ისტერიკა ბავშვებში – გამომწვევი მიზეზები და დაძლევის გზები

ვფიქრობ, ძნელია მოიძებნოს ისეთი მშობელი, რომლისთვისაც უცხოა ბავშვური ისტერიკა, რომელსაც ერთხელ მაინც არ უგრძნია თავი უხერხულად საზოგადოებაში ბავშვის ისტერიკული ქცევის გამო. განვითარების პროცესში მყოფი თითქმის ყველა ბავშვის ცხოვრებაში, რა დამჯერი და უპრობლემოც არ უნდა იყოს ის, დგება ბავშვური ისტერიკის პერიოდი.

იმისთვის, რომ თავი გავართვათ ბავშვის ისტერიკულ გამოვლინებებს, უპირველესად საჭიროა, გავარკვიოთ მისი გამომწვევი მიზეზი.

ბავშვური ისტერიკის ძირითადი მიზეზებია:

  • გრძნობებისა და ემოციების გამოხატვის სურვილი – ხშირად ისტერიკა ბავშვისთვის საკუთარი ემოციების, გრძნობების გამოხატვის ერთადერთი ხერხია, განსაკუთრებით – ერთ წლამდე, ვინაიდან ამ პერიოდში მას არავითარი სხვა გზით არ შეუძლია უკმაყოფილების, დისკომფორტის, ტკივილის გამოხატვა. ამ ასაკის ბავშვი მეტისმეტად პატარაა იმისათვის, რომ სხვაგვარად მოახდინოს რეაგირება მის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე, ამიტომ ის ხშირად მიმართავს ისტერიკას, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ამოსდის კბილები, სტკივა მუცელი, თავი – ამ ყველაფერს ბავშვი საფრთხედ აღიქვამს და ტირის. ტირილით გამოხატული ემოციური რეაქცია ბავშვისთვის ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა, რომ დისკომფორტის შესახებ გვამცნოს. ზოგიერთ შემთხვევაში ასეთი რეაქცია მხოლოდ ამა თუ იმ მოთხოვნილების არსებობაზე კი არ მიუთითებს, არამედ ავლენს სხვა სურვილებსაც, რომელთა რეალიზებასაც ბავშვი ამ ხერხით მიეჩვია.
  • ნერვული სისტემის მოუმწიფებლობა – ხშირია შემთხვევა, როდესაც მეტყველებას დაუფლებული ბავშვი, რომელსაც უკვე სიტყვიერადაც შეუძლია თავისი ემოციების გამოხატვა, კვლავ ისტერიკას მიმართავს ამა თუ იმ მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ეს მეთოდი მისთვის ნაცნობია; გარდა ამისა, მისი ნერვული სისტემა ჯერ კიდევ არ არის საკმარისად განვითარებული იმისთვის, რომ უზრუნველყოს სტრესზე ნორმალური რეაქცია ან სხვაგვარად გამოხატოს შინაგანი განცდები.
  • ვითარების, გარემო პირობების შეცვლა – ნებისმიერი ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ გარემოს სტაბილურობის შეგრძნება, რომელშიც არსებობა უწევს. ცხოვრების დადგენილი, უცვლელი წესები ბავშვს კეთილდღეობისა და დაცულობის განცდას უჩენს. ამიტომ გარემოში მომხდარი ცვლილებები (მეორე ბავშვის დაბადება, ბინის გამოცვლა, საბავშვო ბაღში შეყვანა, მშობლებთან დაშორება და სხვა) უარყოფითად მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე და, დიდი ალბათობით, შესაძლოა ისტერიკის მიზეზადაც იქცეს.
  • გადაღლა, შიმშილი, უძილობა, დღის განმავლობაში მიღებული შთაბეჭდილებების სიუხვე – არცთუ იშვიათია შემთხვევა, როცა ისტერიკას იწვევს გადაღლა, გამოუძინებლობა, შიმშილი ან დღის განმავლობაში ემოციებით გადატვირთვა.
  • უფროსების ქცევის კოპირება – თუ ბავშვი ხედავს, როგორ მართავს ოჯახის რომელიმე, მისთვის ავტორიტეტული წევრი ისტერიკას, სავსებით შესაძლებელია, ამ ქცევის კოპირება მოახდინოს. როდესაც პატარები ხშირად ხდებიან მშობლების მრისხანების მოწმეები, ისინი ფიქრობენ, რომ ეს ნორმაა.
  • მანიპულაცია – მანიპულირების „ხელოვნებას“ ბავშვი უკვე 3 წლიდან სწავლობს. ისტერიკის საშუალებით ზოგი უფრო ადრეულ ასაკშიც ახერხებს უფროსებით მანიპულირებას, თუმცა ეს შედარებით იშვიათია, რადგან 3 წლამდე ასაკის ბავშვის პრაქტიკულად ყველა მოთხოვნილება, როგორც წესი, დაუყონებლივ კმაყოფილდება. მშობლი პირველი უარი ბავშვისთვის ძნელი ასატანია, ამიტომ ის ყოველგვარ ხერხს იყენებს სასურველის მისაღებად და მიზნის მისაღწევად. თუ სიტყვა „არა“ ბავშვს ისტერიკაში აგდებს, დედა კი დასამშვიდებლად ყველა სურვილს უსრულებს და მის მოთხოვნებს ეთანხმება, ბავშვი ხვდება, რომ ისტერიკით უფრო მეტის მიღწევა შეიძლება, ვიდრე სიტყვებით და ის მომავალშიც შეეცდება ამ ხერხის გამოყენებას, რაც, ბუნებრივია, უარყოფითად აისახება მის პიროვნულ განვითარებაზე.

 

რეკომენდაციები ისტერიკაში მყოფი ბავშვის დასახმარებლად

  • გადართვა, სხვა, უფრო საინტერესო შთაბეჭდილებაზე ყურადღების გადატანა ეს ხერხი შედარებით კარგად მუშაობს ემოციური შეტევის დასაწყისში. ბავშვის ყურადღება საკმაოდ ლაბილურია და ის ადვილად გადაერთვება, ამიტომ დომინანტური აზრი ან განცდა სწრაფად შეიძლება შევცვალოთ სხვა აზრით ან განცდით, მაგალითად, ლამაზი ხმოვანი სათამაშოს შეთავაზებით. თუ ემოციური ქარიშხლის დროულად შეჩერებას მოვახერხებთ, ბავშვი შედარებით მშვიდად დაიწყებს მოქმედებას და ისტერიკის შეტევასაც ავიცილებთ თავიდან, თუმცა ეს ხერხი ყოველთვის და ყველა ბავშვთან სასურველ შედეგს არ იძლევა.
  • მაყურებლის როლის შესუსტება – ბავშვის ისტერიკული ქმედება, როგორც წესი, მაყურებელზეა გათვლილი, ამიტომ პატარები ხშირად ხალხმრავალ ადგილებში მართავენ ისტერიკას. შვილის ასეთი ქცევა უხერხულ მდგომარეობაში აყენებს მშობელს, ამიტომ ის იწყებს ფიქრს არა იმდენად ბავშვის გრძნობებზე, რამდენადაც იმაზე, რას იფიქრებენ გარშემო მყოფები. ასეთ დროს არ ღირს, ხალხის თანდასწრებით ყვირილი, ჩხუბი ან ჭკუის სწავლება დავუწყოთ ბავშვს. უკეთესი იქნება, თუ ავიყვანთ და ისეთ ადგილას გავიყვანთ, სადაც სხვების თანდასწრების გარეშე მოვახერხებთ მასთან დალაპარაკებას და მის დამშვიდებას.
  • სრული იგნორი – ბევრისთვის შესაძლოა უცნაური და მიუღებელიც კი აღმოჩნდეს ქცევა მშობლისა, რომელიც ისტერიკაში ჩავარდნილ ბავშვს ყურადღებას არ აქცევს და თავისი საქმით არის დაკავებული. სინამდვილეში ეს არც დადევრობაა და არც გულგრილობა – უბრალოდ, მშობელი საშუალებას აძლევს ბავშვს, მიხვდეს, რომ ამ გზით ვერაფერს მიაღწევს. სრული იგნორი მოცემულ შემთხვევაში აღმზრდელობითი მეთოდია. ასეთ დროს ოთახიდან გასვლაც კი შეიძლება იმისთვის, რომ ისტერიკაში ჩავარდნილ ბავშვს მაყურებელი არ ჰყავდეს. მაყურებლის არარსებობა ხშირად ძალიან ამცირებს ისტერიკის ხანგრძლივობას.
  • ემოციებისა და გრძნობების ეფექტიანდ გადმოცემის სწავლება – მნიშვნელოვანია, დავეხმაროთ ბავშვს იმ შეგრძნებების, გრძნობებისა და ემოციების ვერბალიზებაში, სიტყვებით გადმოცემაში, რომლებიც აწუხებს. მაგალითად, ბავშვი ტირის იმის გამო, რომ შემთხვევით გატეხა საყვარელი სათამაშო. ამ დროს მასთან ვიზუალური კონტაქტი უნდა დავამყაროთ და ვესაუბროთ იმაზე, რასაც განიცდის: „ვიცი, რომ ძალიან გიყვარდა ეს სათამაშო და გულდაწყვეტილი ხარ, მაგრამ ეს შენი ბრალი არ არის. ეს შემთხვევით მოხდა. თანაც შენ კიდევ გაქვს სათამაშოები“. ახლობლის გვერდით დგომა, მისი ემოციებისა და გრძნობების გაზიარება ბავშვს მდგომარეობას უმსუბუქებს.
  • მშვიდი გარემოს შექმნა – თუ ბავშვი ისტერიკაშია, უფროსებმა ყველანაირად უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე. ჩვენი გაღიზიანებული, შეშფოთებული, განერვიულებული სახის დანახვა კიდევ უფრო გააძლიერებს ბავშვის ისტერიკას. ვაკონტროლოთ ჩვენი ემოციები, არ გამოვუშვათ ისინი გარეთ, მაშინაც კი, თუ ბავშვის ქცევამ უხერხულ მდგომარეობაში ჩაგვაყენა.
  • აკრძალვების შემცირება – ცნობილია, რომ ისტერიკა ნაკლებად ემართებათ ბავშვებს, რომელთა მშობლებიც მათ გარშემო აკრძალვების ზღუდეს არ აღმართავენ. ამდენად, კარგი იქნება, თუ შევამცირებთ აკრძალვებს, რომლებსაც ბავშვებს ვუწესებთ და რომლებიც მოჩვენებით წესრიგს და მოჩვენებით უსაფრთხოებას ქმნის (არ დაეცემა და არაფერს დაიშავებს, არაფერს გააფუჭებს, ნივთებს არ აურევს და დასალაგებელს არ გახდის), მაგრამ ზღუდავს ბავშვს და აფერხებს მის განვითარებას.
  • ბავშვისადმი კეთილგანწყობილი დამოკიდებულების შენარჩუნება, როცა ის ისტერიკაში არ არის – დავეხმაროთ ბავშვს იმის გაცნობიერებაში, რომ მშობელი უფრო ყურადღებიანი, მზრუნველი და მოსიყვარულეა არა მაშინ, როცა ის ისტერიკას მართავს, არამედ მაშინ, როცა მშვიდადაა და შეუძლია, ნორმალურად გამოხატოს თავისი გრძნობები და ემოციები. გარდა ამისა, დავარწმუნოთ, რომ ისტერიკის დროს შეუძლებელია მისი გაგება; თუ ის მშვიდად, გასაგებად იტყვის, რა სურს, შესაძლოა მისი თხოვნა დაკმაყოფილდეს კიდეც.

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ არ არსებობს ერთი უნიკალური რეკომენდაცია, რომელიც ყოველგვარ სიტუაციაში, ყველა ბავშვთან სასურველი შედეგის მომტანი იქნება. ისტერიკაში ჩავარდნილ ერთ ბავშვთან შეიძლება კარგ შედეგს მივაღწიოთ იგნორირებით, მეორესთან კი – მისი ხელში აყვანით და მოფერებით. ამიტომ სასურველია, კარგად ვიცნობდეთ პატარას და წინასწარ ვიცოდეთ ჩვენს ამა თუ იმ ქმედებაზე მისი რეაქცია.

კომენტარები

comments