პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

რამდენიმე რჩვეა ნებისყოფის აღზრდის შესახებ

მკვლევარები ნებისყოფის მრავალ და ერთმანეთისგან განსხვავებულ გაგებას გვთავაზობენ. სწორედ ამ შეხედულებათა ნაირგვარობა განსაზღვრავს ამ უნარის აღზრდა-განვითარებისთვის მოწოდებულ გზებსაც.
რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო მეტადაა დამახასიათებელი მისთვის იმპულსურობა და აქტუალური მოთხოვნილების იმპულსით განსაზღვრული ქცევები. სკოლამდელი ასაკი სწორედ ასეთია, მაგრამ უკვე ამ პერიოდში ბავშვი იძულებული ხდება, თანდათან შეზღუდოს თავისი იმპულსები და უფროსებისგან ნაჩვენები გზით მოქმედებას მიეჩვიოს. ეს ურთულესი პერიოდია. ამის გამოხატულებაა 3-4 წლის ასაკში გამოვლენილი ე.წ. ჯიუტობის ხანის სირთულეები – ბავშვი აქტივობის იმპულსს ვერ უმორჩილებს სავალდებულო ქცევის ნორმებს და ჟინიან არსებად იქცევა. ამ პროცესში ყალიბდება იგი აქტიურ სუბიექტად. სოციალურმა გარემომ მასზე დიდი სიფაქიზითა და საქმის ცოდნით უნდა მოახდინოს გავლენა, რადგან, ერთი მხრივ, თუ ბავშვის ყოველი სურვილი და მოთხოვნილება დაკმაყოფილდა, ეს მისი ნებისყოფის განვითარებას შეაფერხებს; მეორე მხრივ, თუ ძლიერ შეიზღუდა, ხელი შეეშლება აქტიური სუბიექტის ჩამოყალიბებას და იგი უინიციატივო გახდება. მართებული მიდგომა ბავშვს ეხმარება, წინასწარ ცნობიერად დაინახოს თავისი მოქმედების მიზანი, რითაც ის თანდათან ნებისმიერ (ნებისყოფისმიერ) მოქმედებას სწავლობს.

სასკოლო ცხოვრება განსხვავებულ მოთხოვნებს უყენებს ბავშვს – თუ აქამდე ის უფროსების მიერ მიცემულ დავალებას ყველაზე უკეთ მაშინ ასრულებდა, როცა ამას თამაშის სახე ჰქონდა, ამიერიდან ვითარება იცვლება, კერძოდ, ბავშვის ფუნქციობის ტენდენცია გარედან მიწოდებული სასწავლო მასალის საფუძველზე მჟღავნდება. განვითარება აქ ხდება არა თავისუფლად არჩეულ მასალაზე, როგორც თამაშის შემთხვევაში, არამედ იმ მასალაზე, რომელიც მოზრდილს მიაჩნია მიზანშეწონილად (დ. უზნაძე).

სპეციალური კვლევები ადასტურებს, რომ თითოეულ ასაკობრივ პერიოდს განსაზღვრული ფსიქიკური ფუნქციების გაძლიერება ახასიათებს და ისინი დომინირებენ ყველა დანარჩენზე, უფრო მეტიც – განსაზღვრავენ კიდეც მათ განვითარებას. დაწყებით სასკოლო ასაკში ეს არის მეხსიერების, ყურადღებისა და აზროვნების ნებისმიერი ფორმების განვითარება – იმოქმედო ორგანიზებულად, დასახული ამოცანების შესატყვისად, რომლებიც (თამაშისგან განსხვავებით) ხშირად არ ემთხვევა ბავშვის სურვილს. სწორედ ამ ამოცანას უყენებს მოსწავლეს სასკოლო სწავლება. ეს მოთხოვნები მომდინარეობს არა მხოლოდ სასწავლო გარემოდან, არამედ ბავშვის ახალი სოციალური როლიდანაც – იგი ხდება განსაზღვრულ ვალდებულებათა მატარებელი სუბიექტი, რომლის საქმიანობითაც დაინტერესებულია არა მხოლოდ ოჯახი, არამედ სკოლაც, მასწავლებლებიც. ის გაიზარდა, ამაყობს და კმაყოფილია თავისი ახალი სტატუსით. მის შეფასებაში ჩნდება ახალი კომპონენტი – როგორ სწავლობს. ამრიგად, სასკოლო სწავლება მთლიანად გარდაქმნის ბავშვის ცხოვრების სტილს, რაც დღის წესრიგში აყენებს ფსიქიკურ ფუნქციათა ნებისმიერი ფორმირების განვითარების აუცილებლობას. ეს პროცესი ხანგრძლივია და რთული. ზოგჯერ მშობლებს ეჩვენებათ, რომ სკოლაში მისვლამ უარყოფითად იმოქმედა ბავშვის მეხსიერებაზე, რომ ის ბაღში უფრო ადვილად იმახსოვრებდა მასალას. საქმე ის არის, რომ სკოლაში ბავშვმა უნდა ისწავლოს ის, რასაც მასწავლებელი ავალებს, ეს კი გულისხმობს მეხსიერების აქტიური, ნებისმიერი ფორმის გამოყენებას, რომელიც ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. იგივე შეიძლება ითქვას მიზანდასახულად ყურადღების წარმართვისა და აზროვნების შესახებ. იძულება და დასჯა მოსწავლის საქმიანობას უფრო ეფექტურს ვერ გახდის, რადგან ქცევის რეგულირება ამ გზით შეუძლებელია, საზიანოც კი.

იმ მოსწავლეებზე დაკვირვება, რომლებიც თავიდანვე სიამოვნებით, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე და კეთილსინდისიერად ასრულებენ სასწავლო ამოცანებს, აჩვენებს, რომ მათთვის მოსწავლის როლი ემოციურად მისაღები, სასიამოვნო და მნიშვნელოვანია. იგივე ითქმის ამ როლთან დაკავშირებულ ყველა ვალდებულებაზეც. მოსწავლეებს სურთ, ბოლომდე და კარგად შეასრულონ დავალება, მიისწრაფვიან, თავი მოაწონონ მასწავლებელს და ა.შ. ეს „შინაგანი პოზიცია” მოსწავლეებს სხვადასხვა დროს უყალიბდებათ.

მაშ, რა ხდება გარდატეხის ასაკში? სწავლაზე გულის აცრუებას ზოგიერთი მოზარდის უნებისყოფობას მიაწერს. ამას ფსიქოლოგები არ ეთანხმებიან – არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ყველა ფსიქიკური პროცესი ვითარდება და მხოლოდ ნებისყოფა სუსტდება. ზოგიერთი მეცნიერის აზრით კი ეს იმით აიხსნება, რომ დაწყებითი სასკოლო ასაკის მოსწავლის „ბავშვური ნებისყოფა” (ძლიერი მოთხოვნილება, შეასრულოს დაკისრებული ვალდებულებები) ბევრს უფრო ადრე უსუსტდება, ვიდრე ჩამოუყალიბდება უფრო მაღალი ტიპის ნება – გადალახოს ძლიერი სურვილი ნაკლებად ძლიერის, მაგრამ მნიშვნელოვანის სასარგებლოდ. ეს იმით არის გამოწვეული, რომ ბავშვი თანდათან ეჩვევა მოსწავლის მდგომარეობას და მასთან დაკავშირებული განცდები კარგავს მოტივაციურ ძალას, ხოლო გართულებული სასწავლო პროგრამები უფრო და უფრო დიდ მოთხოვნებს უყენებს მის ნებისყოფას.
ნებისყოფის აღზრდის ამოცანები შემდეგია:

1. მოსწავლის პოზიციის აღზრდისა და ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ახალი ვალდებულებების, არამედ მოვალეობათა გაცნობიერებაც. რასაკვირველია, პირველკლასელის სკოლასთან დაკავშირებული ძლიერი ემოციური შეფერილობის განცდები თანდათან სუსტდება, მაგრამ სწორად წარმართული პედაგოგიური მუშაობა უზრუნველყოფს მათ გარდაქმნას სკოლაში საკუთარი ადგილის დამკვიდრების განცდად – მოსწავლე უნდა გაუფრთხილდეს თავის რეპუტაციას, კარგად შეასრულოს დაკისრებული ვალდებულებები. ეს უფრო ზოგადი ცხოვრებისეული პოზიციაა. მართლაც, როდესაც მოსწავლე ცუდად სწავლობს და მას ამისთვის კიცხავენ, სჯიან და ნაკლებად ეხმარებიან, ის ეძებს სხვა გარემოს და პოულობს კიდეც, მაგალითად, ქუჩაში, სადაც ამტკიცებს, რომ კარგად მხოლოდ „ქალაჩუნები” სწავლობენ; სხვადასხვა გზით იპყრობს ყურადღებას და იძენს ავტორიტეტს, ხშირად – არასასურველი ქცევითაც კი. სხვა მოსწავლეებს საპირისპირო მისწრაფება უჩნდებათ, ზოგჯერ – ისიც დამაზიანებელი: რადაც არ უნდა დაუჯდეთ, ყველაფერში წარჩინებულები იყვნენ და ამით მოიპოვონ განსაკუთრებული მდგომარეობა (არაჯანსაღი პერფექციონიზმი). ამ დილემიდან გამოსავალი იქნება, შეფასება შესრულებული სამუშაოს ხარისხის ამსახველი იყოს და არა მოსწავლის პიროვნებისა. მაშინაც კი (და უფრო მეტად – სწორედ მაშინ), როცა მოსწავლე ცუდ ნიშანს იღებს, ძალზე მნიშვნელოვანია, დავეხმაროთ მას, ვაჩვენოთ რეალური გზა შედეგების გასაუმჯობესებლად.

2. მომდევნო ამოცანა შემეცნებითი ინტერესის ფორმირების, ინტელექტუალური დაძაბულობისა და ინტელექტუალური სირთულეების დაძლევის მოთხოვნილების გაჩენაა. მოსწავლეს, რომელიც წარმატებით ძლევს სასწავლო სამუშაოს, თანდათან თეორიული მოთხოვნილების დაკმაყოფილებით გამოწვეული სასიამოვნო განცდა ეუფლება. ამის გამო მას, რასაკვირველია, თვითონ სასწავლო პროცესიც მოსწონს, თუ ის უზრუნველყოფს ასეთ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას და საჭირო შედეგს. ფსიქოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ სასწავლო პროცესი ორგანიზებულად და ძალდაუტანებლად მიმდინარეობს, თუ იგი, ერთი მხრივ, ამყარებს მოსწავლის სასკოლო პოზიციას, მეორე მხრივ კი უკმაყოფილებს მას შემეცნებით მოთხოვნილებას. რომელიმე კომპონენტის არარსებობა პროცესის ნორმალურ მსვლელობას არღვევს.

3. მესამე ამოცანაა, სისტემატურად ვიმუშაოთ მოსწავლესთან იმ პიროვნული თვისებების აღზრდაზე, რომლებიც აუცილებელია ნებელობითი ქცევისათვის. ამ თვისებებს (უნარ-ჩვევებისგან განსხვავებით) შინაგანი, თვითაღმძვრელი ძალა აქვთ: ადამიანი გამუდმებით მიისწრაფვის, აკეთოს ჩვეული საქმე განსაზღვრულ დროს და განსაზღვრულ ვითარებაში. პიროვნულ თვისებებს უდიდესწილად სწორედ მყარად ფიქსირებული ასეთი ჩვევები და ჩვეულებები შეადგენს. ამიტომ არის, რომ ნებისყოფის ფორმირებაში უდიდეს როლს ასრულებს რეჟიმი. მისი დაცვა მოსწავლეს ხშირად უჭირს – ამა თუ იმ მომენტში სხვა რამ აინტერესებს, არ ჰყოფნის ნებისყოფა, მოსწყდეს მას და გაკვეთილები მოამზადოს, მაგრამ თუ ის მიჩვეულია განსაზღვრულ პერიოდში მეცადინეობას, ეს ჩვევა მას საშუალებას მისცემს, იძულების გარეშე შეასრულოს დავალება. მუშაობის რეჟიმი ბავშვმა თვითონ უნდა შეადგინოს უფროსის დახმარებით. რეჟიმის დაცვა ნებისყოფის განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორია. იგი, ერთი მხრივ, ზღუდავს ბავშვის თავისუფალ სწრაფვას, მეორე მხრივ კი ავითარებს ნებელობის უფრო მაღალ დონეს, რაც საბოლოო ჯამში აქტიური პიროვნების განვითარების საფუძველია.

ტესტი

უპასუხეთ ქვემოთ მოყვანილ კითხვებს და შეაფასეთ:
„კი” – 2 ქულა
„არ ვიცი” ან „ზოგჯერ ასეც ხდება” – 1 ქულა
„არა” – 0 ქულა
1. შეგიძლიათ თუ არა, დაამთავროთ დაწყებული საქმე, რომელიც არ გაინტერესებთ?
2. განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე გადაგილახავთ შინაგან წინააღმდეგობას, როდესაც აკეთებთ თქვენთვის არცთუ სასიამოვნო რამეს (მაგალითად, მუშაობთ უქმე დღეს)?
3. როდესაც კონფლიქტურ სიტუაციაში ხვდებით, ახერხებთ, თავი ხელში აიყვანოთ და ობიექტურად შეაფასოთ სიტუაციია?
4. თუ თქვენთვის რეკომენდებულია დიეტის დაცვა, გაუძლებთ კულინარიულ ცდუნებებს?
5. საჭიროების შემთხვევაში გეყოფათ ძალა, დილით ჩვეულებრივზე ადრე ადგეთ?
6. თუ შეესწარით, მაგალითად, ავტოსაგზაო შემთხვევას, დარჩებით ადგილზე ჩვენების მისაცემად?
7. წერილებს მაშინვე პასუხობთ?
8. თუ გეშინიათ თვითმფრინავით მგზავრობის ან კბილის ექიმთან წასვლის, იოლად გადალახავთ ამ გრძნობას?
9. მიიღებთ ექიმის მიერ დანიშნულ ძალზე უსიამოვნო წამალს? 
10. შეასრულებთ ცხელ გულზე მიცემულ სიტყვას, თუ ის თქვენთვის სასარგებლო არ იქნება? ხართ სიტყვის პატრონი?
11. თუ აუცილებელია, უყოყმანოდ გაემგზავრებით უცხო ქალაქში?
12. მკაცრად იცავთ დღის წესრიგს – როდის ადგეთ, ჭამოთ, იმუშაოთ, დაალაგოთ და ა.შ.?
13. გაღიზიანებენ ადამიანები, რომლებიც წიგნებს გიკარგავენ ან დროზე არ გიბრუნებენ?
14. ძალიან საინტერესო ტელეგადაცემაც კი ვერ გაიძულებთ, გადადოთ სასწრაფოდ გასაკეთებელი მნიშვნელოვანი საქმე?
15. შეგიძლიათ, შეწყვიტოთ კამათი და გაჩუმდეთ, რაც უნდა საწყენი იყოს მოწინააღმდეგის სიტყვები?

შეკრიბეთ ქულები.

0-12 ქულა – სუსტი ნებისყოფა გაქვთ, ადვილად ემორჩილებით სხვის აზრა.
12-21 ქულა – საშუალო დონის ნებისყოფა გაქვთ. სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვანაირად იქცევით – ზოგჯერ მეტისმეტად დამთმობი ხართ, ზოგჯერ – მეტისმეტად ჯიუტი. ეს თქვენი უცნაური, მაგრამ საინტერესო თავისებურებაა.
22-30 ქულა – ძლიერი ნებისყოფა გაქვთ, მაგრამ გახსოვდეთ: ზოგჯერ დათმობა და კომპრომისია წარმატების საწინდარი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი