სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

მულტიკულტურული განათლების ორიენტირები და ტექნოლოგია „OPEN SPACE“

სწავლის მნიშვნელობაზე საუბრისას ძნელია უპირატესი ასპექტის გამოყოფა, მაგრამ შესაძლებელია მსჯელობა ადამიანის ფორმირებისთვის საჭირო მახასიათებლებზე. მათ შესახებ საზოგადოებაში უამრავი მოსაზრება არსებობს, რომელთაგან გამოკვეთილია ერთი, სახელდობრ, ის, რომ „შესაძლოა, მოსწავლე არ იყოს დიდად განსწავლული, მაგრამ აუცილებლად უნდა ისწავლოს დამოუკიდებელობა, თავისი ქცევის, ქმედებების გაანალიზება, სრულყოფილებისკენ სვლა, საზოგადოებაში თავისი თავის რეალიზების გზების მოძიება”. ამიტომ სწავლების პროცესის განსაკუთრებული მნიშვნელობა იმ მხარეებისა და მიდგომების აღმოჩენაა, რომლებიც მოსწავლეს ამის საშუალებას მისცემს, მულტიკულტურული განათლება და მისი შესაფერისი ინტერაქციული მეთოდების გამოყენება კი ამ მიზნის მიღწევის ეფექტური საშუალებაა.

მულტიკულტურული განათლება ემსახურება სწავლებას სხვადასხვა კულტურის შესახებ, რათა მიღწეულ იქნეს მიმღებლობა ან, სულ მცირე, ტოლერანტობა განსხვავებული კულტურის მიმართ; იგი გულისხმობს ფაქტობრივი სიტუაციის გადმოცემას, აღწერას, მრავალი კულტურული ჯგუფისაგან შემდგარი საზოგადოების რეალური სურათის ასახვას. აქედან გამომდინარე, სხვა კულტურების გაგებისა და მათთან ეფექტიანი ურთიერთობის სწავლა ნებისმიერი საზოგადოების საგანმანათლებლო მიზნების განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს. განათლების პოლიტიკისთვის ასეთი დატვირთვის მიცემა არ არის გასაკვირი, რადგან მხოლოდ ცოდნა ვერ განუვითარებს მოსწავლეებს ჰუმანური და დემოკრატიული ცვლილებებისადმი ემოციურ, მზრუნველ პასუხისმგებლობას. ცოდნასთან ერთად მოსწავლეებმა უნდა ჩამოაყალიბონ ღირებულებები, დამოკიდებულებები და უნარები, რომლებიც აუცილებელია, რათა სხვების პერსპექტივები გავიგოთ და უფრო დიდი მიზნებისკენ გადავდგათ ნაბიჯები. რაც შეეხება ინტერაქციას – ინტერაქციული მეთოდიკით სწავლა/სწავლება აქტიური და სასიამოვნო პროცესია მოსწავლისთვისაც და მასწავლებლისთვისაც და მულტიკულტურული განათლების შედეგებზე საუბრისას ის აუცილებლად გაგვახსენდება, როგორც ამ მხრივ ყველაზე მოხერხებული მიდგმა. 

საზოგადოდ, ინტერაქციული სწავლების მიზანი არ არის ტრადიციული მეთოდებისთვის კონკურენციის გაწევა; მისი მიზანი სწავლების ყველა ფორმის გაერთიანებაა. ინტერაქციული ტექნოლოგიის (ანუ ურთიერთქმედებით სწავლის) გამოყენება ხელს უწყობს მოსწავლეთა შემოქმედებითი აზროვნების გააქტიურებას, ნებისმიერი პრობლემის გადაჭრისთვის საჭირო ანალიზის უნარისა და არგუმენტირების ხერხების სრულყოფას; დიალოგის, კომუნიკაციის განვითარებას, რადგან თანამშრომლობითი სწავლისას ემოციური კონტაქტები „აიძულებს” მოსწავლეს, მოუსმინოს გვერდით მყოფს. ინტერაქციული მეთოდიკა მულტიკულტურული განათლების ფარგლებში სწორედ იმის საშუალებას იძლევა, რომ მოსწავლეებს ჰქონდეთ არა მარტო ცოდნა და თანაგრძნობა სხვა კულტურისადმი, არამედ შეძლონ კიდეც რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება ნებისმიერ სიტუაციაში აზროვნების, მოქმედებისა და ურთიერთობის ყველაზე მისაღები მოდელების შესამუშავებლად. 

აღნიშნული სწავლება წინასწარ უნდა დაგეგმოს მასწავლებელმა, ხოლო როდესაც გადაწყდება, რომ სწავლების გარკვეულ ეტაპზე მას სჭირდება მისი გამოყენება, აუცილებელად უნდა მოაგვაროს სხვა საორგანიზაციო საკითხებიც:
I ეტაპზე
  • ინტერაქციული მეთოდებიდან შეარჩიოს რომელიმე ერთი, ყველაზე მოხერხებული მეთოდი; 
  • ამოარჩიოს მიზნის შესაფერისი ეფექტური სახელმძღვანელო;
  • გამოკვეთოს დავალებებისა და სავარჯიშოების ტიპები; 
  • მოიფიქროს/წარმოიდგინოს მოსწავლეთა ორგანიზების ფორმები.

II ეტაპზე 

  • შეისწავლოს მოსწავლეთა ცოდნის ხარისხი და მოსწრების დინამიკა; 
  • გადახედოს საგნობრივ რეიტინგს და შეაფასოს გაწეული საქმიანობა. 
მოსწავლეთა მულტიკულტურული განათლების ფარგლებში და ნებისმიერი სახის ინტერაქციულ საქმიანობაში ჩართულობისთვის ეფექტური საშუალებაა „ღია სივრცის” (Open Space) მეთოდი (მეთოდის ავტორია ჰარისონ ოუენი, ხოლო საერთაშორისო აბრევიატურაა OsonOS). ამ ტიპის მიდგომა უნიკალურია იმით, რომ მონაწილეებს საშუალებას აძლევს, გააერთიანონ თავიანთი თეორიული, პრაქტიკული, სასწავლო, კულტურული მიზნები და გადაწყვიტონ პრობლემების დიდი რაოდენობა, თვითონ შეარჩიონ სტრატეგია, ჯგუფები და თვითონვე წარმართონ თავიანთი სამუშაო გრაფიკიც. ტექნოლოგია გამოიყენება ახალი საგანმანათლებლო პროდუქტების, სასწავლო პროგრამების შექმნისთვის, გამოცდილების გაზიარებისთვის, ინტეგრირებული კვლევებისთვის. სამუშაო განწყობილების შესაქმნელად ხშირად აღნიშნული შეხვედრები coffee break-ის თანხლებით იმართება. 
მე „ვხსნი სივრცეს”, – აცხადებს მოდერატორი, რითაც გააცხადებს პროცესის არსს, შემდეგ კი წარადგენს თემას: 

  • „ჩვენი განხილვის თემააა… მომდევნო… ხნის განმავლობაში ჩვენ შევიმუშავებთ ჩვენს საუკეთესო იდეებსა და შესაძლებლობებს დასახელებული პრობლემების მოსაგვარებლად.
  • ჩვენ გვაქვს „ახალი ამბების დაფა”, რომელზეც წარმოდგენილია ჩვენი სამუშაოს გეგმა. როდესაც განსაზღვრავთ ძირითად პრობლემას, დაასათაურეთ ის და დაწერეთ ფურცელზე.
  • ყველა, ვისაც სურს პრობლემის ღიად მოგვარება, გამოდის მრგვალი მაგიდის ცენტრში და გამოაცხადებს მას ხმამაღლა, შემდეგ კი ფურცელს მიამაგრებს დაფაზე.
  • მონაწილეები შექმნიან სიას, ჩამოწერენ პრობლემებს განსახილველად და განაწილდებიან სადისკუსიო ჯგუფებად. ჯგუფები მუშაობენ პარალელურ რეჟიმში. 
  • თითოეული მათგანი ჩამოწერს ძირითად თეზისებს და მიამაგრებს დაფაზე, რათა ყველას შეეძლოს, მუშაობის დროს გაეცნოს მეორე ჯგუფის სამუშაო ვერსიას.
  • პატარა ჯგუფებში მუშაობის შემდეგ მოხდება კონვერგენცია – გაერთიანება თემების მიხედვით უფრო მსხვილ ჯგუფებად ყველაზე საინტერესო თემების ირგვლივ და გაგრძელდება დისკუსია.
  • სამუშაო დრო არ არის რეგლამენტირებული”.
მუშაობის დასრულებისას გამოცდილებისა და შთაბეჭდილების გაზიარებისთვის ჯგუფები სხდებიან მრგვალ მაგიდასთან, განიხილავენ მნიშვნელოვან საკითხებს და შეაჯერებენ მოსაზრებებს. ჯგუფების თვითორგანიზება მაღალია, თითოეულს წარმოდგენილი და გააზრებული აქვს საკუთარი პასუხისმგებლობა და პატივისცემა ჯგუფისა და მთელი ღონისძიების მიმართ. 

ტექნოლოგია იძლევა თვითორგანიზების საშუალებას, რომლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია „ორი ფეხის კანონი”, რომელიც გამოხატავს ძირითად იდეას და მზადყოფნას მის დასაცავად. პრაქტიკულად კანონი საშუალებას აძლევს მონაწილეებს, იმოძრაონ ჯგუფებს შორის. თუ მონაწილემ ერთ ჯგუფში ვერ მიიღო თავისთვის საინტერესო ინფორმაცია და არც თვითონ მოაქვს სარგებლობა ამ ჯგუფისთვის, შეუძლია გადავიდეს მეორეში, ანუ გამოიყენოს თავისი „ორი ფეხი” იქ მოსახვედრად, სადაც მას დაეხმარებიან და სადაც საკუთარი თავის რეალიზებას შეძლებს. 
ღია სივრცის პრინციპებია:

  • ვინც არ უნდა მოვიდეს, ეს სწორედ ის არის, ვინც საჭიროა;
  • რაც არ უნდა ხდებოდეს, ეს ერთადერთია, რაც უნდა მომხდარიყო;
  • როცა გინდა რამე დაიწყო, ეს საამისოდ სწორედ რომ შესაფერისი დროა;
  • როცა ყველაფერი დამთავრდება, სწორედ მაშინ დგება დასასრული.
პრინციპების სივრცის წარმოსახვისთვის განვიხილოთ მაგალითი:

„რაც არ უნდა ხდებოდეს, ეს ერთადერთია, რაც უნდა მომხდარიყო” – ეს პრინციპი ზრდის შესაძლებლობათა სივრცეს, რადგან შესაძლებელს ხდის „წაგებასაც” და „მოგებასაც”, „წარმატებასაც” და „წარუმატებლობასაც”, ამავე დროს ის გაფრთხილებაცაა, რომ მოვლენები ისე განვითარდება, რის საშუალებასაც მას ადამიანები მისცემენ.
„ვინც არ უნდა მოვიდეს, ეს სწორედ ის არის, ვინც საჭიროა” – როდესაც ჩვენ „ვხსნით სივრცეს”, არასოდეს ვიცით, ვინ მოვა და ვინ რა როლს შეასრულებს, მაგრამ შეგვიძლია გვქონდეს გარანტია, რომ ჯგუფი, როდესაც ის „ღია სივრცეში” შედის, აუცილებლად მივა საჭირო შედეგამდე.

ღია სივრცის (Open Space) ტექნოლოგიის გამოყენება მიზანშეწონილია განმაზოგადებელ გაკვეთილებზე, სემინარებსა და ცალკეულ გაკვეთილებზეც (განსაკუთრებით – ცოდნის კორექციისთვის). ეს არ არის გასაკვირი, რადგან ყველა მასწავლებლის მიზანია, დააინტერესოს მოსწავლე თავისი საგნით, გაუღვივოს მისი დაუფლების სურვილი. თუ მასწავლებელი ხელსაყრელ მეთოდებს შეარჩევს საგნით დაინტერესებისთვის, შესაძლოა, მოსწავლეს ამის სურვილი მართლაც გაუჩნდეს.
სამკუთხედი „მასწავლებელი-ტექნოლოგია-მოსწავლე” სწორედ ამის თვალსაჩინო დასტურია: მასწავლებელი უნდა გახდეს არა მარტო პედაგოგი, არამედ მეთოდოლოგიც და ტექნოლოგიც, ხოლო მოსწავლე – ამ პროცესების აქტიური მონაწილე. სწავლის ტრადიციული ფორმების დროს მასწავლებელი ასრულებს ერთგვარი „ფილტრის” როლს, რომელიც „გაატარებს” ინფორმაციას თავის მიღმა, მაგრამ ინტერაქციული სწავლებისას ის „დამხმარის” როლშია, რომელიც უბრალოდ „ააქტიურებს” მოსწავლისკენ მიმართულ ინფორმაციულ ნაკადს. ამიტომ, როდესაც გაკვეთილებზე რომელიმე მიმართულება, პრობლემა გამოიკვეთება, შემდეგში მის ირგვლივ გაიმართება ღია სივრცის შეხვედრა. თითოეული მოსწავლე იმ პრობლემას წამოსწევს წინ, იმას დაუჭერს მხარს, რომელიც მისთვის ყველაზე მეტადაა საინტერესო და მნიშვნელოვანი და, საზოგადოდაც, იმუშავებენ მოცემული ტექნოლოგიის ჩარჩოთი.

განვიხილოთ, როგორ შეიძლება ღია სივრცის მეთოდის გამოყენება, მაგალითად, ენის, ლიტერატურის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე და განვიხილოთ თემა „დღესასწაულები და ტრადიციები” – როგორ აღინიშნებოდა და აღინიშნება ხალხური ტრადიციები და დღესასწაულები (აქ უნდა ითქვას, რომ მულტიკულტურული განათლების ერთ-ერთი სახეა კონტრიბუციული მიდგომა, რომელსაც გმირებისა და დღესასწაულების შესახებ მიდგომასაც უწოდებენ. ეს მიდგომა სასწავლო გეგმაში მულტიკულტურული განათლების ინტეგრაციის საწყისი დონეა, რომელიც ჩვენს რეალობაში საკმაოდ ხშირად გვხვდება. მარტივად, ზედმეტი სირთულისა და ცვლილებების გარეშე, სასწავლო გეგმაში ჩართულია უმცირესობათა დღესასწაულების, მათი გმირების ისტორიები. ამით მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, განსხვავებული კულტურის შესახებ მიიღონ ინფორმაცია, მაგრამ ეს ხდება ფრაგმენტულად, სასწავლო გეგმაში თანამიმდევრული და გააზრებული ცვლილების გარეშე. არც მანამდე და არც ამ საკითხების გავლის შემდეგ პროგრამაში არაფერი იცვლება. სიმარტივის გამო ამ მიდგომას ხშირად მიმართავენ. იქმნება ზედაპირული შთაბეჭდილება, რომ მრავალფეროვნება ასახულია, მაგრამ ხელშეუხებელი რჩება მულტიკულტურული განათლების მრავალი საკითხი და პრობლემა (ნ. კაპანაძე, მულტიკულტურული და ინტერკულტურული განათლება).

ღია სივრცის (open space) ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, დავძლიოთ ეს ხარვეზი და შევავსოთ იგი თავად მოსწავლეთა ჩართულობით, მათი იდეების გენერაციით და ახლის აღმოჩენის სურვილით, ძიებით და ურთიერთთანამშრომლობით.

აღნიშნული თემის – „დღესასწაულები და ტრადიციები” – ფარგლებში მოსწავლეებს შევთავაზებთ შემდეგ საკითხებს: დღესასწაულის ისტორია, ზეიმის ტრადიცია და სიმბოლიკა და სხვა. მოსწავლეებმა უნდა გაიხსენონ და დაწერონ მათთვის ცნობილი ინფორმაცია მოცემულ თემატიკაზე და შეავსონ თავიანთი მარაგი ახალი ცოდნით. 
ამავე დროს, ნებისმიერი არჩეული საკითხისაგან (ანუ კონკრეტული სათაურისგან) დამოუკიდებლად მოსწავლეები მიიღებენ შემდეგ დავალებასაც:

I ჯგუფი – შობის დღესასწაულის აღსანიშნავად თქვენ მართავთ ბანკეტს. ამ დღესთან დაკავშირებით წაიკითხეთ მოცემული ინფორმაცია. როგორ აღნიშნავდნენ ამ დღეს წინათ? კიდევ როგორ შეიძლება აღინიშნოს ეს დღე?

II ჯგუფი – მოცემულ ინფორმაციაში იპოვეთ და შეავსეთ გამოტოვებული ადგილები შესაბამისი სიტყვის მოძიებით. საამისოდ გამოიყენეთ თქვენ მიერ მოპოვებული ახალი ინფორმაციაც და ისიც, რაც უკვე იცოდით. რომელ სიტყვას დაამატებდით?

III ჯგუფი – ჩასვით ახალი სიტყვა და განმარტეთ იგი. რას აღნიშნავს ეს სიტყვა? გილოცავთ, თქვენ უკვე იცით ახალი სიტყვა ცნება „შობის დღესასწაულის” გარშემო!
ღია სივრცის (Open Space) მეთოდით შესაძლებელია გაკვეთილის ჩატარებაც. მით უფრო მიზანშეწონილია ის ისეთი გაკვეთილების ჩასატარებლად, რომლებიც გარე სამყაროს აღქმაში შეგვიწყობს ხელს და მოქალაქეობრივი ღირებულებების შეძენაში დაგვეხმარება. მაგალითად, ფიზიკის სწავლების მაგალითზე განვიხილოთ შემდეგი საკითხი: 

გაკვეთილის თემა: თვალი. მხედველობის დეფექტები

გაკვეთილის სამუშაო სათაური: სამყარო აღიქმება თვალით და არა თვალის გამოყენების საშუალებით (უ. ბლეიკი)
გაკვეთილის სამუშაო ვერსია: ადამიანისა და გარე სამყაროს კავშირი უპირველესად მხედველობის გზით მყარდება
გაკვეთილი სასწავლო ამოცანა: ვიზუალური აღქმის გამოკვლევა ზოგიერთი ოპტიკური ილუზიის მაგალითზე და ცხოველთა სამყაროში არსებული თავისებურებები 

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეთა ცოდნის განზოგადება და სისტემატიზაცია თვალის როგორც ოპტიკური სისტემის შესახებ 

უნარ-ჩვევების განმავითარებელი ამოცანა: მოსწავლეთა შემოქმედებითი აქტივობის წახალისება, ინფორმაციის მოძიებისთვის საინფორმაციო-კომუნიკაციური ტექნოლოგიების გამოყენება, ზრუნვა და მცდელობა სამყაროს ჰარმონიის შენარჩუნებისთვის

შედეგი: ფიზიკისა და კონკრეტული თემის შესწავლით ფორმირდება მოსწავლის გლობალური აზროვნება, შემეცნებითი უნარები და მოსაწავლეები სამყაროს აღიქვამენ ერთიანობაში, როგორც მთლიან და განუყოფელ სისტემას. 

ინტერაქციული სწავლებისას სწავლის თანამედროვე მეთოდებთან შედარებით ყველაზე აქტიურია მოსწავლე, მასწავლებელი კი მისი აქტიურობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაზეა ორიენტირებული. ამ დროს მოსწავლეთა გამოცდილება ისეთივე მნიშვნელოვანი ხდება, როგორიც მასწავლებლისა, ხოლო მულტიკულტურული გარემოს შექმნისთვის ყველა ამგვარი ორიენტირი აუცილებელია.

მულტიკულტურული განათლება და ინტერაქციული სწავლის ტექნოლოგია, ეფუძნება რა სიტუაციურ მოდელირებას და მოსწავლეთა ორგანიზების ჯგუფურ (დიდი და პატარა ჯგუფი, წყვილი) ფორმას და მიმართულია კომუნიკაციური დავალებების ერთობლივი გადაწყვეტისკენ, სწავლების ყველა ეტაპზე წამყვანი ტექნოლოგიაა. ამ ტექნოლოგიის სწორი და დროული გამოყენებისას მაღლდება დადებითი მოტივაცია, შემოქმედებითი აქტიურობა, იზრდება მოსწავლეთა ცოდნის დონე, ინფორმირებულობა და სწავლა/სწავლება სახალისო და სასიამოვნო პროცესად გადაიქცევა. ღია სივრცის (open space) ტექნოლოგია კი ამის ყველაზე თვალსაჩინო დასტურია, რადგან ღონისძიების დასრულების შემდეგაც გრძელდება „ღია საზოგადოება” მონაწილეთა მთავარ ღირებულებებში აქტუალური საკითხის განხილვისას ჩამოყალიბებული პოზიციის არსებობით, ტოლერანტობით, მოქალაქეობითა და ყოველდღიური ცხოვრებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი