პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

 მარო მაყაშვილი

„საქართველოს მე ვაღმერთებ

არას ვეტრფი იმის გარდა,

ეხლა მით ვარ ბედნიერი

რომ შენც იგი შეგიყვარდა…“

                    კოტე მაყაშვილი

 

 

იმ გოგოებზე ვფიქრობ, დღიურებიდან რომ გავიცანი. რამხელა საქმეა _ ამ თავბრუდამხვევად გრძელ და მშფოთვარე კაცობრიულ თავგადასავალში შენი წილი ამბავი მოყვე და დატოვო. მით უფრო, თუ პატარა გოგო ხარ, 15–16, ან 17–18 წლისა, გაგანია ომში ცხოვრობ და არაფერს შენს გარშემო, ბუნებრივი სახე არა აქვს _ არც ადამიანებს, არც სამშობლოს, არც მტერს, არც სიყვარულს, არც სიცოცხლეს… ისინი დიდი საფრთხის შიშისგან ახელენ თვალებს, იმაზე სწრაფად ბნელდებიან და ნათდებიან, ვიდრე ეს ჩვეულებრივ, სამყაროს წესრიგისას ხდება, ირგვლივ ომის ექსტაზია, გარდამავალი ეპოქის ჯახი, ადამიანური სული კი მშობიარეს ტანჯვით იწრიტება ამ ხურვებაში და შენ ამ დროს, პატარა გოგო, შენს სულს დღიურებს ანდობ, ფურცელს აწებებ, როგორც ძლივს დაჭერილ მინდვრის პეპელას და მარტო შენი სიცოცხლისთვის კი არა, კიდევ უთვალავი სიცოცხლისთვის, უთვალავი მარტოობისთვის და სიხარულისთვის _ ანაფრანკობ, მარომაყაშვილობ.

ანა ფრანკზე სხვა დროს დავწერ.

ახლა მარო მაყაშვილზე ვიტყვი. პირველ ქართველ ქალზე, რომელსაც ეროვნული გმირის წოდება აქვს.

 

მარო 1901 წლის 25 აგვისტოს დაიბადა, თამარ გაბაშვილის და კონსტანტინე მაყაშვილის ოჯახში. მამა და ბებო (ეკატერინე გაბაშვილი) მწერლები ჰყავდა. კოტე მაყაშვილი მწერალთა კავშირის ერთ–ერთი დამფუძნებელი და თავმჯდომარეც იყო. მარო ქალთა გიმნაზიაში სწავლობდა, მერე კი თბილისის უნივერსიტეტში სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე ჩააბარა.

სურდა უცხო ენების შესწავლა, მაგრამ არ დასცალდა _ მე–2 კურსის სტუდენტი იყო, როცა რუსეთის მე–11 არმია სქართველოში შემოიჭრა. მარო მაყაშვილი მოწყალების დად ჩაეწერა და ოკუპატებთან ბრძოლაში დაიღუპა.

თუმცა, ეს მშრალი ცნობებია, თავისთავად მღელვარე (ბოლოს და ბოლოს, 19 წლის გმირზეა საუბარი!), მაგრამ მაინც მშრალი. მთავარი საკითხავი არა აქ, არამედ დღიურებში უნდა ვეძებოთ. მარომ ორი დღიური დატოვა. მათგან მხოლოდ ერთი გადარჩა და ისიც, სრულყოფილი სახით ლამის საუკუნის მერეღა იხილა მკითხველმა.

ამ დღიურებში ჩანს მისი უსაზღვრო სულიერი და გონებრივი შესაძლებლობები, შემოქმედებითი პოტენციალი, მოაზროვნე გოგონა, რომელიც თავისუფლად ფიქრობს და საუბრობს ისეთ რთულ თემებზე, როგორიცაა სამშობლო, ქალის როლი, სოციალური ფენები, თავისუფლება, მომავალი.

„საქართველო. „ის“. რასაცა გასცემ შენია, რაც არა, დაკარგულია.“ _ ამ სიტყვებით იხსნება მაროს დღიურების კარი.

შედიხარ გიმნაზიელი გოგონას სამყაროში და ისმენ გულისფეთქვიან ხმას, რომელიც, ვინ იცის, იქნებ წარსულიდან კი არა, სულაც მომავლიდან გესაუბრება.

„ადამიანი, რომელიც სულ თავის ინტერესებზე ფიქრობს, წვრილმანია. მისი შეხედულება უმნიშვნელო არის. ის არაფერს სხვას არ მოუტანს სასარგებლოს. ისეთი ადამიანი, რომელიც სცხოვრობს სხვებისთვის, ის მესმის. მე არც ასეთი ვარ, არც ისეთი, მაგრამ იქნება გავხდე და უფრო მინდა, როგორც უკანასკნელი.“

„დღეს მივხვდი, რა არის მიზანი ცხოვრებისა. სამშობლოსთვის მუშაობა, დღეს, 1920 წელს, მე–20 საუკუნეს, 12 იანვარს (ახ.სტ.) საზავო კონფერენციაზე უმაღლეს საბჭოს სხდომაზე, „ლორდ კერზნის“ წინადადებით, ერთხმად აღიარებულ იქნა საქართველოს და ადერბაიჯანის დამოუკიდებლობა. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!“

„…არასოდეს მის მეგობრობას არ ვებღაუჭებოდი. იმ დღეს უთქვია: მარო მეცოდებაო, მე ესე კარგად ვარ ჩაცმულიო და მარო იმერულ შალის ჟაკეტში დადისო. რა რიგ მეწყინა ეს სიტყვა. კინაღამ ცრემლები გადმომცვივდა… მას ჰგონია, მართლაც და მართლაც, მთელი სიბედნიერე მშვენიერ ტანისამოსშია. ეხლა ამისთანა დროში, მე მგონია, სირცხვილიც არის ძალიან კარგად მორთვა. სპეკულიანტები და სოციალ–დემოკრატებისთვის სწორედ დრონი მეფობენ, არ ეკადრებათ უბრალოობა“…

„მზის სხივებივით მანათობელი, ნექტარივით ივსებს გულს, ოცნებას მიფრთოვანებს. თავისუფალი ქართველი ქალი თავისუფალ საქართველოში“…

საკუთარ ბაღზე ოცნებობდა. სადმე, სოფელში ან ზღვისპირას. საფრანგეთში აპირებდა მეურნეობის შესწავლას. მერე აქ, სამშობლოში მიწის ნაკვეთის ყიდვას და სამოთხის გაშენებას.

გათხოვების მერე ქმრის კისერზე ყოფნას უკადრისობდა. „ჩემით ვიმუშავებ და ჩემით ფულს შევიძენ, რა სამართალია სხვის ამაგით ცხოვრება. ეხლა, როცა ვხედავ, რა გასაჭირშია მამა, გული მეწვის. ერთი ის მუშაობს 6 კაცზე. რათა? განა ეს დავალებული აქვს? მე მაგის წინააღმდეგი ვარ“.

დროთა განმავლობაში ქართველ კაცზე გათხოვებაც გამორიცხა. მასში მცონარობა, ყეყეჩი პატივმოყვარეობა სძაგდა და ეს თვისებები მომავალზე ფიქრშიც ხელს უშლიდა. სიყვარულზე თუ წერდა? _  ფრთხილად და ფაქიზად, კოდირებულად (ნაცვალსახელით „ის“), ფეხაკრეფით მიიკვლევდა გზას სიყვარულის საიდუმლოსკენ. ამბობენ, პაოლო იაშვილი უყვარდაო. შესაძლოა, ეს „ის“–აც პაოლო იყოს. დღიურში რამდენიმე მკრთალი აქცენტია _ პაოლოს გაცნობის მოლოდინის, მერე მის ჰედონისტურ ქცევებთან შეხების და ცოტაოდენი დაბნევის, მერე სხვაზე ყურადღების გადატანის… თუმცა, მთელი მისი ფიქრიც და სულისკვეთებაც იმდენადაა ეროვნული განცდებით გამსჭვალული, რომ თითქმის ადგილი აღარ რჩება სხვა რეფლექსიისთვის.

არა, ვაჭარბებ. რჩება _ დიდი და მშვენიერი ადგილი _ მისი უდიდებულესობა თეატრისთვის და მისი უკეთილშობილესობა ლიტერატურისთვის! მაროს ვნებიანი გატაცება, ახალგაზრდული ჟინით სცენის სიყვარული, ყოველი ახალი წარმოდგენის პირველმაყურებლობა, ნანახის შთაბეჭდილებებზე ხანგრძლივი ფიქრი, მსახიობის ბედის თანაგრძნობა… ის ძალიან მაგრად წერდა კიდეც. დღიურების დიდი ნაწილი მის ნოველებს და მცირე მოთხრობებს უჭირავს. ყველა ტექსტში იგრძნობა მომავალი მწერლის ღონიერება, სინათლე და ფანტაზია.

ყველაფერში იგრძნობა _ მისი ცხოვრების იერში, ქცევაში, მთელ მის თავგადასავალში. დამოუკიდებელი რესპუბლიკის წლებში თბილისში ჩამოყალიბდა ტანმოვარჯიშეთა გუნდი „შევარდენი“. როგორც მაროს დღურებში აღწერილი ამბებიდან ირკვევა, ამ „შევარდენს“ მხოლოდ სპორტული მიზნები არა ჰქონდა. ის ერთგვარი ესთეტურ–ზნეობრივი აღმზრდელობის ფუნქციებსაც ითავსებდა, პრინციპით „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“. თვისთავად, რა ლამაზი იდეაა _ ახალ, დამოუკიდებელ ქვეყანაში სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი ახალი თაობა! და, იმდენი მხიარული და ბედნიერი დღე გაატარა მარომ ამ „შევარდენთან“ ერთად!.. გულზე ალმასის ჯვრით, ჯანსაღი ცხოვრების მიმდევრობით, ლამაზად მოცეკვავე „თავადის ასული“ ბევრი ვინმესთვის სასურველი საცოლე/სარძლოც იყო. ამ ბევრიდან კი, როგორ იქნება, რომ პირველად გიორგი მაზნიაშვილი არ ვახსენოთ! „მაზნიაშვილის სარძლოსაც“ ეძახდნენ. მაგრამ, მაროს გულმა არც აქეთ გაიწია. ჯერ ბევრი ამბავი უნდა დაეგროვებინა, გადალახული წინაღობებით, ღირსეულად განცდილი მარცხებით და ღირსეულად მიღებული გამარჯვებებით სავსე ამბები.

კითხულობ ამ მშვენიერ დღიურს, ოცნებებით, სურვილებით, მომავალზე ფიქრით გაძეძგილ ჩანაწერებს და უსამართლობის ვნება გახრჩობს _ რისთვის დასჭირდა ან განგებას, ან ქვეყანას, ამ სუფთა და მოკაშკაშე სულის მსხვერპლობა, ამ ოცნებების ვერასდროსახდენა, ამხელა ძალისხმევის, სამომავლო პოტენციის ასე შეწყვეტა?..

დღეს მარო მაყაშვილის სახელი ყველამ იცის. ეს ერთგვარად კრებითი სახელია _ თავისუფლების, პატრიოტიზმის, თანასწორობის და საერთოდ, ყველა კეთილშობილი იდეალისთვის თავგანწირული ადამიანის სიმბოლო. მით უფრო, თუ ის 19 წლის გოგონას სახელია, და ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, ამ გოგონასთვის სიცოცხლეზე ძვირფასი მართლა სამშობლო აღმოჩნდა!

დღეს, ფასეულობათა აღრევის, იდენტობის დგენის/ხან ვერ დადგენის, მოძალებული აგრესიის, დაკნინებული სულიერების დროში ალბათ ძნელიცაა ბოლომდე იმის გააზრება, თუ რა იყო ის მსხვერპლი, მარო მაყაშვილის და სხვა მისი ტოლი თუ უფროსი იუნკრების სისხლით გაღებული,  რას ნიშნავს _ სიცოცხლეზე წინ დააყენო სამშობლო, მოყვასი; რას ნიშნავს _  ცხოვრობდე ჯანსაღი პასუხისმგებლობით და გააზრებული მოქალაქეობრივი ვალით _ წარსულის, აწმყოს და მომავლის წინაშე.

და ეს საერთოდ არ იყოს პათეტიკური. ეს ყველაზე ბუნებრივი და მშვენიერი რამ იყოს.

როცა საბჭოთა რუსეთის XI არმია საქართველოში შემოვიდა, დამოუკიდებელი რესპუბლიკის კბილა უნივერსიტეტის (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიც დაარსდა 1918 წელს!) რექტორმა, ივანე ჯავახიშვილმა სიტყვით მიმართა სტუდენტებს და სამშობლოს დასაცავად მოუწოდა მათ. ქართველი ახალგაზრდობა სამშობლოს გადასარჩენად დაირაზმა.  სტუდენტებს არც გიმნაზიელები ჩამორჩნენ _ მათ შექმნეს ასეული. სწორედ ამ ასეულის ერთ–ერთი წევრი გახდა მაროს ძმა _ შალვა მაყაშვილი.

რამდენიმე დღეში კი,  მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, 19 წლის მარომაც ფრონტზე მოხალისედ წასვლა გადაწყვიტა. მასთან ერთად მოხალისეებად წავიდნენ ქეთო ჯაფარიძე, სუსანა ღამბაშიძე, სოფიო ჭრელაშვილი, ნათელა ერისთავი და სხვა. 17 თებერვალს ისინი წითელ ჯვარში ჩაეწერნენ მოწყალების დებად და ისე შეუერთდნენ კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს, სადაც უკვე გააფთრებით იბრძოდნენ ქართველები დამოუკიდებელი საქართველოსთვის.

1921 წლის 19 თებერვალს მაროს გვერდით ყუმბარა გასკდა, ნამსხვრევი კეფაში მოხვდა…

მარო მაყაშვილთან ერთად  დაიღუპნენ იუნკები: ალექსანდრე ახვლედიანი, პლატონ დოლიძე, შალვა ერისთავი, პავლე იაკობაშვილი, ლევან კანდელაკი, ოთარ ლორთქიფანიძე, მიხეილ ლოლუა, ილია ჯანდიერი, იოსებ ჯანდიერი.

23 თებერვალს, 21 იუნკერი სამხედრო ტაძრის ეზოში გათხრილ საძმო საფლავში დაკრძალეს, მათ შორისაა დასაფლავებული მარო მაყაშვილიც.

დღეს მაროს საფლავი არ ვიცით. დაზუსტებით ვერავინ გეტყვით, ყოფილი პარლამენტის შენობის წინ, რა ადგილას შეიძლება იყოს დაკრძალული პირველი ქართველი ქალი _ ეროვნული გმირის წოდებით…

დღესასწაულებზე, აღლუმებზე, წლისთავებზე ზეიმი და ომახიანი შეძახილები გვჩვევია. 2018 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლისთავი სრულდება და ამ დღესაც არაერთხელ გაიხსენებენ მარო მაყაშვილს.

ის კი, ალბათ ისევ ზის, უსასრულობის ლურჯ ოთახში, თავის დღიურზე იდაყვებით დაყრდნობილი და ჩაგვცქერის თავისივე ნაწერში. ყოველი ახალი წაკითხვა ჩვენი თვალების შეხვედრა იქნება. ყოველი ახალი გადაფურცვლა _ სულების შეხება. შუქი, რომელიც მის მკვლელ ყუმბარასთან ერთად გასკდა, ყოვლისმომცველია და სიბნელეში გაგვინათებს ნაწერს.

ხოლო ის, ვინც ამ შუქს თავისას შეაგებებს!..

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი