შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

კონფლიქტები  ბავშვებში – გამომწვევი მიზეზები და დაძლევის გზები

ვფიქრობ, კამათს და დამატებით არგუმენტებს არ საჭიროებს ის მოსაზრება, რომ მთელი ჩვენი ცხოვრება და განსაკუთრებით კი სასკოლო ცხოვრება წარმოუდგენელია კონფლიქტების გარეშე. ძალიან ბევრი პირობაა სკოლაში იმისათვის, რომ კონფლიქტებმა იჩინოს თავი – განსხვავებული ასაკის, განსხვავებული სოციალური სტატუსის, განსხვავებული ღირებულებების, მიზნების, ფასეულობების, განსხვავებული როლის მქონე ადამიანების ერთად ყოფნა ერთ სივრცეში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ხელსაყრელ პირობებს ქმნის კონფლიქტური სიტუაციების შესაქმნელად. მართალია, სკოლაში სრულიად განსხვავებული კატეგორიის ადამიანებს შორის შეიძლება იჩინოს თავი კონფლიქტებმა, მაგრამ განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ხდება ბავშვებს შორის კონფლიქტები, რადგან ისინი ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ადამიანები არიან, უჭირთ საკუთარი ემოციებისა და ქცევის მართვა, ჯერ კიდევ კარგად არა აქვთ გამომუშავებული ის უნარ-ჩვევები, რომლებიც კონფლიქტების მართვაში დაეხმარებათ. თუ გავითვალისწინებთ ადამიანური ურთიერთობების თავისებურებებს, შეიძლება ითქვას, რომ კონფლიქტები გარდაუვალია და ის ტრაგედია ნამდვილად არ არის, თუმცა, ადვილი შესაძლებელია ძალადობაში, ტრაგედიაში გადაიზარდოს, თუ მისი მართვის სადავეებს ხელიდან გავუშვებთ.

იმისათვის, რომ შევძლოთ კონფლიქტების მართვა და მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილება, უნდა ვიცოდეთ მათი გამომწვევი მიზეზები.

ბავშვებს შორის კონფლიქტების გამომწვევი მიზეზები:

  • ლიდერობის სურვილი და რომელიმე თანატოლის მეტოქედ, მიზნის მიღწევის პროცესში დამაბრკოლებლად და ხელისშემშლელ ფაქტორად აღქმა;
  • ბრძოლა აღიარებისა და თანატოლთა შორის მისთვის სასურველი ადგილის დასამკვიდრებლად;
  • ქედმაღალი დამოკიდებულება თანაკლასელთან და მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების დემონსტრირება;
  • წყენის არდავიწყება და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ამ გრძნობით ურთიერთობა თანატოლთან;
  • უპასუხო გრძნობა. ბავშვს ძალიან მოსწონს, უყვარს თანაკლასელი, მაგრამ, ის იმავე გრძნობით არ პასუხობს;
  • რომელიმე კლასელთან მეგობრობის სურვილი, რაც მეორე თანაკლასელისთვის მოსაწონი და მისაღები არ არის;
  • მასწავლებლის მიერ რომელიმე ბავშვის მუდმივად ქება, მისი სანიმუშოდ და მისაბაძად წარმოჩენა ადვილი შესაძლებელია ამ ბავშვთან თანაკლასელების მუდმივი კონფლიქტის მიზეზი გახდეს. ბავშვები ხანდახან ძალიან დაუნდობლები არიან, შეიძლება ძლიერიც ისევე არ მოსწონდეთ, როგორც სუსტი;
  • მასწავლებლის უარყოფითი დამოკიდებულება ბავშვის მიმართ, მისი მიუღებლობა. ხშირად კონფლიქტურ სიტუაციებში ჩართული აღმოჩნდებიან ხოლმე როგორც მასწავლებლების მხრიდან აღიარებული და მათი საყვარელი მოსწავლეები, ასევე ისეთებიც, რომლებიც მუდმივად საყვედურებს იღებენ პედაგოგებისგან.

მართალია, კონფლიქტური სიტუაციები სკოლაში და არა მხოლოდ სკოლაშია გარდაუვალი, მაგრამ მათი სწორი მიმართულებით წარმართვით გარკვეული სარგებლობის მიღებაც არ არის გამორიცხული.  ცალკეულ სიტუაციებში კონფლიქტი ბავშვის სოციალური განვითარების  და მასში რიგი უნარ-ჩვევების (მოსმენის, კამათის, განსხვავებული აზრის აღიარების და ა.შ.) განვითარების ხელშემწყობიც კი შეიძლება გახდეს. თუმცა, ეს ყველაფერი უფროსების დახმარების გარეშე ვერ მოხერხდება.

რეკომენდაციები პედაგოგებისა და მშობლებისთვის ბავშვებში კონფლიქტური სიტუაციების სამართავად:

  • უპირველეს ყოვლისა, შევეცადოთ, რომ ჩვენ თავად არ გავუკეთოთ პროვოცირება კონფლიქტებს ბავშვებში. მოვერიდოთ ცალკეული ბავშვების, როგორც ძაგებას, ასევე ზედმეტ ქებას და ამ გზით მათ გამოყოფას თანაკლასელებისაგან;
  • თუ არ გვინდა, რომ ბავშვი ჩაიკეტოს საკუთარ თავში, დაიგროვოს წყენა ყველაზე და ყველაფერზე, გახდეს აგრესიული და ადრე თუ გვიან კონფლიქტში ჩართულ მხარედ მოგვევლინოს, მოვერიდოთ მის გაკიცხვას და საყვედურებს სხვების თანდასწრებით, მაშინაც კი თუ ის მართალი არ არის;
  • ბავშვებს შორის კონფლიქტის დაფიქსირების შემთხვევაში შევეცადოთ, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და გავერკვეთ სიტუაციაში, გავაანალიზოთ შექმნილი ვითარება;
  • გავითვალისწინოთ, რომ კონფლიქტის დროს თითქმის არასოდეს არის ერთი მხარე სრულიად უდანაშაულო და მეორე – დამნაშავე. უმრავლეს შემთხვევაში სიმართლე სადღაც შუაშია. ნუ გავაკეთებთ ნაჩქარევ დასკვნებს. მოვერიდოთ „სასამართლო პროცესის“ მოწყობას და მტყუან-მართლის გამოვლენას. უკეთესი იქნება, თუ მოვახერხებთ და კონფლიქტში ჩართულ მხარეებს მივიყვანთ იქამდე, რომ თავისი წილი პასუხისმგებლობა სიტუაციის გამწვავებაში საკუთარ თავზე აიღონ;
  • სწორად შევარჩიოთ ბავშვთან საუბრის დრო. გაღიზიანებულ, წონასწორობადაკარგულ მოზარდთან საუბარი ხშირად უშედეგოდ მთავრდება. მივცეთ მას დამშვიდების, ემოციური წონასწორობის აღდგენის საშუალება და მხოლოდ ამის შემდეგ დაველაპარაკოთ მომხდარსა და შექმნილ სიტუაციაზე;
  • ბავშვთან საუბრისას ვილაპარაკოთ მხოლოდ კონკრეტულ პრობლემაზე. ნუ განვავრცობთ საკამათო საკითხს. არ ღირს წარსულიდან მისი ცუდი და ჩვენთვის მიუღებელი ქცევის გახსენება. ამან შეიძლება მიგვიყვანოს დაძაბულობამდე და მოზარდმა ჩვენი მოსმენის სურვილიც კი დაკარგოს;
  • მოვერიდოთ განზოგადებებს. ნუ გამოვიყენებთ ბავშვთან საუბრისას ისეთ ფრაზებს, როგორიცაა: „შენ ყოველთვის“, „შენ არასდროს“. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გადავერთვებით პრობლემიდან, რომლის გადაწყვეტასაც ვცდილობთ;
  • ნუ შევეცდებით მიზნის მიღწევას ბავშვის სტატუსის დაქვეითების ხარჯზე. ისეთი არგუმენტები, როგორიცაა: „მე შენზე დიდი, გამოცდილი ვარ, მე უკეთესად ვიცი, რა არის შენთვის კარგი და რა არის ცუდი“, შეიძლება აიძულებდეს ბავშვს დაგვეთანხმოს და გაჩუმდეს, მაგრამ პრობლემის მოგვარებაში ნამდვილად ვერ დაგვეხმარება. მოზარდს ჩვენგან უფრო გონივრული არგუმენტები სჭირდება;
  • მოვუსმინოთ რას ამბობს ბავშვი. თუ ჩვენ კარგი, აქტიური მსმენელი ვიქნებით, ბავშვი იგრძნობს, რომ მისი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანი და დასაფასებელია, რაც ჩვენდამი მის ნდობას საკმაოდ გააძლიერებს და მასაც გაუჩნდება ჩვენი მოსმენისა და ჩვენი მოსაზრებების გათვალისწინების სურვილი;
  • ნუ გამოვიყენებთ იარლიყებს: „ზარმაცი“, „უპასუხისმგებლო“, „გაუგონარი“. ამით ვაიძულებთ ბავშვს იფიქროს, რომ ის არაფერს წარმოადგენს ჩვენთვის. ამასთან, დროთა განმავლობაში, ჩვენ მიერ ცხელ გულზე მიკერებული იარლიყების სისტემატური გამოყენების შემთხვევაში, ის შეიძლება მართლა გახდეს ისეთი, როგორადაც გამოყენებული იარლიყებით ვახასიათებთ და როგორიც ჩვენ ნამდვილად აღარ მოგვეწონება;
  • ნუ შევეცდებით „ვუწინასწარმეტყველოთ“ ბავშვს მომავალი: „შენ არასოდეს შეიცვლები“;     „შენ გაგიჭირდება ასეთი ხასიათით ცხოვრება“ და ა.შ. ასეთი მტკიცებულებები მხოლოდ დაგვაშორებს იმ საწყის პრობლემასთან, რომლის მოგვარებაც დავისახეთ მიზნად;
  • მოვერიდოთ მზამზარეული რეკომენდაციების მიწოდებას ბავშვისთვის პრობლემის მოსაგვარებლად. უმჯობესი იქნება მასთან ერთად გავაანალიზოთ სიტუაცია, მოვისმინოთ მისი აზრი მომხდართან დაკავშირებით და დავუტოვოთ უფლება თავად გააკეთოს არჩევანი და მიიღოს გადაწყვეტილება.

დაბოლოს, გავითვალისწინოთ რომ ძალიან ხშირად ბავშვებს დამოუკიდებლად, უფროსების დახმარების გარეშეც შეუძლიათ მოაგვარონ თანატოლთან კონფლიქტური სიტუაცია. ამდენად, კარგი იქნება, თუ მას გარკვეულ საზღვრებში დამოუკიდებლად მოქმედების უფლებას მივცემთ. თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მისაღები და შესაძლებელი, თუ სიტუაცია უმნიშვნელო მიზეზის გამო დაიძაბა და მოზარდს მისი მოგვარების უნარი აქვს.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი