XXI საუკუნის განათლება: ადამიანის უფლებათა დაცვის პედაგოგიკა

ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ შეთანხმებული დოკუმენტი პირველად 1948 წელს იქნა მიღებული გაერთიანებული ერების გენერალურ შეკრებაზე. ეს დოკუმენტია დეკლარაცია, რომელიც აერთიანებს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის – თავისუფლებისას, თანასწორობისას, სიცოცხლისას. შემთხვევითი არ არის, რომ აღნიშნული დოკუმენტი მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან რამდენიმე წლის შემდეგ მიიღეს. მეორე მსოფლიო ომის შედეგებმა, განსაკუთრებით – ჰოლოკოსტის დროს მილიონობით უდანაშაულო და დაუცველი ადამიანის განადგურებამ, ევროპის სახელმწიფოები მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელი იყო ერთიანი და შეთანხმებული დოკუმენტის არსებობა, რომელიც ადამიანის ღირსებასა და სიცოცხლეს დაიცავდა. ყველა ადამიანის თანასწორობა კანონის წინაშე, ქორწინების თავისუფლება, რელიგიისა და რწმენის თავისუფლება, არჩევანისა და არჩევნების უფლება, განათლების უფლება და მშობლის უფლება – ასეთია იმ უფლებათა არასრული ჩამონათვალი, რომლებიც ადამიანის უფლებათა დაცვის დეკლარაციის პირველი ვერსიით იქნა აღიარებული.
ჩვენ ხშირად გვესმის ადამიანის უფლებათა შესახებ, გვესმის, რომ ადამიანის სიცოცხლე და ღირსება ხელშეუხებელია, მათი დაცვა აუცილებელია, მაგრამ არ ვიცით, როგორ გავატაროთ ეს რეალურ ცხოვრებაში. ადამიანის უფლებათა დეკლარაცია და სხვა მისი მსგავსი დოკუმენტები დოკუმენტებად დარჩება, თუ ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში არ იქნა გატარებული. ადამიანის უფლებათა დაცვას სწავლება და სწავლა სჭირდება და მისი ადგილი, უპირველესად, განათლებაშია.

ადამიანის უფლებათა დაცვის პედაგოგიკა გულისხმობს ადამიანის უფლებათა სწავლებას სხვადასხვა კონტექსტში, მაგალითად, სასკოლო განათლებაში, ზრდასრულთა განათლებასა და პროფესიულ განვითარებაში, განსაზღვრული პროფესიის წარმომადგენელთა სწავლებას, მაგალითად, პოლიციელების, ექიმების, მასწავლებლების განათლებას ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ. ადამიანის უფლებათა დაცვასა და გატარებას ყოველდღიურ ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი ენიჭება ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის, ასევე – მშვიდობისა და კეთილდღეობის დასაცავად, ამიტომ ადამიანის უფლებათა დაცვის პედაგოგიკას მშვიდობის პედაგოგიკასაც უწოდებენ. ადამიანის უფლებათა სწავლებას აქვს სამოქალაქო ომის შემდგომი პერიოდის ქვეყნებში სხვადასხვა ჯგუფის/პარტიის/მიმდინარეობის წარმომადგენელთა „შერიგების” ფუნქციაც. მაგალითად, 1999 წელს იუნესკოს ეგიდით ბოსნია-ჰერცოგოვინაში მივლინებულ იქნა განათლების სპეციალისტთა ჯგუფი ჰაიდელბერგის უნივერსიტეტიდან შემდეგი მისიით: მათ უნდა ჩამოეყალიბებინათ გეგმა განათლების გზით სახელმწიფოში არსებულ ეთნიკურ ჯგუფებს შორის დაპირისპირების შერბილებისა და აღმოფხვრისა და ომის შემდგომი პერიოდის რეაბილიტაციისა. ჯგუფმა დაადგინა, რომ ქვეყანაში სამი სხვადასხვა სასწავლო გეგმა არსებობდა და აუცილებელი იყო სამივეს ანალიზი, რათა გამოკვეთილიყო მათში არსებული ფარული ან ღია საშიშროებები, რომლებიც ხელს შეუშლიდა განვითარებაში ახალომგამოვლილ ქვეყანას. ანალიზის დროს განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ისეთ საკითხებს, რომელთა სწავლება ხელს უშლიდა ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებზე მოსწავლეთა ადეკვატურ რეაქციას, სასწავლო თემებს, რომლებიც არ აღკვეთდა ეთნიკური წმენდის ფაქტებს და ღია ან ფარული აგრესიული შინაარსის მქონე სასწავლო მასალას. 2000 წელს მოწვეულ იქნა ეროვნული კონფერენცია სასწავლო გეგმის რევიზიისთვის და მასში ცვლილებების შესატანად. ბუნებრივია, იოლი არ ყოფილა სამივე სასწავლო გეგმის სინთეზი და ერთიანი გეგმის შემუშავება, რადგან სამი განსხვავებული სასწავლო გეგმის უკან სამი სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენელთა ინტერესები იდგა: მუსლიმებისა, სერბებისა და ხორვატებისა, – მაგრამ კონფერენციის შედეგად მიღწეულ იქნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეთანხმება, სამივე სასწავლო გეგმიდან ამოეღოთ საფრთხის შემცველი აგრესიული თემები და მასალები და სამივეს გაეზიარებინა ადამიანის უფლებათა დაცვის პედაგოგიკა, კერძოდ, ის სასწავლო თემები და მასალები, რომლებიც შეიმუშავა იუნესკომ სკოლებში ადამიანის უფლებათა დაცვის სწავლებისათვის.

რატომ ანიჭებენ ევროსაბჭოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციები ადამიანის უფლებათა დაცვის სწავლებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას? ერთი მხრივ, მეორე მსოფლიო ომის ნეგატიურმა გამოცდილებამ და მოგვიანებით ბალკანეთის ომის შედეგებმა განაპირობა განათლების გზით ადამიანის ცნობიერების ამაღლება ომის საწინააღმდეგოდ. მეორე მხრივ, დაკვირვების შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანის უფლებათა სწავლებას განსაკუთრებული როლი ენიჭება ქვეყნების დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების კუთხით. 

პირველი დეკადა ადამიანის უფლებათა სწავლების განათლების შესახებ დაწყებით და საბაზო საფეხურებზე გაეროს გენერალურ კრებაზე დამტკიცებულ იქნა 2005-2007 წლებისთვის. ადამიანის უფლებათა დაცვის სწავლების ხელშეწყობისთვის ევროსაბჭომ გამოსცა გზამკვლევი „კომპასი: ახალი გზამკვლევი ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ახალგაზრდებისთვის”. ის პირველად ინგლისურ ენაზე გამოიცა, ხოლო მოგვიანებით სხვა ენებზეც თარგმნეს და შესთავაზეს დაინტერესებულ ქვეყნებს.

ადამიანის უფლებათა დაცვის სწავლების შესახებ ევროპის ქვეყნების (მაგ., გერმანიის) განათლების სისტემებში უკვე დაგროვდა შესაბამისი გამოცილდება საიმისოდ, რომ მოხდეს სასკოლო სახელმძღვანელოების ანალიზი, სასწავლო რესურსებისა და თვალსაჩინოებების შექმნა და დახვეწა, სხვადასხვა ქვეყნის მიერ განხორციელებულ ღონისძიებათა შედეგების მეცნიერული ანალიზი და ადამიანის უფლებათა დაცვის სწავლების სტანდარტების შემუშავება (ქართულ ენაზე იხ. სახელმძღვანელო „მასწავლებელთა კომპეტენციების ჩარჩო”, მასწავლებელთა პგე ცენტრი, 2009).

ადამიანის უფლებათა სწავლებაში გადამწყვეტი როლი ენიჭება მასწავლებელს. მასწავლებლის შესაბამისი კომპეტენციის გარეშე ადამიანის უფლებათა დაცვა არ/ვერ ისწავლება.

„მასწავლებლები განსაკუთრებულ როლს ასრულებენ დემოკრატიული ღირებულებების გავრცელებაში აქტიური, მონაწილეობითი სწავლების საშუალებით. დღეს, როცა საზოგადოებაში ახალმა სოციალურმა ტენდენციებმა იჩინა თავი და ყველა ერთმანეთზე დამოკიდებული გახდა, ადგილობრივი და გლობალური ცვლილებების ფონზე მასწავლებლებსა და განათლების სპეციალისტებზეა დამოკიდებული, რამდენად წარმატებული იქნება სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ”.

ევროსაბჭოს რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის ითვალისწინებს, რომ, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის უფლებათა სწავლებისთვის მისაბაძი მაგალითი თავად მასწავლებელი უნდა იყოს. მოლოდინები მასწავლებლის მიმართ საკმაოდ მაღალია, ხოლო სწავლა-სწავლების შედეგები – შემდეგი: მოსწავლემ უნდა იცოდეს საკუთარი უფლებები, ასევე – სხვათა უფლებები და შესწევდეს მათი დაცვის უნარი. მასწავლებელი თავად უნდა იყოს ადამიანის უფლებათა დაცვის მაგალითი და, იმავდროულად, ასწავლოს მოსწავლეებს, როგორ დაიცვან ყოველდღიურ ცხოვრებაში საკუთარი და სხვათა უფლებები. მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ უფლება აქვთ იმოქმედონ და თავისუფლად გამოხატონ საკუთარი აზრი ისე, რომ არ შეურაცხყონ სხვათა უფლებები. მათ ასევე უნდა იცოდნენ ადამიანის უფლებათა დაცვის ისტორიული კონტექსტი, გაცნობიერებული ჰქონდეთ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვა თანამედროვე მოქალაქის უზენაესი მოვალეობაა. 

ვინაიდან მასწავლებლის როლი ძალზე მნიშვნელოვანია, უნივერსიტეტებმა მასწავლებელთა მომზადების პროგრამებში შეიტანეს ადამიანის უფლებათა დაცვის პედაგოგიკა მაღალი სემესტრის სტუდენტებისთვის. სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, გაეცნონ ევროსაბჭოს მიერ შედგენილ გზამკვლევებსა და სხვა სასწავლო რესურსებს. ამის შემდეგ ისინი ადგენენ სასწავლო გეგმებს სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებისთვის და ერთმანეთს წარუდგენენ განსახილველად. პროფესორის ზედამხედველობით ხდება ამ გეგმების კრიტიკული ანალიზი და შედეგების შეჯამება. ამგვარი მიდგომით მომავალი მასწავლებლები ეცნობიან ადამიანის უფლებათა დაცვის სწავლების მეთოდებს და თავად შეიმუშავებენ სხვადასხვა მეთოდს. მოგვიანებით, სასწავლო პრაქტიკის დროს, მათ საშუალება ეძლევათ, გამოსცადონ როგორც სასწავლო გეგმები, ასევე სასკოლო სახელმძღვანელოებში წარმოდგენილი მასალაც ადამიანის უფლებათა დაცვის კონტექსტში. განსაკუთრებით მოხერხებულია ამგვარი მეთოდების გამოცდა ისტორიის, სამოქალაქო განათლების, ბიოლოგიის, ლიტერატურის, გეოგრაფიის საგნების მაგალითზე.

ბუნებრივია, მასწავლებელსა და მოსწავლეს, და არამხოლოდ მათ, გაუჩნდებათ კითხვა: რატომ უნდა ვასწავლო/ვისწავლო ადამიანის უფლებები? რას მოგვცემს ეს მე და ჩემს გარშემო მყოფებს? ამ კითხვაზე გვიპასუხებს ევროსაბჭოს მიერ შემუშავებული მასწავლებელთა კომპეტენციების ჩარჩო. გარდა იმისა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის პედაგოგიკა 21-ე საუკუნის განათლების განუყოფელი ნაწილია, მისი მნიშვნელობა და სარგებელი მრავალმხრივია:

„სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ:

·საშუალებას აძლევს ახალგაზრდებსა და ზრდასრულებს, მონაწილეობა მიიღონ იმ თანამედროვე საკითხების განხილვასა და მოგვარებაში, რომლებიც აინტერესებთ;

·გულისხმობს ახალგაზრდებისა და ზრდასრულთათვის სწავლის აქტიურ ფორმებსა და შესაძლებლობებს; 

·სასიამოვნოა, რადგან უამრავ იდეას, დამოკიდებულებასა და ინტერესს უკავშირდება;

·მომავლის განათლებაა, ახალგაზრდები აქტიურად ფიქრობენ იმაზე, როგორ შეცვალონ სამყარო უკეთესობისკენ;
·რა უნდა იყოს უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ადამიანთა მშვიდობიანი თანაცხოვრებაა?

·რეალურ შესაძლებლობებს აძლევს ახალგაზრდებს, ისევე როგორც მასწავლებლებსა და ზრდასრულებს, საზოგადებაში ცვლილებები მოახდინონ; 

·მჭიდროდ უკავშირდება სათემო ჩართულობას. ახალგაზრდებმა და მასწავლებლებმა პარტნიორობა უნდა დაამყარონ თემის წარმომადგენლებთან;

·საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს, გაიღრმაონ ცოდნა კანონმდებლობაზე, ადამიანის უფლებებზე, პოლიტიკურ და გარემოსდაცვით საკითხებზე;

·იძლევა ნეგატიურ საზოგადოებრივ გამოვლინებებზე (მაგ., რასიზმი, სტერეოტიპები და სხვ.) რეაგირების საშუალებას;

·საშუალებას აძლევს მასწავლებლებს, სწავლება თანამედროვე მნიშვნელოვან თემებს დაუკავშირონ. შესაბამისად, სწავლება ხდება რელევანტური;

·მასწავლებლებს საკუთარი შესაძლებლობების რწმენას მატებს”.

ადამიანის უფლებათა დაცვის სწავლების მიმართ მასწავლებლებს თითქმის ერთნაირი დამოკიდებულება აქვთ – მიაჩნიათ, რომ ეს მნიშვნელოვანია და უნდა ისწავლებოდეს, მაგრამ ყოველთვის სვამენ კითხვას: როგორ ვასწავლოთ, რა მეთოდები გამოვიყენოთ მათი სწავლების დროს? არსებობს თუ არა სასწავლო რესურსები ტრადიციული ან ელექტრონული ფორმით, რომელთა გამოყენებით მივაღწევთ გაკვეთილის მიზანს? ამ კუთხით მასწავლებლებს დახმარება სჭირდებათ. როდესაც ადამიანის უფლებათა სწავლების შესახებ ვსაუბრობთ, არ ვგულისხმობთ მხოლოდ სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა კომპეტენციის ამაღლებას – ამ კომპეტენციის ფლობა ყველა საგნისა და საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლისთვის მოიაზრება. მასალა სწავლების მეთოდებსა და სასწავლო რესურსებზე ქართულ ენაზე მასწავლებლებს შეუძლიათ იხილონ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემულ შემდეგ სახელმძღვანელოებში:

1. ევროპის საბჭოს ქარტია დემოკრატიული მოქალაქეობისთვის განათლებისა და ადამიანის უფლებათა სწავლების შესახებ;

2. მასწავლებელთა კომპეტენციების ჩარჩო;

3. სკოლების დემოკრატიული მმართველობა;

4. განათლება დემოკრატიისთვის;

5. ვიზრდებით დემოკრატიულ საზოგადოებაში;

6. ცხოვრება დემოკრატიულ საზოგადოებაში;

7. დემოკრატიის სწავლება;

8. მონაწილეობა დემოკრატიულ საზოგადოებაში;

9. ბავშვის უფლებათა კვლევა.

კომენტარები

comments