პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

რიტორიკა, სტილისტიკა, პრაგმატიკა

პოეტურ სტილსა და ჩვეულებრივ მეტყველებას შორის არსებულმა სივრცემ წარმოქმნა მჭევრმეტყველება, რის გამოც იგი ხან ერთს უახლოვდება, ხან – მეორეს. ამიტომ ბუნებრივია რიტორიკის სტილისტიკასთან და პრაგმატიკასთან კავშირში განხილვა (კონდილიაკი).

რიტორიკის მამად წოდებული კვინტილიანე რიტორიკას ars bene disendi (კარგად თქმის ხელოვნებას) და bene disendi scientia (კარგად თქმის მეცნიერებას) უწოდებდა. ამგვარად, იგი შემეცნების ორ სახეს: ესთეტიკურსა და მეცნიერულს აერთიანებს. აქ კიდევ ერთი საწყისი იქნა გათვალისწინებული – ეთიკა, რომელიც განარჩევდა სამართლიანსა და უსამართლოს, პატიოსანსა და უპატიოსნოს და სხვა. მაშასადამე, რიტორიკა გახდა „სამერთიანი”: ის იყო სიტყვით დარწმუნების ხელოვნება, მეცნიერება დარწმუნების ხელოვნების შესახებ და მორალურ პრინციპებზე დაფუძნებული დარწმუნების პროცესი.

ბერძნული რიტორიკის საფუძველზეა წარმოქმნილი ზოგადი ფილოლოგიური სტილისტიკა, რომელიც ტროპების თეორიას და პრაქტიკულ სტილისტიკას ემყარება… ფუნქციური სტილისტიკა, რომელიც თანამედროვე ეტაპზე წამყვან მიმართულებას წარმოადგენს, თავისი კვლევის ობიექტს არ შემოფარგლავს სტილურად შეფერილი ენობრივი ერთეულების აღნუსხვა-შესწავლით. მართალია, იგი ამ ერთეულებს ითვალისწინებს, მაგრამ მათ განიხილავს არა როგორც მუდმივად შეფერილ ელემენტებს, არამედ როგორც დინამიკურსა და ფუნქციური დანიშნულების მქონე ენობრივ საშუალებებს; ამასთანავე, ეს ახალი მიმართულება წინ წამოსწევს ენის ბუნებრივი ფუნქციონირების ობიექტური შესწავლის ამოცანას ადამიანთა ურთიერთობის სხვადასხვა სფეროში, სადაც ენობრივ ერთეულთა მიზანდასახული გამოყენება განპირობებულია ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა: გამონათქვამის შინაარსი, კომუნიკაციის მიზნები, ტიპები, სიტუაციები და სხვა (გ. კვარაცხელია).

გარკვეულწილად სტილისტიკისა და რიტორიკის პრობლემები პრაგმატიკის სფეროშიც შედის. პრაგმატიკა (ბერძნ. Pragmatos – საქმე, მოქმედება) ენათმეცნიერებასა და სემიოტიკაში ის მიმართულებაა, რომელიც შეისწავლის მეტყველებაში ენობრივი ნიშნების ფუნქციონირებას. ტერმინი პრაგმატიკა შემოიტანა მორისმა მე-20 საუკუნის 30-იან წლებში, როგორც სემიოტიკის ერთ-ერთი ნაწილის სახელი. 

პრაგმატიკის გამოყოფა და ფორმირება ლინგვისტიკის სფეროში პირსის იდეებით იყო სტიმულირებული. აღნიშნულ მეცნიერებას არა აქვს საზღვრები, ის მოიცავს საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია მოლაპარაკე სუბიექტთან, ადრესატთან, მათ ურთიერთქმედებასთან  კომუნიკაციის პროცესში, სიტუაციის კონტექსტთან და სხვა.
რიტორიკის, სტილისტიკისა და პრაგმატიკის  სქემატური დახასიათებიდანაც კი აშკარად ჩანს მეცნიერების ამ სამი დარგის კავშირი. სამეცნიერო ლიტერატურაში არსებობს პრაგმატიკის რამდენიმე განსაზღვრება: პრაგმატიკა არის: მეცნიერება, ენის გამოყენების შესახებ, მეცნიერება, ენის კონტექსტურობის შესახებ, გამონათქვამის ინტერპრეტაციის თეორია და სხვა. 

ლინგვისტიკური პრაგმატიკა ისევე, როგორც ნებისმიერი ჰუმანიტარული დარგი, გარკვეულ ისტორიულ ფუნდამენტს ეფუძნება.

პრაგმატიკულ იდეათა მემკვიდრეობითობის ძიებას, უპირველეს ყოვლისა, რიტორიკასთან მივყავართ.  კლასიკურ სემიოლოგიაში (პირსი, მორისი) რიტორიკისა და პრაგმატიკის გაგება იდენტურია. ერთიცა და მეორეც შეისწავლის ნიშნის დამოკიდებულებას მომხმარებელთან. 

სემიოტიკური გაგებით, პრაგმატიკა და რიტორიკა წარმოადგენენ ენის თეორიის ნაწილს, რომლებიც აღწერენ ენის ფუნქციონირების წესებს კომუნიკაციის მონაწილეებთან მიმართებით.

პრაგმატიკისა და რიტორიკის საერთო მახასიათებლებს მკვლევრები ამგვარად წარმოგვიდგენენ: 

1)წარმოდგენა ენაზე, როგორც ნიშანთა სისტემაზე, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ გარკვეული მიზნებისთვის;

2)ენის განხილვა, როგორც კონკრეტული მოლაპარაკის აქტისა; ენობრივი ქცევის ზოგიერთი წესის გამომუშავება კომუნიკაციის განსაზღვრულ პირობებში;

3)„წმინდა”, დესკრიფციული გამონათქვამის უარყოფა;

4)ძირითადი კონცეპტის დადასტურება – მოლაპარაკის (რიტორის სახე კლასიკურ რიტორიკაში) ინტენცია.
ჰანსონი პრაგმატიკულ გამოკვლევებში სამ დონეს გამოჰყოფს:

1-ლი დონე: ინდექსური გამონათქვამების შესწავლა (ისეთი ფორმები, როგორებიცაა – მე, შენ, აქ, ახლა…), რომელთა მნიშვნელობა განისაზღვრება გამოყენების პირობებით, ესე იგი, სიტუაციური კონტექსტით;

მე-2 დონე: გამოთქმული პროპოზიციისა და გამონათქვამის სემანტიკური სტრუქტურის ურთიერთკავშირის შესწავლა (ისეთი გამონათქვამების შესწავლა, რომელთა ნამდვილი მნიშვნელობა არსებითად განსხვავდება მათი პირდაპირი მნიშვნელობისაგან);

მე-3 დონე: მეტყველების აქტების თეორიის საკითხები.

იმისათვის, რომ გავარკვიოთ, სწორად თუ არასწორად არის წაკითხული თუ გაგებული თუნდაც ერთი სიტყვა, საჭიროა მთელი ტექსტის კარგად შესწავლა (გინზბურგი).

ლინგვისტური პრაგმატიკის ძირითადი პოსტულატია: ენა მოქმედებაში. ენის ფუნქციონირების ასპექტებია: პროცესუალობა, კონკრეტული სოციალური განპირობებულობა, ზეგავლენის ფუნქცია, ადამიანის ქცევის რეგულირება.

შესაბამისად, პრაგმატიკული სემატიკის ძირითადი კატეგორიაა – აზრის კატეგორია. ესე იგი, ის დამატებითი პრაგმატიკული შინაარსი, რომელსაც ენა იძენს ენობრივი ურთიერთობის პროცესში.

ეს შინაარსი ინტერპრეტირდება ორი ურთიერთგანპირობებული  მახასიათებლით: კომუნიკაციურ-პრაგმატიკული სიტუაციის პარამეტრები და ურთიერთგაგების ფაქტორი. 

თუ სიტყვის შინაარსის საკუთრივ ლინგვისტური ინტერპრეტაციის საფუძველში დევს მნიშვნელობა, პრაგმატიკული განმარტების საფუძველია – აზრი. აქედან გამომდინარეობს ცნობილი მეტამორფოზა: „სიტყვა წინადადებაში წყვეტს სიტყვად ყოფნას”.

რიტორიკა, სტილისტიკა და პრაგმატიკა ერთგვარად ერთმანეთში გარდამავალი მეცნიერებებია, რომლებსაც მკვეთრად გამოხატული საზღვრები არა აქვთ. რიტორიკული ამოცანა სტილში რეალიზდება, პრაგმატიკას კი ორივე აინტერესებს.

რაც შეეხება სტილისტიკისა და პრაგმატიკის ურთიერთმიმართებას, ამასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ მეტყველებაში განმსაზღვრელი მომენტი არის მიზანი, რომელთან შესაბამისობაშიც მოლაპარაკე გამოიმუშავებს სტრატეგიულ გეგმას და აზრის გამოხატვის მიზნით შეარჩევს სინონიმური ენობრივი ერთეულებიდან ყველაზე საჭიროს.

სიხშირის, დისტრიბუციისა და ა.შ. მიხედვით, ტექსტის მახასიათებლებს შორის გამოიყოფა ენობრივი მოვლენები, ესე იგი, სტილური ნიშნები. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კომუნიკაციური მიზნის მისაღწევად მოლაპარაკე ირჩევს ტექსტის სტილს, რომელიც შემდგომ აღიჭურვება პრაგმატიკული ფუნქციით, რამდენადაც სტილის წარმატებული ამორჩევა ზრდის ინტერაქციის ეფექტურობას და ხელს უწყობს კომუნიკაციური ამოცანის შესრულებას და პირიქით. 

აქედან გამომდინარე, სტილისტიკა პრაგმატიკის მიმართ იკავებს დაქვემდებარებულ პოზიციას, რამდენადაც თავად შერჩევა ენობრივი ერთეულებისა – მორფოლოგიის, ლექსიკის და სინტაქსის დონეზე – უკვე განპირობებულია ტექსტის პრაგმატიკული მიმართულებით. 

პრაგმატიკის პრიმატი სტილისტიკასა და რიტორიკასთან დაკავშირებით ლინგვისტურად გამართლებულია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი