პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ალტერნატიული საქართველოს შესახებ

ხელოვნება უკვე ალტერნატივაა. ლიტერატურა – სიტყვით დადასტურებული შესაძლებლობა. როცა მწერალი მხატვრულ სამყაროს ქმნის, ის სინამდვილის  ალტერნატიულ ვერსიას გვთავაზობს, ხოლო თუ ეს ქმნადობის აქტი მაღალი ოსტატობითაა აღბეჭდილი, ასეთ შემთხვევაში, იბადება განცდა, რომ – მწერალმა არა ალტერნატიული სინამდვილე, არამედ პარალელური, მეორე, სხვა სინამდვილე დაინახა და დაგვანახა.

ზოგჯერ კი, ეს მეორე, შესაძლოა, პირველიც აღმოჩნდეს.

შემოქმედებით ძალისხმევას გააჩნია, წარმოსახვას, ხედვის სიცხადეს და კიდევ იღბალს – მოხვდა თუ არა მწერალი საჭირო დროსა და საჭირო ადგილას, სიცოცხლის და ჭეშმარიტების გადაკვეთის ნემსის ყუნწისხელა წერტილში.

ცოტა ხნის წინ, გამომცემლობა „ინტელექტმა“ ერთი უცნაური პრეზენტაცია დააანონსა – ახალი წიგნის წარდგენაზე მკითხველებს, არც მეტი და არც ნაკლები, მეტროსადგურის გვირაბში ეპატიჟებოდნენ. წიგნი კი გურამ მეგრელიშვილის „საქართველოს ალტერნატიული რუკა“ გახლდათ. წარდგენამ, გარემოს შესაბამისად, არაორდინალურად და მხიარულად ჩაიარა, თუმცა ეს ის ბედნიერი შემთხვევა აღმოჩნდა, როცა მკითხველის შთაბეჭდილება „ეფექტისთვის“ არჩეულ (თემატურ) გარემოში კი არ ჩარჩა და ჩაიკარგა, არამედ, მთავარი „ეფექტი“ სწორედ წარდგენის მერე, კითხვისას მოახდინა წიგნმა. ამაზე უკვე ბევრგან ითქვა, კერძო საუბრებში, მეგობრული აზრთა გაცვლა-გამოცვლისასაც და საჯაროდაც.

გურამ მეგრელიშვილის ახალი კრებული „საქართველოს ალტერნატიული რუკა“ რომანის ელემენტებსაც შეიცავს – საერთო პროტაგონისტი ჰყავს (მართალია, ნოველიდან ნოველამდე შესაძლოა „ზნეს და ფერს“ იცვლიდეს, ხან არტისტულად სასოწარკვეთილ, ხანაც – სამაგალითოდ წარმატებულ ტიპად გვევლინებოდეს, მაგრამ ყველა ამბავს ის ჰყვება. ეს ნიშნავს – აქვს თავისი ენა, დამახასიათებელი იუმორი/სარკაზმი, იდეალები და ა.შ); სამოქმედო არეალიც წინასწარვე განსაზღვრულია და მოქმედებაც, მართალია ფრაგმენტულად და დიაქრონულად, მაგრამ მაინც ვითარდება ერთი კონკრეტული საწყისი წერტილის შემდეგ. ჩემი ფიქრით, ამ წიგნში მთავარი სწორედ ეს წერტილია, ერთგვარი სამანი, დაახლოებით ისეთი სააზროვნო პარადიგმით, როგორითაც განვმარტავთ კონტექსტებს – წარღვნამდელი/წარღვნის შემდგომი.

აშკარაა, რომ მწერლის მიერ შექმნილ ალტერნატიულ საქართველოში რაღაც დიდი და მშვენიერი, წარღვნის ტემპერატურის ტოლფასი ცვლილება უკვე მომხდარია და ქვეყანა სულ სხვა მხრივ იწყებს შეუქცევად განვითარებას. ამ სინამდვილეში კი შესაძლებლობათა ფეიერვერკია – ლამის ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმული საქართველოს იდეალური სოციალურ-პოლიტიკური და საზოგადოებრივ-კულტურული განვითარების მოდელი.

ბუნებრივია, მძლავრი წარმოსახვით შექმნილ ამ სახალისო და სასურველ პროექციას ღიმილის გარეშე ვერ წაიკითხავთ. ვინმესთვის, შესაძლოა, ეს სიმწრის ღიმილიც იყოს, ნიჰილისტური ხელის ჩაქნევით, თუმცა ესეც მისი ნებაა. საერთოდ, ყველაფერი ხომ მკითხველის ნებაა, ისევე, როგორც ავტორის, რომელმაც, კაცმა არ იცის, რა განზრახვით, რაღაც ახალი, მეორე და სხვა სინამდვილე შემოგვაპარა ან სულაც, დაგვაძალა.

მაცხოვარივით – თომა მოციქულის თითს რომ ჭრილობებში თავად ჩაიყოფს და მშვიდად, ღიმილით გამოგვხედავს სახარებიდან…

გურამ მეგრელიშვილის ალტერნატიული საქართველო კი, თავისი სამაჩაბლო-ჰერეთ-აფხაზეთით, ასე გამოიყურება:

ჭიათურა საუნივერსიტეტო ქალაქად ქცეულა და სხვადასხვა მხრიდან ჩამოსულ სტუდენტებს, ისევე როგორც რამდენიმე ქალაქიდან საგანგებოდ ამ მიზნით დაძრულ მომხმარებლებს – „ჭიათურა-TRADE_ CENTRE“, უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი ემსახურება. ლანდშაფტიდან სრულიად ამოვარდნილი, მრავალსართულიანი სასტუმრო „მაღარო Palace“ კი სტუმრებს ვერ იტევს; ზესტაფონს მწერალი ბორის აკუნინი სტუმრობს და მისივე სახელობის ქუჩაზე სეირნობს; ინოვაციური ტექნოლოგიური მიღწევების ცენტრი – ლანჩხუთი, დაკიდებული საფეხბურთო მოედნით, სუფსაზე მცურავი უნივერსიტეტით, მომავლის მუზეუმით და ფილიმონ ქორიძის სახელობის ღია ამფითეატრით, საქართველოს ახალარჩეულ პრეზიდენტს – გიორგი კეკელიძეს მასპინძლობს; ცხინვალიდან ნიქოზში ტრამვაი დადის და ხაშურში დისნეილენდის ფილიალია; სამეცნიერო ლაბორატორია, რომელიც ხვამლის მთაზე აუშენებიათ, მიღმური სამყაროს მეტაფიზიკურ ტელეპორტაციაზე მუშაობს; კაზინოები, ბორდელები, ტოტალიზატორები და მსგავსი მავნე მიდრეკილებების ადგილები, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორცმეტებივით იყო ამოზრდილი, ჯანდარაში გადაუტანიათ და სლოგანსაც „ჯანდარამდე გზა გქონია“ საუკუნოვანი მნიშვნელობა ენიჭება…

კიდევ უამრავი რამის ჩამოთვლა შეიძლება. მწერლის ფანტაზია უშურველად ქმნის საქართველოს  ახალ ვერსიას და ამ ამბავში, რომელიც თამაშსაც ჰგავს, მკითხველს ბუნებრივად ითრევს – ტექსტში გამოყენებულია QR კოდები, რომლის სკანირებითაც (მარტივი აპლიკაცით) შეგიძლიათ გააცოცხლოთ ის ვიზუალური მასალა, რაც სპეციალური აღნიშვნით ცალკეა გამოტანილი. ასევე, შენიშვნების სახით, ტექსტს უხვად ახლავს ტოპონიმთა, მოვლენათა და პერსონაჟთა განმარტებები, რაც მხატვრულ ტექსტს დოკუმენტურ სიზუსტეს ანიჭებს. ყოველი ნოველის ბოლოს კი, დართულია სანახავი ადგილების სია. მოკლედ, ეს წიგნი ყველასთვისაა, ვისაც მოგზაურობა უყვარს. მოგზაურობა ქვეყნის შიგნითაც და საკუთარ თავშიც.

მხატვრულ წარმოსახვაზე ბევრი ვილაპარაკე. მაგრამ, ერთი რამე უნდა აღვნიშნო აუცილებლად – მიუხედავად „ალტერნატიული“ სულისკვეთებისა, იუმორით გაჯერებული შესაძლებლობების მაინც უტოპიური ატმოსფეროსი, ეს წიგნი მკაფიო სამოქალაქო პოზიციით დაწერილი ტექსტების კრებულია, და ასე მგონია და მჯერა, რომ მწერლისთვის ეს უკანასკნელი – სამოქალაქო პოზიცია – დღესაც და ყოველთვის, ყველა დროში, ალბათ შემოქმედებით პასუხისმგებლობაზე არანაკლებად მნიშვნელოვანი უნდა იყოს.

მით უმეტეს, რომ გურამ მეგრელიშვილი თავადაა აქტიური სამოქალაქო პერსონა – ხშირად მოგზაურობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეშიც და მსოფლიოს ქვეყნებშიც, არაერთი წარმატებული პროექტის და ინიციატივის ავტორია, პირადად ეცნობა იმ პრობლემებს, რომელთა დაძლევის პერსპექტივებსაც წიგნში გვთავაზობს.

მოკლედ, გურამ მეგრელიშვილი სანდო მწერალია. ეს ნიშნავს, რომ მის მიერ დანახული და მოყოლილი ალტერნატიული საქართველო სრულიად შესაძლებელი სინამდვილეა, თუკი, მხოლოდ კი არ ვიოცნებებთ, არამედ გულით და შეგნებით ჩავერთვებით ამ შესაძლებლობების ათვისების საქმეში.

რაღა დავმალო და, მე იმ დღესაც მოუთმენლად ველოდები, როცა რომელიმე კონკრეტული იდეა „საქართველოს ალტერნატიული რუკიდან“, ვინმეს სხვანაირად მოხვდება გულზე, დააფიქრებს და შეუდგება მის განხორციელებას.

წიგნები სულის და გონების მღვიმეებში იწერებიან და დღის სინათლეზე აგრძელებენ ცხოვრებას. შეუცნობელია მათი წუთისოფელიც…

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი