პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

სადისკუსიო თემა გეოგრაფიის გაკვეთილზე

გეოგრაფიის  მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე  ერთი საკითხი  მოცემული სასწავლო რესურსების გამოყენებით სადისკუსიო თემის  განსაზღვრას ეხება. არცთუ  იშვიათად, აღნიშნულ საკითხთთან მიმართებაში, მასწავლებლებს ხშირად აქვთ კითხვები. სწორედ ამიტომ ჩვენი სტატია ამ საკითხს ეძღვნება.  დისკუსია ინტერაქტიული სწავლების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია. საკლასო დისკუსიის გამოყენება ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას სასწავლო პროცესში, ხელს უწყობს მათი სოციალური და ინტერპერსონალური უნარების განვითარებას. საკლასო დისკუსია ეხმარება მოსწავლეებს საკითხის ღრმა და დეტალურ განხილვაში. კერძოდ, საკლასო დისკუსიის დროს იქმნება ისეთი ატმოსფერო, რომელშიც მოსწავლეებს შეუძლიათ აზრების ურთიერთგაზიარება, ახალი იდეების გამოთქმა, სხვისი აზრების მოსმენა და გაგება, კომუნიკაციისა და თვითგამოხატვის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება. დისკუსიის წარმართვა როგორც დისკუსიის წამყვანის, ასევე მისი მონაწილეებისაგან კომუნიკაციურ უნარ-ჩვევებს მოითხოვს, მოცემული საკითხის ცოდნას, ლიდერობისა და კოორდინაციის შესაძლებლობას, აზრების ურთიერთგაცვლას, ჯგუფის, როგორც მთლიანის, გათვალისწინებას და, შესაბამისად, საჭიროების საფუძვლიან მომზადებას. საკლასო დისკუსიის მომზადებისას მასწავლებელმა შესაბამისად უნდა შეარჩიოს დისკუსიის კონკრეტული თემა/საკითხი, რომელიც განსხვავებული მოსაზრებების განვითარების საშუალებას იძლევა. ასევე, მასწავლებელმა საკლასო დისკუსიისთვის უნდა შეარჩიოს შესაბამისი ფორმა (მაგ. მოსწავლის პრეზენტაციას მოჰყვება ჯგუფური დისკუსია; მოსწავლეებს მიცემული აქვთ წასაკითხი მასალა ან რაიმე სახის რესურსები (რუკები, ფოტოსურათები, ცხრილები და დიაგრამები) და ამას მოჰყვება შემაჯამებელი პრეზენტაცია და კლასის დისკუსია და ფიზიკური გარემო (მაგ. წრეში ჯდომა დისკუსიის თითოეულ მონაწილეს შესაძლებლობას აძლევს, უფრო ადვილად დაამყაროს კომუნიკაცია; დიდი ჯგუფები შეიძლება დაიყოს უფრო პატარა ჯგუფებად და ა. შ.); დისკუსიის მიმდინარეობის დროს მასწავლებელმა უნდა გააკეთოს შემდეგი:

  1. დისკუსიის ფასილიტაციისათვის შესაბამისი საკლასო გარემოს შექმნა:
    ● დისკუსიის წესების ჩამოყალიბება (აზრის გამოთქმის წესები და ა.შ.);
    ● ძირითადი თემების და ტერმინების ზოგადი მიმოხილვა;
    ● დისკუსიასთან დაკავშირებული მოლოდინების გამოთქმა;
    ● დისკუსიისთვის საკმარისი დროის გამოყოფა.
    2. მონაწილეობის წახალისება/ხელშეწყობა:
    ● მოსწავლეების დასაინტერესებლად მასტიმულირებელი შეკითხვების დასმა;
    ● მოთხოვნა, რომ მოსწავლეებმა მუდმივად შეაჯამონ განხილული საკითხები;
    ● კითხვების მომზადება და მოსწავლეებისთვის გარკვეული დროის მიცემა, რათა მათ წინასწარ მოამზადონ პასუხები და შემდეგ მთელ კლასს წარუდგინონ.
    3. დისკუსიის წარმართვა და დასკვნების შეჯამება:
    ● მოსწავლეების წახალისება, რათა მათ გამოთქვან თავიანთი იდეების გამამყარებელი არგუმენტები;
    ● ჩუმი/მორცხვი მოსწავლისათვის სპეციფიკური დავალების მიცემა, რაც ხელს შეუწყობს მის მონაწილეობას, დისკუსიაში ჩართვას;
    ● ისეთი მოსწავლის შეზღუდვა, რომელიც სხვას არ აძლევს აზრის გამოთქმის საშუალებას;
    ● განხილული საკითხების შეჯამება და ძირითადი აზრების ჩამოყალიბება; მოსწავლეების იდეების განმარტება და მოსწავლეებისაგან დამატებითი კომენტარების მოთხოვნა.

ახლა გთავაზობთ ერთი კონკრეტული დავალების ნიმუშსა და პასუხებს.

მოცემული გაქვთ სასწავლო რესუსები (რუკები, სურათები, ცხრილი). ყურადღებით დააკვირდით მოცემულ სასწავლო რესურსებს,  მათზე დაყრდნობით განსაზღვრეთ სადისკუსიო თემა და და უპასუხეთ კითხვებს:

  1.  თქვენი მიზანია, მოსწავლეებს გამოუმუშაოთ არგუმენტირებული მსჯელობის უნარი:  მოცემული  რესურსების საფუძველზე განსაზღვრეთ სადისკუსიო თემა; თემის სათაურში მკაფიოდ ასახეთ სადისკუსიო თემა; თემა აუცილებლად უნდა მოიცავდეს ყველა მოცემულ რესურსს.
  2. დაწერეთ გეგმა, რომლის მიხედვითაც წარმართავთ დისკუსიას;
  3. დისკუსიაზე წამოჭრილი საკითხის (პრობლემის)  დადებითი შედეგის წარმოსაჩენად მოიყვანეთ თითო-თითო ეკონომიკური და ეკოლოგიური ხასიათის არგუმენტი;
  4. დისკუსიაზე წამოჭრილი საკითხის (პრობლემის)  უარყოფითი შედეგის წარმოსაჩენად მოიყვანეთ თითო-თითო ეკონომიკური  და ეკოლოგიური ხასიათის არგუმენტი.

 

დედამიწის ტყეები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ამაზონისპირეთის ტროპიკული ტყეების ფართობების ცვლილება

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დამატებითი  რესურსი ფოტოების სახით

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

პასუხები:

  1. ფასდება ადეკვატურად შერჩეული სადისკუსიო თემის სათაური.

სწორი პასუხის ნიმუში:

თემის სათაური:  ტყის რესურსების გამოყენება  – შედეგები და რისკები.

  1. ფასდება რესურსების მიხედვით  დისკუსიის წარმართვის ადეკვატურად  დასახული გეგმა.

სწორი პასუხის ნიმუში: დისკუსიის წარმართვის გეგმა –

მსოფლიო ტყის რესურსებისა და მათი  მნიშვნელობა;

მსოფლიო ტყის რესურსების რაოდენობრივი შეფასება;

დედამიწის ტყეები ორი სარტყელი და მათი შეფასება;

ტყის რესურსების გამოყენების პრობლემა;

ტყის რესურსების რაციონალური გამოყენება.

  1. ფასდება ნებისმიერი ადეკვატურად მოყვანილი დადებითი ეკონომიკური და ეკოლოგიური არგუმენტი, რომელიც არ შეიცავს ფაქტობრივ შეცდომას და ესადაგება აღნიშნულ პრობლემას.

სწორი პასუხის ნიმუში:

დადებითი შედეგის  ეკონომიკური  და ეკოლოგიური ხასიათის არგუმენტები:

ა) ეკონომიკური  – გვაწვდის ხე-ტყის მასალას, კვების პროდუქტებს, წარმოადგენს სათბობ რესურსს, იზრდება სასოფლო-სამეურნეო მიწების ფართობები  და სხვ.

ბ) ეკოლოგიური – აუმჯობესებს კლიმატს, არის ჟანგბადის წყარო, აქვს ნიადაგდაცვითი და წყალშემნახველი ფუნქცია; წარმოადგენს მცენარეების და ცხოველების საარსებო გარემოს.

  1. ფასდება ნებისმიერი ადეკვატურად მოყვანილი უარყოფითი ეკონომიკური და ეკოლოგიური არგუმენტი, რომელიც არ შეიცავს ფაქტობრივ შეცდომას და ესადაგება აღნიშნულ პრობლემას.

სწორი პასუხის ნიმუში:  უარყოფითი შედეგის  ეკონომიკური  და ეკოლოგიური ხასიათის არგუმენტები:

ეკონომიკური – უკანონო ჭრა, ხე-ტყისაგან დამზადებული პროდუქტის შემცირება,  ახალი ტყის მასივების გაშენება, ხანძრების ჩაქრობა და სხვ.

ეკოლოგიური – ტყეების ფართობების შემცირება,  მეწყერების გააქტიურება, გაუდაბნოების ტემპების ზრდა, მცირდება ბიომრავალფეროვნება.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი