სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

სიტყვათა მარაგის შეძენაზე ორიენტირებული სწავლების სტრატეგიები და პრაქტიკა

კითხვის სწავლების 5 კომპონენტიდან ერთ-ერთი ლექსიკური მარაგის შევსებაა. 

ცნობილია, რომ ნებისმიერი საგნის სწავლებისას დიდი მნიშვნელობა აქვს საგნისთვის დამახასიათებელი  სპეციალური  ლექსიკური  ერთეულების სწავლებას. კითხვის სწავლების კომპონენტებს შორის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.  მაგრამ  კიდევ უფრო  დიდი  მნიშვნელობა  ენიჭება „სიტყვის გამტკიცებისკენ” მიმართულ სწავლებას, რომლის დროსაც მასწავლებელი ყურადღებას ამახვილებს სიტყვის ფორმაზე, მნიშვნელობასა და კონტექსტში მის გამოყენებაზე, რათა მოსწავლეებს გაუმდიდროს სიტყვათა მარაგი და შესძინოს კითხვისთვის საჭირო სხვა ჩვევები. 
სიტყვათა მარაგის ქონა არ ნიშნავს იმას, რომ მოსწავლეს შეუძლია სიტყვათა მნიშვნელობების  ზუსტი განსაზღვრა. ეს არის უნარი, რომელსაც ადამიანების უმეტესობა მათთვის საინტერესო სიტყვების შეზღუდულ რაოდენობასთან მუშაობისას ამჟღავნებს. სიტყვათა მარაგის ზრდა გონებრივ ლექსიკონში მხოლოდ ახალი სიტყვის დამატებას არ ნიშნავს, არამედ ეს იმ ცოდნის დახვეწა და გაღრმავებაა, რომელიც  საშუალებას გვაძლევს ფართო მნიშვნელობით და კონტექსტის შესაბამისად გამოვიყენოთ ნასწავლი სიტყვა. 
ახალი  სიტყვების, ცნებების შესწავლისა და  უკვე ნასწავლის გამტკიცების   საშუალებაა „ტექსტის გარჩევა”.  ამ დროს ტექსტიდან რამდენიმე  რთული სიტყვის განხილვა და, ე.წ. სიტყვის „სამუშაო განსაზღვრების” ჩამოყალიბება მოსწავლეებს ეხმარება გამოიყენონ სხვადასხვა სიტყვა სხვადასხვა კონტექსტში. ამგვარად ისინი სწავლობენ სიტყვების სხვადასხვა კონტექსტსა (მაგალითად, დაუკავშირონ სიტყვა სურათს, მოძებნონ სინონიმი) და სხვადასხვა აქტივობაში გამოყენებას  (მაგალითად, წერისას, თამაშისას და ა.შ. ).
ზოგადად  ახალი  სიტყვისა და ახალი ცნების შესწავლა ერთდროულად ხდება. ის გულისხმობს მოსწავლეებისაგან ახალი ცნებების უკვე ნაცნობი  სიტყვების  გამოყენებით შესწავლას და ასევე ახალ სიტყვებს, რომლებიც უკვე ნაცნობი ცნებებია. ამიტომაა, რომ სიტყვასთან  დაკავშირებული ტერმინების ცოდნა სიტყვის ცოდნის ახალ ასპექტს მიეკუთვნება. სწავლება მაშინ მიმდინარეობს წარმატებულად, როდესაც ცნებების და სიტყვების სწავლება მისი მრავალი გამოვლინებით ხდება. აქ იგულისხმება: 

·კომპოზიტები, ანალოგიები, სინონიმები, ანტონიმები, მეტაფორები, იდიომები და ა.შ; 

·ასევე ის სიტყვები, რომლებიც წინადადებაში შეიძლება ამ სიტყვას ახლდეს, მაგალითად, გამარჯვება, დამარცხება, ტრიუმფი და ა.შ. (მაგ. გუნდი იგებს თამაშს, მაგრამ ამარცხებს მოწინააღმდეგე გუნდს, ან ტრიუმფს აღწევს, ან იმარჯვებს).  
სასწავლო პროგრამის შედგენაზე, რომელიც სიტყვათა მარაგის შეძენას ითვალისწინებს, გავლენას ახდენს ის წასაკითხი ტექსტები, სასწავლო თემები და სიტყვების ჩამონათვალი, რომლებიც სტანდარტითაა გათვალისწინებული. ისინი შეიძლება შეირჩეს გამოყენების სიხშირის და სხვადასხვა საგანში საჭირო ლექსიკის მიხედვით (თუმცა ჯერჯერობით უცნობია სიტყვათა საუკეთესო ნაკრები ან მათი არჩევისა და დაჯგუფების საუკეთესო პრინციპი).   
აღსანიშნავია,  რომ  სიტყვების  სწავლებისა და გამტკიცებისთვის არსებობს სპეციალური   პრაქტიკული ნაწილი – კითხვამდე, კითხვის დროს და კითხვის შემდეგ სწავლება.  ეს დაეხმარება მოსწავლეებს სიტყვების გამოყენების შესახებ ინფორმაციის მოპოვებაში, სხვა მნიშვნელობებისა და ფორმალური განსაზღვრების მოფიქრებაში, ასევე სინონიმების, ანტონიმების, იდიომებისა და მეტაფორების აღმოჩენაში და საბოლოო ჯამში – კონკრეტული საგნის შესწავლაში.  
ზოგადად ამ ტიპის  სწავლებისას მასწავლებლები მოსწავლეებს ორ ძირითად გზას ურჩევენ: 

·იკითხონ ბევრი;
·და ჩამოწერონ მთელი კვირის განმავლობაში ნასწავლი სიტყვები ტესტის დასაწერად. 
მაგრამ ეს არაა საკმარისი. სიტყვათა ფორმების ზუსტი სწავლება სიტყვათა მარაგის ზრდის  საწინდარი მხოლოდ მაშინაა, როდესაც ის პრაქტიკაში სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით ხდება. ამიტომ აუცილებელია კარგად დაიგეგმოს სასწავლო პროგრამა და მოსწავლეები  ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში ისე, რომ მათ შეძლონ ახალი სიტყვების გამოყენება და თვითონ დააკავშირონ ისინი ნაცნობ სიტყვებთან (ზოგიერთ სასწავლო პროგრამაში პირდაპირაა ჩამოთვლილი სხვადასხვა  მეთოდით ერთმანეთთან დაკავშირებული სიტყვები). ასეთი სწავლებისას მოსწავლეები ხშირად იყენებენ ისეთ საშუალებებს, როგორიცაა: ლექსიკონი, განმარტებითი ლექსიკონი და სხვა;  სასწავლო პროგრამა მოსწავლეს უნდა დაეხმაროს, იპოვნოს ტექსტში ის საჭირო სიგნალები (სინტაქსური, პუნქტუაცია და ა.შ.), რომლებიც  მიუთითებენ, რომ ახალი სიტყვების მნიშვნელობა ამავე პარაგრაფშია ახსნილი. ამის პრაქტიკული ღირებულება ძალიან დიდია, რადგან კონტექსტში დამალული სიტყვის მნიშვნელობის პოვნის სწავლება მოსწავლეებს დააზოგვინებს დროს, რომელსაც ისინი ხარჯავენ კითხვაზე.  შედეგად კი სასწავლო პროცესი  წარმატებული  და ეფექტური გახდება. 
საჭირო და ეფექტური შედეგების მისაღებად მასწავლებლებმაც უნდა განივითარონ  მეტყველების უნარი, განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ დამწყები მასწავლებლები, რათა შესაბამისი სიტყვათა მარაგით შეძლონ თვალყური ადევნონ მოსწავლეთა  მეტყველებას, აუხსნან მათ ახალი სიტყვების მნიშვნელობა, რომლებიც თემატური განხილვებისას შეხვდათ.  
     
არსებობს  მთელი  რიგი  სავარჯიშოებისა, რომლებიც ხელს უწყობენ სიტყვათა მარაგის  შევსებას  და  გაფართოებას.  ასეთი  ტიპისაა  ის დავალებები, რომლებიც:

·კომუნიკაციური ხასიათისაა, ხელს უწყობს მოსწავლეებს დამოუკიდებლად შეადგინონ და წაიკითხონ მონოლოგი;

·გამოიყენება ტექსტის სტილისტური  ანალიზისთვის;

·გვეხმარება სიტყვათა მარაგის შევსებაში;

·ტექსტის ლოგიკური სტრუქტურის გაგების დავალებები;

·დავალებები, რომელთა შესრულებისას მოსწავლეები თანმიმდევრულად ალაგებენ სხვადასხვა ცნებებს (მაგალითად, ცხენი, გზა, ხიდი, თელავი, და ა.შ.).
განვიხილოთ კონკრეტული სტრატეგიები, რომლებიც  გამოიყენება სიტყვათა მარაგის გამდიდრებისთვის, „სიტყვათა გამტკიცებისათვის”, ახალი სიტყვების,  მათი მნიშვნელობისა და კონკრეტული საგნისათვის დამახასიათებელი ენის ლექსიკური შემადგენლობის სწავლებისთვის:  
სტრატეგია „არ გაუშვა”
დავალება: მოვუსმინოთ ტექსტს და დავალაგოთ სიტყვები  თემატურად. 
სტრატეგია „საოცრებათა ქვეყანა”
დავალება: განაგრძეთ მასწავლებლის მიერ შემოთავაზებული მოთხრობა ისე, რომ შედეგად მიიღოთ გასართობი ხასიათის ისტორია (მაგალითად, საზღვაო თავგადასავლებზე, დაკარგული ქალაქების ძიებაზე, გამქრალ ცივილიზაციებზე, ჩამარხულ განძზე და ა.შ.
სტრატეგია „ლინგვისტური ლოტო”

დავალება: განვსაზღვროთ, ე.წ. ძველებური სიტყვა-თქმები, რომლებიც დღესაც გამოიყენებიან, თუნდაც სახეცვლილი ფორმით.

სიტყვა

დებიუტი

ვოიაჟი

რეპერტუარი

გალანტერეა

 

 ——–

მნიშვნელობა

 ————-

——–

————–

—————

 

———-

 
სტრატეგია  „ყველაზე  გრძელი  მოთხრობა”

დავალება: შეადგინეთ ტექსტი, სადაც ყველა სიტყვა ერთ ასო-ბგერაზე დაიწყება. გამარჯვებული იქნება ის, ვინც ყველაზე გრძელ ტექსტს შეადგენს. 
სტრატეგია „ასოციაცია”

დავალება: გააგრძელეთ ასოციაციური რიგი შესაბამისი ანალოგიების გამოყენებით. (მაგალითად, წელიწადის დრო – ზაფხული, გაზაფხული, თვე, თოვა, ბარაქიანი შემოდგომა… ასევე: გეროიზმი -….; გართობა – …; კონფლიქტოლოგია – …)
სტრატეგია „შეადგინეთ განსაზღვრება” 

დავალება: შეადგინეთ სტატია ფრაზეოლოგიური გამოთქმებით, განსაზღვრეთ შემდეგი გამოთქმების აზრი:  „კარგი მეისტორიე”, „მეფე ერეკლეს დროს”, „არქიმედეს კანონის მიხედვით” და სხვა.
 
სტრატეგია „ერთი ზედმეტი”

დავალება: ამოიწერეთ ერთი ზედმეტი სიტყვა, სიტყვათწყობა, წინადადება და ჩამოთვალეთ იმავე პრინციპის გამოყენებით: 

oენგური, იორი, რიწა, მტკვარი, ალაზანი, ალავერდი, ყინწვისი, შატბერდი და ა.შ.
სტრატეგია  „ინფორმაციის აგება ალგორითმის გამოყენებით”

დავალება: შეადგინეთ მაქსიმალური რაოდენობა ერთმანეთთან დაკავშირებული წინადადებებისა, რომელთა სტრუქტურა და შინაარსი  შეესაბამება ალგორითმს: „ფაქტი (რა მოხდა კონკრეტულად) – მიზეზი – საბაბი – ანალოგია და შედარება – შედეგები;   ან „ ვინ – რა – სად – რატომ – რისთვის – როგორ – როდის”.
სტრატეგია „სცენარების შედგენა”

დავალება: წარმოიდგინეთ თქვენი თავი კინოოპერატორის რანგში და ტექსტი აზრობრივად ნაწილებად ისე  დაყავით, რომ  მან მიიღოს ცხრილის ფორმა : 
 

 

საერთო გეგმა

 

შუალედური გეგმა

მსხვილი პლანით

 

 

 

 

 

 
სიტყვათა  მარაგის  შეძენაზე  ორიენტირებული  სწავლების  სტრატეგიების გამოყენებისას გაკვეთილები ხალისიანად და ნაყოფიერად  მიმდინარეობს,   მასწავლებლებს   უადვილდებათ დასახული მიზნების მიღწევა და  მაღლდება მათი ცოდნის დონე. ამიტომ, მათი გამოყენება სასკოლო პრაქტიკაში სასურველი და მიზანშეწონილია. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი