ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

სითბო, რომელიც გონების კარს ხსნის

ტემპლის უნივერსიტეტის მეცნიერთა ახალ გამოკვლევაში მონაწილეობა 382-მა მოზარდმა მიიღო. მათ ჯერ კოგნიტურ მგრძნობელობასა და დეპრესიულ სიმპტომებთან დაკავშირებული ტესტები შეავსებინეს, შემდეგ კი 7-თვიანი შუალედით სამჯერ ჩაუტარეს იგივე სახის ტესტირება. ტესტირების დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა მოზარდების სქესს მიენიჭა. აღმოჩნდა, რომ კვლევის  პერიოდში გოგონების დეპრესიულმა ფონმა იმატა, ვაჟებში კი იკლო. ვაჟებთან შედარებით, გოგონები უფრო ბევრს განიცდიდნენ და ხვდებოდნენ სტრესულ სიტუაციებში. „სტრესი დეპრესიის ერთ-ერთი საფუძველთაგანია. მასწავლებლებმა და ექიმებმა უნდა იცოდნენ, რომ მოზარდი გოგონები უფრო ხშირად არიან სტრესის მსხვერპლი და აუცილებელია უფროსების დროული ჩარევა,” – ამბობს მკვლევარი ჯესიკა გამილტონი.      

მკვლევართა მეორე ჯგუფი აღმოსავლეთ ბრიტანეთის უნივერსიტეტიდან მიიჩნევს, რომ სტრესისადმი ნაკლებად მიდრეკილნი არიან მოზარდები, რომლებსაც მშობლები საკუთარ თბილ გრძნობებს არასოდეს უმალავენ და სიყვარულით ზრდიან. მკვლევარები ირწმუნებიან, რომ მშობლები არ უნდა მოერიდონ სითბოს გამოხატვას, რადგან ეს მათი შვილების ფსიქიკურ ჯანმრთელობას წაადგება. 

5 ათასამდე ოჯახის გამოკითხვის შემდეგ დადგინდა, რომ იმ მშობლების შვილები, რომლებიც ბავშვების თანდასწრებით ერთმანეთის მიმართ სითბოს ღიად გამოხატავდნენ, მომავალში სამაგალითო მშობლებად იქცნენ. ისინი ნაკლებად უყვირიან ბავშვებს, მეტი ყურადღებით ეკიდებიან მათ საჭიროებებს. კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ მკაცრი აღზრდის ნორმები, მაგალითად ისეთი, როგორიც ჩინეთშია, ბავშებვს თვითშეფასების უნარს უქვეითებს. 

ამ მკვლევართა ჯგუფის მოსაზრებებს კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებიც უერთდებიან. ისინი მოუწოდებენ მშობლებს დაუფარავად მოახდინონ სიყვარულისა და სხვა დადებითი ემოციის დემონსტრირება. დასჯაზე ორიენტირებული მშობლები მუდმივად უნდა ელოდონ ბავშვის ცუდ ქცევას. დაუმორჩილებელ ბავშვსაც კი ჩახუტება და შექება მეტად აგრძნობინებს მშობელთა პოზიტიურ დამოკიდებულებას. იმისათვის, რომ უფროსი თაობის მითითები არ გაუფასურდეს, ფსიქოლოგები ურჩევენ დააიგნორონ ბავშვების ქცევითი შეცდომები. 

ბავშვებს განსაკუთრებით ესაჭიროებათ ფიზიკური კონტაქტი, მით უფრო ადრეულ ასაკში. უამრავი კვლევა გვიჩვენებს, რომ ის ბავშვები, რომლებიც ხელში აჰყავთ, გულში იკრავენ და ეფერებიან, გაცილებით ჯანმრთელები და გონიერები იზრდებიან, ვიდრე ისინი, ვინც მშობლებისგან დისტანცირებულია. 

მიუხედავად იმისა, რომ მოზარდულ ასაკში ბავშვები ბევრ რამეს აპროტესტებენ და ყველა გზით ცდილობენ მოიპოვონ თავისუფლება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ არაფერში სჭირდებათ მშობლების სიყვარული. შვილებთან კომუნიკაციის გასამყარებლად მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ ის, რომ მათ საკუთარი ინტერესები და მოლოდინებიც აქვს. მშობლება უნდა მისცენ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიიღების უფლება. შესაძლოა მოზარდი ყველაფერში დაეთანხმოს დედას და მამას, მაგრამ თავი ცუდად იგრძნოს და ამის გამო განუვითარდეს სტრესი, დეპრესია, გახდეს აგრესიული, დაიწყოს ნარკოტიკების მოხმარებას და სხვ.

არსებობს მეორე უკიდურესობა – ბევრი მშობლის მზრუნველობა უსაზღვროა და გონივრულ ფარგლებს სცილდება. ვირჯინიის უნივერსიტეტში ჩატარებული ახალი ექსპერიმენტის შედეგი ცხადყოფს, რომ მშობლები, რომლებიც ბავშვების ცხოვრებაში ძალიან აქტიურ მონაწილეობენ, ვნებენ მათ დამოუკიდებლობას. ასეთი მოზარდები მხოლოდ მშობელთა მოტივაციიდან გამომდინარე იღებენ გადაწყვეტილებებს. მშობლის კარნახის, მათი თანადგომის გარეშე მათთვის ცხოვრება წარმოუდგენელი ხდება და გლობალური თუ წვრილმანი გადაწყვეტილების მისაღებად მუდმივად მიმართავენ მშობლებს.

ვირჯინიის უნივერსიტეტის კვლევაში 13-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდები მონაწილეობდნენ. ისინი ყვებოდნენ თუ რამდენად მძლავრად აკონტროლებენ მშობლები. მკვლევარებმა ისიც შეაფასეს რა სახის ურთიერთობა ჰქონდათ ამ მოზარდებს თანატოლებთან – მეგობრებთან, „შეყვარებულებთან”. ის მოზარდები, ვისაც უჭირდა სხვა ადამიანებთან კონტაქტის დამყარება, მშობლების მხრიდან უფრო მკაცრ ფსიქოლოგიურ კონტროლს განიცდიდნენ. მათ მშობლებს სულ იმის შიში ჰქონდათ, რომ ბავშვებზე ვინმეს „ცუდ ზეგავლენას” მოახდენდა. მკვლევართა შეფასებით, უფროსების მხრიდან ზედმეტი კონტროლი ბავშვის განვითარებას ხელს უშლის, ისინი ვერ იცავენ საკუთარ შეხედულებებს. ეს კი მძიმედ აისახება მათ ზრდასრულის ცხოვრებაზე.    

 

მოამზადა ირმა კახურაშვილმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი