პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

მშობლები, ოქროს ხანა და პროფესიის არჩევა

როგორც ამბობენ, სტუდენტობა საუკეთესო პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში, რომანტიკული ელფერით შეზავებული წლები. თუმცა ჩემს შემთხვევაში მსგავსი არაფერი ყოფილა. ის ოთხი წელი, რომელიც სწავლას მოვანდომე, შეიძლება ყველაზე ჯოჯოხეთური არ იყო, მაგრამ ნაკლებად მიმზიდველი უთუოდ იყო ჩემთვის.

თექვსმეტი წლის ვიყავი, როცა სოხუმის უნივერსიტეტში ექსტერნად ჩავაბარე. ეს საკმაოდ პატარა ასაკია საიმისოდ, რომ თვითონ აირჩიო, სად გინდა ჩაბარება და, რაც მთავარია, კონსერვატორულად და პრაგმატულად მოაზროვნე მშობლებთან შენი გაიტანო. მე ვიცოდი, სადაც მინდოდა ჩაბარება: ეს იყო სამხატვრო აკადემია. მთელი ბავშვობა ვხატავდი და ვაქანდაკებდი. სველი მერგელით (არის ასეთი დანალექი ქანი) ვძერწავდი და საიზოლაციო პენოპლასტიდან სამართებლით პატარა ფიგურებს ვთლიდი. მერგელი გამოშრობის შემდეგ იბზარება და იშლება, ამიტომ დღემდე მხოლოდ პენოპლასტის ფიგურები შემომრჩა.

თბილისში რომ გადმოვედით, ჯერ ბიძაჩემთან, შემდეგ კი დეიდაჩემთან ვცხოვრობდით, სანამ ჯიქიას ქუჩაზე, დევნილების კორპუსში ვიყიდდით ბინას, უფრო სწორად, მონიშნულ ფართს, რომელსაც მეზობლებისგან გამყოფი ტიხრებიც არ ჰქონდა. ორ სადარბაზოიან კორპუსში წყალი და კანალიზაცია მარტო ერთ სადარბაზოში იყო გაყვანილი. ორი თუ სამი ოჯახი შვიდსართულიანი სახლის სწორედ ამ მხარეს ვცხოვრობდით.

მე ხატვას და ძერწვას აქაც ვაგრძელებდი, მაგრამ უჩუმრად: მშობლების მოთხოვნით იურიდიულზე უნდა ჩამებარებინა. როცა დროს მოვიხელთებდი, მოვისვროდი სამართლის წიგნს და საყვარელ საქმეს ვუბრუნდებოდი. ბევრჯერ დავუჭერივართ ფაქტზე და ბევრი დავიდარაბაც მოჰყოლია ამ ამბავს.

საბოლოოდ ისე მოხდა, რომ იურიდიულზე საბუთების შეტანა დამაგვიანდა. იქვე მირჩიეს, საბუთები პოლიტოლოგიაზე შემეტანა, რომელიც ახალგახსნილი იყო და სტუდენტების პირველ ნაკადს იღებდა. ჩემთვის სულერთი იყო, სად ჩავაბარებდი და ასეც მოვიქეცი. ოცდაათი სტუდენტი იყო მისაღები, ჩვენ კი მხოლოდ ოცდაორი ვიყავით. ამიტომ მხოლოდ ისტორიის გამოცდა ჩაგვაბარებინეს და ყველა ჩაგვრიცხეს.

მერე სოფელში წავედი სექტემბრამდე. მეზობლები მოდიოდნენ და მილოცავდნენ, როგორც ხდება ხოლმე. მე კი ეს ყველაფერი საერთოდ არ მაინტერესებდა. ისევ ვხატავდი და ვძერწავდი, მაგრამ ამჯერად არავინ მეჩხუბებოდა: უკვე სტუდენტი ვიყავი. სექტემბერში დაიწყო მოსაწყენი ოთხწლიანი პერიოდი. იქაური არაფერი არ მაინტერესებდა, ოთხი წლის განმავლობაში ყველა ჯგუფელის სახელიც ვერ დავიმახსოვრე, თუმცა რამდენიმე კარგი მეგობარი შევიძინე.

როცა სოფელში ვცხოვრობდი, სკოლამდე ექვსი კილომეტრის ფეხით გავლა მიწევდა. თითქმის არასდროს ვიგვიანებდი, აქ კი ყურის ძირში მქონდა უნივერსიტეტი და პირველ ლექციაზე არასდროს ვყოფილვარ. ვცდილობდი არ დამეგვიანა, მაგრამ ათ საათს ორი წუთიც რომ გადაცდებოდა, კარისკაცი ცოცხალი თავით არ აგიშვებდა ზევით, ამიტომ ისევ სახლში ვბრუნდებოდი. აივნის შეღებული კარიდან ზარის ხმას რომ გავიგონებდი, აივანზე გავიდოდი და უნივერსიტეტს გავხედავდი, ჩემს აუდიტორიაში აშლილ ჯგუფელებს რომ დავინახავდი, ისევ მივდიოდი.

თავიდან, მშობლებისადმი პროტესტის ნიშნად გადავწყვიტე, რომ არცერთი საგანი არ მესწავლა, მაგრამ ერთი-ორჯერ უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდი და გადავიფიქრე. იყო საგნები, რომლებიც მაინტერესებდა და სემინარებზე ვაქტიურობდი. იყო საგნები, რომლებსაც დღემდე წარმოდგენა არ მაქვს, რატომ გვასწავლიდნენ. ძირითადად მაღალი ნიშნები მყავდა. ერთი ლექტორი, რომელიც სიმკაცრითა და სტუდენტების ჩატოვებით იყო განთქმული, ჯგუფში ხუთიანს მხოლოდ მე და ჩემს ძმაკაცს გვიწერდა.

ლექციებზე კარიკატურების ხატვით და იუმორისტული ლექსების წერით ვერთობოდი. ეს ერთადერთი შვება იყო. ჩემს ძმაკაცს მგონი დღემდე აქვს შენახული მაშინდელი ჩემი ნახატები და ნაწერები.

რამდენიმე ლექტორთან ვძმაკაცობდი კიდეც, ყოველ პარასკევს ფეხბურთს ვთამაშობდით ლუდზე. თორმეტი წელი გავიდა, რაც სწავლა დავამთავრე, და სოხუმის უნივერსიტეტის წინ, როცა ავტობუსს ველოდები ხოლმე, ზოგიერთ ჩემს ყოფილ ლექტორს ახლაც ვახსოვარ და დიდი ამბით მესალმება.

ამასობაში თანდათან ხატვის სურვილი დავკარგე. ესეც ალბათ ერთგვარი ქვეცნობიერი პროტესტი იყო იმის გამო, რომ მთელი ოთხი წელი ის მაკეთებინეს, რაც არ მინდოდა, ან შეიძლება ხატვის მიმართ სათანადო ვნება არ აღმომაჩნდა, თუმცა მერჩივნა ამას თვითონ მივმხვდარიყავი.

ჩემს მშობლებს, ცხადია, კეთილი ზრახვები ამოძრავებდათ და მათი მადლობელი ვარ, მაგრამ ერთ რამეში ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული: ჩემს შვილს პროფესიის არჩევაში ხელს არაფრის დიდებით არ შევუშლი, რომ წლების შემდეგ მანაც ასეთი სევდიანი ბლოგი არ დაწეროს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი