შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

სკოლის ინსპექტირების დამოუკიდებელი, საიმედო და მიუკერძოებელი სისტემის უპირატესობა (ინგლისის გამოცდილება – პირველი ნაწილი)

მაიკლ ბარბერი
ბოლო წლებში ინგლისში დაწყებითი განათლების სფეროში შესამჩნევი პროგრესია მიღწეული. რაც შეეხება საშუალო განათლებას, აქ არცთუ ისე სახარბიელო შედეგებია. შეინიშნება მოსწავლეთა მოსწრების თანდათანობითი ზრდა და მნიშვნელოვანი მიღწევები მოსწავლეთა შესაძლებლობების გამოვლენის თანაბრობის უზრუნველყოფის კუთხით. მაგრამ, ამასთანავე, წარუმატებლობის მაჩვენებლები 14, 16 და 18 წლის მოსწავლეებთან ჯერჯერობით საკმაოდ მაღალია.

ძალიან ძნელია  გაბათილება პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების სისტემის წინააღმდეგ მიმართული არგუმენტებისა, რომელიც ტესტებისა და გამოცდების შედეგებზეა დაფუძნებული. უპირველესი და ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტი ის არის, რომ სკოლების ამოცანა გაცილებით ფართოა, ვიდრე უბრალოდ წიგნიერების ამაღლება, მათემატიკური უნარების განვითარება და მაღალი აკადემიური მაჩვენებლების მიღწევა. მეც კი ვაღიარებ ამ არგუმენტის საფუძვლიანობას. მორალურ ასპექტში ჩვენ გაცილებით მეტს უნდა მივაღწიოთ. სკოლამ მოზარდ თაობას უნდა შეუსისხლხორცოს თანამედროვე დემოკრატიული, პლურალური საზოგადოების ფასეულობები; მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ, მშვიდობიანად დაძლიონ ნებისმიერი წინააღმდეგობა. ჩვენ გვინდა, ისინი პასუხს აგებდნენ თავიანთ ქმედებებზე და ისევე მონაწილეობდნენ სკოლის ცხოვრებაში, როგორც მომავალში მიიღებენ მონაწილეობას საზოგადოებრივში. ჩვენ გვინდა, მათში აღიზარდოს საკუთარი თავის რწმენა და თვითდისციპლინა – თვისება, რომელიც დაეხმარება მათ, გადაირჩინონ თავი ამ არეულ XXI საუკუნეში. დაბოლოს, ჩვენ გვინდა, მათი თვალსაწიერი არ კონცენტრირდებოდეს მხოლოდ საკუთარ თავზე, საკუთარ ქალაქსა და ქვეყანაზე, რომ შეიმეცნონ დანარჩენი სამყარო და გრძნობდნენ პასუხისმგებლობას იმ პლანეტაზე, რომელზეც ცხოვრობენ. ტესტირების ყველაზე მოქნილ სისტემასაც კი არ შეუძლია შეამოწმოს მოსწავლეები ყველა ამ პუნქტის მიხედვით, მაგრამ თუ ეს თვისებები ასე მნიშვნელოვანია, შეიძლება კი, მათი ჩამოყალიბება ბედის ანაბარა დავტოვოთ? (რედ. შენიშვნა: საქართველოში „მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალი სქემის” შემუშავების მიზეზებიც ანალოგიურია. არ შეიძლება, ჩვენს ქვეყანაში ტესტების შედეგები შეფასების ერთადერთი კრიტერიუმი იყოს. ეს არაადეკვატურ წარმოდგენას უქმნის სახელმწიფოს განათლების სისტემაში მიმდინარე მოვლენებზე).

სწორედ ამ კონტექსტში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ინსპექტირების სისტემა. თუ ის დეტალურადაა მოფიქრებული, მას შეუძლია გამოავლინოს, როგორი წარმატებით იძენენ სკოლებში მოსწავლეები ამ უნარებსა და თვისებებს, რომლებიც ძნელად ექვემდებარება შეფასებას.

ჩემი აზრით, მხოლოდ ესეც კი ცხადყოფს ინსპექტირების დამოუკიდებელი, საიმედო და მიუკერძოებელი სისტემის უპირატესობას, მაგრამ არსებობს კიდევ რამდენიმე არგუმენტი ამ სისტემის სასარგებლოდ. შემოწმების სისტემა იძლევა ეფექტურ მექანიზმს განათლების სფეროში პოლიტიკის რეალიზაციის შესამოწმებლად. თუ მმართველობა იღებს მორიგ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იმის იმედად, რომ მხოლოდ ტესტები გვიჩვენებს, როგორი წარმატებით რეალიზდება ის, მაშინ ლოდინი მოგვიწევს, – შესაძლოა, ხანგრძლივი ლოდინიც, – ვიდრე ნათელი გახდებოდეს, მუშაობს თუ არა მიღებული გადაწყვეტილება. ინსპექტირების სისტემა, პირიქით, უზრუნველყოფს გაცილებით ოპერატიულ უკუკავშირს. ის იძლევა საშუალებას, გავიგოთ პედაგოგთა აზრი ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. ინსპექტირების საშუალებით შეიძლება გამოვლინდეს, ახდენს თუ არა გავლენას სწავლების ხარისხზე მიღებული გადაწყვეტილება, შეფასდეს მისი შესრულების ხარისხი, ეს კი თავისებური წინასწარი ინფორმირებაა მომავალი ტესტირების შედეგების შესახებ.

1998 წლის სექტემბერში ჩვენ დაწყებით სკოლებში შემოვიტანეთ „წიგნიერების ამაღლების ნაციონალური სტრატეგია”. ამისთვის დაწყებითი სკოლების 190 ათასივე მასწავლებელმა გაიარა სპეციალური მომზადება ყოველდღიური „წიგნიერების საათის” ჩასატარებლად დეტალური სწავლების გეგმის გამოყენებით, რომელიც ეფუძნება ფონეტიკური და გრამატიკული სავარჯიშოებისა და ტექსტების თანმიმდევრულ პრაქტიკულ გამოცდილებას. ჩვენმა ინიციატივამ იმ დროს, საპილოტო დანერგვის დადებითი შედეგების მიუხედავად, კამათი გამოიწვია. ხელისუფლებამ პროგრამა მონიშნა როგორც ერთ-ერთი პრიორიტეტული. მაშინ მე პირველად დავრწმუნდი, რომ პროგრამა მუშაობს, 1998 წლის ნოემბერში, მისი დანერგვიდან ორ თვეში, ინსპექტორების ჯგუფთან გასაუბრების შემდეგ, რომლებმაც მთელი შემოდგომა დაწყებით სკოლებში იმუშავეს. მაგრამ კიდევ ერთი წელი გავიდა, ვიდრე ჩვენი ინიციატივა შესამჩნევ დადებით გავლენას მოახდენდა ტესტების შედეგებზე. მთელი ამ ხნის განმავლობაში პირველ შედეგებს რომ დავლოდებოდით, მის ნაკლოვანებათა გამოსწორება უკვე გვიანი იქნებოდა, ჩვენი ინიციატივის კრიტიკოსები კი იზეიმებდნენ. ეს არცთუ უმნიშვნელო ტაქტიკური მომენტია. ნებისმიერმა მნიშვნელოვანმა სიახლემ, რაც უნდა კარგად იყოს მოფიქრებული და ჰქონდეს წარმატების შანსი, პირველ თვეებში შესაძლოა კრიტიკის ქარცეცხლი გამოიწვიოს, ვიდრე არ დადასტურდება მისი ქმედითობა (რედ. შენიშვნა: სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაშიც ახალი პროგრამების შედეგიანობის თაობაზე ხშირად უსისტემო და არაარგუმენტირებული კრიტიკა გვესმის. ბევრი კარგი წამოწყება შეეწირა ასეთ არასწორ მიდგომას. იმედს ვიტოვებ, რომ ისეთი საერთაშორისო ავტორიტეტის მოსაზრებები, როგორიც არის მაიკლ ბარბერი, გაამყარებს სკოლების სისტემური შეფასების მომხრეთა პოზიციებს).

უფრო მეტიც – ინსპექტირებამ შესაძლოა იმუშაოს როგორც იძულებით შესრულების მექანიზმმა, როგორც ეს „წიგნიერების ამაღლების ნაციონალური სტრატეგიის” შემთხვევაში მოხდა. „წიგნიერების საათი” კანონით არსად არის დამაგრებული. უბრალოდ, ხელისუფლებამ სკოლებს არჩევანი შესთავაზა – ან მიიღონ ის როგორც „ეტალონური” პრაქტიკა, ან აჩვენონ, რომ „წიგნიერების საათის” ნაცვლად ტარდება სხვა ღონისძიებები, რომელთა შედეგებიც ასევე ეფექტურია.

ყოველწლიურად ქვეყანაში 6 ათასი სკოლა მოწმდება, ამიტომ განათლების ორგანოებს არ გასჭირვებიათ, თვიდან თვემდე თვალყური ედევნებინათ, როგორ სრულდებოდა სკოლებში განაწესი. შემოწმება – ეს პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების ინსტრუმენტია, როდესაც სკოლის დირექტორები და პედაგოგები შესრულებული საქმიანობის შესახებ ანგარიშს აბარებენ. მრავალ მათგანს სწორედ მომავალმა ინსპექციურმა შემოწმებამ აიძულა, დაუყოვნებლივ დაეწყო საქმიანობა. მოგვიანებით, როდესაც „წიგნიერების საათის” სარგებელი ნათელი გახდა, მასწავლებლებმა ამ ინიციატივას გულითაც და გონებითაც დაუჭირეს მხარი.

ინსპექტირების სისტემის კიდევ ერთი უპირატესობა ის გახლავთ, რომ იგი სისტემაში მომხდარ ცვლილებათა აზრის გაგებაში გვეხმარება. როგორც ცნობილია, სისტემის სრულყოფილების გასაღებია სკოლაში სწავლების ხარისხი. პასუხისმგებლობის სისტემა, რომელიც მხოლოდ ტესტის შედეგებზეა აგებული, სწავლების ხარისხის შესახებ კითხვებზე პასუხს მხოლოდ დირექტორებისა და პედაგოგების სუბიექტური შეფასების საგნად ტოვებს. ინსპექტირების სისტემა კი, პირიქით, სწავლების ხარისხზე სვამს აქცენტს, საშუალებას იძლევა, გამოიყოს ეფექტური მეთოდიკები, ხელს უწყობს საერთო ენის გამონახვას პედაგოგიკის საკითხების განხილვისას, იძლევა საუკეთესო გამოცდილების გავრცელების შესაძლებლობას. ინსპექტირების სისტემა სწავლების ხარისხის შესახებ გვაწვდის მასალას ყოვლისმომცველი ეროვნული ბაზის ფორმირებისთვის, რომელსაც ჩვენ შესაძლოა არასათანადოდ ეფექტურად ვიყენებდეთ.

გარდა ამისა, ინსპექტირების სისტემა ჩამორჩენილ სკოლებთან დელიკატური მიდგომების გამოყენების შესაძლებლობასაც გვაძლევს. ქრონიკულად ჩამორჩენილი სკოლების მუშაობაში ჩარევამ, რაც შესაძლებელი გახდა პასუხისმგებლობის სისტემის დანერგვის შემდეგ, დიდი სარგებლობა მოიტანა, მაგრამ არსებობს რისკი, სისტემა, რომელიც მხოლოდ ტესტირების შედეგებს ეყრდნობა, მეტისმეტად სასტიკი გახდეს. სკოლების მუშაობაში ჩვენი ჩარევა, მათ შორის – ხელმძღვანელობის შეცვლა, ხოლო იშვიათად – სკოლის დახურვა და ახლის დაარსებაც კი, შემოწმების საფუძველზე ხორციელდება. თუ ინსპექტორების ჯგუფმა დაასკვნა, რომ სკოლა მნიშვნელოვნად ჩამორჩება, მის ხელმეორედ შესამოწმებლად აგზავნიან მეორე ჯგუფს, რომელმაც უნდა დაადასტუროს ან უარყოს პირველის დასკვნა. შემოწმების პროცესში ანალიზდება არა მარტო წარმატების, არამედ ჩამორჩენის მიზეზებიც. ასეთი მიდგომა სისტემას საშუალებას აძლევს, ეძებოს ჩამორჩენის მიზეზები და იმუშაოს იქაც კი, სადაც ისინი ტესტების შედეგებით ინიღბება.

სკოლებში, სადაც „სპეციალურ ზომებს” მიმართავენ, ინსპექტორები ბრუნდებიან წელიწადში სამჯერ. უმეტესად სკოლებს ერთი წელი ან წელიწად-ნახევარიც ჰყოფნით სიტუაციის გამოსასწორებლად. პრაქტიკიდან ცნობილია, რომ ინსპექტორების ცოდნა და უნარები ასეთ შემთხვევებში აქტიურად გამოიყენება სკოლებში. თითოეული შემოწმება რთული, მაგრამ საჭირო გამოცდაა დირექტორებისა და პედაგოგებისთვის. ინსპექტორები ყველაფერს, რაც სკოლაში ხდება პროფესიული კუთხით აფასებენ. ისინი შეფასებას აძლევენ ხელმძღვანელობის ცვლილების შედეგებს, დასწრების მაჩვენებლის გაუმჯობესებას და ქცევას, მსჯელობენ კოლექტივის საერთო მორალურ განწყობაზე, დავალებათა შესრულების შეფასების სისტემის ხარისხზე, განსაკუთრებულ საჭიროებათა მქონე ბავშვებთან მუშაობის ხარისხზე  და ა.შ. ამ მაჩვენებლების გაუმჯობესება წინასწარ გვამცნობს მომავალში ტესტირების უკეთეს შედეგებს. ასეთი დელიკატური სამუშაოს შესრულება არ ძალუძს სისტემას, რომელშიც ჩარევის გადაწყვეტილება და ამ ჩარევის შედეგები მხოლოდ ტესტირების შედეგების საფუძველზე ფასდება.

დაბოლოს, დამოუკიდებელი შემოწმების მკაცრი სისტემა ითვალისწინებს არა მარტო საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, არამედ ხელისუფლებაზე პასუხისმგებლობასაც. ჩვენი საინსპექციო სამსახური მხოლოდ სკოლებს კი არ ამოწმებს, არამედ სახელმწიფო პროგრამების შესრულებასაც ადევნებს თვალყურს. ხელისუფლებაში მუშაობის შვიდწელიწად-ნახევრის განმავლობაში მე მახსოვს ინსპექციური ანგარიშების არაერთი პუბლიკაცია პროგრამის მიმართ კრიტიკული შენიშვნებისა და მახსოვს, როგორ შინაგან დაძაბულობას იწვევდა ეს. მთავარი ინსპექტორის თავისებურ „მიმართვას ხალხისადმი”, რომელიც განათლების სფეროს მდგომარეობაზე გვიყვება, შეუძლია უსიამოვნო მდგომარეობაში ჩააგდოს მინისტრები და სხვა ჩინოვნიკები. ასეც უნდა იყოს. ხელისუფლებამ უნდა იტვირთოს თავისი პასუხისმგებლობა. საკუთარ ზურგზე მიწვნევია ასეთი კრიტიკა და პირადი გამოცდილებით ვიცი, რომ ამის შემდეგ შესაბამისი პროგრამების გასაუმჯობესებლად იწყებენ მუშაობას. ამრიგად, როდესაც ხელისუფლება პასუხისმგებელია, ეს წაადგება სახელმწიფო პოლიტიკასაც. ის სრულყოფას განიცდის სკოლებში მოსწრების მაჩვენებლების გაუმჯობესებასთან ერთად.
თარგმანი და რედაქცია კახა ჟღენტისა
წყარო: https://ecsocman.hse.ru/data/2011/05/06/1268030643/Barber.pdf
ავტორის მიერ მითითებული ლიტერატურა:
1. Barber M. The Learning Game: Arguments for an Education Revolution. Indigo 1997.
2. Barber M. The Next Stage for Large Scale Reform in England: From Good to Great. Federal Reserve Bank of Boston, 47th Economic Conference Education in the 21st Century: meeting the challenges of a changing world. Cape Cod, Massachusetts, June 2002.
3. Barber M. Courage and the Lost Art of Bicycle Maintenance. Speech to the Primary Consultant Leaders’ Conference, Birmingham, February 2004.
4. Department for Education and Employment. Excellence in Schools. White Paper, 1997.
5. Department for Education and Employment. Teachers: meeting the challengeof change. Green Paper, 1998.
6. Department for Education and Employment. Schools Building on Success. White Paper, 2001.
7. Department for Education and Skills and Ofsted. A New Relationship with Schools. June 2004.
8. Department for Education and Skills. Five Year Strategy for Children and Learners: Putting people at the heart of public services. July 2004.
9. Fullan M. The Moral Imperative of School Leadership. Corwin Press, 2003.
10. Miliband D. Personalised Learning: Building A New Relationship With Schools. North of England Education Conference. Belfast, 8 January 2004.
11. O’Neill O. Justice and Intelligent Accountability. 2004.
12. Sammons P., Matthews P. Improvement through inspection. An evaluation of the impact of Ofsted’s work. Institute of Education/Ofsted, July 2004.
13. United States Department of Education. No Child Left Behind Act, 2002.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი