელს ფრობელმა პირველი სკოლამდელი დაწესებულება გახსნა და „საბავშვო ბაღი“ უწოდა. ამ სახელში იმალებოდა განმანათლებლობის ეპოქის სულისკვეთება და „ბუნებრივი ადამიანის“ კონცეფცია – ბავშვები ხომ მცენარეების მსგავსად საჭიროებენ განსაკუთრებულ ზრუნვას.

„ისევე, როგორც მებაღე ან ფერმერი უვლის მცენარეებს, ინარჩუნებს ბუნებასთან მჭიდრო კავშირს და ყველაფერი მიჰყავს განვითარებამდე, ასევე ჩვენც უნდა ვეცადოთ მოვექცეთ ბავშვს ისე, როგორც საზოგადოდ ადამიანს ვექცევით. მისი ბუნებიდან, მისი შინაგანი კანონებიდან გამომდინარე, ის უნდა განვავითაროთ, აღვზარდოთ და განვანათლოთ  სიცოცხლესთან, ბუნებასა და ცხოვრების პირველწყაროსთან კავშირში“.

პირველ საბავშვო ბაღში მართლაც ბაღი იყო გაშენებული – საერთო ყვავილნარითა და თითოეული ბავშვისთვის განკუთვნილი პაწაწუნა ბაღჩეულობით. ახალგაზრდა ქალებს კი, რომლებიც ბავშვებთან მუშაობდნენ, „ბავშვთა მებაღეებს“ უწოდებდნენ. ფრობელის ბაღი იქმნებოდა არა იმისათვის, რომ ოჯახს ჩანაცვლებოდა, არამედ დახმარებოდა მშობლებს ბავშვის აღზრდაში. დედებს შეეძლოთ აქ ბავშვებთან ერთად მოსულიყვნენ, დარჩენილიყვნენ, ერთად ეთამაშათ და „მებაღეებისგან“ ბევრი რამ ესწავლათ.

ფრიდრიხ ფრობელმა არა მარტო პირველმა გამოიგონა და გახსნა საბავშვო ბაღი, არამედ მასთან დაკავშირებული სახელმძღვანელოებიც შეიმუშავა. მიაჩნდა, რომ ბავშვი თამაშით შეიცნობდა სამყაროს, „საჩუქრები“ კი ამ შეცნობაში ეხმარებოდნენ.

მაგალითად, პირველი „საჩუქარი“ იყო ძაფზე გამობმული ცისარტყელას ფერების  მატყლის ბურთები. დედა ამოძრავებს ბურთს და შვილს განუმარტავს, თუ რომელი მიმართულებით ამოძრავებს – წინ, უკან, მარჯვნივ, მარცხვნივ, ქვემოთ, წრიულად. ის ყუთში დებს ბურთს, ხელისგულში მალავს და მერე გამოაჩენს. ბავშვი აკვირდება და სივრცით აზროვნებას ივითარებს. შემდეგ ბავშვი თვითონაც ცდილობს ბურთებით თამაშს, ივარჯიშებს მოძრაობის კოორდინაციას. ის სწავლობს ძირითადი ფერების გარჩევას.

ფრობელის მეორე „საჩუქარი“ ხის ბურთია, კუბი და ცილინდრი, რომლითაც ბავშვს მთავარ გეომეტრიულ საგნებსა და მათ თვისებებს აცნობენ. ბურთი უსასრულობისა და მოძრაობის სიმბოლოა, კუბი – სიმშვიდის და ერთიანობის მრავალფეროვნებაში, ის ხომ სხვადასხვანაირად გამოიყურება, თუ მას ზევიდან ან გვერდიდან დავაკვირდებით. ცილინდრი კუბისა და ბურთის თვისებებს აერთიანებს, შეუძლია დადგეს ან გაგორდეს.

ფრობელის „საჩუქრები“ იყო სხვადასხვა ფორმის შედარებით პატარა კუბები, რომლებიც კონსტრუქტორის ფუნქციას ასრულებდნენ. ასევე, მას ჰქონდა ორგანზომილებიანი „საჩუქრები“ – მრავალფუნქციური ფერადი რგოლები, ნახევრად რგოლები და სხვ. ფრობელმა გამოიგონა თამაში ჩამლბარი ბარდითა და წაწვეტებული ჩხირებით. მათი საშუალებით შესაძლებელი იყო უამრავი რამის კონსტრუირება.

ფრობელმა გამოიგონა არა მარტო ბევრი საინტერესო რამ, რომლითაც ბავშვები დღესაც გატაცებით თამაშობენ, არამედ მათთან მუშაობის სხვადასხვა სტრატეგია შეიმუშავა. ის მათ უჩვეულო და ცოტა პომპეზურ სახელებს არქმევდა: „ცხოვრების ფორმები“, „შემეცნების ფორმები“, „მშვენიერების ფორმები“.

  • „ცხოვრების ფორმებია“, როცა ბავშვი აშენებს ან რაიმე სახით წარმოადგენს რეალური სამყაროს ობიექტებს: სახლებს, გზებს, მდინარეებს, მთებს;
  • „შემეცნების ფორმები“ — ბავშვი იმავე დეტალების დახმარებით შეისწავლის საგნების მათემატიკურ და ფიზიკურ თვისებებს, მაგალითად, სწავლობს თვლას, ხმის მიხედვით არჩევს, თუ რა საგანი დაეცა, ერთ მთლიანს ნაწილებად ჰყოფს;
  • „მშვენიერების ფორმები“ — ბავშვი მარტივი წესებით ქმნის აბსტარაქტულ საგნებსა და მორთულობებს.

რა თქმა უნდა, „საჩუქრები“ მხოლოდ ფრობელის სისტემის ნაწილს წარმოადგენდნენ: მის ბაღებში ბავშვები მოძრავ თამაშებსაც თამაშობდნენ, სწავლობდნენ ხელსაქმესა და მებაღეობას. გერმანელ განმანათლებელს სწამდა, რომ  ყველაფერი სამყაროში ურთიერთკავშირში იყო და სურდა, რომ ეს კავშირები ბავშვებსაც ენახათ.

1852 წელს 70 წლის ასაკში ფრობელი გარდაიცვალა. მის საფლავზე აღიმართა  ბურთი, კუბი და ცილინდრი – სამყაროს მრავალფეროვნებისა და ერთიანობის სიმბოლოები და პირველადი ფორმები.

თავად ფრობელი სიცოცხლეში არ იყო საკუთარი მეთოდის წარმატებული პოპულარიზატორი. მისი გარდაცვალების შემდეგ კი ბერლინში „ფრობელის  საზოგადოება“ დაარსდა, გამოიცა პირველი სახელმძღვანელოც, სადაც მისი სწავლების სისტემა დეტალურად იყო აღწერილი, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნა საბავშვო ბაღები და მებაღეთა სკოლები. გერმანიის ბაღები მართლაც სამაგალითო იყო. ფრობელის იდეები სწრაფად გავრცელდა მთელ ევროპაში.

მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც ეს ხშირად ხდება, მისი მეთოდები გახდა პოპულარული, მაგრამ მნიშვნელობა დაეკარგათ: „საჩუქრები“, ფაქტობრივად, ჩხირების და „კუბიკების“ ნაკრებად იქცა. პედაგოგები აიძულებდნენ ბავშვებს ამ ნაკრებით ეთამაშათ, მაგრამ აღარ განუმარტავდნენ მნიშვნელობას. აღარაფერს ვამბობთ ბუნებასთან კავშირზე…

ამიტომ, ფრობელის მეთოდიკას ხშირად და უსაფუძვლოდ ადანაშაულებენ სიმშრალესა და ცხოვრებისგან მოწყვეტილობაში. როდესაც ნახევარი საუკუნის შემდეგ იტალიაში ბავშვებთან მუშაობა მარია მონსტესორიმ დაიწყო, მისი მეთოდი ფრობელის საბავშვო ბაღებს დაუპირისპირეს.

სინამდვილეში ორივე პედაგოგი ერთსა და იმავეს ქადაგებდა: ბუნებამ ბავშვებში ყველაფერი საუკეთესო დააბანდა – ჩვენ კი მათ შეგვიძლია მხოლოდ დავეხმაროთ სამყაროსთან დამეგობრებაში და ამისათვის შესაფერისი გარემოს შექმნაში.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი