შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

 აღზრდის ანბანი – შვებულება შვილების გარეშე

სრულიად ბუნებრივია, რომ ხანდახან ოჯახისგან ვიღლებით და მისგან დასვენება გვინდა. გარემოს ნებისმიერი შეცვლა ყოველთვის კარგად მოქმედებს ჩვენზე და სიამოვნებით ველოდებით ყოველ მომდევნო  შვებულებას, მაგრამ დასასვენებელი დროის გეგმების დაწყობისას აუცილებლად ვეჯახებით შეკითხვას: „ბავშვებთან ერთად თუ მათ გარეშე?’’. თუ ბავშვებთან ერთად დასვენებას ვარჩევთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ზოგიერთი მოსაზრება.

უეჭველია, რომ  ყველაზე მოყვარული მშობლებიც კი იღლებიან ოჯახზე ყოველდღიური ზრუნვისა და შვილების აღზრდისგან. თუნდაც მშობლები ასე არ თვლიდნენ, არის ზოგიერთი საქმიანობა, რომლებიც მხოლოდ უფროსების გასაკეთებელია, ბავშვების გარეშე. განსაკუთრებით დედის, რომელსაც უფრო მეტი დროის გატარება უხდება შვილებთან, ვიდრე მამას. ბევრი ქალი უბრალოდ ოცნებობს ცოტა ხანი მაინც გაატაროს თანატოლთა საზოგადოებაში, მას შემდეგ, რაც იძულებულია დიდხანს იყოს ბავშვებთან, მაგალითად, ბავშვის დიდი ხნით ავადმყოფობის დროს ან სხვა მიზეზით. ასეთ შემთხვევაში შვებულება არა მხოლოდ აკმაყოფილებს მის სურვილს, მოიპოვოს მცირე ხნით თავისუფლება, არამედ საშუალებას აძლევს ორივე მშობელს, სრულფასოვან მეუღლეებად იგრძნონ თავი. ბავშვები ხომ იმდენად ავსებენ ოჯახურ ცხოვრებას, რომ მეუღლეებს თითქმის არ რჩებათ დრო სხვა როლის შესრულებისთვის, გარდა მშობლის მოვალეობისა.

ბავშვების გარეშე დასვენებას სასურველია ორ კვირაზე მეტი არ დავუთმოთ. უფრო ხანგრძლივად დატოვებამ შეიძლება ბავშვში მიტოვების შიში გამოიწვიოს. ასეთი გრძნობა გაცილებით ნაკლები დროით მშობლების არყოფნისასაც შეიძლება გაუჩნდეს ბავშვს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში უნდა გამოვტყდეთ, რომ ბავშვი მეტისმეტადაა მშობლებზე დამოკიდებული. თუ ბავშვები არასდროს დარჩენილან უჩვენოდ, არ უნდა გვქონდეს იმედი, რომ შვებულების დროს ჩვენთან დაშორებას დათანხმდებიან. ამას გარდა, ნუ ჩავთვლით ჩვენს სკოლამდელი ასაკის შვილებს უკვე იმდენად დიდებად და დამოუკიდებლებად, რომ ორ კვირაზე მეტხანს ჩვენი არყოფნა ვერ შეამჩნიონ. რა თქმა უნდა, არის გამონაკლისი და ზოგიერთი ბავშვი ამ ასაკშიც მიემგზავრება ხოლმე საზაფხულო ბანაკში, მაგრამ ასეთ შემთხვევებშიც საჭიროა დავიცვათ ოქროს შუალედი.

უნდა ითქვას, რომ ბავშვების გარეშე შვებულება მხოლოდ ისეთ შემთხვევებშია შესაძლებელი, თუ თქვენ შეგიძლიათ ის საიმედო ხელში დატოვოთ. უმნიშვნელოვანესია ბავშვები ნელ-ნელა მოამზადოთ იმ აზრისთვის, რომ ცოტა ხნით დაშორდებით. ასევე მნიშვნელოვანია გამგზავრების შემდეგ დროდადრო სატელეფონო კონტაქტი. ზოგიერთი მშობელი შვებულებიდან საჩუქრებით ბრუნდება, ზოგი ხელცარიელი.თვლის, რომ მათი დაბრუნება თავისთავად სასიხარულო მოვლენაა ბავშვისთვის. ასეთი მშობლები, ჩვეულებრივ, ცდილობენ, რომ გამგზავრება არ გადააქციონ სევდიან განშორებად. როგორ მივაღწიოთ ამას? გამგზავრების წინ დაიწყეთ განძის ძებნის თამაში. წინასწარ მალავთ საჩუქრებს და იწყება თამაში ყველა წესის დაცვით. ბავშვებს ანდობენ თამაშის დამთავრებას, თვითონ კი განერიდებიან. ბავშვები, რომლებმაც ადრევე იციან ახალი გასართობის შესახებ, იმდენად გატაცებულნი არიან, რომ მშობლების გაუჩინარებას ვერც კი ამჩნევენ.

თუ თქვენ დასასვენებლად ბავშვებთან ერთად მიდიხართ, საჭიროა წინასწარ მოიფიქროთ დასვენების პროგრამა და მოემზადოთ ამისთვის. რაც უფრო მეტი იციან ბავშვებმა ახალი გარემოს შესახებ, მით უფრო ადვილად ეგუებიან მას. ჩვენზე ხშირად უარყოფითად მოქმედებს სხვადასხვა გაუთვალისწინებელი გარემოება. ეს ძნელია ბავშვისთვისაც, რომელსაც ჩვენზე ნაკლები გამოცდილება და სიტუაციის ცვლილებისადმი შემგუებლობა აქვთ. კარგი იქნება, თუ ვიქონიებთ რამდენიმე სათამაშოს, რადგან  ბავშვები არ დასხდებიან მიწაზე და არ დატკბებიან ბუნებით. ჩვენ ხშირად წარმოვიდგენთ შვებულებას, როგორც არაფრის კეთების დროს, მაგრამ ბავშვები როგორც ყოველთვის აქტიური რჩებიან და ზოგჯერ უფრო მეტად საქმიანები. ჩვენ სრულიად გვაწყობს, რომელიღაც უდაბური პლაჟი ან მთებში სახლი, მაგრამ ბავშვები ამას თანატოლებთან ურთიერთობას ამჯობინებენ.

რა თქმა უნდა, როცა ოჯახი შვებულებაში მიემგზავრება, შეიძლება მრავალი გასართობი მოიძებნოს ბავშვების მონაწილეობითაც, მაგრამ ეს დრო მხოლოდ მაშინ მოუტანს ყველას სიამოვნებას და სიხარულს, როცა ყველაფერს ერთად გააკეთებთ. როგორც მეუღლეები ბავშვების გარეშე დასვენებისას თავიდან იძენენ ერთმანეთს, ასევე ბავშვებთან ერთად მშობლებს ერთობლივი გასართობების წყალობით შეუძლიათ შვილებთან ურთიერთობა გაამყარონ. შვებულების დროს გადაღებული ფოტოები კი წლების შემდეგ მოგვაგონებენ ერთობლივად გატარებულ ბედნიერ დღეებს.

დასასრულ, დასვენების ბოლო ორი დღე უმჯობესია სახლში გავატაროთ, რათა მაშინვე არ დავუბრუნდეთ ყოველდღიურ მომქანცველ რიტმს. არ უნდა დავუშვათ, რომ დასვენების დროს მიღებული სასიამოვნო ცვლილებების გამო ჩვენი სახლი დაბრუნების შემდეგ ნაკლებ სასურველად მოგვეჩვენოს. პირიქით, უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვებს ჩამოვუყალიბოთ რწმენა: რამდენი მშვენიერი და შესანიშნავი ადგილიც არ უნდა იყოს დედამიწაზე, მშობლიურ სახლზე უკეთესი არაფერია.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი