პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

მე ვბედავ…

ბავშვობაში, სხვა ბავშვებივით, ზღაპრებს ვკითხულობდი. ერთ ციხე-კოშკში მზეთუნახავი ცხოვრობდა, რძისფერი კანი და ოქროსფერი თმა ჰქონდა. მზეს და მზეთუნახავს ერთმანეთი ნანახი არ ყავდათ. არც იყო გასაკვირი, მზეს თუ ნახავდა, მზეთუნახავი ხომ აღარ იქნებოდა?…მისი მშვენიერების ამბავი ციხე-კოშკის საზღვრებს გასცდა და ერთ დღეს, რომელიღაც ჯიშის ჩიტუნას მეშვეობით ერთმა პრინცმა მინდვრის ყვავილების თაიგული მიუძღვნა. თაიგულში ორ სიტყვიანი წერილიც იდო-„მე ვბედავ…“

„მე ვბედავ“- „j’ai osé“, სწორედ ასე ქვია გი ლაროშის სუნამოს, რომელიც 1978 წელს შექმნა.

დღეს მეც ვბედავ და სუნამოებზე ვწერ.

სუნამოების  ქიმია უძველესია. პირველი პარფიუმერი ქალი მესოპოტამიაში ცხოვრობდა და ტაპუტი ერქვა. ძველი ტექსტები და კედელზე მოხატული ამბები გვამცნობს, რომ პარფიუმერია ეგვიპტელი ქურუმების მიერ, პირველად რელიგიურ ცერემონიებში იყო გამოყენებული.  სურნელით ღვთაებებს აამებდნენ. ასევე,  ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და საცხოვრებელი გარემოს კარგი სურნელისთვის ზრუნავდნენ. პარფიუმის ისტორია ახალ ნახტომს მეთორმეტე საუკუნიდან, სავაჭრო ურთიერთობების განვითარებასთან ერთად აკეთებს. ვენეცია პარფიუმის დედაქალაქი ხდება. სწორედ აქ შემოდის ეთერზეთები აღმოსავლეთიდან. შემდეგი მნიშვნელოვანი თარიღი მე-14-ე საუკუნეა. სწორედ ამ დროს შექმნეს თხევადი სუნამოები სპირტის და ეთერზეთების საფუძველზე. მაშინ, არომატულ წყალს ეძახდნენ. ერთი ლეგენდის თანახმად, პირველი „არომატული წყალი“ , როზმარინის მეშვეობით ბერმა დაამზადა და  უნგრეთის დედოფალს მიუძღვნა. დედოფალი მძიმედ ყოფილა ავად და სურნელს გამოუკეთებია. მე-16-ე საუკუნეში მოდაში სურნელოვანი ხელთათმანები შემოვიდა. შესაბამისად, პარფიუმერის და ხელთათმანის ოსტატის პროფესიები გაერთიანდა. თუმცა, მოგვიანებით ხელთათმანებზე მოთხოვნილება შემცირდა, სუნამოებზე კი პირიქით, გაიზარდა (მოგეხსენებათ, შუა პერიოდის და ოდნავ იქეთაც, ევროპაში ჰიგიენასთან ცოტა მწყრალად იყვნენ. ამიტომ, უსიამოვნო სუნს სუნამოების სურნელით ახშობდნენ). „მეხელთათმანეების“ და პარფიუმერების გილდია ერთმანეთს საბოლოოდ  საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ დაშორდა და ორი დამოუკიდებელი ჯგუფი შექმნეს.

1608 წელს ფლორენციაში სანტა მარია ნოველას მონასტერში პირველი პარფიუმერული ფაბრიკა შეიქმნა. 1709 წელს კელნში ფრანგმა ჟან-მარი ფარინამ ტუალეტის წყლის პირველი ვერსია შექმნა და „კელნის წყალი“ დაარქვა. საფრანგეთში კი იმავე პროდუქტმა მე-18-ე საუკუნიდან დაიმკვიდრა ადგილი „ოდეკოლონის“ სახელით. იმპერატორი ნაპოლეონი თვეში თურმე,  60 ფლაკონს იყენებდა. მე-20-ე საუკუნის ოციანებიდან არომატების შექმნა სინთეზური გზით დაიწყეს. მაგ. ალდეჰიდები პირველად „შანელი #5“-ის შექმნისას გამოიყენეს.

დღეს სურნელი მილიონობით დოლარის ინდუსტრიის ნაწილი გახდა.  ყველაფერთან ერთად, სურნელს,  საჭმლის და სასმელის მიმზიდველობისთვისაც კი იყენებენ.

სურნელი ეთერ ზეთების ნარევისგან იქმნება.  წყარო შესაძლებელია მცენარეებიდან  ან ცხოველებიდან გამოყონ, ან სულაც ქიმიკოსმა შექმნას ლაბორატორიაში.  ეგვიპტელები იყენებდნენ „დაწნეხის“ მეთოდს, ყვავილებისგან და სხვა მცენარეებისგან მიღებულ ეთერზეთებს  ცხოველების ცხიმს ან სხვა ზეთებს შეურევდნენ. ექსტრაქციის მეთოდის სრულყოფამ ბუნების სურნელის გაცოცხლება უფრო მძაფრი გახადა. ქიმიკოსებს სხვადასხვა კომპონენტების შერევით, ათასობით არომატული ზეთის და სუნამოს დამზადება შეუძლიათ.

დღეს პარფიუმერია ალკოჰოლის, ეთერზეთის  და წყლის ბაზაზე იქმნება. არომატები მოთავსებულია ე.წ. „კაფსულებში“, სუნამოს დატანებისას  კაფსულები სკდება და იწყება აორთქლება. წარმოიქმნება დამახასიათებელი სურნელი. სუნამო დამოკიდებულია არომატული ნივთიერებების კონცენტრაციაზე, რომელიც გახსნილია ეთანოლში ან წყალსა და ეთანოლში. რაც მეტად არის კონცენტრირებული, მით დიდი ხნით დარჩება არომატი კანზე.  კონცენტრაცია  სუნამოს სამი ტიპით გადმოიცემა:

პარფიუმის წყალი-Eau de Parfum-(უმაღლესი ხარისხის)-არომატული ნივთიერებების 10-20%-ს შეიცავს;

ტუალეტის წყალი Eau de Toilette-(შედარებით დაბალი ხარისხის)- არომატული ნივთიერებების 5-15%-ს შეიცავს;

სხეულის სპრეი -არომატული ნივთიერებების 3-8%-ს შეიცავს;

სუნამოს სურნელი ერთი არომატისგან არ შედგება, ის მრავალი არომატის შერევით იქმნება და მათ არომატის „ნოტებს“ უწოდებენ. რომელიმე „ნოტი“ შეიძლება წამყვანი იყოს და გამოირჩეოდეს, ზოგიც აქტიურდებოდეს ადამიანის (ვისაც ასხია) გააქტიურების დროს.  ისინი შეიძლება იყოს ცხელი და გრილი.

საწყისი „ნოტები“ მცირე ზომის მსუბუქ მოლეკულებს შეიცავენ და სწრაფად ორთქლდებიან. მაგ. საწყის „ნოტად“ესთერი მეთილბუტირატი C5H10O2 გამოდგება.   მასა-102,1გ/მოლია; ძალიან მალე ორთქლდება. ვაშლის და ანანასის არომატი აქვს.

ე.წ. გულის „ნოტები“-საშუალო ზომის მოლეკულებს შეიცავენ, რომლებიც შეიგრძნობა საწყისი „ნოტების“  აორთქლების შემდეგ. მაგ. ესთერი -ბენზილაცეტატი,  რომელიც ბენზილის სპირტისა და ძმარმჟავასგან წარმოიქმნება C9H10O2; მასა-150,2გ/მოლია;  საშუალო სიჩქარით აორთქლდება; ჟასმინის არომატი აქვს;

საბაზისო „ნოტები“ დიდი ზომის მოლეკულებია, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ორთქლდებიან. კანზე დიდი ხნით რჩებიან. მაგ. მუსკონი C16H30O2,  მასა-238,4გ/მოლია; ძალიან ნელა ორთქლდება. მუსკატის კაკლის სურნელი აქვს.

რთული ეთერი (ესთერი) კარბოქსილის მჟავასა და სპირტის ურთიერთქმედებით წარმოიქმნება და პროცესს ესთერიფიკაციის  რეაქცია ეწოდება. ეთერებზე და ესთერებზე ოდნავ ვრცლად „ეთერი დეიდაში“ წაიკითხეთ https://mastsavlebeli.ge/?p=3910.

სხვადასხვა მჟავას და სპირტის კომბინაციით განსხვავებული სურნელის მიღება შეიძლება.

კარბოქსილის მჟავა სპირტი სურნელი
მეთანმჟავა (ჭიანჭველმჟავა) იზობუტანოლი ჟოლო
ეთანმჟავა (ძმარმჟავა) იზოპენტანოლი მსხალი
ეთანმჟავა (ძმარმჟავა) ოქტანოლი ფორთოხალი
ეთანმჟავა (ძმარმჟავა) ბენზილის სპირტი ჟასმინი
ბუტანმჟავა (ერბომჟავა) მეთანოლი ანანასი
ბუტანმჟავა (ერბომჟავა) ეთანოლი მარწყვი
პენტანმჟავა (ვალერიანმჟავა) პენტანოლი ვაშლი

 

სურნელი დაყოფილია „ნოტებად“. მათი ერთმანეთში არევით არეულობა გამოვა. საწყისი „ნოტი“ ვერ გახდება გულის და პირიქით.

საწყისი „ნოტი“ გულის „ნოტი“ ძირითადი „ნოტი“
ვაშლი ირისი ნუში
ბერგამოტი ჟასმინი ალოე ვერა
შავი ალუბალი ლავანდა კარამელი
შავი ჩაი ლოტუსი ყავა
ციტრუსი მელისა შოკოლადი
მწვანე ვაშლი მიმოზა მუსკატი
კივი ორქიდეა ვანილი
მანგო პაპაია არომატული გუმფისი
მარწყვი ნარცისი პაჩული
ბროწეული ილანგ-ილანგი ზღვის ბრიზი

 

სუნამოს შექმნა გაკვეთილზეც შეგიძლიათ. ჯერ მოიფიქრეთ, რას გააკეთებთ და ცხრილი შეავსეთ. შემდეგ, საქმეს შეუდექით.

სურნელის ეთერზეთი ნოტის ტიპი წვეთების რაოდენობა
     
     
     

 

„j’ai osé“-ს სურნელი შემდეგია: საწყისი „ნოტები“-ციტრუსი, ატამი; გულის „ნოტები“-სანდალის ხე,  ჟასმინი, ვეტივერია, კედარი და ვარდი; ძირითადი „ნოტები“-მუხის ხავსი, ქარვა, მუსკატი და ბენზოინი.

მე სახელდახელოთ ასეთ რეცეპტს შემოგთავაზებთ: აიღეთ პატარა მინის ბოთლი და მოიმარაგეთ ეთერზეთები. ბოთლში ჩაასხით 5-8მლ სამედიცინო სპირტი  და 1-2მლ გლიცერინი. გლიცერინი საჭიროა სუნამოს მდგრადობისთვის, სპირტი მალევე, რომ არ აორთქლდეს.

კარგად შეანჯღრიეთ, სანამ არ წარმოიქმნება ემულსია, რომელშიც ეთერზეთებს გახსნით. დავიწყოთ საწყისი „ნოტებით“: ფორთოხლის ეთერზეთი-1 წვეთი; ბერგამოტი-2 წვეთი; გულის „ნოტი“: ილანგ-ილანგი-5-6 წვეთი; ჟასმინი-2 წვეთი; ძირითადი „ნოტი“: პაჩული-2-3 წვეთი; ბოთლს სახურავი კარგად მოარგეთ და ეთერზეთების სრულად გასახსნელად კვლავ შეანჯღრიეთ.  შედეგად, მივიღეთ სუნამოს კონცენტრატი, რომელიც ორი კვირის განმავლობაში ბნელ ადგილას უნდა ინახებოდეს. ჩვენი მოვალეობა მისი დრო და დრო შენჯღრევაა. ორი კვირის შემდეგ ორჯერ მეტი მოცულობის გამოხდილი წყლით გავაზავებთ და მივიღებთ მზა სუნამოს, უფრო სწორედ, ტუალეტის წყალს.  კანზე დაახლოებით 4 საათს გაჩერდება, თუმცა, დიდი ხნით ვერ შეინახავთ, რადგან მაინც არაქარხნულია, სტერილიზაციას სათანადოთ ვერ დავიცავთ და თავის ხიბლსაც დაკარგავს. თუმცა, მცდელობად ღირს.

გაკვეთილზე  თქვენი სურნელი შექმენით  და დაარქვით სახელი. ვინ იცის, იქნებ რომელიმე მოსწავლეში მომავალი პარფიუმერი თვლემს…

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი