პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

Skype in the Classroom-ის გამოყენება უცხო ენის და არამარტო უცხო ენის გაკვეთილზე. მასწავლებლის პროფესიული განვითარება

დღეს, როდესაც სამყარო სწრაფად ვითარდება და ადამიანი თითქოს ვერც ასწრებს სიახლეების გათავისებას და გაანალიზებას, დადგა განსხვავებული გაკვეთილების დაგეგმვის საჭიროება. მოსწავლეებს უნდა განვუვითაროთ სხვადასხვა უნარი, დავაინტერესოთ და დავანახოთ ამ ყველაფრის ცოდნის საჭიროება. ეს მათ მათ დაეხმარება, დაგეგმონ საკუთარი მომავალი კარიერა. მოსწავლისთვის აღარ არის საინტერესო მხოლოდ სახელმძღვანელოდან ნასწავლი გაკვეთილები. საგნის მიმართ ინტერესის გასაღვივებლად მათ მეტი სჭირდებათ.

Skype in the Classroom არის ონლაინსივრცე, რომელიც ათასობით მასწავლებელს შთააგონებს, დაეხმაროს ახალ თაობას  მსოფლიოს მოქალაქედ ჩამოყალიბებაში. მასწავლებელს საშუალება აქვს, მოსწავლეები მსოფლიოს სხვა მოსწავლეებს დაუკავშიროს და განახორციელოს მათთან ერთად პროექტი ან ერთჯერადად დაუკავშირდეს Skype-ით, მოიწვიოს ექსპერტი და მოსწავლეებს მისცეს  მასთან  Skype-ით საუბრის,  ექსპერტის შეხედულებების, ცოდნისა და გამოცდილების გაიზიარების საშუალება.

Skype-ის გამოყენებას რამდენიმე უპირატესობა აქვს როგორც უცხო ენის გაკვეთილზე, ასევე სხვა ნებისმიერი საგნის სწავლების დროს. დღეს უკვე პორტალი სხვადასხვა ენაზე შიძლება ვთარგმნოთ და უცხო ენა ამ მხრივ ბარიერი აღარ არის. თუმცა მინდა შევეხო იმ უპირატესობებს, რომლებიც უცხო ენის გაკვეთილზე Skype-ის გამოყენებას აქვს.

უცხო ენის გაკვეთილზე Skype-ის გამოყენება მოსწავლეებში რამდენიმე უნარს ავითარებს. განსაკუთრებით ხელს უწყობს მოსმენის და მეტყველების განვითარებას. ეს ის უნარებია, რომლებიც მხოლოდ სახელმძღვანელოს გამოყენების შემთხვევაში ნაკლებად ვითარდება, ხშირ შემთხვევაში კი „აქილევსის ქუსლია“. მოსწავლისთვის ბევრად საინტერესოა სამიზნე ენაზე საუბარი, როცა ხედავს როგორ საუბრობენ და ცდილობენ ახალი საკომუნიკაციო ენის ათვისებას მეორე მხარეს მისი თანატოლი მოსწავლეები. ეს მათთვის დამატებითი მოტივაციაა.

იმისათვის, რომ მოვძებნოთ პარტნიორი მასწავლებელი და განვახორციელოთ Skypeჩართვა აუცილებელია დავრეგისტრირდეთ Microsoft-ის პორტალზე. Microsoft-ის პორტალზე დარეგისტრირებულ მასწავლებელს შეუძლია მოიძიოს პარტნიორი მასწავლებელი, რომელთან ერთადაც წინასწარ გეგმავს აქტივობებს, მოსწავლეთა ასაკისა და მათი უცხო ენის ცოდნის შესაბამისად. ასევე Microsoft მასწავლებლებს სთავაზობს Skype-ის სხვადასხვა სახით გამოყენებას.

ესენია:

  • Mystery Skype;
  • Virtual field trip;
  • Skype Lessons;
  • Guest Speaker;
  • Skype Collaborations;
  • Share your Expertise via Skype.

Mystery Skype არის თამაში გამოცნობაზე, რომელიც ეხმარება მოსწავლეს, ისწავლოს გეოგრაფია, სხვა ქვეყნების კულტურა, მსგავსება და განსხვავებები კულტურებს შორის და მათი თანატოლების ცხოვრება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში;

Virtual field trip გაძლევთ საშუალებას, დაუკავშირდეთ სხვადასხვა მუზეუმს, ნაკრძალს, ზოოპარკს და დაათვალიეროთ ის საკლასო ოთახიდან გაუსვლელად;

Skype Lessons საშუალებას გაძლევთ, აჩვენოთ მოსწავლეებს მსოფლიო საკლასო ოთახიდან გაუსვლელად. გამოიყენოთ პირდაპირი ჩართვები და ექსპერტების მიერ შექმნილი აქტივობები კონკრეტული თემის ირგვლივ;

Guest Speaker-ის საშუალებით შეგიძლიათ მოიძიოთ თქვენთვის სასურველი თემის ექსპერტი, რომელიც მოსწავლეებს ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებს.

Skype Collaborations გაძლევთ საშუალებას, დაუკავშირდეთ მასწავლებლებს მთელ მსოფლიოში და ითანამშრომლოთ კონკრეტულ პროექტზე. მაგალითად, თუ თქვენ ასწავლით ბიომებს, შესაძლებლობა გაქვთ, დაუკავშირდეთ იმ ბიომი-ში მცხოვრებ კლასს, რომელიც თქვენი ბიომი-დან განსხვავებულია;

Share your Expertise via Skype. თუ თქვენ ხართ გამოცდილი ექსპერტი კონკრეტულ საკითხში, მეცნიერი, მუშაობთ მუზეუმში ან ცხოველებთან, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ და გაუზიაროთ მსოფლიოს მოსწავლეებს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება.

ჩამოთვლილი აქტივობების შერჩევისას შეგიძლიათ სასურველი ენის არჩევა, მოსწავლეთა ასაკის, საცხოვრებელი ზონის /მდებარეობის, მათი ინტერესების, სასწავლო გეგმის საჭიროებების და საგნის მიხედვით. ასევე საჭიროა, მასწავლებელმა მოიძიოს პარტნიორი მასწავლებელი, დაგეგმოს მასთან ერთად განსახორციელებელი აქტივობა/ აქტივობები, გაააქტიუროს ინტერნეტკავშირი საკლასო ოთახში და განახორციელოს Skype ჩართვა.

იმ შემთხვევაში, თუ ჩამოთვლილი აქტივობების განხორციელებას სხვა ქვეყნის მასწავლებელთან ან მოწვეულ სტუმართან ერთად ვაპირებთ, სასურველია შესაბამისი უცხო ენის ცოდნა, რათა ინფორმაცია სრულყოფილად მივიღოთ, რომელიც შეიძლება თარგმნის დროს დაიკარგოს. პორტალს აქვს ფილტრი, სადაც ჩვენთვის სასურველ ენაზე წარმოდგენილი მასალების მოძიებაა შესაძლებელი.

აქტივობების უცხო ენაზე განხორციელება მასწავლებელს ეხმარება, გახადოს უცხო ენის გაკვეთილი უფრო საინტერესო  და საშუალება მისცეს მოსწავლეებს საკლასო ოთახიდან გაუსვლელად ნახონ სამყარო, სადაც მათი თანატოლები ცხოვრობენ და გაიზიარონ მათი გამოცდილება. მოსწავლე ახდენს ცოდნის ტრანსფერს და ხედავს, როგორ შეიძლება გამოიყენოს ცოდნა საკლასო ოთახის მიღმაც.

აღნიშნული აქტივობები და პორტალზე მუშაობა მასწავლებელს პროფესიულ განვითარებაში ეხმარება. აქ  შესაძლებელია მასწავლებლისთვის ონლაინკურსების გავლაც, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო უნარებისა და Microsoft-ის სხვადასხვა ინსტრუმენტების ასათვისებლად, რაც მას დაეხმარება სასწავლო რესურსების შექმნაში. ხოლო მოსწავლეები განივითარებენ სხვადასხვა უნარს, მათ შორის – მოსმენის, მეტყველების, თანამშრომლობის, კომუნიკაციის და ა. შ. უნარებს.

ამრიგად, Microsoft-ის მიერ შემოთავაზებული სხვადასხვა აქტივობები Skype in the Classroom-ის გამოყენებით მასწავლებელს საშუალებას აძლევს, დაგეგმოს განსხვავებული თანამედროვე გაკვეთილები და დააინტერესოს მოსწავლეები, ასევე იზრუნოს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე, დაგეგმოს და ჩაატაროს გაკვეთილი თანამედროვე მიდგომების გამოყენებით.

გამოყენებული რესურსები: https://education.microsoft.com

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი