პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

როდის და როგორ გამოვიყენოთ დასჯა

რაც უნდა წარმატებით მუშაობდეს, მასწავლებელს საკლასო ოთახში ადრე თუ გვიან აუცილებლად მოუწევს დასჯის გამოყენება. პედაგოგებს ეს სავსებით ბუნებრივი ეჩვენებათ, რადგან, როდესაც თვითონ იყვნენ მოსწავლეები, მათაც სჯიდნენ. პოეტიც ხომ ამბობს: „ნუ გენაღვლების სწავლაზე ყრმის წკეპლის ცემით კივილი…”
დასჯის გამოყენების საკითხისადმი მიძღვნილი კვლევები მცირერიცხოვანია, რადგან ასეთ ექსპერიმენტებში ადამიანების ჩართვა ჭირს და ეთიკურადაც გაუმართლებელია, თუმცა არსებობენ მოხალისეები, რომლებზე ჩატარებული კვლევებიც გვიჩვენებს, რომ დასჯის შედეგების წინასწარ გათვალისწინება შეუძლებელია, ის ყოველთვის ვერ ცნობიერდება და ხშირად თვითონვე წარმოშობს ახალ პრობლემებს. თუ ცდებში დასჯის ეფექტები ასეთი გაურკვეველია, ადვილი წარმოსადგენია, რა შეიძლება მოხდეს საკლასო ოთახში.

საზოგადოდ, კონფლიქტური სიტუაცია არასასურველია სწავლისთვის. თუ მცირე შფოთვა ამოცანის გადაჭრისას შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს, კონფლიქტი, რომელიც კლასში უარყოფით ემოციურ კლიმატს ქმნის, ერთმნიშვნელოვნად ხელს უშლის სასწავლო პროცესს.

მთავარი სირთულე ის არის, რომ ადამიანი ეჩვევა დასჯას. ეს ნიშნავს, რომ მისი ინტენსივობა უნდა გაიზარდოს, რაც, თავის მხრივ, ახალ პრობლემებს უდებს სათავეს. მომდევნო პრობლემაა ის, რომ დასჯილი მოსწავლე ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება, რაც სასურველის საპირისპირო ეფექტს იძლევა – განამტკიცებს მოსწავლის არასასურველ ქცევას.

დასჯის რა ფორმებზე შეიძლება საუბარი? მასწავლებლებისთვის უცხო არ არის ადამიანური სისუსტეები, ამიტომ ისინი სხვადასხვა გზით სჯიან მოსწავლეებს: უკმაყოფილო გამომეტყველებით, რეპლიკებით, კლასიდან გაძევებით და სხვა. მასწავლებლები, სხვა პროფესიის ადამიანებისგან განსხვავებით, კარგად ერკვევიან (ან უნდა ერკვეოდნენ) დასჯის შედეგებში და შესწევთ (ან უნდა შესწევდეთ) ძალა, თავი აარიდონ ისეთი ფორმების გამოყენებას, რომლებიც ხელს შეუშლის სასწავლო პროცესს. 

ყოველივე ზემოთქმული ძირითადად მოსწავლეთა ქცევის მართვას ეხება. ისმის კითხვა: რამდენად სასარგებლოა დასჯა შინაარსობრივი ამოცანების ან ჩვევების სწავლებისას? პრობლემა, არსებითად, აქაც ისევე დგას, როგორც ქცევის წესების სწავლების შემთხვევაში. ფაქტი ერთია: დასჯის გამოყენება უნდა ხდებოდეს იშვიათად და დიდი სიფრთხილით.

დასჯა ქცევის აღსაკვეთად გამოიყენება. როგორი ეფექტურიც უნდა მოგვეჩვენოს, ის არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საპასუხო რეაქციის ფორმირებისთვის. თუ მოსწავლე ისჯება არასწორი ქცევის გამო, საჭიროა მის მიერ განხორციელებული სწორი ქცევის წახალისებაც. ასეთ მიდგომას მეტი ეფექტი აქვს. 

ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ქცევას აყალიბებს არა დასჯა, არამედ განმტკიცება. შესაბამისად, განმამტკიცებლის არარსებობა ქცევას – სასურველსაც და არასასურველსაც – ასუსტებს. როცა არ ხდება განმტკიცება, ქცევა ნელ-ნელა სუსტდება. ამ პროცესს ჩაქრობას უწოდებენ. ამ ფსიქოლოგიურ თავისებურებას ემყარება იგნორირების მეთოდი, რომლის არსი შემდეგია: მასწავლებელი უგულებელყოფს მოქმედებას, რომლის აღმოფხვრაც სურს. იგნორირების მეთოდი, თუ გონივრულად გამოვიყენეთ, უმეტესად სასურველ შედეგს გვაძლევს. ამ რჩევას მასწავლებლები ირონიით ხვდებიან, რადგან არასასურველი ქცევის იგნორირება ძნელია. ხშირად ამას მოსდევს მოსწავლის მხრივ დისციპლინის უფრო მეტად გამოხატული დარღვევა, რაც თავმოყვარეობას ულახავს მასწავლებელს. ადამიანებს კი, რომლებიც დასჯის ტრადიციული მეთოდებით გაჯერებულ საზოგადოებაში გაიზარდნენ, უჭირთ მასზე უარის თქმა. 

ქცევის მუდმივი იგნორირება უფრო ძნელია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. მასწავლებლის უბრალო თვალის შევლებაც კი ხშირად განამტკიცებს იმ მოსწავლის უსაქციელობას, რომელსაც ყურადღების ცენტრში ყოფნა სურს. ამ შემთხვევაში უკეთესი იქნება, თუ მასწავლებელი კლასის ყურადღებას ცუდი ყოფაქცევის მქონე მოსწავლისგან კარგი ყოფაქცევის მქონეზე გადაიტანს. პედაგოგს კარგად უნდა ახსოვდეს, რომ არასასურველი ქცევისადმი გამოხატული ყურადღება თითქმის ყოველთვის განმამტკიცებელივით მოქმედებს. მან ზუსტად უნდა განსაზღვროს, რას მიაქციოს ყურადღება. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქცევის განმტკიცებას იწვევს არა მხოლოდ მასწავლებლის, არამედ თანაკლასელთა რეაქციაც. საჭიროა, თანაკლასელებმაც უგულებელყონ უდისციპლინო მოსწავლის ქცევა. ამ მიზნით, მაგალითად, შეიძლება გამოცხადდეს შესვენება მეცადინეობის პროცესში ან შეთავაზებულ იქნეს აქტივობა, რომელშიც კლასი ინტერესით ჩაერთვება.

მასწავლებლის შეცდომა ის არის, რომ მას არ აქვს შერჩეული და გააზრებული საჭირო პროცედურების შესრულების ძირითადი ხაზი. ის პრობლემის აღმოცენებამდე უნდა განისაზღვროს. გაანალიზდეს, რას შეიძლება ველოდეთ მოსწავლისგან, რას აკეთებს ის, რა ხდება ამ დროს კლასში, როგორი უნდა იყოს თავად პედაგოგის რეაქცია, რა სიხშირით ხდება ასეთი რამ და სხვა. ყოველივე ამის გაცნობიერება მასწავლებელს დაეხმარება, აღმოფხვრას არასასურველი ქცევა საქმის ცოდნით და წარმატების იმედით.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იგნორირების მეთოდის გამოყენებას ის თავისებურება ახასიათებს, რომ თავდაპირველად არასასურველი ქცევის გაძლიერებას იწვევს – მოსწავლე მეტი მონდომებით ცდილობს ყურადღების მიპყრობას. ეს არის ამ პროცესის კრიტიკული მომენტი. თუ მასწავლებელს იმედი აქვს, რომ მეთოდი მყისიერად იმოქმედებს, ცდება. მოსწავლის პირველი, გაძლიერებული რეაქციისთანავე მასწავლებლის დასკვნა, რომ მეთოდი არ ჭრის, მცდარია. პირიქით, არასასურველი ქცევის უეცარი გაძლიერება სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ტექნიკა მუშაობს, არასასურველი ქცევა თანდათან შესუსტდება და ბოლოს ჩაქრება. ეს ეტაპი მასწავლებლისგან დიდ მოთმინებასა და სიფრთხილეს მოითხოვს. 

აღნიშნული ხერხი ერთადერთი არ უნდა იყოს მასწავლებლის ქცევით რეპერტუარში. მან უნდა დაიხმაროს მოსწავლის თანაკლასელები, მიაქციოს მათ მეტი ყურადღება და საინტერესო საქმიანობაში ჩართოს. ამით ცუდი ყოფაქცევის მქონე მოსწავლეს მაყურებელი მოაკლდება, რაც მას არასასურველი ქცევის განხორციელების სურვილს დააკარგვინებს.

მნიშვნელოვანია, არ გამოგვეპაროს ერთი მომენტი: როდესაც პრობლემური ქცევის მოსწავლე საჭირო საქმიანობაში ჩაერთვება, მაშინვე უნდა წავახალისოთ. აქ უკვე ორი მექანიზმი ამოქმედდება: არასასურველი ქცევის იგნორირება და სასურველის განმტკიცება. 

ამრიგად, ეს ხერხი რამდენიმე ნაბიჯს გულისხმობს:

1. ყურადღებას არ ვაქცევთ ცუდ ქცევას;
2. ვითმენთ, რათა არ ვუპასუხოთ მოსწავლის გაძლიერებულ არასასურველ რეაქციებს;
3. კლასს ვრთავთ საინტერესო საქმიანობაში, რის შედეგადაც თანაკლასელები ყურადღებას აღარ აქცევენ ამრევ მოსწავლეს;
4. წავახალისებთ ცუდი ყოფაქცევის მოსწავლეს, როცა ის კარგად იქცევა. ამით ის ისწავლის ყურადღების მიპყრობას კარგი ქცევით.

მასწავლებლებს არ უყვართ უმნიშვნელო წარმატებისთვის მოსწავლის ქება – დიდ წარმატებას ელიან. აქ უნდა გავიხსენოთ სკინერის გამოცდილება – მას სურდა, მტრედებს შეესრულებინათ რთული მოქმედებები ყოველგვარი განმტკიცების გარეშე, მაგრამ ამას მხოლოდ მას შემდეგ მიაღწია, რაც განუმტკიცა მათ სასურველი მიმართულებით გადადგმული პატარ-პატარა ნაბიჯები. მასწავლებლებს ზიგჯერ არ ესმით, რომ არასასურველი ქცევის განმტკიცებას თვითონვე უშლიან ხელს. ამას თვალნათლივ აჩვენებს ვიდეოფირებზე გადაღებული გაკვეთილები.
რა თქმა უნდა, აღნიშნული მეთოდის გამოყენება ყოველთვის არ არის მიზანშეწონილი. მაგალითად, მაშინ, როცა მოსწავლის ქცევა გაკვეთილს ჩაშლით ემუქრება ან მოსწავლეებისთვის სახიფათოა. ამ შემთხვევაში საჭიროა მოქმედების სწრაფად აღკვეთა. შესაძლოა, მოსწავლის კლასიდან გაძევებაც კი დაგვჭირდეს. ამასთან, მასწავლებლის მოქმედება თანმიმდევრულობას მოითხოვს: უნდა ავუხსნათ მოსწავლეს, რატომ ვსჯით, რამდენ ხანს გაგრძელდება სასჯელი და რა შემთხვევაში ვაპატიებთ. არის შემთხვევები, როცა კლასიდან გაძევება დასჯას კი არა, განმტკიცებას ემსახურება – მოსწავლე ბედნიერია, თუ გაკვეთილიდან გაუშვებ. ასეთ დროს მასწავლებელმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს: რატომ არ მოსწონს მოსწავლეს მის გაკვეთილზე ყოფნა?

დასჯის ყველაზე გავრცელებული ფორმა სიტყვიერი საყვედურია. ამ მეთოდის უპირატესობაა მისი მოქნილობა და გამოყენების სიმარტივე. დასჯის ამ მეთოდმა შესაძლოა დიდი სირთულის წინაშე დააყენოს მასწავლებელი, თუ იგი არასაკმარისი ტაქტით გამოხატავს სათქმელს. კვლევები ადასტურებს, რომ საჯარო გაკიცხვა უეფექტოა. ამ პროცესს უნდა ესწრებოდეს მხოლოდ ის, ვის მიმართაც არის საყვედური გამოთქმული.

არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ განმტკიცება ქმნის სასურველ ემოციურ კლიმატს კოგნიტური განვითარებისთვის, მაშინ როდესაც შფოთვა, რომელსაც იწვევს დასჯა, ამუხრუჭებს დასწავლას. იმასაც უნდა გავუწიოთ ანგარიში, რომ სკოლის მოდელი გადაიტანება სოციალურ სფეროშიც და ხდება მისი გენერალიზაცია – საზოგადოება ფართოდ იყენებს მას სხვადასხვა სფეროში. მაგალითად, ის იყენებს ფიზიკურ ძალას როგორც სოციალური კონტროლის ხერხს.

მასწავლებელი, რომელიც ფლობს განმტკიცების ტექნიკებს, იშვიათად მიმართავს დასჯას. იგი ქცევის წახალისებაზეა ორიენტირებული. შესაძლოა, მასწავლებელს არ გააჩნდეს ამის გაკეთების სურვილი, დრო ან საჭირო ცოდნა, მაგრამ ერთი რამ ნათელია – განმტკიცების გარეშე ამ მიმართულებით ნაბიჯითაც ვერ წაიწევს წინ.
საზოგადოება არაცნობიერად უშვებს, რომ სკოლაში სიარული ნაკლებად სასურველი რამაა, ხოლო გაკვეთილების გაცდენა – მომხიბვლელი ცდუნება. ზოგჯერ ძლიერ მოსწავლეს რომელიმე მეცადინეობისგან ათავისუფლებენ ან, პირიქით, ცუდ მოსწავლეს საშინაო დავალებით სჯიან. ბუნებრივია, დღე, როდესაც ბავშვისთვის დავალება არ მიგვიცია, ჯილდოდ აღიქმება, ხოლო სხვა დღეს მიცემული დავალება – სასჯელად. ეს გაურკვევლობას იწვევს მოსწავლეებში, რაც ახალ პრობლემებს აჩენს.

ხშირად მასწავლებლები დაუფიქრებლად მიმართავენ დასჯას. მაგალითად, არასასურველი ქცევის გამო უარყოფითად აფასებენ მოსწავლის მიერ შესრულებულ სამუშაოს, რათა გული მოიფხანონ და ცივი წყალი გადაასხან მის ემოციებს. ამ დროს მათ აზრად არ მოსდით, რომ მოსწავლეს დავალების შეხრულების ხალისს უკარგავენ.

წარმოუდგენელია დასჯის ყველა იმ მეთოდის ჩამოთვლა, რომლებსაც დღეს სკოლაში იყენებენ. ზოგჯერ ეს ხდება გაუცნობიერებლად, უნებურად. მაგალითად, მასწავლებელი მოსწავლეს ეკითხება: „შენ მხოლოდ სამი სწორი პასუხი გაქვს?” ეს კითხვა კი არა, ერთგვარი დასჯაა. რამდენი ასეთი „უმნიშვნელო” მაგალითის მოყვანა შეიძლება, რომლებიც, საბოლოო ჯამში, აქვეითებს ბავშვის თვითშეფასებას და ახალი პრობლემების წარმოშობას უწყობს ხელს… სწავლების პროცესში გამოყენებული დასჯის ყველა ხერხის ჩამოთვლა ძნელია, თითქმის წარმოუდგენელიც კი. მათი კლასიფიცირება მრავალ სირთულესთან არის დაკავშირებული. სასურველია, მასწავლებლებმა ნახონ ვიდეოფირზე ჩაწერილი გაკვეთილები და დასჯის ხერხების იდენტიფიცირება მოახდინონ. ეს მათ იმის გაანალიზებაში დაეხმარება, რა შემთხვევაში რა მეთოდი იქნა გამოყენებული, სწორად შეფასდა თუ არა პრობლემა, მიზანმიმართულად განხორციელდა დასჯა თუ გაუცნობიერებლად. ასეთი ანალიზი აყალიბებს დასჯის სწორად გამოყენების ჩვევას. მასწავლებელს უჩნდება შანსი, საჭიროების შემთხვევაში მოძებნოს უფრო ადეკვატური ვარიანტი.

კვლევებმა აჩვენა კიდევ ერთი საინტერესო რამ: ერთი მოსწავლის დასჯა უარყოფითად მოქმედებს სხვებზე. ამ მოვლენას „ტალღის ეფექტი” ეწოდა. ეს არ ეხება მხოლოდ უარყოფით გავლენას – მასწავლებლისა და მოსწავლის დადებითი ურთიერთობაც მოქმედებს სხვა მოსწავლეებზე, მთელ კლასზე.

განმამტკიცებლების გამოყენების თვალსაზრისით, განსხვავებაა კულტურათა შორის. მაგალითად, ამერიკელები უფრო ადვილად აქებენ მოსწავლეებს, ვიდრე ინგლისელები.

რეკომენდაციები
* სცადეთ სიტუაციის ისე სტრუქტურირება, რომ სასჯელის ნაცვლად უფრო უარყოფითი განმტკიცება გამოიყენოთ. მაგალითად, მიეცით მოსწავლეებს საშუალება, თავი აარიდონ არასასიამოვნო სიტუაციას (დამატებითი სავარჯიშოების შესრულება), როცა ისინი მიაღწევენ კომპეტენციის განსაზღვრულ დონეს. ნუ მისცემთ უფლებას, შეგაცვლევინონ შეთანხმების პირობები. 

* თანმიმდევრულად გამოიყენეთ სასჯელი. მაგალითად, უნებლიეთ ნუ განამტკიცებთ იმ საქციელს, რომლისთვისაც სჯით. ნუ გაახმაურებთ კონფრონტაციას, რათა მოსწავლე მასწავლებელთან დაპირისპირების გამო „გმირად” არ იქცეს კლასის თვალში. ეცადეთ, მოსწავლეებმა წინასწარ იცოდნენ, რა მოჰყვება ქცევის წესების დარღვევას. ამისთვის უმცროსკლასელებს ჩამოუწერეთ ძირითადი წესები, უფროსკლასელებს კი ეს წესები და მათი დარღვევის შესაძლო შედეგები სილაბუსებში ჩამოუთვალეთ. უთხარით მოსწავლეებს, რომ დასჯამდე ისინი მხოლოდ ერთ გაფრთხილებას მიიღებენ. მშვიდად გააფრთხილეთ და განაგრძეთ გაკვეთილი. ეცადეთ, სასჯელი შეძლებისდაგვარად მყისიერი იყოს.

* ყურადღება გაამახვილეთ მოსწავლის ქმედებაზე და არა მის პიროვნულ თვისებებზე. შენიშვნა მიეცით მშვიდად, მაგრამ მკაცრად. ერიდეთ შურისმგებლურ და სარკასტულ ტონს.

* ხაზი გაუსვით პრობლემური ქცევის გამოსწორების აუცილებლობას და არა მოსწავლისადმი თქვენს პირად ანტიპათიას.

* ნუ განასხვავებთ მოსწავლეებს ეროვნებისა და რასის მიხედვით.

* შეუსაბამეთ სასჯელი დარღვევას. მაგალითად, უმნიშვნელო დარღვევას ყურადღებას ნუ მიაქცევთ, აღკვეთეთ ის მზერით ან უბრალოდ მიუახლოვდით ხელისშემშლელ მოსწავლეს. ნუ წაართმევთ მოსწავლეს კუთვნილ თავისუფალ დროს წესის მხოლოდ ერთხელ დარღვევისთვის. ნუ დასჯით საშინაო დავალებით ისეთი საქციელისთვის, როგორიცაა გაკვეთილზე საუბარი. თუ მოსწავლე ცუდად იქცევა თანაკლასელებს შორის ავტორიტეტის მოსაპოვებლად, ეფექტური სასჯელი იქნება მეგობრებისგან მისი დროებითი ჩამოცილება. თუ პრობლემური საქციელი დიდხანს გრძელდება, გააანალიზეთ სიტუაცია და გამოიყენეთ ახალი მიდგომა. შესაძლოა, თქვენი სასჯელი არ იყო სერიოზული ან არაადეკვატურად აძლიერებდა მოქმედებას.

* მიეცით ისეთი ქცევისა და დამოკიდებულების მაგალითი, როგორიც გინდათ ასწავლოთ ბავშვებს. მაგალითად, გამოხატეთ მოწონება იმ საგნის მიმართ, რომელსაც ასწავლით, იმ გონებრივი ან ფიზიკური დავალების შესრულების სურვილი, რომელსაც ბავშვებს აძლევთ. როცა მოსწავლეებს წიგნს უკითხავთ, აჩვენეთ მათ პრობლემის გადაჭრის გზებიც. მაგალითად, თქვით: „საინტერესოა, მახსოვს თუ არა ადრე წაკითხული” ან „ეს წინადადება რთული იყო, მოდი, თავიდან წავიკითხავ”. ხმამაღლა იფიქრეთ რთულ პრობლემაზე მუშაობისას.

* ნიმუშად გამოიყენეთ მოსწავლეთა თანატოლები, განსაკუთრებით – კლასის ლიდერები. მაგალითად, ჯგუფური სამუშაოს შესრულებისას ძლიერი მოსწავლეები დააწყვილეთ შედარებით სუსტებთან.

* ეცადეთ დაანახვოთ მოსწავლეებს, რომ კარგ ქცევასაც ამჩნევთ. მაგალითად: 
ა) ხაზგასმით აღნიშნეთ კავშირი კარგ ქცევასა და კარგ შედეგებს შორის;

ბ) იყავით სამართლიანი. როგორც კარგი, ისე პრობლემური მოსწავლეებისთვის უნდა მოქმედებდეს დაჯილდოების ერთი და იგივე წესი.

* მოსწავლეთა ქცევის მოდელირებაში დაიხმარეთ კლასის ლიდერებიც. მაგალითად, სთხოვეთ ყველასთვის საყვარელ მოსწავლეს, დაუამხანაგდეს იზოლირებულ და შეშინებულ თანაკლასელს. როდესაც კლასში თანამშრომლობის მიღწევა გინდათ ან კლასი არ არის მონდომებული, მიეცით წარმატებულ მოსწავლეს რაიმე საქმის ხელმძღვანელობის უფლება. პოპულარულ მოსწავლეებს შეუძლიათ, თანაკლასელები აიყოლიონ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი