პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

დროის პერსპექტივა და მისი გავლენა ადამიანის ქცევაზე

უკვე საუკუნეზე მეტია დროის ცნება ფსიქოლოგიური დისკურსის ნაწილია. ითვლება, რომ დროის აღქმა უზრუნველყოფს აზროვნების, ქცევის განვითარების ფუნდამენტს, ორგანიზაციას უკეთებს ცხოვრებისეულ გამოცდილებას და მომავლის მიზნებს. ადამიანის დროსთან ურთიერთქმედება მისი გამოცდილების მნიშვნელოვანი მახასიათებელია. ფსიქოლოგიური დრო წარმოადგენს დამაკავშირებელ რგოლს რეალობის ყველა სტრუქტურას შორის და იჭრება ადამიანის ცხოვრების თითოეულ სფეროში.

კ. ლევინის მიერ შემოტანილი ცნება „დროის პერსპექტივა” (Time Perspective ) დაამუშავა და ემპირიულად იკვლია ფ. ზიმბარდომ და მისმა კოლეგებმა. მათი განმარტებით აღნიშნული ცნება ასახავს დროსთან დაკავშირებულ განწყობებს (დამოკიდებულებებს), ღირებულებებსა და რწმენებს. იგი შედგება კოგნიტური, ემოციური და სოციალური კომპონენტებისგან. ფილიპ ზიმბარდო გვთავაზობს ადამიანის დროსთან დამოკიდებულების ორიგინალურ კონცეფციას, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს ვივარაუდოთ ადამიანის ქცევა, მისი სამომავლო ქმედებები. ადამიანები სხვადასხვანაირად იქცევიან იმის მიხედვით, თუ როგორია მათი დროითი ორიენტაცია – ბევრი მათგანი შეცდომას უშვებს იმის გამო, რომ ზედმეტადაა მიჯაჭვული წარსულზე და მომავალის ხედვა არ გააჩნია ან მხოლოდ აწმყოზეა ორიენტირებული, წარსული აღარ ახსოვს და მომავალზეც არ ფიქრობს. დროის პერსპექტივა შეიძლება შეიცვალოს სიცოცხლის განმავლობაში – კარიერის, ეკონომიკური და პოლიტიკური სიტუაციების გავლენით, ასევე ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით, ტრავმული გამოცდილებით, ან პირადი წარმატება/ წარუმატებლობით. ზოგადად, დროის პერსპექტივა განიხილება, როგორც პიროვნული შეხედულებების რეალურ ცხოვრებასთან კოორდინირების განმაპირობებელი სისტემა..

ფ. ზიმბარდოს აზრით, გადაწყვეტილების მიღებაზე ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში სხვა ფაქტორებთან ერთად გავლენას ახდენს არა მხოლოდ ფიზიკური დრო – წამები, წუთები ან საათები, არამედ წარსულის, აწმყოსა და მომავლისადმი ფილოსოფიური მიდგომა. მისი აზრით, დროისადმი დამოკიდებულება აღმოცენდება კოგნიტური პროცესებიდან და ადამიანის გამოცდილებას ყოფს წარსულის, აწმყოსა და მომავლის დროის ჩარჩოებად. თუ ვიცით ადამიანი დროის რომელ ტიპს მიეკუთვნება, ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ შემდგომში ამ ადამიანის ქცევა და გადაწყვეტილება. ფ. ზიმბარდო მიიჩნევს, რომ დროის პერსპექტივა- დამოკიდებულება წარსულის, აწმყოსა და მომავალის მიმართ – შესაძლებელია განვიხილოთ, როგორც შედარებით მყარი პიროვნული მახასიათებლები. დროისადმი სუბიექტური დამოკიდებულების თვალსაზრისით მან 5 ორიენტაციის პიროვნება გამოყო:

წარსულზე ნეგატიურად ორიენტირებული პიროვნება: ეს არის ადამიანი, რომელშიც დომინირებს წარსულისადმი ნეგატიური განწყობა, პესიმისტური დამოკიდებულება წარსულის მოვლენების მიმართ. იგი გამოირჩევა საკუთარი თავისადმი უარყოფითი დამოკიდებულებით, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სხვების (ახლობლების, ნაცნობების) აზრის გათვალისწინება. ასეთ ადამიანს, როგორც წესი, აქვს შფოთვის მაღალი დონე, ნეგატიურადაა განწყობილი, როგორც საკუთარი თავის, ასევე ზოგადად ცხოვრების მიმართ. იმახსოვრებს წყენას და მზადაა შურისძიებისათვის, ბევრს ფიქრობს და მოქმედებს საკმაოდ ფრთხილად. ის ფიქრობს, რომ წარსულის მტკივნეული გამოცდილებები ახლაც ზემოქმედებენ მასზე, წარსულში განიცადა მისი წილი დამცირება და შეურაცხყოფა. მისთვის ძნელია ბავშვობის დროინდელი უსიამოვნო შთაბეჭდილებების დავიწყება და სხვა.

წარსულზე პოზიტიურად ორიენტირებული პიროვნება : ამ ტიპის ადამიანს სიამოვნებს წარსულზე ფიქრი, აქვს წარსულისადმი თბილი, სენტიმენტალური დამოკიდებულება – მეტი კარგი ახსენდება, ვიდრე ცუდი. სიამოვნებს ,,ძველ კარგ დროში” მომხდარი ამბების მოსმენა და ა.შ. ამავე დროს, ამ ადამიანების აწმყოს ქცევის რეპერტუარი ძირითადად წარსულში განხორციელებული ქცევებისა და სიტუაციების გამეორებას წარმოადგენს. ისინი ერთგვარად დაშორებულნი არიან რეალობას, არ რისკავენ. მათთვის უმჯობესია ნაცნობი საქმეების კეთება, ვიდრე ახლის სწავლა-დაუფლება, არიან კონსერვატორები. რიტუალები და მითები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მათ ცხოვრებაში, ისევე როგორც ტრადიციული და ფუნდამენტური ღირებულებები. მათ მოსწონთ ოჯახური რიტუალები. დიდ სიამოვნებას იღებენ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობით, ნაკლებად არიან გახსნილები ახალი გამოცდილებების მისაღებად. არ არიან თავგადასავლების მოყვარულნი, არ უყვართ სახლიდან მოშორებით მოგზაურობა. პიროვნული გაგების უწყვეტობა და საკუთარი დროის შეგრძნების სტაბილურობა ასეთი ადამიანების პოზიტიური მხარეა, რაც ნაკლებადაა განვითარებული აწმყო ფატალისტებსა და მომავალზე ორიენტირებულ ტიპებს შორის.

აწმყო-ჰედონისტური პიროვნება: აწმყოს სიამოვნებაზე ორიენტირებულია იგი გამოირჩევა საკუთარი თავის შემწყნარებლობით. არის მხიარული და უყვარს ყველაფერი, რასაც წამიერი სიამოვნება მოყვება, თავიდან იცილებს ყველაფერს- რასაც დიდი ძალისხმევა სჭირდება. ასეთი ადამიანი სრულებით არ უშვებს, რომ მომავალში შეიძლება გარკვეული ბარიერები შეექმნას, ამიტომ თუ ასე მოხდა, ცხოვრება ადვილად ენგრევა. იგი ფოკუსირებულია უფრო მეტად პროცესზე და ინსტიქტურ მოტივაციაზე, იშვიათად შედეგზე. აწმყო ჰედონისტური დროზე ორიენტირებული პიროვნებები კარგად ართმევენ თავს ისეთ სამუშაოს, სადაც კრეატიული იდეებია საჭირო და აქტივობები მყისიერ უკუკავშირს მოითხოვს. ასევე, კარგად ეხერხებათ ვიდეოთამაშები. მათ შეუძლიათ ისიამოვნონ სპორტით, აქვთ სხვადასხვა გატაცებები, უყვართ წვეულებები, ენერგიული აქტივობები და სხვა. მეორე მხრივ, ისინი არიან ზედმეტად ემოციურები, სწრაფად ფეთქებადნი, ყველაზე მეტად მათთვისაა დამახასიათებელი ანტისოციალური, კრიმინალისკენ მიდრეკილი და აგრესიული ქცევები. ასეთი პიროვნება ცდილობს ყოველი დღე იცხოვროს მაქსიმალურად სავსე ცხოვრებით. თვლის, რომ უფრო მნიშვნელოვანია ისიამოვნო ცხოვრებით, ვიდრე იფიქრო მიზანზე, უმჯობესია დღევანდელი სიამოვნებისთვის დახარჯოს ფული, ვიდრე ხვალისთვის შეინახოს და სხვა.

აწმყო ფატალისტური პიროვნება: ასეთი ადამიანები აწმყოზე ორიენტირებული მოვალეობის მოხდის გამო არიან და ეს არ არის მათი არჩევანი. სჯერათ, რომ თავად არ უძღვებიან საკუთარ ცხოვრებას და ის გარედან კონტროლდება – ისინი ემორჩილებიან ბედს ან ძლიერ სულიერ ლიდერს – იდეოლოგს, პოლიტიკოსს და სხვა ძალებს. მაგ. ზოგი მათგანისთვის ფატალიზმი რელიგიურობაში ვლინდება და ინდივიდუალური ინიციატივა სუბორდინირებულია ღმერთის ძალაუფლებასთან. ბედისწერის რწმენა ერთგვარი დაცვითი მექანიზმია, რომელიც ათავისუფლებს მათ მძიმე შრომის ან მომავლის განჭვრეტის დამღლელი ფიქრებისგან. ეს ადამიანები მათ მიმართ გამოთქმულ საყვედურს არ აღიქვამენ, როგორც პიროვნული მიზეზებით გამოწვეულს. ასეთ ადამიანებს უფრო მეტად აქვთ ისეთი ფსიქოლოგიური პრობლემები, როგორიცაა: დეპრესია, კვებითი აშლილობა, წამალდამოკიდებულება, სუიციდი. სკოლაში არიან ყველაზე საცოდავები, რადგან არ სჯერათ, რომ რაიმე კარგი არ მოხდება მათ ცხოვრებაში. მათი ქცევები რისკის შემცველია, რადგან მოქმედებენ პრინციპით: ,,რაც მოხდება, მოხდება”. ის ფიქრობს, რომ თუ რაიმეს მოხდენა ბედისწერითაა განსაზღვრული, ვერაფერს შეცვლის, მის ცხოვრებისეულ გზას აკონტროლებენ ისეთი ძალები, რომლებზეც არ შეუძლია ზემოქმედება და სხვა ასეთი.
მომავალზე ორიენტირებული პიროვნება: ასეთი პიროვნების გადაწყვეტილება უმეტესად ორიენტირებულია მომავლის აბსტრაქტულ წარმოდგენებზე, შესაძლო ქცევებზე, ნაკლებადაა მიმართული კონკრეტიკაზე, მიმდინარე ქცევის ემპირიულ ასპექტებზე. ის ფოკუსირებას ახდენს მიზეზებზე, შესაძლებლობებზე, ლოგიკურ ანალიზზე, მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე. მოქმედების დაწყებამდე იგი წინასწარ განჭვრეტს შედეგებს, ნათელად აქვს წარმოდგენილი, როგორ მოიქცევა. ყველაფერს ეკიდება პასუხისმგებლობით და ოპტიმისტური შედეგის მოლოდინით. ხანგრძლივი, საუკეთესო შედეგის მისაღწევად მყისიერ გადაწყვეტილებას არასოდეს იღებს. ის არის მიზანზე ორიენტირებული და არ მიდის რისკებზე. მისდევს ცხოვრების ჯანმრთელ წესს, იზიდავს სხვადასხვა ჯანმრთელობის შესანარჩუნებელი აქტივობები, რაშიც ხარჯავს ფულს, დროს. ასეთ აქტივობებს არ აქვს მყისიერი შედეგები, მაგრამ მოთმინებით ელოდება მათ. თავიდან იცილებს ხანგრძლივ ნეგატიურ შემთხვევებს, იტარებს პროფილაქტიკას (იღებს ვიტამინებს, იკვებება ჯანსაღი საკვებით, პროფილაქტიკის მიზნით ექიმთან დადის); მას კარგად გამოსდის პრობლემის და აბსტრაქტული ამოცანების გადაჭრა. ასევე შეუძლია თავიდან აიცილოს ცდუნებები და ხელისშემშლელი ფაქტორები, მეორე მხრივ, მომავალზე ორიენტირებულ ადამიანს არ შეუძლია ისიამოვნოს აწმყოთი, წუთიერი აქტივობებით – მიიჩნევს, რომ ამით ფლანგავს დროს. ინტიმურ ურთიერთობებში მათ აქვთ მეტი სირთულე, ვიდრე სხვა ტიპის ადამიანებს, რადგან მომენტის ზეგავლენას ადვილად არ ემორჩილებიან. მათი მთავარი მიზანია გაზარდონ ეფექტურობა მცირე დროში, ახასიათებთ მოუსვენრობა, არიან ზედმეტად მშრომელები და ამის გამო ხშირად დაძაბულები, გადაღლილები.
ამგვარად, პრაქტიკულად თითოეულ ტიპს აქვს თავისი უარყოფითი და დადებითი მხარეები: მომავალზე ორიენტირებულობა სასარგებლოა სწავლისთვის, სამსახურისა და კარიერის მიღწევისთვის, აწმყოზე ორიენტირებული ტიპი გარემოცულია მეგობრებით და საყოველთაო ყურადღებით, ხოლო წარსულზე ორიენტირებული ჩამოყალიბებულია სამაგალითო მეოჯახედ.. ყველაზე მეტად შესწავლილია მომავალზე ორიენტირებული პიროვნების მახასიათებლები. გამოვლინდა, რომ მომავალზე ორიენტირებული ადამიანები:

1. მზად არიან შეუპოვრად იმუშაონ და მიაღწიონ დასახულ მიზნებს, არ ეშინიათ რუტინის, ნაკლებ დროს უთმობენ დასვენებას და დროსტარებას. ნაკლებად ოხუნჯობენ და არ კარგავენ დროს განყენებულ თემებზე საუბარში.

2. ახასიათებთ გრძნობების და მოთხოვნილებების თვითკონტროლის მაღალი ხარისხი, მოქმედებენ ფრთხილად და გეგმაზომიერად.

3. ზრუნავენ საკუთარ რეპუტაციაზე და საჭიროების შემთხვევაში ცვლიან ქცევას, ცდილობენ მოიპოვონ სხვების კეთილგანწყობა.

4. აქვთ დიდი შემეცნებითი ინტერესები-აფასებენ ცოდნას, ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი გაიგონ მოვლენების შესახებ,

აღნიშნულ საკითხზე კვლევები ჩატარებულია მოზარდებშიც. რომელთაც აჩვენეს:

·ზოგადად, მომავალზე ორიენტაცია დადებით კორელაციაშია აკადემიურ მიღწევებთან;

·ოპტიმიზმი და მომავალზე ორიენტაცია ხელს უწყობს მოსწავლეს განავითაროს სტრატეგიები, რომლებიც მათ შესაძლებლობას მისცემს მიაღწიონ დასახულ მიზანს;

·ძლიერი აწმყო ჰედონისტური ორიენტაცია უარყოფით კორელაციაშია აკადემიურ მიღწევასთან;

·გოგონები უფრო ნაკლებად ისახავენ გრძელვადიან მიზნებს და არიან უფრო მეტად პესიმისტები მისაღწევი მიზნების მიმართ, ვიდრე ბიჭები;

·მომავალზე ორიენტაცია უფრო ძლიერი აქვთ მიღწევის მაღალი მოთხოვნილების მქონე მოზარდებს;

·ბავშვის ასაკობრივ განვითარებასთან ერთად იცვლება მისი დროის პერსპექტივაც – მოზარდები 9-დან 13 წლამდე ფიქრობენ უფრო მეტად აწმყოზე, ვიდრე 15-19 წლის მოზარდები, რომლებიც უმეტესად მომავალზე არიან ორიენტირებულები;

·ვაჟებს აქვთ უფრო მეტად პოზიტიური მომავლის შესახებ მოლოდინი, ვიდრე გოგონებს.

· სპეციალური პროგრამები, რომელიც მოსწავლეებს წაახალისებს საკუთარი თავი მომავალში წარმოიდგინონ, როგორც წარმატებული მოზრდილები, აუმჯობესებს აკადემიურ მოსწრებას, რადგან პროგრამაში მონაწილეები მეტს მუშაობენ მეტაკოგნიტური უნარების განვითარებაზე; სავარჯიშოები ეხმარებათ მოზარდებს გააცნობიერონ გეგმები და სამომავლო პოტენციური ბარიერები-შესაძლო დაბრკოლებები, იმსჯელონ მათი გადალახვის გზებზე.
ჩვენი ხელმძღვანელობით, მაგისტრანტ ვ. სადაღიშვილის მიერ ჩატარებული იქნა დროის პერსპექტივის საპილოტე კვლევა სამი განსხვავებული ფაკულტეტის 150 სტუდენტებზე. მათი საერთო მონაცემები თავსდება დროის ბალანსირებულ განაწილებაში. თუმცა გამოვლინდა განსხვავება პროფესიათა შორის: ნეგატიურ წარსულზე ორიენტაცია ყველაზე მეტად გამოჩნდა ფსიქოლოგებთან, ჰედონისტურ აწმყოზე ორიენტაცია მხატვრებთან და მომავალზე ორიენტირებულნი კი ყველაზე მეტად ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები აღმოჩნდნენ.

დროის პერსპექტივის ფორმირება, რასაკვირველია, პროცესია და მასზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს: სქესი, კულტურა, განათლების დონე, სოციალური სტატუსი, ზოგადად, სოციალური მდგომარეობა. პიროვნებას დროის სუბიექტურ აღქმაზე არაბალანსირებულს ხდის სოციალურად არასტაბილური, კრიზისული და კრიტიკული სტრესული სიტუაციები, რომელიც შესაძლებელია გავაერთიანოთ ცნებაში – „პიროვნებისთვის რთული სიტუაციები” . მასში მოიაზრება სიტუაციის სიახლე, მოულოდნელობა, ღირებულებათა სისტემასთან და მსოფლმხედველობასთან რეალობის დაუკავშირებლობა და სხვა.

კვლევებით დადასტურდა დროის პერსპექტივის კავშირი ისეთ პიროვნულ მახასიათებლებთან, როგორებიცაა: ბედნიერებისა და კეთილდღეობის განცდა, აკადემიურ მოსწრება, ადიქციის სხვადასხვა ფორმების ჩამოყალიბება (ნარკომნია, ალკოჰოლიზმი და სხვა..)

უმჯობესია ადამიანს ჰქონდეს დროის ბალანსირებული განწყობა. მას შემდეგი თანამიმდევრობა ქმნის: ზომიერად მაღალი მომავალზე ორიენტაცია, პოზიტიური წარსული, ჰედონისტური აწმყო და ზომიერად დაბალი უარყოფითი წარსული და ფატალისტური აწმყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი