პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

კონელის კითხვარი – უმცროსი ასაკის მოსწავლის მრავალმხრივი ინტელექტის გაზომვის ინსტრუმენტი

მარინე ჯაფარიძე, ეკა გონცაძე
1970-იან წლებში ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა, ფსიქოლოგმა ჰოვარდ გარდნერმა, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ინტელექტის ის ტრადიციული გაგება, რომელსაც ინტელექტის საზომი (IQ) ტესტები ეფუძნება. მან აღმოაჩინა, რომ ადამიანები დაჯილდოებულნი იყვნენ მრავალი ისეთი ნიჭითა და უნარით, რომლებიც არასაკმარისად იყო ასახული ინტელექტის ტრადიციულ გააზრებაში. გარდნერმა მრავალი სხვადასხვა წყარო გამოიყენა, მათ შორის – აუტისტებსა და ნიჭიერ ბავშვებთან დაკავშირებული ნეიროფსიქოლოგიური კვლევები, რათა გაემყარებინა საკუთარი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ტვინის სხვადასხვა უბანი სხვადასხვა ტიპის ინტელექტზეა პასუხისმგებელი. 1983 წელს გარდნერმა გამოაქვეყნა ნაშრომი „Frames of Mind”, სადაც შვიდი სხვადასხვა ტიპის ინტელექტი გამოყო, ხოლო ათი წლის შემდეგ მერვე ტიპი დაამატა. მისი მტკიცებით, თითოეული ადამიანი ფლობს ყველა ინტელექტს, ოღონდ სხვადასხვა დოზით. ამ თეორიის მიხედვით, ინტელექტის ტრადიციული გაზომვა შესაძლოა ტენდენციური იყოს ზოგიერთი ტიპის ინდივიდის მიმართ, რადგან არ არსებობს ორი ზუსტად ერთნაირი პროფილის მქონე ინტელექტი. ეს პროფილები ჩვენს ინდივიდუალურ გენეტიკასა და გამოცდილებას ეფუძნება და ამიტომ უნიკალურია, სხვებისაგან განსხვავებული.

 

ინტელექტის გაზომვა არსებული ტესტების მეშვეობით ინტელექტის რეალურ შესაძლებლობს შეზღუდულად წარმოაჩენს. მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის მიხედვით, არსებობს 8 ძირითადი ტიპის ინტელექტი. ესენია: ლინგვისტური, მუსიკალური, ლოგიკურ-მათემატიკური, სივრცითი, სხეულებრივ-კინესთეტიკური, ინტრაპერსონალური, ინტერპერსონალური და ნატურალისტური. ამ 8 ძირითადი ინტელექტიდან ინდივიდს შესაძლოა გამოკვეთილი ჰქონდეს ერთი ან რამდენიმე, თუმცა ყველა ერთნაირად არა. გარდნერის მიერ შემოთავაზებული მოდელი ყველა ტიპის ინდივიდს მოიცავს, გასაოცარი ნიჭიერებისა იქნება ის თუ გონებრივად ჩამორჩენილი ან ფიზიკური შეზღუდულობის მქონე. მაგალითად, გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვი შესაძლოა ვერ ფლობდეს გამართულ ენობრივ ფორმებს, მაგრამ შესანიშნავად ხატავდეს ან უკრავდეს სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე. ვინაიდან საგანმანათლებლო სისტემა აქცენტს მათემატიკური და ლინგვისტური ინტელექტის განვითარების მნიშვნელობაზე სვამს, მოსწავლის მიერ მიღწეული წარმატების შეფასებაც მხოლოდ ამ ორი ინტელექტის მიხედვით გაზომილ უნარებს ეფუძნება. გარდნერი და მრავალმხრივი ინტელექტის სხვა მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ ამგვარი აქცენტირება არ არის სამართლიანი, რადგან, მაგალითად, ბავშვები, რომლებიც მაღალგანვითარებულ მუსიკალურ ინტელექტს ფლობენ, შესაძლოა გადაყვანილ იქნენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე კლასში მათემატიკასა და ენის კურსებში არასაკმარისი ქულების გამო. მასწავლებლები უნდა ეძებდნენ მოსწავლეთა შეფასების ისეთ გზებს, რომლებიც მათი ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ ზუსტ წარმოდგენას მისცემთ.

ვინაიდან მოსწავლეები ერთმანეთისგან განსხვავებულად ითვისებენ შესასწავლ მასალას, არ შეიძლება მათი შეფასება ერთიანი, სტანდარტიზებული სისტემით. საჭიროა, მასწავლებელმა თითოეული მოსწავლისთვის შექმნას ე.წ. ინტელექტის პროფილები. მოსწავლეთა ინდივიდუალური ათვისების უნარის ცოდნა მასწავლებელს დაეხმარება, სათანადოდ შეაფასაოს მათი პროგრესი.

ტრადიციული ტესტები მოსწავლეებისგან მოითხოვს წინასწარგანსაზღვრული ცოდნის გამოვლენას, გარდნერის თეორიის მომხრეები კი ამტკიცებენ, რომ უნდა შეიქმნას ისეთი შეფასებითი სისტემა, რომელიც მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, განმარტონ სასწავლო მასალა საკუთარი ინტერპრეტაციით სხვადასხვა ინტელექტის გამოყენებით. ამ თვალსაზრისით, ტრადიციულ შეფასებით სისტემაზე ეფექტიანია სხვა მეთოდები: მოსწავლეთა პორტფოლიოები, დამოუკიდებელი პროექტები, მოსწავლეთა დღიურები, სხვადასხვა შინაარსის კრეატიული საშინაო დავალებები. სკოლების ერთ-ერთი ამოცანაა, მოსწავლეებს განუვითაროს თავდაჯერება და მიზნის მისაღწევად საჭირო უნარები. მრავალმხრივი ინტელექტის თეორია საშუალებას იძლევა, შესწავლილ იქნეს მოსწავლეთა სხვადასხვა ნიჭი და უნარები, ამასთანავე, იგი აღიარებს, რომ შესაძლოა ყველა მოსწავლე არ იყოს დაჯილდოებული ვერბალური ან მათემატიკური უნარებით; სამაგიეროდ, წარმტებულნი იყვნენ სხვა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა მუსიკა, სივრცული აღქმა ან ინტერპერსონალური ცოდნა. ამგვარი მიდგომა და შეფასებითი სისტემა შესაძლებლობას აძლევს ყველა მოსწავლეს, წარმატებით მიიღოს მონაწილეობა საკლასო სწავლებასა და სხვადასხვა აქტივობაში.

გარდნერი მიუთითებს, რომ სწავლის მეთოდების უფრო ფართო დიაპაზონის შემოღებით მასწავლებლებს და, რა თქმა უნდა, მშობლებსაც შეუძლიათ, უკეთ შეიცნონ ინდივიდის ძლიერი და სუსტი მხარეები და განსაზღვრონ მათთვის უპირატესი სწავლის სტილი, ეს კი საშუალებას მისცემს მოსწავლეს, უფრო ნაყოფიერად ისწავლოს.

მრავალმხრივი ინტელექტის თეორია ნევროლოგიურ, ევოლუციურ და კროსკულტურულ საფუძვლებს ემყარება. იგი მიიჩნევს, რომ სხვადასხვა ინტელექტის განვითარებაში ბიოლოგიასთან ერთად დიდ როლს ასრულებს კულტურაც. ყველა საზოგადოება სხვადასხვა ტიპის ინტელექტს აფასებს. ეს შეფასებებიც უზრუნველყოფს ამა თუ იმ სფეროში პროფესიონალად ქცევის მოტივაციის გაჩენას. შესაბამისად, შესაძლოა, რომელიმე ინტელექტი მაღალ დონეზე განვითარდეს ერთი კულტურის ბევრ სოციუმში, მაშინ როცა იგივე ინტელექტი ნაკლებად განვითარდება სხვა კულტურის ინდივიდებში.

გარდნერი აღნიშნავს, რომ მრავალმხრივი ინტელექტის იდეა სიახლეს არ წარმოადგენს. მრავალი წელია გრძელდება დებატები ერთი თუ მრავალფეროვანი ინტელექტუალური უნარების არსებობის შესახებ. ფსიქოლოგები კამათობენ ინტელექტის შემადგენელი მრავალრიცხოვანი ფაქტორებისა და კომპონენტების არსებობის შესახებაც.

გარდნერმა ინტელექტი განსაზღვრა როგორც პრობლემების გადაჭრისა და სხვადასხვა კულტურული გარემოსთვის ღირებული პროდუქტის შექმნის უნარი.

გთავაზობთ კითხვარს (The Connell Multiple Intelligence Questionnaire), რომლის გამოყენებაც შესაძლებელია უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეებთან.

ინსტრუქცია: „+”-ით აღნიშნე ყველა ის წინადადება, რომლებსაც ეთანხმები.

I

   

1

მიყვარს სიმღერების მოსმენა რადიოთი ან CD პლეერით.  

2

მიყვარს მუსიკალური ვიდეოების ყურება.  

3

მიყვარს კონცერტებზე სიარული და მუსიკის ცოცხლად მოსმენა.  

4

ადვილად ვიმახსოვრებ მუსიკალურ ჟღერადობას, რიტმსა და მელოდიას.  

5

დავდივარ მუსიკის გაკვეთილებზე  

6

ადვილად ვიმახსოვრებ ახალ სიმღერებს.  

7

მიყვარს სიმღერა  

 

II

   

1

მიყვარს ხატვის გაკვეთილები.  

2

მიყვარს ფანქრებითა და ფლომასტერებით ხატვა.  

3

მომწონს თავსატეხების (ფაზლების) აწყობა.  

4

მომწონს კუბურებითა და ლეგოებით სხვადასხვა საგნის აწყობა.  

5

ვიდეოთამაშებით კარგად ვერთობი.  

6

 

შემიძლია წარმოვიდგინო სურათი, რომელიც საგნების უკეთესად აღქმაში მეხმარება.  

7

შემიძლია მანქანების, ტანსაცმლისა და ვარცხნილობის სტილის გარჩევა.  

 

III

 

 

1

მიყვარს წიგნების, ჟურნალებისა და კომიქსების კითხვა.

 

2

სიტყვების კარგი მარაგი მაქვს და მიყვარს ახალი სიტყვების შესწავლა.

 

3

მომწონს მეგობრებისთვის ელექტრონული წერილების (მეილების) გაგზავნა.

 

4

მომწონს წერა.

 

5

მიყვარს რებუსების ამოხსნა და კროსვორდების შევსება.

 

6

ვფიქრობ, ჩემი ფიქრებისა და იდეების ჩაწერა საინტერესო იქნებოდა.

 

7

მიყვარს მეგობრებთან ტელეფონით საუბარი.

 

 

IV

 

 

1

მიყვარს ცხოველებთან თამაში და მათზე ზრუნვა.

 

2

მიყვარს ზოოპარკსა და გასართობ პარკში გასეირნება.

 

3

მიყვარს გარეთ ყოფნა.

 

4

მიყვარს ლაშქრობები, სეირნობა და სირბილი.

 

5

მიყვარს ბუნებრივ მოვლენებზე დაკვირვება: თოვლზე, წვიმაზე, ქარზე, მზის ნათებაზე….

 

6

ვზრუნავ გარემოს სისუფთავეზე.

 

7

დიდ ყურადღებას ვუთმობ ცოცხალ სამყაროს: ციყვებს, მწერებს, ჩიტებს, ხეებს, მთა-კლდეებს…

 

 

V

 

 

1

მიყვარს მეცნიერული ექსპერიმენტების ჩატარება და სამეცნიერო მუზეუმებში სიარული.

 

2

მაინტერესებს არითმეტიკული და მათემატიკური ამოცანები.

 

3

საიდუმლოებების ამოხსნა მეხალისება.

 

4

ძალიან მაინტერესებს რიცხვები.

 

5

მიყვარს ჭადრაკი და ისეთი კომპიუტერული თამაშები, რომლებსაც ბევრი ფიქრი სჭირდება.

 

6

მიყვარს ისეთი შემეცნებითი გადაცემების ყურება, სადაც საუბარია მეცნიერებასა და მათემატიკაზე.

 

7

შემიძლია მათემატიკური ამოცანების გონებაში ამოხსნა და სწორად გამოანგარიშება.

 

 

VI

 

 

1

მიყვარს ცეკვა.

 

2

მიყვარს ისეთი სპორტული თამაშები, როგორებიცაა ფეხბურთი, კალათბურთი, ჩოგბურთი და ა.შ.

 

3

მიყვარს ხელსაქმე, მაგ., ქსოვა, კერვა, მძივების ასხმა, ხეზე მუშაობა.

 

4

მომწონს თეატრალურ დადგმებში მონაწილეობა.

 

5

მიყვარს სიარულის დროს ფიქრი.

 

6

მიყვარს ისეთი აქტივობები, როგორებიცაა კარატე, სირბილი, ველოსიპედით სიარული, სკეიტბორდი და ტანვარჯიში.

 

7

ზოგჯერ თითქოს სხეულით „ვგრძნობ” სწორ პასუხს.

 

 

VII

 

 

1

მიყვარს მეგობრებთან ერთად ყოფნა.

 

2

მიყვარს მათი დახმარება, ვისაც სჭირდება.

 

3

მიყვარს ადამიანებსა და მათ ცხოვრებაზე წიგნების კითხვა და ფილმების ყურება.

 

4

შემიძლია გამოვიცნო, როგორ გრძნობენ თავს სხვა ადამიანები.

 

5

მეხალისება სასკოლო აქტივობების შესრულება და საოჯახო საქმეების კეთება.

 

6

მარტო ყოფნას სხვებთან ერთად დროის გატარება მირჩევნია.

 

7

მიყვარს საკლასო დისკუსიებში მონაწილეობა.

 

 

VIII

 

 

1

მიყვარს, როცა მე თვითონ ვაკეთებ რამეს.

 

2

მირჩევნია, მარტომ ვიმუშაო, ვიდრე კლასელებთან ერთად.

 

3

მიყვარს საკუთარ თავზე ფიქრი.

 

4

მიყვარს კომპიუტერული თამაშები.

 

5

ყოველთვის შემიძლია ვთქვა, რას ვგრძნობ.

 

6

მიყვარს ჩემი გრძნობებისა და აზრების დღიურში ჩაწერა.

 

7

კარგად ვიცი, რა გამომდის და რა – არა.

 

 

შეკრიბეთ თითოეულ ნაწილში მიღებული პლიუსები. თითო პლიუსი თითო ქულაა. ჩაწერეთ ქულები მათთვის განკუთვნილ გრაფაში.

5 და მეტი ქულა – ძლიერად განვითარებული ნიჭი

3-4 ქულა – საშუალოდ გავითარებული ნიჭი

3-ზე ნაკლები ქულა – სუსტად განვითარებული ნიჭი

ამჟამად, სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში, ჩვენ ვიწყებთ მრავალმხრივი ინტელექტის შიდაკორელაციურ და გენდერულ კვლევას. სასურველი იქნება, თუ კითხვარის შევსების შემდეგ მასწავლებლები გაგვიზიარებთ მოსაზრებებს: რამდენად გასაგებია მისი დებულებები მოსწავლეებისთვის; როგორ ფიქრობთ, რომელი კლასიდან არის შესაძლებელი გამოკითხვსი ჩატარება; კითხვარზე მუშაობის პროცესში იჩენს თუ არა თავს რაიმე სირთულე, თუ კი – კერძოდ, რა სახისა; რა აჩვენა გამოკითხვამ – რა სახის ნიჭიერება აქვთ ძლიერად გავითარებული მოსწავლეებს, რა სახისა – საშუალოდ და რა – ნაკლებად; არის თუ არა განსხვავება გოგონებისა და ბიჭებს შორის; თუ კი, კერძოდ, რით გამოიხატება ის?

სამაგისტრო კვლევის დასრულების შემდეგ გაგაცნობთ მის შედეგებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი