ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მასწავლებლების შეფასება -საერთაშორისო გამოცდილება (მეორე ნაწილი)

წერილის ამ ნაწილში საუბარია მასწავლებლის შეფასების მსოფლიოში არსებულ ტრადიციულ ფორმებზე. როგორც წინა წერილში აღვნიშნეთ, ავტორიტეტული ექსპერტების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მასწავლებლების შეფასების არსებული ხერხები არ აღმოჩნდა ეფექტიანი, რადგანაც ის ეყრდნობოდა ანგარიშგებას და მხედველობიდან რჩებოდა პროფესიული განვითარების კომპონენტი. ეს იყო ერთგვარი შემაჯამებელი შეფასება, ანუ საქმიანობის შედეგების ასახვა და არ აძლევდა პედაგოგს იმპულსს პროფესიული განვითარებისათვის. ასეთი მიდგომა მასწავლებლების მიერ არ აღიქმებოდა, როგორც შეფასება მათი პროფესიული სრულყოფისათვის. მასწავლებლის საქმიანობის ექსპერტიზა მხოლოდ მაშინ გამოიღებს სასურველ ნაყოფს, როცა პასუხისმგებელი პირების მხრიდან პროფესიული განვითარების აუცილებლობის დეკლარირება კი არ ხდება მხოლოდ, არამედ შეფასება სინამდვილეში სწორედ ამ მიზანს ემსახურება.  

არსებობს შეფასების მეორე ფორმა – არაფორმალური შეფასება. მასწავლებლებს მუდმივად აფასებენ საკუთარი მოსწავლეები და მოსწავლეთა მშობლები. ცხადია, არაფორმალური შეფასების დროს დიდ როლს თამაშობს ურთიერთობები და განწყობა-დამოკიდებულებები. ასეთ შეფასებას შეიძლება ფორმალური ხასიათიც მიეცეს. მაგალითად, როცა მშობლების მხრიდან საჩივრების გამო სკოლის ადმინისტრაცია ან ზემდგომი ორგანოები ვალდებული არიან რეაგირება მოახდინონ საჩივრებზე. მათ საფუძვლიანობაში დასარწმუნებლად დირექტორმა უნდა მიიღოს კონკრეტული ზომები. თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ ხელმძღვანელები თავს არიდებენ არასასიამოვნო ფუნქციას – მისცენ მასწავლებელს ნეგატიური უკუკავშირი, ამიტომ გაკვეთილზე დასწრებისას ისინი თვალს ხუჭავენ სერიოზულ ხარვეზებზე და უფრო ზოგად შენიშვნებს იძლევიან. ისინი გაურბიან მასწავლებელთან პირისპირ საუბარს სასწავლო პრაქტიკის გაუმჯობესებისა და პროფესიული საჭიროებების შესახებ. ხშირად ამის მიზეზი დირექტორთა არასათანადო მომზადებაცაა. ისინი არ ფლობენ განმავითარებელი შეფასებისათვის საჭირო ინსტრუმენტებს, არ იციან, როგორ წარმართონ მასწავლებელთან საუბარი ისე, რომ ეს შეფასებაზე უფრო მის პროფესიულ განვითარებას წაადგეს. სწორედ ამიტომ დგება დღის წესრიგში დირექტორების მომზადება იმ მიმართულებით, რომ მათ შეძლონ მასწავლებლებისათვის კონსტრუქციული უკუკავშირის, პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული განმავითარებელი კომენტარი მიცემა.   

კვლევები ადასტურებს, რომ შეფასებას მაშინ მოაქვს შედეგი, როცა მასწავლებელს შეუძლია მისი ეფექტიანად გამოყენება, ანუ შეფასებას აქვს არა სადამსჯელო, არამედ პროფესიული განვითარების ფუნქცია, მაგრამ საზღვარგარეთის გამოცდილებიდან გამომდინარე, შეიძლება  ითქვას, რომ შეფასების დაბალი ეფექტიანობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი შეფასების ექსპერტთა არასაკმარისი მომზადებაა, ამიტომ ნებისმიერი ქვეყნის განათლების სისტემის უპირველესი საზრუნავი მათს კვალიფიკაციაზე ზრუნვაა. მასწავლებლების მხრიდან შეფასების ტრადიციული ფორმების მიმართ წინააღმდეგობა იმ დროიდან არსებობს, რა დროიდანაც ეს ფორმები, ანუ თითქმის ასი წლის ისტორია აქვს. განათლების მართვის ორგანოების მიერ შემოთავაზებული შეფასების მეთოდებისა და ინსტრუმენტების უმრავლესობას საფუძვლად უდევს მასწავლებლის საქმიანობის შეფასების ვიწრო სპექტრი. ეს ინსტრუმენტები ზედაპირული და მოუქნელია, არ ითვალისწინებს იმას, რომ მასწავლებელს პროფესიულ საქმიანობაში უწევს სხვადასხვა სახის პრობლემებთან გამკლავება და, სიტუაციიდან გამომდინარე, მათი გადაჭრის გზებიც განსხვავებულია.

ამის გარდა, მასწავლებლებს პროტესტის გრძნობა უჩნდებათ იმის გამოც, რომ შეფასების ინსტრუმენტების უმრავლესობა იქმნება მათი მონაწილეობის გარეშე. არც განათლების ადგილობრივი მმართველობის ორგანოები არიან უკეთეს მდგომარეობაში. შეფასების პროცედურები მათთვისაც დიდი ტვირთია და საერთო ატმოსფეროს მნიშვნელოვნად ამძიმებს. 

ყველა თანხმდება იმაზე, რომ მასწავლებლების საქმიანობის ობიექტური, სანდო, გამჭვირვალე და ვალიდური შეფასების ინსტრუმენტების შექმნა, კრიტერიუმებისა და ინდიკატორების განსაზღვრა ძალზე რთული საქმეა. მათ შექმნაზე დახარჯული დრო და ენერგია მისგან მოტანილი სარგებლის, ანუ სწავლების შედეგების გაუმჯობესების ადეკვატური უნდა იყოს. 

მოვიყვანთ მასწავლებლის შეფასების ტრადიციული ინსტრუმენტებისა და მეთოდების მაგალითებს:

გაკვეთილზე დაკვირვება. ეს ყველაზე გავრცელებული საშუალებაა სკოლაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობის ანალიზისათვის. დაკვირვება შეიძლება განახორციელოს დირექტორმა, გარე მონიტორმა, სხვა მასწავლებლებმა, ანუ კოლეგებმა.  დაკვირვების მიზნებსა და შეფასების კრიტერიუმებს წინასწარ უნდა იცნობდეს მასწავლებელი, რომელსაც აკვირდებიან.  ექსპერტები აღნიშნავენ, რომ გაკვეთილზე დაკვირვების დროს რთულია ვალიდობისა დაცვა, ამიტომ მისი გამოყენება საბოლოო შეფასებისათვის მიზანშეწონილი არ არის. მაგრამ არც ამის გარეშე შეიძლება მასწავლებლის საქმიანობის ექსპერტიზა. რეკომენდებულია, რომ გაკვეთილს დააკვირდეს მინიმუმ ორი ადამიანი და დაკვირვების შედეგების შეჯერებული იყოს სხვა მონაცემებთან, მაგალითად, მოსწავლეთა გამოკითხვასთან.

გაკვეთილზე დაკვირვების ფორმები, ე.წ. მატრიცები ეფუძნება მონაცემებს ხანგრძლივი ემპირიული კვლევების გზით მოპოვებული ხარისხიანი სასწავლო პროცესის მახასიათებლების შესახებ.  ასეთი კვლევები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია ჩატარებული. აქედან გამომდინარე, მახასიათებლები, რომლებიც საფუძვლად უდევს დაკვირვების მატრიცებს, არ არის სტიქიურად კონსტრუირებული, ამიტომ მათი გამოყენება მასწავლებლებს შეუძლიათ საკუთარი პროფესიული საჭიროებების დადგენისა და თვითგანვითარებისათვის. ამ მახასიათებლებზე დაყრდნობით ტარდება პროფესიული განვითარების ღონისძიებები (ტრენინგები, სემინარები, მასტერკლასები და სხვ.). სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა დაკვირვების ფორმები არ უპასუხებს თანამედროვე მოთხოვნებს, უხარისხო ინსტრუმენტების გამოყენებას კი სასწავლო პროცესის  გაუმჯობესების ნაცვლად შეუძლია სიტუაციის გაუარესება.

შეფასების სკალები, ე. წ. „checklist”-ი, მასწავლებლის შეფასების ყველაზე ძველი ინსტრუმენტია. მას ამერიკაში ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში იყენებდნენ. ეს არის იმ მახასიათებლების ჩამონათვალი, რომლებსაც უნდა ფლობდეს მასწავლებელი. სასურველია, კონკრეტული მახასიათებლის გამოვლენის ხარისხი კონკრეტულ მასწავლებელთან რამდენიმე დამოუკიდებელმა დამკვირვებელმა შეაფასოს. შეფასების სკალების გამოყენებას მრავალი პრობლემა ახლავს თან. თუ გვინდა, რომ შეფასება ვალიდური იყოს, სკალაში ასახული უნდა იყოს მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი. მასწავლებლის საქმიანობა კი იმდენად მრავალწახნაგოვანია, რომ ასეთი სკალა ძალიან ვრცელი შეიძლება გამოვიდეს და ვერც ამოწუროს გაზომვის სფეროები. მიუხედავად ამისა, არსებობს შეფასების სკალების ძალიან ბევრი და საინტერესო ვარიანტი, რომლებიც გვაძლევს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა მიიჩნევა კარგი მასწავლებლის მახასიათებლებად. მათი გაცნობა მასწავლებელს დაეხმარება საკუთარი საქმიანობის რეფლექსიაში.  

მოსწავლეთა მიღწევები. ეს კრიტერიუმი, ერთი შეხედვით, ყველაზე ბუნებრივი და ლოგიკურია მასწავლებლის საქმიანობის შესაფასებლად. ყველასათვის ცხადია, რომ მასწავლებლის საქმიანობის საბოლოო პროდუქტი მოსწავლის შედეგებია. მიუხედავად ამისა, არსებობს ძალიან ბევრი არგუმენტი, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს ამ კრიტერიუმის ეფექტიანობას. მოსწავლეთა მიღწევების გაზომვისას არ არის გათვალისწინებული მათი საწყისი დონე. არის სხვა ბევრი ფაქტორიც, რომლებიც დიდწილად განსაზღვრავენ მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებს, მაგალითად, სოციალური ფაქტორები. საქართველოში ასეთ ფაქტორად შეიძლება მივიჩნიოთ რეპეტიტორობის ინსტიტუტის არსებობა. იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ მასწავლებლის საქმიანობაზე მოსწავლეთა შედეგების მიხედვით, უნდა გამოვიკვლიოთ ამ შედეგების განმსაზღვრელი ფაქტორებიც, რაც ძალიან რთულია. ამიტომ ამერიკაში მოსწავლეთა შედეგების ხვედრითი წილი მასწავლებლის საქმიანობის შეფასებაში მხოლოდ 25-30%-ია (საქართველოს რეალობიდან გამომდინარე, ეს პროცენტი, ალბათ, კიდევ უფრო დაბალი შეიძლება იყოს). 

ექსპერტთა უმრავლესობა ემხრობა იმ აზრს, რომ მოსწავლეთა მიღწევები შეიძლება გამოვიყენოთ მთლიანად სკოლის, და არა ცალკეული კლასის ან მასწავლებლის, შეფასებისათვის. დღესდღეობით არ არსებობს გაზომვის ისეთი  საშუალება, რომელსაც შეუძლია ობიექტურად ასახოს მთელი სასწავლო გეგმა, სასწავლო პროგრამა. ამ თვალსაზრისით ყველაზე გავრცელებული ფორმა ტესტირებაა, მაგრამ თუ ტესტირების შედეგებს მასწავლებლის საქმიანობის შესაფასებლად გამოვიყენებთ, ეს მიგვიყვანს იქმდე, რომ სწავლებაში ტესტები  უფრო არსებით მნიშვნელობას შეიძენს, ვიდრე თავად სასწავლო გეგმა / პროგრამა, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ მასწავლებლებმა სწავლებისას. იმ შემთხვევაში, თუ ტესტირების (მაგალითად, ე. წ. KAT-ის) შედეგების მიხედვით შეფასდებიან მასწავლებლები ან თუნდაც მათ შეფასებაში დიდი იქნება ამ შედეგების ხვედრითი წილი, ეს  გამოიწვევს პედაგოგების მხრიდან მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და აღმზრდელობითი მიზნების უგულებელყოფას. აქცენტი გადავა ტესტირებისათვის მოსწავლეთა მომზადებასა და არა ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგების მიღწევაზე. ამის პრეცედენტი უკვე მსოფლიოს არაერთ წამყვან ქვეყანაში არსებობს. ამის მაგალითია თუნდაც ისევ და ისევ ამერიკის შეერთებული შტატები. 

ყველაფერთან ერთად, მასწავლებლის საქმიანობის შეფასების ამ ფორმას ახლავს კიდევ ერთი ნეგატიური ეფექტი: ეს არის შედეგების ფალსიფიკაციის მცდელობა, ანუ მასწავლებლები ეძებენ სხვადასხვა გზას ტესტირების დროს მოსწავლეთა დასახმარებლად, ცდილობენ, სუსტი მოსწავლეები არ დაუშვან ტესტირებაზე ან აიძულონ სხვა სკოლაში გადასვლა. ტესტირების შედეგებზე აქცენტირებით ზარალდებიან ე.წ. „წესიერი სკოლები”, რომელთა რიცხვიც დღითიდღე იკლებს ამერიკაში. 

აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ მოსწავლეთა მიღწევების მიბმა მასწავლებლის საქმიანობის შეფასებაზე ბევრ რისკ-ფაქტორს შეიცავს.

მოსწავლეთა მიერ მასწავლებლის შეფასება. შეფასების ამ ფორმისას გამოიყენება ანკეტირება ან/და სტრუქტურირებული ინტერვიუ.  ექსპერტთა დიდი ნაწილის აზრით, ეს არის კარგი და ვალიდური საშულება როგორც მასწავლებლის საბოლოო, ისე მიმდინარე შეფასებისას. მოსწავლეების მიერ მასწავლებლის შეფასება კარგად ავლენს მის ძლიერ და სუსტ მხარეებს, რადგან ბავშვების შეხედულებები ეყრდნობა არა წინასწარ საგანგებოდ მომზადებულ გაკვეთილებს, არამედ პედაგოგის ყოველდღიურ საქმიანობას.

იმისათვის, რომ მოსწავლეების შეფასება ობიექტური იყოს, აუცილებელია ანონიმურობის მკაცრად დაცვა. ამავდროულად, ეს დელიკატური საკითხია და ამიტომაც შეფასების თანამედროვე სისტემები იყენებს მასწავლებლის შეფასებაში მოსწავლეთა „ნებაყოფლობითი მონაწილეობის” პრინციპს და ეს შეფასება მკაცრად კონფიდენციალურია (კონფიდენციალობის, როგორც მორალური ვალდებულების, დაცვა ჩადებულია შეფასების ექსპერტის ხელშეკრულებაში). 

გამოცდა. შეფასების ეს ფორმა ჩვენი მასწავლებლებისათვის კარგად არის ცნობილი, ამიტომ მასზე აღარ შევჩერდებით. ერთს აღვნიშნავთ მხოლოდ, იმას, რაც ყველასათვის ისედაც ნათელია: სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება არ არის კლასში მასწავლებლის წარმატებული სასწავლო პრაქტიკის გარანტია. 

მასწავლებლის პორტფოლიო. შეფასების ეს ფორმა ასევე კარგად არის ცნობილი მასწავლებლებისათვის. მასში თავს იყრის სხვადასხვა სახის მასალა: ეს შეიძლება იყოს მასწავლებლის საკლასო პრაქტიკის, მოსწავლეების სწავლისა და შედეგების, პროფესიულ ღონისძიებებში მონაწილეობის ამსახველი მასალები. პორტფოლიო იმით არის კარგი, რო ის შეიძლება ეფექტიანად გამოვიყენოთ როგორც მიმდინარე, ისე საბოლოო შეფასებისათვის. მეტი საიმედოობისათვის სასურველია მისი შევსება კოლეგებთან და ადმინისტრაციასთან გასაუბრებით. 

თვითშეფასება. განათლების ცნობილი ექსპერტი მაიკლ ბარბერი თვითშეფასებას მიიჩნევს მასწავლებლის პიროვნული და პროფესიული განვითარების ეფექტურ საშუალებად. კვლევები ცხადყოფს, რომ ადამიანები, რომლებიც მონაწილეობენ ამ პროცედურაში, არიან მოტივირებულები, გააუმჯობესონ საკუთარი პრაქტიკა და განვითარდნენ პიროვნულად. თვითშეფასებისას მასწავლებელი ხელმძღვანელობს  საკუთარი საქმინობის შესახებ ინფორმაციის შეკრების სხვადასხვა საშუალებით. ეს შეიძლება იყოს გაკვეთილის ან კლასგარეშე საქმიანობის ამსახველი ვიდეო და აუდიოჩანაწერები, როგორც ყოფილ ისე ამჟამინდელ  მოსწავლეთა გამოხმაურებები, კოლეგების უკუკავშირი, სტანდარტით განსაზღვრულ კომპეტენციებთან საკუთარი საქმიანობის შესაბამისობის დადგენა და სხვა.  

დასკვნის სახით: როგორც ყოველივე ზემოთ თქმულიდან ირკვევა, მასწავლებლის შეფასების უნივერსალური ინსტრუმენტი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას სრულად ავსახოთ პედაგოგის  პროფესიული მოღვაწეობის მთელი სპექტრი, არ არსებობს. ამიტომ მასწავლებლებმა უნდა გააცნოებიერონ თითოეული ინსტრუმენტის შესაძლებლობები და საზღვრები. ამავდროულად შეფასებისას აქცენტი უნდა გაკეთდეს არა იმდენად საბოლოო, რამდენადაც მიმდინარე შეფასებაზე, რათა მასწავლებლები დარწმუნდნენ, რომ მათი საქმიანობის შეფასების მიზანი მათსავე პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვაა. ასეთ შემთხვევაში შეფასება გაგებული იქნება როგორც დახმარება, მხარდაჭერა და არა მასწავლებლების „ძლიერებად” და „სუსტებად” დიფერენცირების აკვიატებული სურვილი.  

წერილის მესამე ნაწილში შემოგთავაზებთ მასწავლებლის შეფასების თანამედროვე მიდგომებს. 

 (წერილი ეყრდნობა ბ. ზაგვოზდკინის სტატიას „მასწავლებლის საქმიანობის ექსპერტიზა საზღვარგარეთ”, ჟურნალი „Образовательная политика,” N1, 2011).
 
   

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი