პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

სკოლებში პასუხიმგებლობისა და ანგარიშვალდებულების სისტემის უპირატესობა

სერ მაიკლ ბარბერი ცნობილი ბრიტანელი განათლების სპეციალისტია. ის განათლების რეფორმის საკითხებში ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრ ტონი ბლერის მრჩეველი იყო. იყო „McKinsey”-ში (https://en.wikipedia.org/wiki/McKinsey_%26_Company) ერთ-ერთი მმართველი. დღეს ისეთი საგანმანათლებლო კომპანიის მთავარი მრჩეველია, როგორიცაა „Pearson”(https://en.wikipedia.org/wiki/Pearson_PLC). ამ სფეროში ის უკვე 20 წელია მოღვაწეობს. თქვენ წინაშეა ბოსტონის უნივერსიტეტში 2004 წლის 4 ნოემბერს მის მიერ წაკითხული ლექცია. 

დღეს ჩვენს ქვეყანაში, განათლების სისტემისათვის ყველაზე აქტუალური, სადისკუსიო თემა მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის შეფასება და მისი შედეგების გამოყენებაა. ფაქტობრივად დღეს საჯარო სკოლების უმრავლესობაში ასეთი ოფიციალური სისტემა არ არსებობს. ამ საკითხით დაინტერესებული მასწავლებლებისა და სკოლის მოსწავლეების მშობლებისათვის, ეს წერილი ვფიქრობ საინტერესო იქნება, რადგან აქ სკოლის წარმატებასთან დაკავშირებული მწვავე საკითხები განიხილება. 

სამწუხაროდ, ამ თემაზე დისკუსია, ხშირად მოკლებულია არგუმენტებს და სიღრმისეულ მსჯელობას. მასწავლებლების დაბალი ანაზღაურებისა და სოციალური სტატუსის პრობლემა იმდენად მძაფრია, რომ დისკუსიაში ჩართული მხარეების მსჯელობა ამ საკითხებს არ სცდება. გადის წლები და ჩვენი შვილების უმრავლესობა „განწირულია” უხარისხო განათლებისთვის და დამოუკიდებელ ცხოვრებაში მოუმზადებელი შესვლისთვის. მხოლოდ მცირე სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებს აქვთ მატერიალური საშუალება კერძო რეპეტიტორობის სისტემის დახმარებით დაეხმაროს საკუთარ შვილებს, მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება ან მიმართონ, სულ რამდენიმე, მაღალი დონის კერძო სკოლას. 

ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ნელი ტემპების გამო, ვფიქრობ თვალი უნდა  გავუსწოროთ მძიმე რეალობას, გვეყოს გამბედაობა, ნება და პასუხისმგებლობა ნაბიჯ-ნაბიჯ გავიაროთ გზა ეფექტური სასკოლო განათლების სისტემის ჩამოსაყალიბებლად. სისტემის, რომელიც მზად იქნება უპასუხოს თანამედროვე ცხოვრების გამოწვევებს. 
 
კახა ჟღენტი  

„სკოლებში პასუხისმგებლობისა  და  ანგარიშვალდებულების სისტემის  უპირატესობა”

პირველი ნაწილი

მაიკლ ბარბერი
 ჩვენ ყველამ ვიცით, თუ რამდენადაა  დამოკიდებული სასკოლო განათლების სისტემაზე საზოგადოების მომავალი  განვითარების პროცესი და ეკონომიკა. ჩემთვის  ცნობილი  თითქმის  ყველა  პედაგოგის  ერთადერთი მიზანია სამართლიანობის  პრინციპის  დაცვასთან ერთად გააუმჯობესოს მოსწავლეთა აკადემიური მაჩვენებლები. მაიკლ ფულანის (https://en.wikipedia.org/wiki/Michael_Fullan) განმარტება რომ  გამოვიყენოთ, ჩვენ  გვინდა  სისტემა, რომელიც  ერთდროულად  მაღლა სწევს მოთხოვნების დონეს და ამცირებს   დაშორებას.  XX ს. 80–იანი წლებში  დიდ  ბრიტანეთში, აშშ–სა  და  ბევრ  სხვა  ქვეყანაში –  ჰოლანდიაში, ავსტრალიაში, კანადაში, შვედეთსა და რუსეთში – განათლების  სფეროში  პირველ  პლანზე   პასუხისმგებლობის  და  ანგარიშვალდებულების   სისტემის  შექმნა და განვითარება  დადგა, რამაც  განსაზღვრა  განათლების  სფეროში  სახელმწიფო  პოლიტიკის  შემდგომი  მიმართულება. მისი მთავარი  აზრი  ის გახლავთ, რომ კარგად  მოფიქრებული და ფუნქციონირებადი  გარეანგარიშვალდებულების   სისტემა  შეიძლება  ამ  მაღალმორალური  ამოცანის  რეალიზაციის  საფუძველი გახდეს.   

    წინა  საუკუნის  80–იან  წლებში  მრავალი  ქვეყნის  ხელმძღვანელებმა  გააცნობიერეს  განათლების ხარისხის მნიშვნელობა მათი ქვეყნების მომავალი ეკონომიკისათვის. ამასთან  ერთად  ესმოდათ, რომ გადასახადის გადამხდელები არ იყვნენ მზად ეხადათ იმ  მომსახურებისთვის, რომლის შედეგებიც გაურკვეველი იქნებოდა. ამ რთულ  მდგომარეობაში  გაჩნდა  მოთხოვნა  პასუხისმგებლობის  და  ანგარიშვალდებულების  ახალ   ხარისხიან  სისტემაზე.

      იმ  მომენტისთვის  თეორეტიკოს–პედაგოგებს  უკვე  დაგროვილი ჰქონდათ  საკმარისი  ინფორმაცია  სკოლების  ეფექტური  მუშაობის  შესახებ – და ყველა მონაცემი  ადასტურებდა, რომ  ძალიან  ბევრი  რამაა  დამოკიდებული  სკოლებსა  და  მის  კოლექტივზე.  60–70–იან  წლებში გაბატონებული იყო პასიური ფილოსოფია, რომლის თანახმადაც განათლების  შედეგებს განსაზღვრავდა სოციუმი, განათლების  სისტემას  კი  შეეძლო საზოგადოებაში  არსებული უთანასწორობის აღდგენა. ბოლოსდაბოლოს დადგა ამ ფილოსოფიასთან  დამშვიდობების დრო. ასე რომ, გარეპასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების   სისტემამ  თეორიული  დასაბუთება მიიღო სწორედ იმ მომენტში, როდესაც მომწიფდა მისი დანერგვის მაკროპოლიტიკური სიტუაცია. ანგარიშვალდებულების საკითხმა პედაგოგები თავიდანვე დააფიქრა. ეს დილემა დღემდე მოგვყვება. როდესაც ფიქრობ, რომ  შენზეა დამოკიდებული ბავშვის  მომავალი, მისი  ცხოვრებისეული  პერსპექტივები, ეს  აზრი  ფრთებს  გასხამს – მაგრამ  მასთან  ერთად  მოდის  უდიდესი  პასუხისმგებლობის  გრძნობა.

    ჩემი  შეხედულებები  ხუთ  პუნქტითაა გადმოცემული:  

·პასუხისმგებლობის და ანგარიშვალდებულების  სისტემის  უპირატესობა;
·პასუხისმგებლობა და  სისტემის ცვლილება;
·პასუხისმგებლობა, ანგარიშვალდებულება და საინსპექციო მოქმედება (ინსპექცია);
·საინსპექციო  შემოწმება  დღეს  და  ხვალ;
·სტიმულირება,  ლიდერობა  და  ინფორმირებული  პროფესიონალიზმი
      
                                      პასუხისმგებლობის  სისტემის  უპირატესობა

       წიგნებში  ბიზნესის  შესახებ  ბევრს  ლაპარაკობენ  იმაზე, თუ რა  უპირატესობას  ანიჭებს  პასუხისმგებლობის სისტემა ორგანიზაციებსა და კერძო პირებს. ამ უპირატესობის  რეალიზებისთვის საჭიროა მკაფიოდ ხედავდე მიზანს; აუცილებელია, ფასდებოდეს ამ მიზნისკენ  მოძრაობა; წარმატება იყოს დაფასებული; შეცდომებზე კი გაკეთდეს სათანადო  დასკვნები. საქმის ასე დაყენების შემთხვევაში ნათელია, რომ უმჯობესდება საბოლოო  შედეგი. ეს –  ანბანური ჭეშმარიტებაა. 

     პასუხისმგებლობის სისტემის ცალსახა უპირატესობის მიუხედავად, განათლების  სისტემაში მის დანერგვას არ შეხვდნენ დადებითად – ამას ორი მიზეზი აქვს. ომის შემდგომ  პერიოდში პოლიტიკოსები მომხრე იყვნენ განათლების შინაარსისა და სასწავლო პროცესის  მართვის სადავეები პროფესიონალი პედაგოგებისთვის ჩაებარებინათ. შემდეგ, როდესაც  გააცნობიერეს გარეპასუხისმგებლობის აუცილებლობა, შეეცადნენ ამ კონტროლის  დაბრუნებას, რამაც პროფესიონალებთან კონფლიქტი გამოიწვია. დიდ ბრიტანეთში მსგავსი  კონფლიქტური სიტუაციები იყო არა მხოლოდ განათლების სფეროში, არამედ სახელმწიფო  სექტორის სხვა სფეროებშიც. ირონია ის გახლავთ, რომ პასუხისმგებლობისა და  ანგარიშვალდებულების  არქონა  თვითონ  პროფესიონალებისთვისაც  არაა  სასარგებლო  და  გრძელვადიან  პერიოდში  ზიანს  აყენებს მათ  ინტერესებს.

      მეორე მიზეზი, რომლის გამოც პასუხისმგებლობის იდეა არაერთგვაროვნად იყო  მიღებული, იმაში  მდგომარეობს, რომ  სადავოა  თვითონ  დაგეგმვის  იდეა. ბევრი  მიიჩნევდა  და  მიიჩნევს  კიდეც, რომ  სასკოლო  განათლების  შედეგები  ძალიან  რთული  და  არაერთგვაროვანია საიმისოდ, რომ  მისი  გაზომვა  შეიძლებოდეს. ამ  შეხედულებას  ემხრობა მაგ. ფილოსოფოსი ონორა ონილი, (https://en.wikipedia.org/wiki/Onora_O'Neill,_Baroness_O'Neill_of_Bengarve), რომელიც  დამაჯერებლად გამოდის სასკოლო განათლებაში მკაცრი პასუხისმგებლობის წინააღმდეგ. მისი  არგუმენტები  ბურუსში  ხვევს  საზოგადოების  წარმოდგენებს განათლების  ამოცანებზე  და ეჭვს  უჩენს  გადასახადის  გადამხდელებს იმის თაობაზე,  ეფექტური  იქნება  თუ  არა   მათი  ინვესტიცია  განათლების  სისტემაში. მსგავსი ისტორია მოხდა 70–80–იან წლებში  ინგლისში, როდესაც ერთი მუჭა ნახევრადშეშლილმა, მაგრამ  დამსახურებულმა  მარგინალებმა  შეძლეს  თავიანთი  ნებისთვის  დაემორჩილებინათ  პედაგოგების  უმრავლესობა,  და  ეს უკანასკნელები უუნაროები აღმოჩნდნენ  არა მარტო  წინააღმდეგობის   გასაწევად, არამედ საზოგადოებისთვის იმის დასანახებლად, რომ შეშლილები  სინამდვილეში  უმცირესობაში  არიან.

რასაკვირველია, განათლებაში არსებობს ნიუანსები, რომლებიც რთულად  ექვემდებარება შეფასებას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უარი უნდა ითქვას იმ უმთავრესი  შედეგების შეფასებაზე, რომლების გაზომვაც ადვილადაა შესაძლებელი:  წიგნიერება, მათემატიკური უნარები, დასწრება, გაცდენები, წარმატებები აკადემიურ დისციპლინებში, საერთო  მოსწრება, მიღწეული პროგრესი და  ა.შ.

      ამერიკაში  წიგნის  „ერი  საფრთხეშია” (1983) (https://en.wikipedia.org/wiki/A_Nation_at_Risk)  და ინგლისში „სწავლების ხარისხის” (1984) პუბლიკაციიდან ათი წლის შემდეგ  პასუხისმგებლობის გაძლიერების მომხრეებმა ამ კონფლიქტში გაიმარჯვეს, თუმცა  პროფესიონალების  და  მეგობრული  კავშირების  დაკარგვის  ფასად.  მიუხედავად ამისა, ეს  ღირდა ამად, რადგან პასუხისმგებლობის გაზრდამ სკოლებს სარგებლობა მოუტანა. სახელმწიფო სასკოლო პროგრამის საფუძველზე შემუშავდა ტესტები და პროგრამები  მოსწავლეთა ცოდნის დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის შესამოწმებლად. მშობლებმა  გაცილებით  ხარისხიანი  ინფორმაციის  მიიღეს  არა  მარტო თავიანთი  ბავშვის  მოსწრებაზე, არამედ  იმ სკოლის მუშაობაზეც, რომელშიც შვილი  სწავლობდა,  და  ასევე  მთლიანად  სისტემაზე, რომლის  ნაწილსაც  სკოლა  წარმოადგენდა. მნიშვნელოვანია  ისიც, რომ  ეს  ინფორმაცია  მშობლებს  საშუალებას  აძლევს  დაკავდნენ  არა  მარტო  თავიანთი  ბავშვის, არამედ  სკოლის  პრობლემებითაც.

      პასუხისმგებლობის და ანგარიშვალდებულების გაძლიერებით ყველაზე მეტად  ბავშვებმა და მთლიანად სისტემამ მოიგეს. წარმატების პარამეტრებმა წინ წამოიწიეს. მოლოდინები  გაიზარდა, მასწავლებელთა  ძალისხმევა  კი  კონცენტრირდა  სწავლების  ხარისხზე. სასკოლო განათლების ხარისხი ახალ დონეზე  ავიდა. მაგ. 90წ.–ში 50–წლიანი  სტაგნაციის შემდეგ ინგლისის დაწყებითი სკოლების მოსწავლეებში შესამჩნევი გახდა წიგნიერებისა და მათემატიკური უნარების  მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. სისტემა  იძულებული  გახდა  ეღიარებინა  შეცდომები – როგორც  თითოეული  მოსწავლის, ისე  ჯგუფების  თუ  მთლიანად  სკოლის  დონეზე. სხვა  სიტყვებით რომ ვთქვათ, რასაც არ უნდა ამტკიცებდნენ ცალკეული კრიტიკოსები, პასუხისმგებლობის გაძლიერება სამართლიანობის  პრინციპის  შესრულების  გარანტად იქცა. აქამდე  ჩვენ  მხოლოდ  ვმსჯელობდით  სამართლიანობაზე  და  თანაბრობაზე  –  სისტემის  გამჭვირვალობამ  ჩვენ გვაიძულა საქმით მიგვეღწია ამ  მიზნებისთვის. აი რატომაა, რომ ფინანსირების და რეალიზაციის ხარვეზების მიუხედავად, მე მთლიანად ვემხრობი  ამერიკულ კანონს, რომელმაც ასეთი დასახელება მიიღო „არცერთი ჩამორჩენილი  ბავშვი” (https://en.wikipedia.org/wiki/No_Child_Left_Behind_Act).

     ხანდახან, ცალკეული  ექსპერტები, რომლებიც  სკოლებში  მკაცრი  პასუხისმგებლობის  აუცილებლობას აღიარებენ, მიუთითებენ იმაზე, რომ ის პედაგოგთა  ინტერესების გათვალისწინების გარეშე რეალიზდება და მათ გარკვეულ სირთულეებს უქმნის. მართლაც, ყოველთვის ყველაფერი უმტკივნეულოდ არ ხდება. მძაფრი ცვლილებების პერიოდი იწვევს  სტრესულ სიტუაციებს. მაგრამ საკმარისია გავიხსენოთ, რომ მასწავლებლებს ნამდვილი დეპრესიის პერიოდი 80–იან წლებში ჰქონდათ, როცა  შემცირდა  ხელფასები, გაიზარდა  შიდა  დაპირისპირება. სხვა  სიტყვებით  რომ  ვთქვათ,  დემორალიზაციის  პერიოდი  არსებობდა გარე  პასუხისმგებლობის  სისტემის  შემოღებამდე  და  არა  მის  მერე. 

     სკოლებში  პასუხისმგებლობისა  და  ანგარიშვალდებულების  სისტემის  განვითარებამ  პედაგოგებს მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა, მაგ. ინგლისში. ნათელი გახდა  მასწავლებლის მთავარი ამოცანა; მათ აღარ არიან საზოგადოების  სოციალური  და  ეკონომიკური  პრობლემების  მოგვარების  ინსტრუმენტები. ყველასთვის, ერთხელ  და  სამუდამოდ გახდა ნათელი, რომ  პედაგოგებზე ბევრი  რამაა  დამოკიდებული, ეს  ხომ  ადრე  ხანდახან ავიწყდებოდათ. იშვიათად თვლიან, რომ განათლების ორგანოების ჩარევა დაბალი  მაჩვენებლების სკოლის მუშაობაში, პედაგოგების დაბალი ხარისხის მუშაობაზე  მიუთითებს. სინამდვილეში პირიქითაა. მსგავსი ჩარევა იმაზე მიანიშნებს, რომ  კარგ  მასწავლებლებსა და  სკოლებს ყოველთვის მაღალი შეფასება აქვთ. რაც ყველაზე დამაზიანებელია პედაგოგის  იმიჯისთვის საზოგადოების წინაშე. ეს დაბალი შედეგებისადმი გულგრილი   დამოკიდებულებაა.

      კიდევ  ერთი  მნიშვნელოვანი  მომენტი. ინფორმაცია, რომელსაც  პასუხისმგებლობის  სისტემა  გვაძლევს, მკაფიო  წარმოდგენას  იძლევა  იმის  შესახებ, თუ რა უნდა ჩაითვალოს  „საუკეთესო  პრაქტიკად”, ანუ მოწინავე გამოცდილებად და მიბაძვის  საგნად  პედაგოგიურ  საქმიანობაში. ამგვარად, პასუხისმგებლობის გაძლიერებამ „პროფესიონალიზმის „გაგება  უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა. ჩვენ სტანდარტიზაციით სკოლებს არა მარტო მათი  ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენის საშუალებას ვაძლევთ, არამედ თვითონ სისტემას მივეცით საშუალება გამოემუშავებინათ „საუკეთესო პრაქტიკება”, მიემართათ ძალისხმევა და რესურსი მათი სისტემატური გავრცელებისკენ. ასე ყალიბდება ახალი პროფესიონალური დონის ფუნდამენტი, რომელსაც მე „ინფორმირებულ  პროფესიონალიზმს”  ვეძახი.

     თემიდან გადავუხვევ  და  ვიტყვი, რომ  სხვა  ეფექტური  სისტემების  მუშაობის  შესწავლა – მაგ. ჯანდაცვის  და  მართლმსაჯულების სისტემები – მხოლოდ ადასტურებს ზემოთ  ნათქვამს. სამედიცინო პრაქტიკიდან ცნობილია, რომ, როდესაც ქირურგი პაციენტს ოპერაციას  უკეთებს, რომელიც ასეთ  ოპერაციას  წელიწადში  150–ჯერ  აკეთებს, მაშინ ავადმყოფს გადარჩენის მეტი  შანსი  აქვს, ვიდრე იმ ქირურგის შემთხვევაში, რომელიც  იმავე  ოპერაციას წელიწადში  50–ჯერ აკეთებს. აი, რატომაა, რომ მედიცინაში  პროფესიონალიზმი შედეგებით განისაზღვრება. მრავალი წლის მანძილზე ამ პრინციპების იგნორირება  პედაგოგიური პროფესიის  დიდი სისუსტე და ხარვეზი იყო. დიდი ხნის განმავლობაში  მასწავლებლებს თვითონ უხდებოდათ თავიანთი პროფესიონალური მოღვაწეობის განსაზღვრა. არსის ბუნდოვანებას ისინი იქამდე მიჰყავდა, რომ რეალური  პროფესიონალური  ცოდნის  დაგროვება  უძნელესი  და  თითქმის  დაუძლეველი  ხდებოდა; შეუძლებელი იყო საბაზო, მინიმალური ხარისხის გარანტირება. დაწყებით კლასებში  წიგნიერებისა და  მათემატიკური  უნარების  დონის  ასამაღლებელი გაკვეთილები  ხელს  უწყობს ამ ხარვეზის აღმოფხვრას, თუმცა ეს შეუძლებელი იქნებოდა ეფექტური  პასუხისმგებლობის სისტემის გარეშე.

            

    პედაგოგებისთვის, პასუხისმგებლობის სისტემის ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანი  უპირატესობა ის გახლავთ, რომ  მან შექმნა, ეგრეთ წოდებული, „სუფთა  წრე”, რომელიც  პედაგოგებს საზოგადოებასთან აკავშირებს. 70–80–იან წლებში – ინგლისში მაინც – იქმნებოდა  შთაბეჭდილება, რომ  მასწავლებლები  და  დანარჩენი  საზოგადოება  სხვადასხვა  სამყაროში ცხოვრობდნენ. მასწავლებლები თავიანთ თავს „საზოგადოებისგან მიტოვებულად”  თვლიდნენ, საზოგადოებას კი ფიქრობდა: „ნეტა  რითი არიან ისინი იქ, სკოლაში,  დაკავებულები?” ერთხელ  ჩემმა  მეგობარმა  და  დამრიგებელმა ალან ევანსმა  აღნიშნა, თუ ავტორიტეტული პედაგოგიური ორგანიზაციის მიერ მომზადებულმა  პუბლიკაციამ  არ  დაიმსახურა  დადებითი  გამოხმაურება  ან  არ  მოხვდა  ცენტრალური  გაზეთის  რედაქტორის  სვეტში, მაშინ  ეს პუბლიკაცია განწირულია, როგორც  არ  უნდა  აქონ  ის  „თავისიანებმა”,  ანუ  პედაგოგიურმა  საზოგადოებამ. ასე  ხშირად  ხდებოდა  იმ  80–იან წლებში. პასუხისმგებლობის სისტემამ ყველაფერი შეცვალა. სწორედ ის ადგენს  საზოგადოებისთვის გასაგებ მიზნებს, რომლის ნდობაც შეიძლება. ის უზრუნველყოფს  საზოგადოებასთან უკუკავშირს, რითაც გადასახადის გადამხდელებს უჩვენებს, რომ  მათი  ფული  უაზროდ  არ იკარგება. იმით, რომ  აიძულებს  სისტემას  საკუთარ  შეცდომებზე  იმუშაოს, პასუხისმგებლობის  სისტემა  ქმნის  საფუძველს  მუდმივი  სრულყოფილებისთვის, რომელიც  საზოგადოებას  იმედს  და  რწმენას  აძლევს.

       შემთხვევითი  არაა, რომ  ბრიტანეთის განათლების სფეროში კაპიტალდაბანდებების და  ბიუჯეტური თანხების შემოდინების ყველაზე სტაბილური პერიოდი სკოლებში  პასუხისმგებლობის  სისტემის  შემოღებას  უკავშირდება. 80–იან  წლებში მე და ალან ევანსი  განათლების პროფკავშირებში ერთად  ვმუშაობდით. მათი დევიზი ასე ჟღერდა: „ყველაფერი  იშლება, ჩადეთ თანხები და ჩვენი წევრები იზრუნებენ განათლების ხარისხის  ამაღლებაზე”. ეს მცდარი ლოზუნგია. საზოგადოებას საფუძვლიანად უკვირდა: “რატომ  უნდა  ჩავდოთ  ფული  უიმედო  საქმეში?” უკვე  მაშინ  მე,  ალანს  და   ჩვენს  მეგობრებს უკეთესი ლოზუნგის იდეა მოგვივიდა, რომელიც საპირისპიროს ამბობდა: “ჩვენ  ავამაღლებთ  განათლების  ხარისხს  და  თქვენ  დარწმუნდებით, რომ  მასში  ღირს  თანხის  ჩადება”.

       პასუხისმგებლობის განმტკიცებასთან  ერთად  შემოდიან  სერიოზული  სტრატეგიული  ინვესტორები  და  მაშინ  სკოლის  ხელმძღვანელობისა  და  პედაგოგების  ინტერესებში მის ინტერესებზე ზრუნვაა და არა განათლების  სისტემის ლანძღვა, რაც ადრე ხშირად  ხდებოდა. საჭიროა, რომ   თანხები  იხარჯებოდეს  პროგრამებზე, რომლებიც  თვალსაჩინო  შედეგებს  იძლევა. იმის  ნაცვლად, რომ  დაარწმუნონ  ადამიანები,  განათლებაში  ჩადონ  თავიანთი  ასე  ძნელად  ნაშოვნი  ფული, სახელმწიფო  მოხელეები  აგრძელებენ იმ  სისტემაზე ცუდად  ლაპარაკს, რომელშიც მუშაობენ. და ამით,  მიუხედავად  ინვესტიციების  სტაბილური  შემოდინებისა,  ისინი გადასახადების გადამხდელებს ეუბნებიან: “თქვენ მიერ ჩადებული  ფული  დაიკარგა”. დიდ  ბრიტანეთში  სახელმწიფო  მოხელეები  ახლა თანდათან ეგუებიან ახალ  რეალობას. უკვე  მეექვსე  წელი  მიდის  განათლებასა  და  ჯანდაცვაში  დანახარჯების   ზრდის   სტაბილური   ათწლეულიდან – როგორც  ბიუჯეტური  ისე  კაპიტალდაბანდების. 

      ობიექტური  მონაცემები  გვიდასტურებენ, რომ ინვესტიციები რეფორმებთან ერთად  მნიშვნელოვან შედეგებს არა მარტო განათლების სფეროში, არამედ ჯანდაცვასა და  მართლმსაჯულებაშიც იძლევა. ამასთან ერთად, როდესაც, თანამშრომლების აზრით,  ჯანდაცვის სფეროს რეფორმით დაინტერესდნენ, მათ აღიარეს, რომ ახლობლებთან  საუბრისას  ისინი  რეფორმებს  უარყოფითად  აფასებდნენ, თუმცა  კერძო  საუბრისას  მათ  სარგებლობას ამტკიცებდნენ. ზუსტად ასევე იქცევიან  სახელმწიფო  დაწესებულების  ხელმძღვანელები: იმის  ნაცვლად, რომ  იამაყონ   მიღწეული  შედეგებით, ისინი  საჯაროდ  აკრიტიკებენ თავიანთ სამსახურებს – შედეგად კი დემორალიზაციას უკეთებენ  თანამშრომლებს. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ასეთ ცინიზმს საბოლოო ჯამში მივყავართ სახელმწიფო  მომსახურების  სფეროს  ნელ, მაგრამ უდავო  მოხრჩობამდე იმ ადამიანების  ხელით, რომლებიც საკუთარ თავს მის დამცველებად წარმოგვიდგენენ. ასეთი  პარადოქსული  სიტუაციაა.
     თუ  მოსახლეობის  შემოსავლები  იზრდება  და  უფრო  მეტ  ოჯახს  შეუძლია  ბავშვის  კერძო  სკოლებში  მიყვანა, ისმის  კითხვა, რატომ ჩადებენ ისინი თანხებს სახელმწიფო  განათლებაში, როდესაც თვითონ თანამშრომლები ამტკიცებენ, რომ მდგომარეობა  უარესდება? ასეთ სიტუაციაში მივლენ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო განათლება  განწირულია. აქედან  გამომდინარე, ისინი, ვისაც ამის საშუალება აქვს, წავლენ კერძო  სექტორში, სახელმწიფო სექტორი კი ღარიბებისთვის დარჩება. თანაბარი უფლებების  შესაძლებლობის მიცემა კი შეიძლება დავივიწყოთ კიდეც. სახელმწიფო სფეროს  მომსახურების და მათში მომუშავე პროფესიონალის გადარჩენა პასუხისმგებლობის  სისტემის დანერგვას შეუძლია, მაგრამ ეს როგორც ყოველთვის, რადიკალური ცვლილებების  დროს  ხდება. წარმატება აქ ეფექტურ ხელმძღვანელობაზე იქნება დამოკიდებული, როგორც  სახელმწიფო  სასწავლო  დაწესებულებებში,  ისე  თვითონ  ხელისუფლებაში.      

 

 შესაბამისი წერილის მიხედვით თარგმნა და გაარედაქტირა კახა ჟღენტმა:       https://ecsocman.hse.ru/data/2011/05/06/1268030643/Barber.pdf

ავტორის მიერ მითითებული ლიტერატურა:

1.Barber M. The Learning Game: Arguments for an Education Revolution. Indi_
go 1997.
2. 2. Barber M. The Next Stage for Large Scale Reform in England: From Good
to Great. Federal Reserve Bank of Boston, 47th Economic Conference Education
in the 21st Century: meeting the challenges of a changing world. Cape Cod,
Massachusetts, June 2002.
1. 3. Barber M. Courage and the Lost Art of Bicycle Maintenance. Speech to the
Primary Consultant Leaders’ Conference, Birmingham, February 2004.
4. Department for Education and Employment. Excellence in Schools. White Pa_
per, 1997.
5. Department for Education and Employment. Teachers: meeting the challenge
of change. Green Paper, 1998.
6. Department for Education and Employment. Schools Building on Success.
White Paper, 2001.
7. Department for Education and Skills and Ofsted. A New Relationship with
Schools. June 2004.
8. Department for Education and Skills. Five Year Strategy for Children and Le_
arners: Putting people at the heart of public services. July 2004.
9. Fullan M. The Moral Imperative of School Leadership. Corwin Press, 2003.
10. Miliband D. Personalised Learning: Building A New Relationship With Scho_
ols. North of England Education Conference. Belfast, 8 January 2004.
11. O’Neill O. Justice and Intelligent Accountability. 2004.
12. Sammons P., Matthews P. Improvement through inspection. An evaluation of
the impact of Ofsted’s work. Institute of Education/Ofsted, July 2004.
13. United States Department of Education. No Child Left Behind Act, 2002.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი