შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

დისნეის „აზროვნების სამი სკამი“ გაკვეთილზე

საზოგადოებას ქმნიან განათლებული, მოაზროვნე, მოტივირებული, სიახლისადმი გახსნილი პიროვნებები. სწორედ ამგვარი პიროვნებების ჩამოყალიბებას, განვითარებასა და საზოგადოების ღირსეულ წევრებად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს მასწავლებელი.

თითოეული გაკვეთილი წარმოადგენს აღნიშნული შედეგისათვის განკუთვნილ 45 წუთს, მასწავლებლის მიერ დაგეგმილსა და თითოეულ მოსწავლეზე მორგებულს, შესაბამისი აქტივობებით ჩართულს.

ერთ-ერთი მიმართულება, რომელზეც სასწავლო პროცესში ყურადღება უნდა გამახვილდეს, შემოქმედებითი აზროვნების უნარის განვითარებაა, გაკვეთილი კი ამ უნარის განვითარების ხელშეწყობის საშუალებაა.

შემოქმედებითი აზროვნება „რთული სააზროვნო უნარ-ჩვევაა. იგი ახალი გზით კეთებას ან დანახვას გულისხმობს. შემოქმედებითი აზროვნება ხასიათდება იდეების მრავალრიცხოვნებით, მრავალფეროვნებით (მოქნილობა, საკითხის სხვადასხვა კუთხით დანახვა), მათი სიახლით (ორიგინალობით) და გარდაქმნის უნარით (ძველი იდეების საფუძველზე ახლის შექმნა).

შემოქმედებითი აზროვნების კვლევისას ითვალისწინებენ არა მხოლოდ აზროვნების პროცესს და პროდუქტს, არამედ თავად პიროვნებას, რადგან სწორედ ის ახორციელებს შემოქმედებით აქტს და ქმნის ახალს. ამგვარად, შემოქმედებითობა შემდეგნაირად განისაზღვრება: შემოქმედებითია აზროვნების ისეთი ფორმა, რომელიც მიმართულია ახლის ძიებისკენ, შექმნისკენ და ხორციელდება შინაგანი სტიმულა­ციის საფუძველზე.

შემოქმედებითი აზროვნებისას ადამიანი აზროვნებას ერთი კონკრეტულ საკითხით იწყებს, მაგრამ კვლევა-ძიების პროცესში სხვადასხვა მიმართულებით ვითარდება, რის შედეგადაც წარმოიშობა მრავალფეროვანი, ფართო, საინტერესო არჩევანი. ეს არის რაიმეს ახალი გზით კეთება ან დანახვა, რომელიც ხასიათდება იდეების სიმრავლით, მრავალფეროვნებით, სიახლითა და გარდაქმნის უნარით.

რაც შეეხება საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვას, მნიშვნელოვანია, პედაგოგს გააზრებული ჰქონდეს და ითვალისწინებდეს, თუ რა ფაზებს გადის მოსწავლის ცნობიერება შემეცნების პროცესში, ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინება ხელს შეუწყობს საინტერესო საგაკვეთილო პროცესის წარმართვას.

ახლა კი უშუალოდ წარმოგიდგენთ შემოქმედებითი აზროვნების განვითარებისათვის  ერთ საინტერესო და შედეგზე ორიენტირებულ აქტივობას სახელწოდებით „დისნეის აზროვნების სამი სკამი“. მეთოდის კონცეპტუალური აღწერა შემდეგია:

  „აზროვნების სამი სკამი“ წარმოადგენს როლურ თამაშს, რომლის წარმართვა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. მეთოდს არ სჭირდება ინვეტარის მრავალფეროვნება. საკმარისია სამი სკამი. შეგვიძლია, მეტი ეფექტისათვის განსხვავებული აზროვნების ტიპის შესაბამისი, ე.წ. აზროვნების სკამები წარმოვადგინოთ.

თითოეულ როლს გააჩნია მისთვის დამახასიათებელი ნიშნები:

მეოცნების სკამი: მეოცნების სკამზე ვავითარებთ ჩვენს ფანტაზიას, გვეძლევა ყველაფრის უფლება, გარდა ერთისა – პრობლემაზე სერიოზული ფიქრის;

რეალისტის სკამი: ვფიქრობთ იდეების განხორციელებაზე, ვართ პრაგმატული, შედეგზე ორიენტირებული, ვირჩევთ მიზანმიმართულ გზას;

კრიტიკოსის სკამი: ყურადღებას ვამახვილებთ იდეის განხორციელებაზე, ვაფასებთ არჩეულ გზას. რამდენად არის ის ორიენტირებული პრობლემის გადაჭრაზე. „კრიტიკოსი“ არ უნდა იყოს იდეისადმი ნეგატიურად განწყობილი. მან ამ იდეაში პრობლემები უნდა იპოვოს, მაგრამ უნდა სჯეროდეს იდეის“.

მეთოდის მსვლელობაში გასარკვევად, გაგაცნობთ მოცემული სტრატეგიის გამოყენებით  განხორციელებულ პროექტს.

 

პროექტის სახელწოდება

მულტფილმში მოგზაურები

 

 

პროექტში მონაწილეები

 

ქართული სექტორის I კლასის მოსწავლეები

 

 

პრობლემის ანალიზი

 

მოსწავლეები ხშირად მულტფილმის ყურებისას პასიური მაყურებლის როლით შემოიფარგლებიან, არ აანალიზებენ პერსონაჟების ქმედების შედეგებს, არ ფიქრობენ პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა გზასა და ხერხზე, არ უღრმავდებიან პრობლემის გამომწვევ მიზეზებს. ხშირ შემთხვევაში ყურებას მულტფილმიდან მიღებული ზოგადი შთაბეჭდილებით ასრულებენ. აგრეთვე, მოსწავლეებს უჭირთ აზრის გამართულად ჩამოყალიბება, პრობლემის გადაჭრის მრავალფეროვანი გზების ძიება, პრობლემის გამომწვევი მიზეზის დანახვა, მისი გადაწყვეტის მრავალფეროვანი გზების პოვნა.

 

 

პროექტის მიზანი

 

 პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეებში პრობლემის შემოქმედებითად გადაწყვეტის უნარის ხელშეწყობას. რათა მოსწავლემ თავადვე გააანალიზოს პრობლემის გამომწვევი მიზეზი, მოიძიოს გადაჭრის ეფექტური გზები, შეძლოს აზრის გამართულად ჩამოყალიბება.
 

პროექტის ამოცანები

 

„ჯადოსნური ქუდი“;

„პერსონაჟის ავტობიოგრაფია“;

მულტფილმის ყურება;

„აზროვნების სამი სკამი“;

პრეზენტაცია.

 

მოსალოდნელი შედეგები

 

მოსწავლეებს უვითარდებათ შემოქმედებითი აზროვნების უნარები, აფასებენ პერსონაჟების ქმედებებს, უღრმავდებიან პრობლემის გამომწვევ მიზეზებს, აღმოაჩენენ პრობლემის გადაჭრის მრავალფეროვან გზებს. ცდილობენ მის შემოქმედებითად გადაჭრას.
 

მიზნობრივი ჯგუფი

 

ქართული სექტორის I კლასის მოსწავლეები. კლასის დამრიგებელი ნათია ნადარეიშვილი. უცხო ენის მასწავლებელი გვანცა ბერაძე.

 

 

ამოცანების განსახორციელებლად საჭირო აქტივობები

 

„ჯადოსნური ქუდი“

მოსწავლეები ირგებენ „ჯადოსნურ ქუდს“, განასახიერებენ  მულტფილმიდან მითითებულ პერსონაჟებს.

„ავტობიოგრაფია“

იხსენებენ მათთვის საყვარელი მულტფილმის პერსონაჟებს, წერენ მათ ბიოგრაფიას პირველი პირის ფორმით, ბარათებს ათავსებენ ყუთში. იღებენ ბარათებს შემთხვევითობის პრინციპით. ცდილობენ, გამოიცნონ რომელი პერსონაჟის ბიოგრაფიას გაეცნენ.

„გონებრივი იერიში“

მოსწავლეები იხსენებენ მათთვის საყვარელ და ნაცნობ მულტფილმებს.

„აზროვნების სამი სკამი“

სანამ მოსწავლეები აქტივობაში ჩაერთვებიან, იმისათვის, რომ მათ გაითავისონ სამივე როლი, მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს ინფორმაციას დისნეის ცხოვრების შესახებ. მეოცნებეების კუთხეში გაიხსენებენ მათი ცხოვრებიდან შემოქმედებით ეპიზოდებს, რათა დაეუფლოთ პოზიტიური განწყობა.

შემდეგ ჯგუფი მეოცნებეების კუთხიდან გადაინაცვლებს რეალისტის კუთხეში, სადაც გაიხსენებენ პრობლემის გადაწყვეტის რეალისტურ, პრაგმატული გაანალიზებისა და გადაჭრის ფაქტს. კრიტიკოსის კუთხეში გაიხსენებენ სიტუაციას, სადაც იდეა ობიექტურად და კონსტრუქციულად გააანალიზეს.

მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს მულტფილმის ყურებას, რომელიც პრობლემის წამოჭრის ეტაპზე შეწყდება. შემდეგ ეტაპზე იწყებენ როლურ თამაშს. კლასი დაიყოფა სამ ჯგუფად. I – ჯგუფი უბრუნდება მეოცნებეთა კუთხეს, ამ ფაზაში  უსაზღვრო ფანტაზიის უფლება აქვთ, ყველა იდეა მისაღებია; მეორე ჯგუფი რეალისტის კუთხეში მოპოვებულ იდეებს გააანალიზებს. დასვამენ კითხვებს – მიზნის შესაბამისია თუ არა იდეა, რა არის საჭირო მისი  განხორციელებისათვის ადამიანური, ტექნიკური რესურსი. მოცემულ ფაზაზე შესაძლებელია ინოვაციური მიდგომების ჩამოყალიბებაც; ბოლო ეტაპისათვის მესამე ჯგუფის კრიტიკოსების დავალებაა, კონსტრუქციულად განიხილონ იდეები; დასვან  კითხვები, რა შეიძლება გაუმჯობესდეს, იდეის რისკები, ხელის შემშლელი გარემოებები, რა გამორჩათ მხედველობიდან.

სამივე ჯგუფი ერთდროულად მუშაობს. ჩამოაყალიბებენ პრობლემის გადაწყვეტის რამდენიმე გზას.

მოეწყობა პრეზენტაცია.

გააგრძელებენ მულტფილმის ყურებას.  შეადარებენ მათ მიერ განხილულ იდეებსა და მულტფილმში შემოთავაზებულ გადაჭრის გზას.

   მეთოდის „აზროვნების სამი სკამის“ გამოყენება  ნებისმიერი საგნის მასწავლებელს შეუძლია. მას შეუძლია  წამოჭრას პრობლემა და თავად მოსწავლეები ჩართოს მისი გადაწყვეტის გზების ძიებაში. როგორც მეთოდის აღწერიდან გამოჩნდა, ის ავითარებს შემოქმედებითი აზროვნებისათვის საჭირო და მნიშვნელოვან ასპექტებს. უპირველესად მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა მოსწავლეებს აუხსნას მეთოდი, არსი, შეუქმნას მათ შესაბამისი გარემო, განწყობა. გასათვალისწინებელია ჯგუფური მუშაობისათვის საჭირო უნარების ფლობა, პრეზენტაციის უნარ-ჩვევებზე ყურადღების გამახვილება.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016;
  2. ინტერაქტიური მეთოდები პრაქტიკაში; ავტორები: სოფიკო ლობჟანიძე, მაია ფირჩხაძე, ნინო ჭიაბრიშვილი, რუსუდან თედორაძე, მაია ჯალიაშვილი;
  3. როგორ განვავითაროთ მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნება. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
  4. https://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=16862
  5. https://edu.aris.ge/news/SemoqmedebiTi-azrovnebis-mniSvneloba-da-misi-ganviTareba.html

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი