პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ფემინისტური კითხვის ქიმია

ფემინიზმის იდეოლოგია ქალთა უფლებების დაცვაა, მიზანი კი – მათი აღიარება. ფემინიზმი მოიცავს სოციოლოგიურ თეორიებს, პოლიტიკურ და ფილოსოფიურ მოძრაობებს, რომელიც შეეხება ქალთა მდგომარეობას სოციალურ, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ კონტექსტში.

ფემინისტური ხასიათის იდეები პირველად ძველ ჩინეთში გამოჩენილა. თუმცა, მისი თეორიის ჩამოყალიბება მეთვრამეტე საუკუნეში დაიწყო. მე-18 საუკუნე „განმანათლებლების“ ეპოქად არის მიჩნეული, თუმცა იმ ეპოქის მოაზროვნეები ცნებაში „რაციონალური ადამიანი“ (The man of reason) მხოლოდ მამაკაცებს გულისხმობდნენ. ქალებმა ყურადღება არ მიაქციეს  მაშინდელი მოაზროვნეების – ვოლტერის, დიდროს, მონტესკიეს, რუსოს განსჯას იმის თაობაზე, რომ ქალები ემოციური ქმნილებები არიან და რომ ბიოლოგიური თავისებურებების გამო არ შეუძლიათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა. სწორედ ეს ფაქტები მოიაზრება ფემინისტური აზროვნების ჩამოყალიბების მთავარ მიზეზად.

საქართველოში კი ისე წავიდა საქმე, რომ ისტორიულ-ტრადიციულად ეს ხელზე საგოგმანებელი ქალი კაცისგან დასაცავი გახდა, რომ მან მას ტყვია არ დაახალოს ან ყელი არ გამოჭრას.

 

„ჩემო კარგო ქვეყანავ,

დათვალე ყელგამოჭრილი,

ყურმოჭრილი,

მოკლული ცოლები.

დათვალე  სისასტიკე

როგორც ამომრჩეველი  და

დანაზოგი, საბანკო ანგარიშზე.

უთხარი მრევლს პატრიარქო,

რომ ღმერთს  უყვარს  ქალი,

თორემ

ჩვენ ვჭამთ სირცხვილს,

როგორც პურს არსობისა

და მშიერს ვტოვებთ სამართალს!“ (ხმამაღლა, ნატო ინგოროყვა).

 

ეს ლექსი პოეტმა ადრე დაწერა, თუმცა რა სამწუხაროა, რომ კვლავ აქტუალურია.

2014 წელს ერთი პატარა წერილი მეც დავწერე https://mastsavlebeli.ge/?p=4099. პრობლემა ქიმიურ მითოლოგიასთან დავაკავშირე (ჰერაკლემაც იგივე გააკეთა და იმიტომ)…

და მართლაც, როგორი საქმეა, აუდიტორიაში სტუდენტების თვალწინ ყოფილი ქმარი დამიზნებით რომ ესვრის ყოფილ ცოლს… თუმცა, აგერ ახლა ყოფილ ცოლებს უკვე შვილებს უკლავენ, „უფრო გამწარების“ მიზნით.

 

ჩემთვის ყველა ძლიერი ქალი ფემინისტია! ჩემთვის ფემინისტია ის, ვინც თავის მართალ საქმეს დაიცავს, თავის კარგ ოჯახს დაიცავს, კარგ შვილებს გაზრდის და არავის დააჩაგვრინებს. ჩემთვის ფემინისტია ის, ვისაც „არ შეუძლია“, „ძალა არ შესწევს“ და ამ ძალას მაინც საიდანღაც პოულობს.

ჩემთვის ფემინისტი დედაჩემია, რომელიც უაღრესად ახალგაზრდა დაქვრივდა და ყველაფერი ჩემი აღზრდისთვის დადო! არაფერი დაუშურებია, არაფერზე უკან არ დაუხევია, რომ ერთი წესიერი ადამიანი აღეზარდა ქვეყნისთვის. დიახ „აღეზარდა“ და არა „გაეზარდა“, რადგან გაზრდით თავისი პატარა შვილიკოები ჩემს სადარბაზოში მცხოვრებმა ფისუნია „კატუშამაც“ გაზარდა. თუმცა, უკაცრავად აღზარდა კიდეც, რადგან ასწავლა, რომ სართულის დაბინძურება არ შეიძლება და „იმ საქმისთვის“ შესაბამისი ადგილიც მიუჩინა (მხოლოდ „კატუშამ“ რომ იცოდა, ისეთი).

მოკლედ, იმ დღეს მწერალთა სახლში „ფემინისტური კითხვის“ საღამოზე აღმოვჩნდი. არც კი ვიცოდი, ასეთი საღამოები თუ იმართებოდა. შემთხვევით გამიმართლა, გავიგე და წავედი. იმჯერად, პოეტები ნატო ინგოროყვა და დიანა ანფიმიადი საუბრობდნენ. საუბრობდნენ ქალებზე, ლექსებზე, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე. იმაზე, თუ როგორ უნდა გამოხატოს პოეტმა თავისი დამოკიდებულება ამა თუ იმ პრობლემის მიმართ. ისევ და ისევ გულიდან ამოხეთქილი ნაწერით, სადაც „სტრიქონებს შორის დერეფნებში ჩუმი ნაღმებია, რომლებიც არ იკითხება, მაგრამ მათ უკან გარკვეული პრობლემა დგას“.

წერის დროს გავლენა თუ არსებობსო? ჰმ, წერის დროს კი არა, ყველა საქმეში არსებობს გავლენა, სწორედ ასეთი გავლენები შეგაჭიდებს საქმეს, გაუკეთებელს გაგაკეთებინებს. ავტორმა, რომლის ლექსი წერილის დასაწყისში მოვიშველიე, გაგვანდო, რომ მისთვის ასეთი გავლენა რაინერ მარია რილკესგან აქვს.

დავფიქრდი, ნეტავ იმ ქალებისთვის გავლენა ვინ იყო, რომლებმაც ქიმიაში უზარმაზარი სიტყვა თქვეს  და ისინი უდავოდ ფემინისტები იყვნენ, რადგან მიზნისკენ მიმავალ გზაზე უამრავი წინაღობის გადალახვა მოუხდათ.

მათი ათეული ასე გამოიყურება:

10. დოროთი ჰოდკინი – ბიომოლეკულების სტრუქტურის დასადგენად ცილების კრისტალოგრაფია განავითარა. დაჯილდოვდა ნობელის პრემიით
9. როზალინდა ფრანკლინი-ბიოფიზიკოსი, რომელმა რენდგენის სხივების მეშვეობით დნმ-ის შესწავლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
8. ბარბარე მაკკლინტოკი – ფიზიოლოგიაში დაჯილდოვდა ნობელის პრემიით. აღმოაჩინა ქრომოსომების პოზიციის შეცვლის უნარის მქონე გენები.
7. მარია გოეპერტ მაიერი – ფიზიკაში დაჯილდოვდა ნობელის პრემიით. იკვლევდა ატომის ბირთვის სტრუქტურას.
6. ჯეინ გუდალი-იკვლევდა შიმპანზეების ქცევას.
5. გერტდრუდ ელიონი-მედიცინაში დაჯილდოვდა ნობელის პრემიით. მონაწილეობდა მალარიისა და შიდსის საწინააღმდეგო მედიკამენტების კვლევაში.
4. ირენ ჟოლიო-კიური – ქიმიაში დაჯილდოვდა ნობელის პრემიით. იკვლევდა ხელოვნურ რადიოაქტიურობას.
3. ჰედი ლამარი – იკვლევდა ტექნოლოგიებს, რომლებსაც ახლა WIFI-სა და ბლუთუსში იყენებენ.
2. ლიზა მეიტნერი – აღმოაჩინა პროტაქტინიუმი და ბირთვული დაშლა. ელემენტი მეიტნერიუმი (Mt 109) მის სახელს ატარებს.
1. მარია სკლოდოვსკა-კიური – ქიმიაში და ფიზიკაში დაჯილდოვდა ნობელის პრემიით. სწავლობდა რადიოაქტიურ ნივთიერებებს და მისმა კვლევებმა საფუძველი დაუდო ქიმიის და ფიზიკის ახალ დარგებს. მარია სულ მუშაობდა. თუ არ მუშაობდა ფიქრობდა…

უცებ, ფიქრებისგან გამოვერკვიე და კვლავ დარბაზში დავბრუნდი.

აი, სად შეიძლება  ეწერებოდეს პოეტს? აი, მართლაც ხომ არ შეიძლება ყველა დროსა და ადგილას მზად იყო წერისთვის? მით უმეტეს, თუ  ყოველდღიური რუტინა შენს ენერგიას ითხოვს?

იმ დღეს პოეტმა თქვა, ასეთი ადგილი ჩემი სოფელი მაკვანეთიაო, თუმცა ბოლო დროს მგზავრობის დროსაც მეწერებაო, ალბათ იმიტომ, რომ ფიქრისთვის მეტი დროაო.

მართლაც, მეც შემიმჩნევია მგზავრობის დროს მეტს ფიქრობ… ცხოვრებაზე ფიქრობ, იმაზე რაც იყო, რაც არის და რაც იქნება. ოღონდ ცხოვრებას კანონები აქვს, შენი თავი შენ გაბარია და…

„… აქ ვერავისგან გადაიწერ,

აქ დარდს ვერავის გადააწერ.

აქ უნდა ეცადო

ფრთხილად დააშრო,

სწორხაზოვნად დაჰყვე

უჯრაში ჩაეტიო…

და მაინც

როცა სიტყვები წონასწორობის სასწორზე დგება,

იქით გადაწონის, სადაც შეცდომებია დაშვებული.

გამოცდილია“.  (ნატო ინგოროყვა).

ზოგიერთს კი შეცდომის არ ეშინია. შეცდომასაც გააჩნია, მაგრამ იმ დღეს ერთი ვიდეო ვნახე. ლანგარზე მოეთავსებინათ დედის საშოდან გამოშიგნული ჩანასახები. ზოგი დიდი, ზოგიც პატარა. ერთი ფართხალებდა კიდეც. ვიდეო თავდაპირველად დაფარული იყო და ძალიან ვინანე, გაფრთხილების მიუხედავად რომ გავხსენი. მომიტევოს ყველამ, მაგრამ ზოგჯერ შეკითხვები შემომიტევენ ხოლმე: „ღმერთო, ასეთია სამართალი?“. ზოგს შვილი ენატრებოდეს, ზოგს კი უპრობლემოდ ეძლეოდეს და ისე სძაგდეს ის თავისი შვილი, რომ მუცლიდან დაჩქლერთილი, ნაჭერ-ნაჭერ გამოჰქონდეს?

დედობაც ალბათ ნიჭია და ეტყობა, ყველა ვერ შეძლებს… და უსამართლობაც სწორედ ეს არის, რომ ვინც ვერ შეძლებს და მუცლიდან იფატრავს, მას ეძლევა მაინც და მაინც.

ფემინისტური კითხვა დასრულდა. გარეთ უკვე ჩამობნელებულიყო.

ცოტა ფეხით გავლა მომიხდება, ვიფიქრე და მწერალთა სახლიდან ქვემოთ თავისუფლების მოედნისკენ დავეშვი.  დღეს ბევრი ემოცია მივიღე. ახლა სახლში მივალ და დავიძინებ.

„…ჩემი ღამეების სიზმრებს გაგიმხელ,

სხვა ცხოვრებაშიც მოვდივარ ქალად

და ვაჩენ შვილებს, ჩემს გაგრძელებებს,

რომ არ დავმთავრდე და დავასახლო მთელი სოფელი….

 

დე, ძნელია დედობა?“ (ნატო ინგოროყვა).

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი