სამშაბათი, მარტი 19, 2024
19 მარტი, სამშაბათი, 2024

წერილები ასტრიდ ლინდგრენისგან

ყველას გამოგვივლია ბავშვობისა და მოზარდობის მძიმე წლები, როცა წარმოდგენა არ გვქონდა, როგორი იყო სამყარო, რას გვიმზადებდა მომავალი, სად ვიპოვიდით სიმშვიდეს და როგორი იქნებოდა ცხოვრება სკოლის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობა ალბათ ბევრისთვის უდარდელი ხანაა და ყველაზე ტკბილი მოგონებები ბავშვობიდან მოდის, ადამიანის ცხოვრების ამ ადრეულ წლებს თავისი სირთულეებიც ახლავს. ვის არ გგონებიათ თავი 12 წლის ასაკში ყველაზე შეუხედავი, ვის არ გიფიქრიათ, რომ თქვენზე სულელი ქალაქში არავინ დადის და არავის უყვარხართ, მშობელ დედასაც და მამასაც კი.

ჩემს ბავშვობას მრავლად ახლავს მსგავსი მოგონებები, მაგრამ მიუხედავად ამ თუ სხვა სირთულეებისა, გვერდით მყავდა ძალიან ახლო და ძვირფასი მეგობარი, დეიდა ასტრიდი და მისი უკვდავი პერსონაჟები. მე ძალიან მიჭირს ვიპოვო ვინმე, ვის ბავშვობაშიც ფეხი არ შეედგას ამ საოცარ შვედ ქალს თავისი დაუვიწყარი ისტორიებით და ონავარი პერსონაჟებით. გიყვარს თუ არა ლიტერატურა, კარგი ადამიანი ხარ თუ ცუდი, ბანკის ოფიცერი ხარ თუ მსახიობი, ყველას ცხოვრებაში იყო ასტრიდი, მაგრამ ზოგ ადამიანს იმაზე მეტად გაუმართლა, ვიდრე დანარჩენებს. ერთ-ერთი ასეთი იღბლიანი ადამიანი სარა შვარტია, რომელიც გარდა იმისა, რომ  კითხულობდა ასტრიდ ლინდგრენის წიგნებს, ასევე წერილებს იღებდა ავტორისგან წლების განმავლობაში.

ცნობილი ფაქტია, რომ ასტრიდ ლინდგრენი არავის ტოვებდა უპასუხოდ, ის ყოველთვის პოულობდა დროს, პასუხი გაეცა ყველა მისი თაყვანისმცემლისთვის. წერილები დასტებად მისდიოდა მწერალს, მაგრამ ქალი მაინც ახერხებდა გული არავისთვის დაეწყვიტა, ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ასაკში არ შევიდა. ამის შემდეგ მხოლოდ სტანდარტული შაბლონით შემოიფარგლებოდა.

სარა შვარტიც ერთ-ერთი ჩვეულებრივი შვედი გოგონა იყო, რომელსაც ძალიან უყვარდა მისი ქვეყნის გამორჩეული ავტორის წიგნები და ოცნებობდა მსახიობობაზე, უნდოდა პეპის და სხვა ცნობილი პერსონაჟის როლები ეთამაშა ეკრანიზაციებში და სწორედ ამიტომ მისწერა ასტრიდს. მათი მიმოწერა თითქმის ოცი წელი გაგრძელდა. სარამ თავისი საყვარელი ავტორისგან ორმოცამდე წერილი მიიღო და სხვადასხვა დროს ძალიან დიდი როლი ითამაშა მის ცხოვრებაში „პეპი გრძელიწინდას“ და „სახურავის ბინადარი კარლსონის“ ავტორმა.

გიფიქრიათ, რა შეიძლება დაგემართოთ 14 წლის ასაკში, თქვენი საყვარელი მწერლისგან წერილი რომ მიიღოთ. თან წერილიც არის და წერილიც. ერთ-ერთ წერილში ასტრიდი პატარა სარას არწმუნებს, რომ მასზე ლამაზი გოგო ცოტა უნახავს და არასდროს იფიქროს, რომ შეუხედავია. ასტრიდი ყველა წერილში გულისყურით ეკიდება გოგონას პრობლემებს, აძლევს რჩევებს დაუნანებლად და ყველა სიტყვას ფრთხილად არჩევს, ზრუნავს გოგონას ფსიქიკაზე და არასდროს მალავს განსაკუთრებულ სიმპათიას მის მიმართ.

წერილების კრებული „შენს წერილებს ბალიშის ქვეშ ვინახავ“, რომელიც 2012 წელს, ასტრიდი გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ გამოიცა შვედეთში, ქართულად გამომცემლობა ინტელექტმა თარგმნა (მთარგმნელი: ლიკა ჩაფიძე). წიგნში თავმოყრილია 1971 წლიდან 2002 წლამდე დაწერილი წერილები. სარა შვარტი 11 წლის იყო, როცა წერილების წერა დაიწყო, ხოლო ასტრიდი 53 წლის. წიგნში ასტრიდი ჰყვება, როგორ წერს თავის ძალიან ცნობილ რომანებს, „ძმებ ლომგულებს“ და „ყაჩაღის ასულ რონიას“, პატარა გოგონას უყვება, რას ნიშნავს, როცა ცნობილი ადამიანი ხარ; ისინი ძალიან ღიად მსჯელობენ ბევრ საკითხზე.

გარდა იმისა, რომ წიგნი ძალიან ძვირფასი შეიძლება აღმოჩნდეს ლინდგრენის მოყვარულებისთვის, ასევე ვფიქრობ, რომ ეს წიგნი ძალიან დროული და მნიშვნელოვანია ჩვენი მასწავლებლებისთვის, რადგან წერილებში ძალიან კარგად ჩანს, როგორ უნდა ვესაუბროთ ბავშვებს, როგორ უნდა გამოვნახოთ საერთო ენა და რა უმჯობესია, დავარიგოთ ჭკუა და დავმოძღვროთ, თუ ვიყოთ მათი მეგობრები და უბრალოდ მოვუსმინოთ.

ასტრიდი რჩევებს არ ინანებს პატარა გოგონასთვის, კითხულობს ყველა მის წერილს, ეხმარება მორალურადაც და ფინანსურადაც და ჩვენც, მკითხველები თვალს ვადევნებთ წერილებს შორის როგორ იზრდება სარა და რა გავლენას ახდენს მასზე დეიდა ასტრიდის სიტყვები.

ასე რომ, თუ გაინტერესებთ, რა ხდება დიდი ავტორების წიგნებს მიღმა და როგორები არიან ისინი რეალურ ცხოვრებაში, აუცილებლად წაიკითხეთ წიგნი დიდ სიყვარულზე. დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთხელ დააფასებთ ასტრიდ ლინდგრენს. ერთია, როცა ხარ კარგი საბავშვო მწერალი, დაწერილი გაქვს უამრავი წიგნი ბავშვებისთვის და შეგიძლია ფეხი-ფეხზე გადაიდო და სხვა არც არაფერი გააკეთო და მეორეა, როცა შეგიძლია იყო ძალიან კარგი მეგობარი პატარა ადამიანებისთვის, იცოდე რა ხდება მათ გულში და იპოვო დრო და ენერგია მათთვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი