შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ჯერომ ბრუნერი. აქტიური პრაქტიკული გამოცდილების როლი სწავლის პროცესში

„ჩვენ ვიცნობთ ახალი თაობის განსწავლის სამ ძირითად ხერხს: ჩვევების ჩამოყალიბებას თამაშის პროცესში უმაღლეს პრიმატებთან, კონტექსტში სწავლებას აბორიგენებთან და უშუალო პრაქტიკისგან მოწყვეტილი აბსტრაქტული სწავლების მეთოდს სკოლებში. მიმაჩნია, რომ საოცრად ცოტა რამ ვიცით მესამეზე – სწავლების საკუთარ მეთოდზე” (ჯ. ბრუნერი).
ადამიანის მიერ ინფორმაციის მიღება, გადამუშავება, შენახვა, აღდგენა, გადაწყვეტილების მიღება, პრობლემების გადაჭრა, ანალიზი, სინთეზი, შეფასება წარმოადგენს კოგნიტურ ქმედებებს, რომელთა კვლევა კოგნიტური თეორიების მიზანია. ამ თეორიებიდან რამდენიმე განსაკუთრებით ღირებულია განათლებისთვის, ვინაიდან საინტერესო პედაგოგიურ მიდგომებსა და რეკომენდაციებს გვთავაზობს. ჯ. ბრუნერი სწორედ ასეთი ცენტრალური ფიგურაა ე.წ. კოგნიტურ რევოლუციაში. 

ისევე როგორც ლ. ვიგოტსკი, ჯ. ბრუნერიც დიდად აფასებს პიაჟეს როლს ბავშვის კოგნიტური განვითარების შესწავლაში, ეყრდნობა კიდეც მის მოსაზრებებს მთელ რიგ საკითხებში, მაგრამ კრიტიკასაც გამოთქვამს. ინტელექტის განვითარების პიაჟესეული სტადიების დახასიათებისას ჯ. ბრუნერი აღნიშნავს, რომ გონებრივი განვითარების გზა არ წარმოადგენს მოვლენათა თანმიმდევრობის საათივით აწყობილ მარტივ მექანიზმს, იგი განსაზღვრულია გარემოს სხვადასხვაგვარი ზეგავლენით, განსაკუთრებით – სასკოლო სწავლებით. ამდენად, მეცნიერების საფუძვლების სწავლება, ელემენტარულ დონეზეც კი, ბრმად არ უნდა მიჰყვებოდეს ბავშვის შემეცნებითი განვითარების ბუნებრივ მსვლელობას. სწავლებას შეუძლია, წამყვანი ფაქტორის როლი შეასრულოს განვითარებაში. გამოცდილება გვიჩვენებს, რამდენად სასარგებლოა ბავშვის წინაშე ისეთი ამოცანების დასმა, რომლებიც ხელს შეუწყობს მის გადასვლას განვითარების მომდევნო სტადიაზე.

ჯ. ბრუნერის მიხედვით, ნებისმიერი საგნის დაუფლება მოიცავს სამ პროცესს, რომლებიც თითქმის ერთდროულად მიმდინარეობს:

1. ახალი ინფორმაციის მიღება. ხშირად ახალი ინფორმაცია უპირისპირდება იმ ცოდნას, რაც სუბიექტს მანამდე ჰქონდა ან აზუსტებს (ავსებს) მაინც მას. მაგ., მოსწავლეებს ვასწავლით ენერგიის შენახვის კანონს, რომელიც გვეუბნება, რომ ბუნებაში არავითარი ენერგია არ იკარგება. ამავე დროს, ჩვენ გამუდმებით ენერგიის ხარჯვაზე ვლაპარაკობთ და ბავშვის წარმოდგენაც ამ მოვლენის შესახებ ენერგიის შენახვის კანონის საწინააღმდეგოა (ახალი ინფორმაცია უპირისპირდება ძველს). საპირისპირო რამ ხდება, როდესაც მოსწავლეს ვასწავლით სისხლის მიმოქცევის სისტემას. ხდება იმ დეტალების ახსნა, რაც მოსწავლემ ბუნდოვნად იცის, ხვდება, რომ სისხლი მოძრაობს მის ორგანიზმში.

2.ცოდნის ტრანსფორმაცია. მოსწავლე სწავლობს ინფორმაციის ანალიზს, პოულობს მასში ფარულ, სიღრმისეულ შრეებს, აწესრიგებს მას, აფართოებს, უფრო მეტად ითავისებს. ასეთი გარდაქმნის შემდეგ იგი ცოდნას იყენებს ახალი ამოცანების გადასაჭრელად.

3.  შემოწმების პროცესი. ამ ეტაპზე ვამოწმებთ, რამდენად ადეკვატურად ვეპყრობით ინფორმაციას, სწორია თუ არა ჩვენ მიერ გამოტანილი დასკვნები, განზოგადება, მისაღებია თუ არა ცოდნის ამგვარი გაფართოება, რა კითხვებზე მოგვიწევს პასუხის გაცემა და სხვა.

ამრიგად, ნებისმიერი თემის სწავლება ამ სამ ასპექტს უნდა მოიცავდეს. ავიღოთ, მაგალითად, თემა „ფოტოსინთეზი” ბიოლოგიაში. აქ მოყვანილ უნდა იქნეს მაგალითები ბიოლოგიიდან (ინფორმაცია), რომლებიც, თავის მხრივ, მიზანშეწონილია დავუკავშიროთ და მივუსადაგოთ ენერგიის ერთი ფორმის მეორედ გარდაქმნის უფრო ფართო კონცეფციას (ტრანსფორმაცია). რამდენად ადეკვატურად ვეპყრობით ახალნასწავლ ინფორმაციას, სწორია თუ არა ჩვენ მიერ გამოტანილი განზოგადებული დასკვნები ფოტოსინთეზის შესახებ, მისაღებია თუ არა ცოდნის ამგვარი გაფართოება და სხვა (შემოწმების პროცესი). ყველა ამ პროცესში დიდია მასწავლებლის როლი. 

მნიშვნელოვანია მოსწავლეთა წახალისების ფორმების საკითხი – როგორი უნდა იყოს შინაგანი და გარეგანი მოტივაციის ბალანსი. დასჯისა და წახალისების შესახებ უამრავი რამ არის ნათქვამი, – აღნიშნავს ბრუნერი, – მაგრამ რეალურად ცოტა თუ დაინტერესებულა ისეთი ფაქტორებით, როგორებიცაა ცნობისმოყვარეობა, აღმოჩენის სურვილი…. 

მასწავლებლის ამოცანაა, შეიმუშაოს დეტალური მეთოდური ხერხები, რათა უზრუნველყოს შინაგანი მოტივაციის ამაღლება. ერთ-ერთი ხერხი ასეთია: წავაქეზოთ მოსწავლეები, შეამოწმონ თავისი ძალები, ამ ხერხით „ვაიძულოთ, მთლიანად დაიხარჯონ”, რათა იგრძნონ წარმატებით გამოწვეული უდიდესი კმაყოფილება. კარგმა მასწავლებელმა იცის ამ ცდუნების გემო, -აღნიშნავს ბრუნერი, – მაგრამ სკოლაში ასე მაინც იშვიათად ხდება.

ჯ. ბრუნერი სვამს კითხვას: შეიძლება თუ არა, ასე მოვიქცეთ და იქნება თუ არა მართებული, ბავშვებს თავდაპირველად მივაწოდოთ მინიმალური ინფორმაცია და აღვუძრათ მათ ისეთი ცნობისმოყვარეობა, რომ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით თვითონვე გამოიტანონ დასკვნების მაქსიმუმი? ერთმა ისტორიის მასწავლებელმა ამ მეთოდით დიდ წარმატებას მიაღწია მეოთხეკლასელებთან. ის გაკვეთილს იწყებდა მოსწავლეებისთვის მხოლოდ ერთი ფაქტის მიწოდებით: ცივილიზაციათა უმეტესობა ჩაისახა დიდი მდინარეების ნოყიერ ნაპირებზე. ამის შემდეგ კლასში იმართება დისკუსია იმის შესხებ, რატომ არის ასე და რატომ იყო ნაკლები ალბათობა, ეს ცივილიზაციები მთიან ადგილებში ჩასახულიყო. საკითხის ასე დასმა ეფექტურია იმით, რომ ბავშვი თვითონვე მოიპოვებს ინფორმაციას, თვითონვე ამოწმებს მას და აფასებს, რამდენად სწორია მისი საკუთარი დასკვნები. ეს ერთი მაგალითია. სხვა შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა ხერხი, – წერს ბრუნერი. ეს არის სწავლა აღმოჩენების გზით, რომელიც კონსტრუქტივისტული თეორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. აღმოჩენით სწავლა მოიცავს ცოდნის ინდივიდუალურ მოპოვებას. ბრუნერი აღმოჩენით სწავლის აქტიური დამცველია. მას ასევე მიაჩნია, რომ მოსწავლეებს კონკრეტული და რეალური პროცესები უნდა გავაცნოთ. მაგ., ისტორიის სწავლებისას აჯობებს, მათ მოინახულონ ისტორიული ძეგლები (ხიდები, შენობები, სამუზეუმო ექსპონატები), ვიდრე იკითხონ ინფორმაცია ისტორიულ ფაქტებზე მხოლოდ იმისთვის, რომ დაიზუთხონ და შემდეგ პასუხი გასცენ ამ ფაქტებთან დაკავშირებულ კითხვებს. აღმოჩენა ეფექტიანია, როცა მას მასწავლებელი მართავს: მასწავლებელი გეგმავს და აძლევს მოსწავლეებს ისეთ დავალებებს, რომლებიც მათ მანიპულირებისა და გამოკვლევის შესაძლებლობას მისცემს. მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით იძენენ პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევებს. ადამიანები თვითონვე ვქმნით რეალობის საკუთარ ვერსიას, ჩვენვე აღმოვაჩენთ ჩვენსავე აზრებს, – ამბობს ბრუნერი და იქვე მიუთითებს, რომ სკოლისა და მასწავლებლის დანიშნულებაა სწავლისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც ხელს შეუწყობს აღმოჩენას. ასეთ გაკვეთილებზე მასწავლებლები აღწევენ იმას, რომ ბავშვს აღეძრას სხვა ამოცანებზე გადასვლის მძაფრი სურვილი. ამ მიზნით იყენებენ მოტივაციის სხადასხვა ფორმას, უმეტესად – შინაგანს (ბავშვის ძლიერი სურვილი, გამოსცადოს საკუთარი ძალები, იგრძნოს რთული სამუშაოს შესრულებით გამოწვეული კმაყოფილება და სხვა). ჯ. ბრუნერი მიიჩნევს, რომ თუ შინაგანი წახალისების ნაცვლად გამოყენებულ იქნება გარეგანი მოტივაცია, ამან შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს შემეცნებითი ინტერესების განვითარებაზე. ბრუნერის თეორიაში აღმოჩენის ცნება მოიაზრებს კატეგორიების, უფრო ხშირად კი კოდირების სისტემის ფორმირებას.

ჯ. ბრუნერის თეორიის მიხედვით, მოსწავლე აქტიურად არის ჩართული სწავლებისა და ინფორმაციის გადამუშავების პროცესში. ადამიანს აქვს მოთხოვნილება, გაიაზროს და გაამარტივოს მის გარშემო არსებული გარემო. ამისთვის ის მიმართავს ცნებების ფორმირებას. ბრუნერი თავის თეორიაში ტერმინ კატეგორიას იყენებს, ანუ გამოცდილების საფუძველზე გამოყოფს მოვლენის თუ ობიექტის ზოგად არსს. ეს ოპერაცია ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, მოახდინოს გარემოს კლასიფიკაცია (კონცეპტუალიზაცია). კატეგორია აღნიშნავს თვისებრივად მსგავსი ობიექტების ერთობას, ობიექტის მიკუთვნებას რომელიმე კლასისადმი, მაგ., ტრანსპორტი, შენობები, ზოლიანები, ცხოველები და ა.შ.

ცნებებს შორის კავშირს ჯ. ბრუნერი კოდირების სისტემას უწოდებს. კოდირება – ეს არის ახალი ინფორმაციის ჩართვა უკვე არსებულ სქემებში და იმგვარად გადამუშავება, რომ შესაძლებელი გახდეს მისი ხანგრძლივ მეხსიერებაში შენახვა. მაგ., მოსწავლეებს უკითხავდნენ პატარა, შინაარსობრივად ერთგვარად მოუწესრიგებელ მოთხრობას, რის გამოც ის ძნელად გასაგები იყო. ერთ ჯგუფს ეუბნებოდნენ მოთხრობის სათაურს, მეორეს – არა. მათ, ვისაც სათაური ეძლეოდათ, უკეთ ახსოვდათ მოთხრობის შინაარსი, ვიდრე მეორე ჯგუფს. სათაურმა ერთგვარი ორგანიზაცია გაუწია შინაარსს, მოახდინა ეფექტიანი კოდირება.

გამოყოფენ კოდირების სამ ტიპს: ორგანიზაციას, ხატოვანება/ვიზუალიზაციას და დაზუსტებას. ორგანიზაცია გულისხმობს სხვადასხვა მომენტის ერთ მთელად გაერთიანებას, დაჯგუფებას საერთო თემის, ფუნქციის მიხედვით. მაგ., რძის პროდუქტები, ბურღულეული, ბოსტნეული, ხილი… ეს არის ინდუქციური აზროვნების პროცესი. კოდირებას ხელს უწყობს მასალის ხატის სახით წარმოდგენა. ამ დროს ხდება სიტყვიერი, ვერბალური ინფორმაციის გარდაქმნა ვიზუალურ ხატად. მაგ., უცხო ოთახიდან გამოსვლის შემდეგ თუ გკითხავენ, ენთო თუ არა ოთახში ნათურა, თქვენ შეეცდებით, თვალსაჩინოდ წარმოისახოთ ოთახი, რაც პასუხის გაცემაში დაგეხმარებათ. ვიზუალიზაცია მოსწავლეებს ეხმარება მასალის კოდირებაში, რადგან ასეთი წარმოდგენები ორი ასპექტით არის კოდირებული – ვიზუალურით და ვერბალურით. ორმაგად კოდირებული, რასაკვირველია, უკეთ უზრუნველყოფს დამახსოვრებას. კოდირება დაზუსტების დახმარებით გულისხმობს ახალი ინფორმაციის ნაცნობთან დაკავშირებას და ძველი ცოდნის გამოყენებით ახლის დაზუსტებას. ვთქვათ, მოსწავლეს ვასწავლით სიტყვა „დედამიწის” დაწერას. მასწავლებელი მას ეუბნება, რომ ამ სიტყვის ნაწილია სიტყვა „დედა”, რომლის დაწერაც მათ უკვე იციან. ასეთი მიდგომა მოსწავლეებს ეხმარება, უკეთ წაიკითხონ ან დაწერონ ახალი სიტყვა, რადგან ხდება უკვე ნასწავლი სიტყვის („დედა”) ერთგვარად განვრცობა. 

ბრუნერმა გამოკვეთა და ჩამოაყალიბა სწავლების სამი მთავარი პრინციპი:

1. სწავლება უნდა ეყრდნობოდეს იმ გამოცდილებას და კონტექსტს, რომელიც მოსწავლეს გაუღვიძებს სურვილსა და შესაძლებლობას, ისწავლოს.

2. სწავლების პროცესი ისე უნდა წარიმართოს, რომ ხელი შეუწყოს არსებულ ცოდნაზე ახლის აგებას და თან შეავსოს ცარიელი, გამოტოვებული ადგილები საჭირო ინფორმაციით.

3. სწავლება ისე უნდა აიგოს, რომ ადვილი გასაგები და საინტერესო იყოს (სპირალური სასწავლო პროგრამა).

სპირალური სასწავლო პროგრამა სწავლების ბრუნერისეული მეთოდია, რომელიც გულისხმობს ადრეულ წლებში მოსწავლეთათვის ყველა საგნის საბაზისო სტრუქტურის გაცნობას და შემდეგ, დროთა განმავლობაში, განმეორებით შესწავლას უფრო ღრმა და კომპლექსური ფორმით.

ამ საკითხს ბრუნერი ეხება წიგნში „სწავლის პროცესი”, რომელმაც დიდი გამოხმაურება პოვა მთელ მსოფლიოში. ამ მომცრო ნაშრომში ავტორი შემჭიდროებულად გადმოგვცემს თავის მოსაზრებებს სწავლება/სწავლაზე და მის როლზე ფსიქიკურ განვითარებაში. აანალიზებს რა მეცნიერებისა და ცნობილი პედაგოგების გამოცდილებას, ჯ. ბრუნერი გამოთქვამს მოსაზრებას, რომელიც ლოზუნგივით გაისმა: ნებისმიერი საგნის საფუძვლები განსაზღვრული ფორმით ბავშვს შეიძლება ვასწავლოთ ნებისმიერ ასაკში, თუ მისთვის გასაგები ფორმით მივაწვდით. ეს იმას გულისხმობს, რომ ბავშვს განვითარების ყოველ სტადიაზე აქვს სამყაროს ხედვისა და ახსნის თავისებური საშუალებები. თუ ვიცით ამა თუ იმ ასაკის ბავშვის ენა (სამყაროს მისეული ხედვა) და ამ ენაზე დავამყარებთ მასთან კონტაქტს, დავეხმარებით მას, გადავიდეს აზროვნების უფრო და უფრო მაღალი დონის საშუალებათა გამოყენებაზე. სწავლების ეს ხერხი ერთნაირია ყველა საგნისთვის, მათემატიკა იქნება ეს, ლიტერატურა თუ საზოგადოებრივი მეცნიერებები.

ბრუნრის აზრით, სწავლება მოსწავლის კოგნიტურ განვითარებას უნდა ისახავდეს მიზნად, სწავლების ფორმა კი მოსწავლის კოგნიტურ განვითარებას შეესაბამებოდეს.

განვიხილოთ მაგალითი: თუ ჩვენი მიზანია, ბავშვს ჩავუნერგოთ თანაგრძნობის განცდა, რათა მან თანდათან მოახერხოს ტრაგედიის როგორც ჟანრის წვდომა, სავსებით შესაძლებელია, ბავშვობაშივე გავაცნოთ მას შესაფერისი ლიტერატურა. მან ბავშვს ცოდნა უნდა მისცეს, მაგრამ არ უნდა შეაშინოს (გავაცნოთ, მაგალითად, მითები, კლასიკური საბავშვო ლიტერატურა, ვუჩვენოთ მაღალმხატვრული ღირებულების ფილმები სათანადო კომენტარით და სხვა). საკითხი, რა მასალა უნდა გამოიყენოს მასწავლებელმა, კვლევას მოითხოვს, რომელიც რამდენიმე მიმართულებით უნდა გაიშალოს. უპირველესად, უნდა დავინტერესდეთ, რა წარმოდგენა აქვთ ბავშვებს ტრაგედიის შესახებ, რას გულისხმობენ ისინი ამ ცნებით. აქ შეიძლება იმავე გზით წავიდეთ, რომლითაც მიდიოდა პიაჟე. ის ბავშვებს უსვამდა კითხვებს მიზეზობრიობის, ზნეობრიობის, რაოდენობისა და სხვათა შესახებ. მხოლოდ ამის შემდეგ გვეცოდინება, როგორ თარგმნის ჩვენს ნათქვამს ბავშვი თავისთვის გასაგებ ენაზე. შემდეგ, ასაკის მატებასთან ერთად, პედაგოგმაც თანდათან უნდა შეცვალოს მიდგომა, გამოიყენოს უფრო რთული ლიტერატურული წყაროები ან დაუბრუნდეს ძველ წიგნებს, მაგრამ ისე, რომ მოსწავლეებთან ერთად მათში აღწერილი მოვლენების უფრო ღრმა ინტერპრეტირება მოახდინოს. მთავარი აქ ის არის, სწავლებამ უზრუნველყოს ტრაგედიის როგორც ლიტერატურის ჟანრის ნათელი და ღრმა გაგება. ასეთივე წესით უნდა მოხდეს სხვა ჟანრებისა და თემების შესწავლაც.

იგივე მეთოდი შეიძლება გამოყენებულ იქნეს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებშიც. მაგ., თუ ბავშვმა ათი წელი უნდა ისწავლოს სკოლაში ბიოლოგია, ნუთუ საჭირო არ არის, ვიმუშაოთ მასთან თუნდაც სიცივის სუბიექტური აღქმის წარმოდგენის შექმნაზე? ამ მიზნით შეიძლება გარკვეული ცდებიც ჩავატაროთ, გავაცნოთ ბავშვებს ზოგიერთი ბიოლოგიური იდეა. შესაძლოა, ისინი მეცნიერულად არ იყოს ზუსტი, მაგრამ უშუალო გამოცდილების მისაღებად საკმარისია.

ჯ. ბრუნერი დიდ ადგილს უთმობს აზროვნების ორი სახის დახასიათებას: ინტუიციურს და ანალიზურს. ანალიზური აზროვნების დროს ცნობიერდება შინაარსის ცალკეული ეტაპები, შემადგენელი ოპერაციები, ინტუიციურ აზროვნებას კი არ გააჩნია მკვეთრად გამოხატული ეტაპები, იგი მთელი პრობლემის ერთბაშად წვდომას ემყარება, ხორციელდება ნახტომისებურად, ხასიათდება სწრაფი გადასვლებით და გამოტოვებს აზროვნების ოპერაციათა ჯაჭვში შუამდებარე რამდენიმე რგოლს. უნდა უწყობდეს თუ არა ხელს სასკოლო სწავლება ინტუიციური აზროვნების განვითარებას? რა თქმა უნდა! აზროვნების ეს ორი ფორმა ერთმანეთს ავსებს. სამწუხაროდ, სასკოლო სწავლების უკიდურესი ფორმალიზმის გამო ინტუიციამ უკანა პლანზე გადაიწია. როგორ ვუბიძგოთ მოსწავლეებს ამ მიმართულებით? უპირველეს ყოვლისა, მოსწავლეს უნდა ჰქონდეს საკუთარი თავის რწმენა, ეს კი დამოკიდებულია ორ მომენტზე: ა) თავდაჯერებაზე როგორც პიროვნულ თვისებაზე; ბ) საგნის ცოდნაზე. ინტუიციურ აზროვნებას ხელს უწყობს დარწმუნებულობა და სითამამე. სამწუხაროდ, სწავლების თანამედროვე სისტემა მაინცდამაინც არ ზრუნავს ამ თვისებების აღზრდაზე, – წუხს ბრუნერი.

მრავალი მეცნიერი და პედაგოგი გამოთქვამს ეჭვს იმის შესახებ, რაც ბრუნერმა განაცხადა – ნებისმიერი საგნის ნებისმიერ ასაკში სწავლების შესაძლებლობის შესახებ. როგორ შეიძლება ავუხსნათ 4 წლის ბავშვს, მაგ., პროპორციულობის რომელიმე ასპექტი? – ეკითხებიან მას. ბრუნერი პასუხობს, რომ საკითხი მარტივად გადაწყდება, თუ გადაცემის ხერხს შევუსაბამებთ ბავშვის წარმოდგენათა სისტემას. მასწავლებელმა სწავლების მეთოდები მოსწავლეთა განვითარების შესაბამისად უნდა ცვალოს. მაგალითად, ვიდრე მოსწავლეები აბსტრაქტული მათემატიკური სიმბოლოების გაგებას შეძლებენ, მათემატიკური ამოცანები მასწავლებელმა მათ მოქმედებითი (მაგალითად, საგნების გადაადგილებით) ან წარმოსახვითი (მაგალითად, ნახატების) ფორმების გამოყენებით უნდა მიაწოდოს. აქ, რასაკვირველია, ბრუნერი მიჰყვება პიაჟეს ხაზს ინტელექტის განვითარებაში. 

სწავლა/სწავლების პროცესზე დიდ გავლენას ახდენს ის, თუ როგორ არის აგებული სასწავლო პროგრამები. უპირველეს ყოვლისა, უნდა გაირკვეს შემდეგი საკითხები:

1. იმსახურებს თუ არა ესა თუ ის თემა საფუძვლიან შესწავლას და საჭიროა თუ არა, მოზრდილ ადამიანს ჰქონდეს ცოდნა ამ საკითხის შესახებ;

2. უზრუნველყოფს თუ არა შესწავლილი მასალა ადამიანში მორალური თვისებების აღზრდას. 

თუ ორივე ამ კითხვაზე პასუხი უარყოფითია, მაშინ ამ თემის შესწავლა არ ღირს, ეს პროგრამის გადატვირთვა იქნება.

ჯ. ბრუნერი სწავლისთვის ხელშემწყობ პირობებად მიიჩნევს:

1. განწყობას, რომელიც ამზადებს მოსწავლეებს იმისთვის, რომ მოახდინონ რეაგირება გარკვეული მიმართულებით;

2. სწავლისთვის მზაობას – მოსწავლე დაინტერესდება ახალი ინფორმაციით, არ დააფრთხობს სირთულე, თუ ახალი მასალა უკვე ათვისებულ ცოდნას დაეყრდნობა. ბრუნერი მიიჩნევს, რომ შფოთვის ზომიერი დონე გაცილებით მეტად უწყობს ხელს აღმოჩენის გზით სწავლებას, ვიდრე ზედმეტად დაბალი ან ზედმეტად მაღალი დონე. მოსწავლეები მზაობის მდგომარეობაში უნდა იმყოფებოდნენ და არა მოდუნებულები, შიშსა და პანიკაში;

3. კონკრეტული შინაარსების ფლობას – ეს გულისხმობს, რამდენად იცის მოსწავლემ დასაუფლებელ საგანთან დაკავშირებული კონკრეტული ინფორმაცია. აღმოჩენა შემთხვევით არ მოდის, იგი მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული მოსწავლის ინფორმაციულ მზაობაზე;

4. მრავალფეროვან სწავლებას – ერთი და იგივე საგნები უნდა ისწავლებოდეს სწავლების სხვადასხვა დონეზე მოსწავლეთა უნარებისა და ბაზისური ცოდნის გათვალისწინებით (ე.წ. სპირალური სასწავლო გეგმა).
დახმარების რა ხერხები შეიძლება გამოიყენოს მასწავლებელმა?

1. მობილიზაცია – მოსწავლის ყურადღების ფოკუსირება ამოცანის მოთხოვნებზე. მაგ., „ამრიგად, ჩვენ გვსურს, დავადგინოთ ამ სწორკუთხა სამკუთხედის ფართობი. ვიცით ყველა ფერდის სიგრძე. რამდენი კვადრატული სმ-ია ის?”

2. თავისუფლების ხარისხის შემცირება – ამოცანის დაყვანა შესრულებად ქვეამოცანაზე. მაგ., „გახსოვს, როგორ განისაზღვრება სწორკუთხედის ფართობი? შეგიძლია გადააქციო ეს სამკუთხედი სწორკუთხედად?”

3. კურსის შენარჩუნება – მოსწავლის მოქმედებისთვის საჭირო გეზის მიცემა და მოტივაციის ხელშეწყობა. მაგ., „რატომაც არა, ეგებ დახაზო სამკუთხედი, რომელსაც გარდაქმნი სწორკუთხედად და გაზომავ ყველა მის გვერდს. ეგებ დახაზო კიდევ ერთი სამკუთხედი და დარწმუნდე, რომ ის ზუსტად ასეთივეა”.

4. კრიტიკული თავისებურებების გამოყოფა – ამოცანის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტებისთვის ყურადღების მიპყრობა; მაგ., „რამდენი იდენტური სწორკუთხა სამკუთხედი დაგჭირდება, რომ მიიღო სწორკუთხედი? რატომ არ შეიძლება, დახაზო ფურცლის კუთხეში სამკუთხედი, გამოჭრა 3 ან 4 და გააკეთო კვადრატი? ყოველთვის ერთი და იმავე რაოდენობის სამკუთხედია საჭირო?”

5. ფრუსტრაციის კონტროლი – სირთულის გამო თავჩენილი ფრუსტრაციის (იმედგაცრუების) მოხსნა. მაგ., „ზოგჯერ მერვეკლასელებიც კი ვერ ხსნიან ასეთ ამოცანას, შენ კი ყველაფერი გამოგდის”.

6. დემონსტრირება – ბავშვების მიერ ამოცანის ამოსახსნელად გამოყენებული ხერხების (ვარიანტების) დემონსტრირება გათვალსაჩინოებისა და მიბაძვის მიზნით. მაგ., „შეხედე, მე ვჭრი ორ აბსოლუტურად ერთნაირ სამკუთხედს და ვაგებ მათგან კვადრატს. რისი ტოლია ამ კვადრატის ფართობი? კი, ზუსტად ნახევარია, სწორია! აი, სასურველი ფორმულა, ნიჭიერი ხარ!”

ყველა მეცნიერი და პედაგოგი როდი ეთანხმება აზრს, რომ სწავლა აღმოჩენის გზით საუკეთესო მეთოდია. ბევრს მიაჩნია, რომ ბრუნერის, ასე ვთქვათ, „ახალგაზრდა მკვლევარების” მეთოდი ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს მასალის უკეთ ათვისებას. არ არის სავალდებულო, ხელახლა აღმოვაჩინოთ ყველაფერი, რაც უკვე დიდი ხნის აღმოჩენილია. ჩვენ შეგვიძლია, მრავალი ინფორმაცია უფრო მარტივი გზით შევიძინოთ. აღმოჩენა მეცნიერთა საქმეა, მოსწავლის საქმე კი სწავლაა, – ამბობენ თეორიის კრიტიკოსები. მოსწავლემ მართლა რომ გააკეთოს რამე აღმოჩენა, მან ჯერ აუცილებლად უნდა ისწავლოს. სასკოლო სიტუაციებში აღმოჩენა უმეტესად არაეფექტურია და დროის ამაოდ ხარჯვას ნიშნავს. აღმოჩენებით სწავლის მოწინააღმდეგე მკვლევართა აზრით, კლასი წარმოადგენს ადგილს, სადაც სწავლება დირექტიული მეთოდებით უნდა მიმდინარეობდეს. ფუნდამენტური განსხვავება ბრუნერისა და დირექტიული სწავლების მომხრეთა თეორიებს შორის ის არის, რომ, ამ უკანასკნელთა აზრით, მოსწავლეები უნდა უზრუნველვყოთ ორგანიზებული ინფორმაციით, ბრუნერი კი მეტ მნიშვნელობას ანიჭებს კონკრეტული ინფორმაციის გაცნობასა და მოსწავლეების მიერ საკუთარი ცოდნის ორგანიზებას.

ჯ. ბრუნერის შეხედულებები სწავლის შესახებ მრავალ საკითხზე მეტად აქტუალურია და პირდაპირ პასუხობს ეპოქის მიერ წამოჭრილ მრავალ საკითხს. მათში, როგორც სახელმძღვანელო პროგრამაში, ისეა გამოთქმული მოსაზრებები სწავლასა და მასთან დაკავშირებულ ზოგიერთ მოვლენაზე. იგი ხაზს უსვამს სწავლების აქტიურ როლს ბავშვის გონებრივი განვითარების პროცესში. მისი აზრით, ბავშვის შესაძლებლობანი გაცილებით უფრო ფართოა და ღრმა, ვიდრე აქამდე ეგონათ. 

ბრუნერი ლევ ვიგოტსკისა და ჯონ დიუისთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოაზროვნეა, რომელმაც სწავლისა და ცოდნის სფეროში კონსტრუქტივისტული მიდგომა შემოიტანა. ეს ნიშნავდა მასწავლებლის როლის დეცენტრალიზაციას და კონცენტრაციას ბავშვზე, როგორც ცოდნის შემქმნელზე მოცემულ კონტექსტში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი