პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

როგორ ვასწავლოთ პუნქტუაცია

ზოგადად, პუნქტუაცია ყველა მოსწავლის პრობლემაა. ძალიან ხშირად მოსწავლეთა ნაწერებში აზრი ბუნდოვანია და ამის მიზეზი სასვენ ნიშანთა არამართებული გამოყენება ან საერთოდ გამოუყენებლობაა. მოსწავლეები ტექსტებში თითქმის არ სვამენ ან არასწორად სვამენ სასვენ ნიშნებს. მოსწავლეთა ნაწილს არა აქვს თეორიული ცოდნა, შესაბამისად, ისინი ხშირად უშვებენ პუნქტუაციურ შეცდომებს, ნაწილს კი აქვს ამის თეორიული ცოდნა, იცის, სად რომელი სასვენი ნიშანი უნდა დასვას, ასრულებს პუნქტუაციურ სავარჯიშოებს, მაგრამ ტექსტების შექმნისას ამ ცოდნას პრაქტიკულად ვერ იყენებს. ერთი სიტყვით, მოსწავლეებს აქვთ გარკვეული ცოდნა, მაგრამ არ აქვთ მისი გამოყენების უნარ-ჩვევა. სტატიაში მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება ამ საკითხის სწავლებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, მოცემული რეკომენდაციები ენა-ლიტერატურის მასწავლებლებს აღნიშნული პრობლემის გადაჭრაში დაეხმარება.

ვფიქრობ, აუცილებელია, პუნქტუაცია დაწყებითი კლასებიდან სკოლის დამთავრებამდე  პრაქტიკულად და  ინტენსიურად ვასწავლოთ. პუნქტუაციის ინტენსიური და პრაქტიკული სწავლებით მოსწავლე აცნობიერებს სასვენ ნიშანთა აუცილებლობას, მას უყალიბდება უნარ-ჩვევა და ის ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე იყენებს სასვენ ნიშნებს. პუნქტუაციის სწავლების შესაფერისი სტრატეგიების გათვალისწინება მომავალში გაგვიადვილებს ამ მიმართულებით მუშაობას, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება მოსწავლეთა შედეგებზე.

ჩემი მოსწავლეების უმეტესობის სუსტი წერტილიც პუნქტუაციაა. პრობლემის გადაჭრის მიზნით ჩავატარე კვლევა, რომლის მიზანი ტიპური პუნქტუაციური შეცდომების გამოვლენა, მათი გამომწვევი მიზეზების დადგენა, საკითხის სწავლების ეფექტური მეთოდის შერჩევა, მოსწავლეებში სასვენი ნიშნების გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავება იყო.

საკითხის ირგვლივ არსებული ლიტერატურის მიმოხილვამ დამანახა, რომ პუნქტუაცია  აქტუალური თემაა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. ამ საკითხზე  კვლევები ჩაუტარებიათ როგორც მეცნიერებს (არნ. ჩიქობავა, ნ. მაღლაკელიძე, მ. ჭაბაშვილი, ლ. აბზიანიძე), ისე პრაქტიკოს მასწავლებლებს (მ. ყოჩიაშვილი). იკვეთება საერთო სურათი, რომ სასვენი ნიშნების გამოყენება ზოგადი პრობლემაა, რომლის უმთავრეს მიზეზად ენა-ლიტერატურის ინტეგრირებული სწავლება სახელდება. ფიქრობენ, რომ გრამატიკის კურსი ცალკე უნდა ისწავლებოდეს, რათა მასწავლებელს საშუალება ჰქონდეს, ასწავლოს კონკრეტული საკითხები. „დღემდე პუნქტუაცია სასკოლო განათლების ერთ-ერთ სუსტ წერტილად რჩება, რაც არასასურველ გავლენას ახდენს მოსწავლეთა წერითი მეტყველების ფორმირებასა და მათი წიგნიერების საერთო დონეზე. სასკოლო განათლების რეფორმამ მთლიანად შეცვალა დამოკიდებულება საერთოდ გრამატიკისა და, აქედან გამომდინარე, სინტაქსის სწავლებისადმი. ენობრივ-ლიტერატურული მასალის ინტეგრირების პროცესში მასწავლებელი მოკლებულია მეთოდურ რესურსებს, რაც მას მოსწავლეთა პუნქტუაციური უნარ-ჩვევების ფორმირებაში დაეხმარება“.

ეს მეცნიერთა და არა მხოლოდ მათი მოსაზრებაა. მსგავსი შეფასება ხშირად მომისმენია პრაქტიკოსი მასწავლებლებისგანაც. მაგრამ დღევანდელი მოთხოვნა  ლიტერატურული და ენობრივი მასალის ინტეგრირებულად სწავლებას მოითხოვს. ამ პრინციპით არის შედგენილი სამინისტროს მიერ გრიფირებული სახელმძღვანელოები საბაზო კლასებისთვის, მაგრამ მასწავლებელთა ერთი ნაწილი პუნქტუაციის საკითხებზე მუშაობისას ამ მოთხოვნას ან არ ითვალისწინებს, ან უპირატესობას კვლავ ენის ძველ, ტრადიციულ  სახელმძღვანელოს ანიჭებს, ან საკითხის სწავლება საერთოდ ყურადღების მიღმა რჩება.  თუმცა არიან ისეთი მასწავლებლებიც, რომლებიც ინტერესდებიან საკითხით, ახორციელებენ კვლევებს და ეძებენ პრობლემის გადაჭრის გზებს.

დაკვირვებამ მიჩვენა, რომ ჩემი მოსწავლეები, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდათ თეორიული ცოდნა,  ხშირად ტოვებდნენ სასვენ ნიშნებს ან უადგილოდ იყენებდნენ მათ. დავაკვირდი, რა სახის შეცდომებს უშვებდნენ ისინი კონკრეტულად. გამოიკვეთა, რომ მოსწავლეები ხშირად სვამდნენ ზედმეტ მძიმეებს, არ იყენებდნენ მათ განკერძოებულ სიტყვებთან და გამოთქმებთან, ასევე – რთულ ქვეწყობილ წინადადებაში. იშვიათად სვამდნენ ძახილის ნიშანს. არასწორად იყენებდნენ ორწერტილსა და ბრჭყალებს. არასდროს იყენებდნენ კითხვით-ძახილის ნიშანს, წერტილ-მძიმეს, ტირესა და ფრჩხილებს. რამდენიმე დღის განმავლობაში მოსწავლეებს დავაწერინე თხზულებები, წინასწარ გავაცანი შეფასების რუბრიკა, გავაფრთხილე, რომ გასწორებისას განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევდი პუნქტუაციას. მიუხედავად ამისა, შედეგებმა აჩვენა, რომ მათი ყურადღება გადატანილი იყო ყველა დანარჩენ კრიტერიუმზე (შინაარსობრივი მხარე, ორგანიზება, არგუმენტირება, დამოუკიდებელი აზროვნება და სხვ., გარდა პუნქტუაციისა), თუმცა გაუმჯობესება შეიმჩნეოდა. წერის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვე ტექსტის რედაქტირება, რის შემდეგაც მდგომარეობა რამდენადმე გაუმჯობესდა, თუმცა შედეგები მაინც არასახარბიელო იყო.

კვლევის ფარგლებში განხორციელებულ გამოკითხვაში მოსწავლეთა უმრავლესობამ პუნქტუაციური შეცდომების მიზეზად დაასახელა სასვენი ნიშნების გამოყენების უნარ-ჩვევის უნარების არქონა, მხოლოდ  მცირე ნაწილმა – პუნქტუაციური წესების არცოდნა. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ მოსწავლეები არ არედაქტირებენ ნაწერებს, რაც,  ასევე, პუნქტუაციური შეცდომების მიზეზია.

პრობლემის გადასაჭრელად დავგეგმე შემდეგი ინტერვენციები:

  1. პუნქტუაციური სავარჯიშოებისა და ტესტების მომზადება და მათი სისტემატური შესრულება;
  2. მოსწავლეთა თხზულებების გასწორება მათთან ერთად შემუშავებული შეფასების რუბრიკების მიხედვით.

საკითხის ინტენსიური სწავლების მიზნით შევქმენი უამრავი ტესტი, სავარჯიშო, (თითქმის ყოველ გაკვეთილზე რამდენიმე წუთს ვუთმობდით პუნქტუაციური სავარჯიშოების შესრულებას),   გასარედაქტირებელი ტექსტები, რომლებიც,

გარდა გრამატიკული შეცდომებისა და სტილისტური ხარვეზების გასწორებისა, ითვალისწინებდა პუნქტუაციური შეცდომების გასწორებასაც, კერძოდ, ითხოვდა იმ სასვენი ნიშნების დასმას, რომლებსაც მოსწავლეები ან საერთოდ არ იყენებდნენ, ან იყენებდნენ იშვიათად.

(ტესტის ნიმუში. ტექსტის რედაქტირება. ტექსტში დაშვებულია  მორფოლოგიურ–ორთოგრაფიული, სინტაქსური, პუნქტუაციური შეცდომები და სტილისტური ხარვეზები. გაასწორეთ ეს შეცდომები და ხარვეზები და ისე გადაწერეთ ტექსტი.

„ზაქარია ფალიაშვილი დაიბადა 1871 წელს იმერეთში ქალაქ ქუთაისში. ის მშობლების მე-3-ე შვილი იყო. მამამისი ეკლესიის გუნდის მომღერალი იყო. მუსიკოსები იყვნენ ზაქარიას ოჯახის სხვა წევრებიც ოთხი ძმები და ერთი და. თავდაპირველი მუსიკალური განათლება ზაქარიას მიაღებინეს პიანისტი ფელიქს მიზანდართან. სწავლობდა ფორტეპიანოზე დაკვრას წმინდა მარიამის მიძინების სახელობის ეკლესიაში, მღეროდა იმავე ეკლესიის გუნდში. 1896 წლიდან ზაქარიამ დაიწყო ხალხური სიმღერების ჩაწერა, შექმნა თავისი პირველი ნაწარმოები. მან უმაღლესი განათლება მიიღო მოსკოვის კონსერვატორიაში სადაც ჩამოაყალიბა ქართველ სტუდენტთა გუნდი. 1903 წელს დაბრუნდა საქართველოში და დაიწყო შემოქმედებითი და პედაგოგიური მოღვაწეობა, დააარსა გუნდი და დირიჟორობდა ორკესტრს. ფალიაშვილმა შექმნა უკვდავი „აბესალომ და ეთერი“ რომლის ნაწყვეტები შესრულდა 1913 წელს ხოლო ოპერის პირველი პრემიერა გაიმართა 1919 წელის 21 თებერვალს).

გავითვალისწინე ისიც, რომ საკითხის ინტენსიური სწავლებისას ერთფეროვანი რესურსი მოსწავლისათვის შესაძლოა მომაბეზრებელი ყოფილიყო. ამიტომ, გადავწყვიტე ელექტრონული რესურსების შექმნა საგანმანათლებლო პროგრამაში learningapps.org. ტექსტის რედაქტირების ელექტრონული ფორმატი ითხოვს იმ სიტყვების მონიშვნას, რომლის შემდგომაც გამოტოვებულია სასვენი ნიშანი. ჩემს რესურსებში აქცენტი გაკეთდა განკერძოებაზე: დანართი, ჩართული, განკერძოებული გარემოება, რადგან, უმეტეს შემთხვევაში, მოსწავლეები შეცდომებს სწორედ აქ უშვებდნენ (იხ. ტესტის ნიმუში https://learningapps.org/display?v=p2e9y4i2k01).

მსგავსი ელექტრონული რესურსების გამოყენება დადებითად მოქმედებს სწავლის პროცესზე, რადგან მოსწავლეს შეცდომის დაშვების არ ეშინია. ტესტის სქრუქტურა  საშუალებას იძლევა, შეცდომის შემთხვევაში მიუბრუნდეს ტექსტს და ხელახლა ეძებოს იგი. ასეთი ტექსტების გამოყენება მოსწავლეებს უადვილებს საკითხის შესწავლას და ეხმარება სასვენი ნიშნების გამოყენების უნარ-ჩვევის გამომუშავებაში. და, რაც ყველაზე მთავარია, ისინი სწავლობენ ხალისით.

ესეებისა და თხზულებების წერისას  აქცენტი გაკეთდა პუნქტუაციაზე. კერძოდ, მოსწავლეებთან ერთად შევიმუშავე შეფასების რუბრიკები. ზოგადად, როცა მოსწავლე არ არის გაფრთხილებული იმის შესახებ, რომ პუნქტუაციას საგანგებო ყურადღება მიექცევა, წერის პროცესში ის არ აქცევს მას ყურადღებას და აქცენტი გადატანილი აქვს სხვა კომპონენტებზე (ლოგიკურობა, ანალიზი, შეფასება). თუ აქამდე ოცქულიანი თხზულების გასწორებისას პუნქტუაცია სამი ქულით ფასდებოდა, ამჯერად ამ კრიტერიუმის ხვედრითი წილი ხუთ ქულამდე გავზარდეთ. ამასთან, განვსაზღვრეთ დასაშვებ პუნქტუაციურ შეცდომათა რაოდენობა ამა თუ იმ ქულის მისაღებად (კვლევის საწყის ეტაპზე დასაშვებ შეცდომათა რაოდენობა მეტი იყო, კვლევის მომდევნო ეტაპებზე ის შემცირდა). შესაბამისად, მოსწავლეები წერის პროცესში მეტად აქცევდნენ  ყურადღებას სასვენ ნიშნებს. გარდა ამისა, არედაქტირებდნენ ტექსტს, რათა არ მიეღოთ  დაბალი შეფასება და მუდმივად ცდილობდნენ შედეგების გაუმჯობესებას. თითოეულ თხზულებას შეფასების რუბრიკების მიხედვით გულდასმით ვასწორებდი,  მოსწავლეებთან ერთად ვაანალიზებდი დაშვებულ შეცდომებს. როცა მასწავლებელი მხოლოდ ხაზს უსვამს შეცდომას და არ განიხილავს მას მოსწავლესთან ერთად,  მოსწავლე ვერ იგებს, რა შეცდომა დაუშვა, რატომ მიიღო ესა თუ ის ნიშანი. შესაბამისად, თხზულებები ყოველთვის შეფასების რუბრიკების მიხედვით უნდა გასწორდეს. მოსწავლემ უნდა იცოდეს, რამდენი ქულა მიიღო პუნქტუაციაში და რატომ (რა ტიპის და რამდენი შეცდომა დაუშვა). მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება მას პროგრესი.

კვლევის პირველი ეტაპის ბოლოს მოსწავლეები ნაკლებად უშვებდნენ შეცდომებს განკერძოებასთან, ერთგვარ წევრებთან, რთულ თანწყობილ წინადადებაში, თუმცა პრობლემად რჩებოდა ორწერტილისა და ტირის გამოყენება გამაერთიანებელსიტყვიან შერწყმულ წინადადებასა და  მძიმის გამოყენება ისეთ რთულ ქვეწყობილ წინადადებაში, რომელშიც მთავარი წინადადება გახლეჩილია დამოკიდებულით. შესაბამისად, მომდევნო ეტაპზე გავაკეთე სავარჯიშოები და ტესტები ამ მიმართულებით. კვლევის ყოველ მომდევნო ეტაპზე პარალელურად მოსწავლეები წერდნენ თხზულებებს, რომელთა შეფასებისას პუნქტუაციის ქულების ხვედრითი წილი ჩვეულებრივზე მაღალი იყო. შედეგად ისინი ნაკლებ პუნქტუაციურ შეცდომას უშვებდნენ და ამ კრიტერიუმში მაღალ ქულებს იღებდნენ.

მოსწავლეთა შეფასებით, კვლევის პროცესში გამოყენებული მეთოდი პროდუქტიული იყო. საკითხის სიღრმისეული სწავლება (თითქმის ყოველდღე პუნქტუაციური სავარჯიშოების შესრულება, შეფასების რუბრიკების შედგენაში მონაწილეობა, თხზულებების გასწორება შეფასების რუბრიკების მიხედვით, დაშვებული შეცდომების ანალიზი) მოსწავლეებს დაეხმარა სასვენი ნიშნების გამოყენების უნარ-ჩვევის განვითარებაში. რა თქმა უნდა, ყველა მოსწავლესთან ერთნაირი შედეგი ვერ გვექნება, ზოგიერთს მეტი დრო სჭირდება ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების ასათვისებლად, ამიტომაც მოსწავლეთა ნაშრომების გასწორება შეფასების რუბრიკების მიხედვით სკოლის დამთავრებამდე მუდმივად უნდა გამოვიყენოთ.

ერთი და იმავე საკითხის ინტენსიური სწავლება დიდ დროს მოითხოვს, რის გამოც შეიძლება პროგრამას ჩამოვრჩეთ, მაგრამ სჯობს ვასწავლოთ ნაკლები, მაგრამ  ღრმად და საფუძვლიანად. ამ კვლევაზე მუშაობის პროცესმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ სწორედ ინტენსიური სწავლებაა თეორიული ცოდნის უნარ-ჩვევად ჩამოყალიბების საფუძველი.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ესგ. ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, 2011-2016;
  2. ნ. მაღლაკელიძე, მ. ჭაბაშვილი – პუნქტუაციური ჩვევების ფორმირება სკოლაში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტი. მასწავლებელთა III კონფერენცია: უნივერსიტეტი სკოლას – სკოლა უნივერსიტეტს (სწავლებისა და განათლების პრობლემები – ინტერკულტურული განათლება საქართველოში), 2014 წლის 5-6 დეკემბერი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი