შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

გაკვეთილის ანალიზის სახეები

მასწავლებლის პროფესიული კომპეტენცია იმით განისაზღვრება, რამდენად შეესაბამება მისი ცოდნა, უნარ-ჩვევები და განწყობა-დამოკიდებულებები მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს. ამის მიხედვით ფასდება, წარმატებულია თუ წარუმატებელი პედაგოგის საქმიანობა.

მასწავლებლის შეფასების ერთ-ერთი ძირითადი ინდიკატორი  სასკოლო მენეჯმენტის სწორად წარმართვაა, ამიტომ თითოეულ პედაგოგს სხვადასხვა მახასიათებლით აფასებენ, მაგალითად:

1.მასწავლებელმა ყოველდღიურად უნდა შეიმუშაოს გაკვეთილის გეგმა, რათა უზრუნველყოს სასწავლო მიზნების მიღწევა;

2.ეფექტურად უნდა გაანაწილოს გაკვეთილის დრო;

3.მასწავლებელი რეგულარულად უნდა აფასებდეს მოსწავლეებს;

4.ის ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეებს წარმატების მიღწევაში და მზად იყოს მათ დასახმარებლად…

დღეს პედაგოგს უამრავი შემფასებელი ჰყავს, ახალი (მოსალოდნელი) სქემის მიხედვითაც, ამბობენ, რომ მასწავლებლის შეფასება მოხდება სკოლის ადმინისტრაციის მიერ, გარე შეფასებით და თვითშეფასებით. თვითშეფასება, ალბათ, უმთავრესია, რადგან ჩვენ უკეთ ვიცით, რა გვჭირდება, რა გვაქვს დასახვეწი, სასწავლი, ასათვისებელი, რომ უკეთეს შედეგებს მივაღწიოთ მოსწავლეებთან. მასწავლებლის შეფასებისას მთავარი მის მიერ ჩატარებული გაკვეთილია და უნდა ვიცოდეთ, რას მივაქციოთ მეტი ყურადღება თვითშეფასებისას. გთავაზობთ გაკვეთილის ანალიზის სახეებს. იმედი მაქვს, ეს გზამკვლევი დაგეხმარებათ პროფესიულ წინსვლაში. წარმატებებს გისურვებთ!

გაკვეთილის თვითანალიზისთვის მასწავლებელი უნდა იცნობდეს გაკვეთილის ანალიზის სახეებს:

1.მოკლე შეფასებითი ანალიზი  – ეს არის გაკვეთილის სასწავლო-აღმზრდელობითი ფუნქციის ზოგადი შეფასება (საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი და განმავითარებელი მახასიათებლების გადაწყვეტა და შეფასება)

2.სისტემური ანალიზი  – ეს არის გაკვეთილის, როგორც სისტემური ჯაჭვის, განხილვა მთავარი დიდაქტიკური და განმავითარებელი ამოცანების გადაწყვეტის, ცოდნის ფორმირების უზრუნველყოფის, მოსწავლეთა უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების, სწავლების მეთოდების ათვისების თვალსაზრისით. 

3.სრული ანალიზი  – ეს არის ასპექტური ანალიზის სისტემა, რომელიც შეიცავს გაკვეთილის ამოცანების განხორციელების შეფასებას, სასწავლო აქტივობების შინაარსსა და სახეებს შემდეგი მახასიათებლების მიხედვით: 
·ცოდნის ათვისების ხარისხი; 
·გონებრივი საქმიანობის აქტივობები;
·მოსწავლეთა განვითარების ხარისხი; 
·დიდაქტიკური პრინციპების რეალიზების მაჩვენებელი;
·გაკვეთილის ღირებულება და შედეგიანობა. 

4.სტრუქტუირებული (ეტაპობრივი) ანალიზი  – ეს არის გაკვეთილის იმ დომინირებული სტრუქტურების (ელემენტების) გამოვლენა და შეფასება, რომლებიც მოსწავლეთა შემეცნებითი უნარების განვითარებას ყველაზე მეტად უწყობს ხელს. 

5.დროის  სტრუქტურის შეფასება – ეს არის გაკვეთილის სხვადასხვა ეტაპისთვის გამოყოფილი დროის შეფასება.

6.გაკვეთილის აღმზრდელობითი მიმართულების ანალიზი  –  ეს არის გაკვეთილზე გამოყენებული სასწავლო მასალის შეფასება და ეფექტურობის დადგენა (რამდენად  ეფექტურად ეხმარება მოსწავლეს პიროვნული მახასიათებლების ჩამოყალიბებაში).

7.კომბინირებული ანალიზი  – გაკვეთილის ძირითადი დიდაქტიკური მიზნისა და განხორციელებული აქტივობების ერთობლივი შეფასება. 

8.დიდაქტიკური ანალიზი  – ეს არის ძირითადი დიდაქტიკური საფუძვლების ანალიზი (დიდაქტიკის პრინციპების რეალიზება, მეთოდების შერჩევა, სწავლების ხერხები და საშუალებები, სასწავლო მასალის დიდაქტიკური დამუშავება, მასწავლებლის სამოქმედო გეგმა და სხვა). 

9. ფსიქოლოგიური ეტაპი – ეს არის გაკვეთილის ფსიქოლოგიური მოთხოვნების შესრულების ხარისხის შესწავლა (შემეცნებითი უნარების განვითარების უზრუნველყოფა).

10.კომპლექსური ანალიზი  –  დიდაქტიკური, ფსიქოლოგიური და გაკვეთილის სხვა საფუძვლების ერთობლივი ანალიზი (ძირითადად გაკვეთილის სისტემის). 

11.ფსიქოლოგიურ – პედაგოგიური ანალიზი  – სწავლების საფუძვლების პედაგოგიური და ფსიქოლოგიური პრინციპების გამოყენებისა და დაცვის ერთობლივი შეფასება.

12. ასპექტური ანალიზი  – ეს არის დეტალური და ყოველმხრივი შესწავლა და ანალიზი გაკვეთილის მიზნებისა და მოსწავლეთა მიერ მიღწეული შედეგების. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი