ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ალტერნატიული განათლების მიღების შესაძლებლობები ჩინეთში

გაისად, როცა ხუთი წლის ხაო ჯი სკოლაში შევა, მკაცრი სასკოლო დისციპლინის დამორჩილება და ულევი დავალების შესრულება არ მოუწევს. მისი ჩინელი თანატოლებისაგან განსხვავებით, ხაოს სასკოლო დღეები ხელოვნებით, მუსიკითა და სწავლების შემოქმედებითი მიდგომებით იქნება აღსავსე. ხაო ვალდორფის სკოლაში შედის. 
გოგონას დედ-მამა მშობელთა იმ მზარდ რიგებს მიეკუთვნება, რომლებიც ზურგს აქცევენ ჩინეთის სახელმწიფო საგანმანათლებლო სისტემას, რომლის მთავარი პრინციპი ვეებერთელა მასალის გაზეპირებაა და არა კრიტიკული აზროვნების განვითარება. ჩინელი მშობლები კერძო სკოლებს ირჩევენ. სკოლებს, რომლებსაც განსხვავებული მიდგომა აქვთ. მათ სურთ, რომ თავიანთი შვილების სასწავლო პროცესი არ იყოს დაძაბული და ინფორმაციის დაზეპირებაზე ორიენტირებული, არამედ ჰუმანური, ხალისიანი და შედარებით მცირე ინფორმაციის ხარისხიანად მიღებაზე გათვლილი. 
„კერძო სკოლაში ჩემი შვილი უკეთეს განათლებას მიიღებს და პარალელურად ძალიან ბედნიერად იგრძნობს თავს”, – ამბობს ლუ დანი, ხაოს დედა. 

გლობალური ყურადღება

უკვე დიდი ხანია ჩინეთმა თავისი მოსწავლეების განსაკუთრებული აკადემიური მოსწრებით მსოფლიოს ყურადღება მიიქცია. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (PISA) 2013 წლის საერთაშორისო გამოცდების შედეგების მიხედვით, 15 წლის ბიჭუნა შანხაიდან სიის პირველი ნომერია მათემატიკაში, მეცნიერებებსა და კითხვაში. 

ქალაქში მცხოვრები ჩინელების უმრავლესობა მთელ თავის ინვესტიციას შვილების განათლებაში დებს. დონ სტარს, დურჰემის უნივერსიტეტის ლექტორს მაგალითად თავისივე კვლევა მოაქვს, სადაც აღნიშნულია, რომ ჩინელი ოჯახები ყოველთვიური შემოსავლის 30%-ს შვილების სწავლა-განათლებაში ხარჯავენ, როცა ბრიტანელები შვილების განათლებისათვის თვიური შემოსავლის 2%-ს სჯერდებიან. 

სამაგიეროდ, კარგ ნიშნებთან ერთად, ჩინელი მოსწავლეები ღრმა დეპრესიას განიცდიან და საოცრად დაბალი თვითშეფასება აქვთ, ვიდრე მათ დანარჩენ თანატოლებს მთელ მსოფლიოში. გასულ შემოდგომას 10 წლის ბიჭუნამ ქალაქ შენგდუდან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 1000–სიტყვიანი თვითკრიტიკული ესეს დაწერის შემდეგ ბიჭუნა 30-ე სართულიდან გადმოხტა.  

ალბათ, სწორედ ამ მიზეზის გამო, ჩინეთში ალტერნატიული განათლების კერების გახსნის ტენდენციამ იხეთქა. კერძო სკოლები აქ დასავლური სწავლების მეთოდებს იზიარებენ და პირველკლასელებს ზუსტად იმდენივე დავალებას აძლევენ, რასაც, მაგალითად, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს. 

ამ დროისათვის ჩინეთში მოქმედი კერძო, ალტერნატიული სკოლებისა და საბავშვო ბაღების ზუსტი რიცხვი ცნობილი არ არის. ვალდორფის სკოლის დირექტორი ვეი ვარაუდობს, რომ სკოლების რიცხვი მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით 40-ს, საბავშვო ბაღებისა კი 500-ს აღწევს. ვეი დაწყებით სკოლასა და სამ საბავშვო ბაღს ფლობს, სადაც დაახლოებით 300-მდე მოსწავლე დადის. თითოეული მათგანი სკოლასა და საბავშვო ბაღში წელიწადში 6,500 დოლარს იხდის. 

განათლება მთელი ოჯახისათვის

კერძო სკოლა „ვალდორფთან” მშობლებმა დასახლება შექმნეს. იმისათვის, რომ სკოლასთან ახლოს ყოფილიყვნენ და ცხოვრების სტილი შეეცვალათ, პირველ რიგში, საცხოვრებელი ადგილი შეიცვალეს. ხაოს მშობლებისათვის, ლუ დანისა და მისი ქმრისათვის, კერძო სკოლაზე არჩევნის გაკეთება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავიანთი ქალიშვილის განათლება. ლუ დანი ამბობს, რომ ამ სკოლაში ის აღმოაჩინა, რამაც მისი ცხოვრება აბსოლუტურად შეცვალა. სკოლამ ჰუმანურობა და თავისუფალი აზროვნება ასწავლა, მისი ფიქრები მატერიალურ ღირებულებებს მოსწყდა.

პირველი ცვლილება მათ ოჯახში ტელევიზორსა და კომპიუტერულ თამაშებზე უარის თქმა იყო. „ამან ნამდვილი ცხოვრება, რეალური არსებობა გამომაცდევინა”, – ამბობს ლუ.

დღეს ისინი გარესამყაროსგან მოწყვეტილად ცხოვრობენ. მათთან ერთად კიდევ 40 ოჯახი სახლობს, რომლებიც სპეციალურად სკოლის სიახლოვეს გადმობარგდნენ. ვეიმ სცადა შეექმნა გარემო ადამიანებისათვის, რომლებიც ერთნაირად ფიქრობენ, ერთნაირი სურვილები აქვთ. ბევრი მშობელი სკოლაში მოხალისედ ეწევა სამუშაოს. სკოლა აქტიურად თანამშრომლობს სხვა კერძო სკოლებთან და ხშირად უცხოელი მასწავლებლებიც ჩამოჰყავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. 

თავად სკოლის დირექტორი ვეი ვალდორფის პედაგოგიკას 2007 წლიდან შეისწავლიდა. ოთხი წლის წინ მან თავისი პროფესია – ფოტოკორესპონდენტობა მიატოვა და საბავშვო ბაღი გახსნა. ვეის უხარია, რომ მის სკოლაში ბევრი ბავშვი მოდის. კიდევ უფრო დიდი სიხარულით მშობლები მოდიან. ისინი, ვისაც სურვილი ჰკლავთ შეცვალონ თავიანთი ცხოვრება, თუმცა  არ იციან – როგორ. 

„აქ ისეთი მშობლები მოდიან, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, როგორ ეთამაშონ შვილებს. ისინი ბავშვებს ტელევიზორის ეკრანებთან სვამენ და სულ ესაა. ხშირად, მძიმე სამუშაო დღის შემდეგ, ჩინელი მამები შინ ისეთ დროს მიდიან, რომ შვილებმა არც კი იციან მამების არსებობის შესახებ. ამ სკოლაში მოსვლის შემდეგ, ისინი სწავლობენ თავიანთ შვილებთან თამაშს, საუბარსა და გართობას. ცხოვრებას თავიდან იწყებენ”, – ამბობს ვეი.

წყარო: https://edition.cnn.com/2014/03/26/world/asia/china-alternative-education/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი