ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

         გასვლითი გაკვეთილი მხატვრის სახელოსნოში

მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად საჭიროა შესაფერისი გარემოს შექმნა, რისთვისაც აუცილებელია სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო აქტივობის მოფიქრება და მომზადება.

მასწავლებელმა ძირითადი საკითხიდან გამომდინარე მკაფიოდ უნდა განსაზღვროს გაკვეთილის მიზანი. აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს წინარე ცოდნა. გაიაზროს შედეგი, რომლის მიღწევასაც აპირებს. ამის მიხედვით უნდა დაიგეგმოს აქტივობები და შეიქმნას შესაბამისი  გარემო.

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სტანდარტი დაწყებით საფეხურზე პიროვნების აღზრდასა და ჰარმონიულ განვითარებას ემსახურება. ამაში კი მნიშვნელოვან როლს თამაშობს მისი ხელოვნებასთან ზიარება. სწორედ ეს ფუნქცია აქვს სკოლაში ესთეტიკური აღზრდის საგნებს. მათი შესწავლა მოსწავლეს უვითარებს შემოქმედებითობას, წარმოსახვას, თვითგამოხატვისა და კრიტიკული აზროვნების უნარებს, უღვივებს სიახლის ძიების სურვილს, რაც აუცილებელია მოსწავლის  ნებისმიერი მომავალი საქმიანობისათვის.

ესთეტიკური აღზრდის სწავლების ამოცანებია:

 

*მოსწავლის ჩაბმა შემოქმედებით  და  საინტერპრეტაციო საქმიანობებში;

*ხელოვნების ნიმუშის/ნაწარმოების აღქმის უნარის განვითარება.

 

პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნაში მასწავლებელს განსაკუთრებული როლი ენიჭება.

შემოგთავაზებთ გასვლით გაკვეთილს მხატვრის სახელოსნოში.

გაკვეთილის თემა:  რა არის ფერწერა;

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან ხელოვნების დარგს – ფერწერას, განუვითარდებათ  სურათით აღძრულ შთაბეჭდილებებზე საუბრის უნარი.

მხატვრის სახელოსნოში ვიზუალურად გაეცნობიან და შეიქმნიან ზოგად წარმოდგენას  სახვითი ხელოვნების დარგზე  –  ფერწერაზე;

ე.ს.გ. განსაზღვრული შედეგი:

..III.8. მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის თვითგამოხატვის და კომუნიკაციის საშუალება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:  საუბრობს ნამუშევრით აღძრულ შთაბეჭდილებებზე;

..III.11. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთისგან განასხვავოს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგები, ზოგიერთი ჟანრი და დააკავშიროს ისინი ყოველდღიურ ცხოვრებასთან.  

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:  ამოიცნობს ხელოვნების ცნობილ ნამუშევრებს და მიაკუთვნებს მათ შესაბამის დარგს (ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება).

წინარე  ცოდნა:  ნამუშევრის აღწერა;

ამ ყველაფრის საფუძველზე, ცოდნის გაღრმავებისა და მეტი თვალსაჩინოების მიზნით, გადავწყვიტეთ გაკვეთილის შემდგომი ეტაპი მხატვრის სახელოსნოში ჩაგვეტარებინა. ამ მიზნით ვეწვიეთ მხატვარ გივი თორაძეს, რომელმაც მოსწავლეებს გააცნო ტერმინი – ფერ-წერა,  ესაუბრა მის შინაარსსა და არსზე. მოსწავლეები გაეცნენ  მხატვრის  ფერწერულ ნამუშევრებს, დაათვალიერეს სახელოსნო და მხატვრისთვის საჭირო ატრიბუტები:  ტილო, ფუნჯი, საღებავი, პალიტრა.

ნახეს დაზგა-მოლბერტი, რომელზეც მხატვრები მუშაობის დროს სურათს დებენ; ასევე. ზეთის საღებავები, რომლებიც სპეციალურ ტუბებშია მოთავსებული.

მოსწავლეებს გაკეთებული ჰქონდათ კითხვარი, სადაც მათთვის საინტერესო კითხვებს  მხატვარი   სიამოვნებით  პასუხობდა.

მხატვარმა აუხსნა, რომ  ფუნჯები სხვადასხვა ფორმისა და სისქისაა, რომ მათი საშუალებით მიიღება განსხვავებული მონასმები.

აჩვენა ტილო, რომელზეც ზეთის საღებავით იმუშავა. მან მოსწავლეებს მოუწოდა, რაც შეიძლება მეტი ხატონ – ფანქრებით, საღებავებით, პასტელებით.

მოსწავლეებმა ინტერესით დაათვალიერეს მხატვრის ყველა ნამუშევარი, აღფრთოვანებულები შთაბეჭდილებებს ვერ ფარავდნენ, მოსწონდათ თითოეული ნახატი  და  მხატვართან ერთად სამახსოვრო ფოტოსურათებს იღებდნენ.

 

გაკვეთილის მსვლელობის მოკლე გეგმა:

* მასწავლებლის შესავალი საუბარი;

* მხატვრის სახელოსნოსა და ფერწერული ნამუშევრების დათვალიერება;

* ფერწერული ნამუშევრებისათვის საჭირო ატრიბუტების ნახვა-გაცნობა;

* კითხვა-საუბარი მხატვართან;

* ნანახისა და მოსმენილის ანალიზი;

* მიღებული შთაბეჭდილებების გაზიარება;

* გაკვეთილის ღირებულებითი შეფასება.

გასვლითი გაკვეთილის შედეგი:

გასვლითი გაკვეთილით მესამე კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მრავალფეროვანი და საინტერესო ინფორმაცია ფერწერაზე, მისი მხატვრულად დამუშავების ხერხებზე, განუმტკიცდათ   შეძენილი თეორიული ცოდნა ფერწერასა და  მის დანიშნულებაზე.

 

გასვლითი გაკვეთილის  ღირებულებითი  მნიშვნელობა

 

მხატვრის სახელოსნოში ჩატარებული გასვლითი გაკვეთილი ხელს უწყობს სკოლაში მიღებული ცოდნის განმტკიცებას, ახალი ინფორმაციის ათვისებას,  ფერწერული ტილოების ვიზუალურად ნახვას, ხელოვნების ნიმუშების აღქმას.

ასევე ხელს უწყობს შემოქმედებით აზროვნებას, წარმოსახვას და სურათით აღძრული შთაბეჭდილებების გადმოცემას.

მოსწავლე ამოიცნობს ხელოვნების ცნობილ ნამუშევრებს და მათ შესაბამის დარგს – ფერწერას – მიაკუთვნებს.

 

მხატვრის სახელოსნოში ჩატარებული გასვლითი გაკვეთილით მიღებული შთაბეჭდილებები სწავლის შემდგომ ეტაპებზე ხელს უწყობს არა მარტო სწავლების მოტივაციის, არამედ სწავლის ხარისხის ამაღლებასაც. დამოუკიდებელი სამუშაოს შესრულების დროს, პატარ-პატარა ფერწერული კომპოზიციების შექმნისას მოსწავლეები იხსენებენ ნანახ ილუსტრაციებს და ცდილობენ ნახატის მხატვრულად დამუშავების ამა თუ იმ ხერხის გამოყენებას.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ეროვნული სასწავლო გეგმა-2011-2016;

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება-მასწავლებლის წიგნი.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი