პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

კლასის მართვა

მასწავლებლისა და მოსწავლის
ჰარმონიული, კეთილგანწყობილი, პატივისცემით, ნდობითა და სიყვარულით გამსჭვალული ურთიერთობა
სრულყოფილი სასწავლო პროცესის განმსაზღვრელია.
საკლასო დისციპლინა უმნიშვნელოვანესია კარგი გაკვეთილის ჩასატარებლად. ამ კუთხით განხორციელებული კვლევები ადასტურებენ, რომ მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის
გაჩენილ მცირე უთანხმოებას, რომელიც შეიძლება უფსკრულად, გადაუჭრელ პრობლემად იქცეს,
აქვს თავისი მიზეზები, რომელთა გარკვევაც სამომავლოდ ამგვარ საფრთხეს შეამცირებს.
დამნაშავის ძიება ხშირად საქმეს არ შველის. უდისციპლინო მოსწავლეს ან სხვა კლასში  გადაიყვანენ, ან გარიცხავენ, ან სხვა ზომებს მიმართავენ, მაგრამ პრობლემა ამით არ მოგვარდება. საჭიროა მასწავლებლისა და მოსწავლეების შეთანხმებული მოქმედება საკლასო დისციპლინის გასაუმჯობესებლად, რათა მასწავლებელს მიეცეს საშუალება პროფესიონალიზმის სრული გამოვლენისა, ხოლო მოსწავლეებს _ სწავლისა. ამისთვის კი მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა  კლასი გაიაზროს, როგორც საზოგადოების ერთგვარი მიკრომოდელი, და იფიქროს მისი მართვის ხერხების
გამრავალფეროვნებასა და დახვეწაზე.

მასწავლებელიცა და მოსწავლეც, როგორც საზოგადოების წევრები,
ირეკლავენ ამ საზოგადოებაში არსებულ ქცევის ნორმებს. პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთობის
შესახებ უამრავი სოციოლოგიური გამოკვლევა არსებობს. ამჯერად კლასი განვიხილოთ, როგორც
გარკვეული სოციალური ჯგუფი, რომლის წევრებს შორის ჩამოყალიბებული
ქცევის ნორმებიც აისახება
საგაკვეთილო პროცესზე.

კლასში არსებობენ განსხვავებული შეხედულებების მქონე
მოსწავლეები, ლიდერები და აუტსაიდერები. მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანია იმის გარკვევა,
თუ როგორ უნდა იმართოს ეს ჯგუფი სხვადასხვა ხერხით ისე, რომ სწავლისთვის სასურველი
გარემო შეიქმნას. ცნობილია სოციოლოგ მიზაფერ შერიფის აუტოკინეტიკური ექსპერიმენტი,
რომელმაც დაადასტურა, რა დიდი გავლენა აქვს ჯგუფში არსებულ თვალსაზრისს მის წევრთა
შეხედულებაზე, როგორ იცვლიან ერთეული გამონაკლისებიც კი თავიანთ აზრს, რათა ჯგუფს არ
დაუპირისპირდნენ.

ამ თვალსაზრისით, საინტერესოა უცხოელ კოლეგათა გამოცდილების გაზიარება. დოქტორი ტოდ ფინლი,
კაროლინის უნივერსიტეტის პროფესორი და მასწავლებელი, ფიქრობს, რომ კლასსაც, როგორც
ჯგუფს, აქვს თავისი ჩამოყალიბებული ნორმები. როგორ შეიძლება დავახასიათოთ  ისინი?

განსხვავებით იმ წესებისაგან, რომლებსაც მასწავლებელი
მუშაობის დაწყებისას წარუდგენს ხოლმე კლასს, ნორმა არის ურთიერთშეთანხმება კლასის წევრებს
შორის, თუ როგორი იქნება მათი ურთიერთობა. პედაგოგიური ფსიქოლოგიის პროფესორის, გარი
ბერიჩის აზრით, სამი ტიპის ნორმა არსებობს: პირველი განეკუთვნება უსაფრთხოებისა და
ჯანმრთელობის დაცვას, მეორეა მორალური ნორმები (მოსწავლეთა ურთიერთდახმარება), ხოლო
მესამე ეხება მოწესრიგებულობას (ყველამ თავისი მაგიდა უნდა დაალაგოს).

ჯგუფური მუშაობის სტადიებისა და ნორმირების შესახებ
ბრუს თუქმანის გამოკვლევებმა გამოავლინა, რომ ჯგუფის განვითარება ხუთ ეტაპად მიმდინარეობს,
მიუხედავად ჯგუფის წევრთა კულტურისა, ენისა და მიზნებისა: ფორმირება, იერიში (როლების,
ფუნქციების გადანაწილება), ნორმირება, შესრულება, გადაადგილება (ცვლილება). მასწავლებელმა
ორი-სამი კვირა უნდა მისცეს მოსწავლეებს პირველი ორი საფეხურის შესასრულებლად.


1.     

ორმირება
– მოსწავლეები შფოთავენ იმის გამო, თუ როგორ მიიღებენ  მათ სხვები და, შესაბამისად, ფრთხილად იქცევიან.


2.     

იერიში
(როლების, ფუნქციების გადანაწილება) – გამოკვეთილ მოსწავლეებს შორის ჩნდება ერთგვარი
კონფრონტაცია, რათა გაირკვეს თითოეულის როლი და ფუნქცია.


3.     

ნორმირება
– ჯგუფში თანდათან ყველაფერი ლაგდება, მოსწავლეთა ურთიერთშეთანხმებულობა იზრდება, ყალიბდება
ნდობის, თანაგრძნობისა  და პატივისცემის ატმოსფერო.


4.     

შესრულება
– ჯგუფი შეკრული და ავტონომიურია, თითოეული წევრის მიზანი ჯგუფის საერთო ინტერესებს
ექვემდებარება და ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება.

  1. ცვლილება
    – უთანხმოება ხდება წევრებს შორის, რასაც ცვლილებები მოსდევს.

როგორ უნდა გაითვალისწინოს
მასწავლებელმა ყოველივე ეს?

ის
უნდა დაეხმაროს მოსწავლეებს სწორი და შესაბამისი მიზნების ჩამოყალიბებაში, რათა მათ
წარმატებით დაძლიონ პირველი ეტაპი. იერიშის, როლებისა და ფუნქციების გადანაწილების
პროცესში, გარკვეული დაძაბულობის შექმნისას, მასწავლებელი თვალყურს აუღელვებლად უნდა
ადევნებდეს, რათა შექმნილი კონფლიქტი დროულად მოაგვაროს. მან უნდა აღუწეროს მოსწავლეებს
ჯგუფის განვითარების ეტაპები,  რათა მათაც გააზრებული
ჰქონდეთ ის პროცესი, რომელშიც მონაწილეობენ.


როგორ
უნდა შეუწყოს ხელი მასწავლებელმა საკლასო ნორმების ჩამოყალიბებას?


მან
უნდა აუხსნას მოსწავლეებს, რომ საკლასო ნორმების ჩამოყალიბება აუცილებელია საკლასო
კულტურის განვითარებისთვის, ეს ხელს უწყობს სწავლის ხარისხის ამაღლებას  და ცოდნის შეძენის პროცესს აუმჯობესებს. ისინი,
რომლებიც ერთგვარ შფოთვასა და მოუთმენლობას გამოხატავენ, მასწავლებელმა  უნდა დაარწმუნოს, რომ  კლასის საერთო ინტერესები მხოლოდ რომელიმე ერთის
საჭიროებებს არ ეფუძნება, ისინი ერთად უნდა გაემართონ საერთო მიზნისკენ. ისიც უნდა
ითქვას, რომ ჩამოყალიბებული ნორმები შეიძლება გარკვეული ხნის შემდეგ შეიცვალოს იმისდა
მიხედვით, თუ როგორ წარიმართება მათი შესრულების პროცესი.

მასწავლებელმა
პატარა ჯგუფებს უნდა დაავალოს იმ სქემის შევსება, რომელიც 
T-დიაგრამის
სახით არის მოცემული. მოსწავლეებმა მარცხნივ უნდა დაწერონ პრობლემა, ხოლო მარჯვნივ
– წესი (ნორმა), რომელიც მის გადაჭრას შეაძლებინებს. სანამ შეავსებენ, მასწავლებელი
უნდა ესაუბროს მათ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე, თვითონ უნდა გააკეთოს პირველი
ჩანაწერი, რათა პროცესის მოდელირება შეძლოს, თვალსაჩინო გახადოს დავალება.

   პრობლემა

ნორმა

წინა სემესტრში ან ბოლო  ორი კვირის განმავლობაში რამ შეგიშალათ ხელი სწავლის
პროცესში?

რაგვარმა გონივრულმა ნორმებმა შეიძლება    აღმოფხვრას სწავლის დამაბრკოლებელი საფრთხე?

1. როდესაც მოსწავლეები დასცინიან იმ ბავშვებს, რომლებიც
შეცდომებს უშვებენ, ჩვენ აღარ გვინდა საკლასო დისკუსიაში მონაწილეობა.

1. არ გაიცინო სხვის შედომებზე. ამ კლასში  დაცინვით არავის არ შეურაცხყოფენ.

2.

2.

3.

3.

4.

4.

5.

5.

ამ დავალების
შესრულებისთვის მოსწავლეებს მიეცით 10-15 წუთი. შემდეგ განიხილეთ ყოველი ჯგუფის
დაწერილი, შეაჯერეთ და შექმენით  საერთო,
ყველასთვის მისაღები წესების ჩამონათვალი.

რა
არის კლასში პოტენციური პრობლემების წყარო?

  1. მოსწავლეთა ურთიერთობა;
  2. ფიზიკური სივრცე ან პირადი საკუთრება;
  3. მგრძნობიარე თემები;
  4. ცვლილებები;
  5. როდესაც მასწავლებელი გადის/არ არის ოთახში;
  6. როდესაც საკითხების განხილვა ადრე დამთავრდება;
  7. სმარტფონები;
  8. ფანქრით ხატვა, ფურცლებით თამაში;
  9. სიმორცხვე ან იმედგაცრუება;
  10. მოუთმენლობა;
  11. სხვისი აზრის უპატივცემულობა;
  12. საჭირო მასალის უქონლობა და სხვ.

როდესაც მოსწავლეები ჯგუფებში ჩამოწერენ გარკვეულ წესებს,
ყველაფერი დაწერეთ დაფაზე და თვითონაც დაამატეთ. შეიძლება რაიმე წესმა კამათიც გამოიწვიოს,
ამიტომ ყოველივეზე შეთანხმდით. მიზანი ერთი უნდა იყოს:  ამ წესებმა აკადემიური მოსწრება უნდა გააუმჯობესოს.
შეიძლება თითოეულ წესზე კენჭისყრაც, რათა ყველასთვის გასაზიარებელი იყოს. შემდეგ ეს
წესები კედელზე თვალსაჩინოდ გააკარით.

მასწავლებელმა მოსწავლეებს
შეიძლება შეასრულებინოს შემდეგი ორი სავარჯიშო, რომლებიც ხელს უწყობენ ნორმირების პროცესს.

სავარჯიშო #1: რა უნდა იცოდეთ ჩვენ შესახებ?

მიზანი: დაეხმაროს მოსწავლეებს, გაითავისონ თანაკლასელთა
საჭიროებანი.

სანამ წესების ჩამოყალიბებაზე იმსჯელებთ, მოსწავლეებს
სთხოვეთ, დაჯგუფდნენ საერთო ინტერების მიხედვით: ერთი მხრივ,  ჩამოწერონ, რა აერთიანებთ, რა მსგავსება აქვთ, მეორე
მხრივ – რა უნდათ, რომ სხვებმა იცოდნენენ მათ შესახებ. შემდეგ ეს კლასს უნდა გააცნონ.

სავარჯიშო #2: რა
გაიგეთ?

მიზანი:
დაეხმაროს მოსწავლეებს,  სწორად აღიქვან
ერთმანეთის საჭიროებანი.

მოსწავლეებმა
უნდა ჩამოწერონ, თუ რა გაიგეს, როგორ აღიქვეს თანაკლასელთა საჭიროებანი, იმსჯელონ
და დააზუსტონ; რაც არასწორად გაიგეს, გაარკვიონ.

რა
თქმა უნდა, ყოველივე ამას მიაქვს გარკვეული დრო, მაგრამ როდესაც მოსწავლეები
გაარკვევენ ერთმანეთის ღირებულებებს, მისწრაფებებს, მიზნებს, საჭიროებებს, მეტი
ნდობა ექნებათ, საკლასო ატმოსფეროც იქნება მშვიდი. კეთილგანწყობილი მოსწავლეები  უკეთესად ისწავლიან და მეტ წარმატებასაც
მიაღწევენ. ტოდ ფინლის აზრით, ამას ადასტურებს მეცნიერული კვლევა.

განათლების
ექსპერტის, რებეკა ალბერის აზრით, კლასის მართვა განსაკუთრებით ახალბედა
მასწავლებლებს უჭირთ. ამ შემთხვევაში, ის დისციპლინასთან გამკლავების  5 მნიშვნელოვან ხერხს გვთავაზობს:

#1 ისაუბრეთ ბუნებრივად.

სწავლებისას თქვენი ხმა
ბუნებრივად უნდა გაისმოდეს. ხმის აწევით საუბრისას ხმას დაკარგავთ. მასწავლებელი
ხმას უწევს, რათა ყურადღება მიიქციოს, მაგრამ ეს არასწორია – სიმშვიდესაც არღვევს კლასში
და მასწავლებლის იოგებსაც ვნებს. მოსწავლეები მის ხმას სარკესავით  აირეკლავენ და ისინიც ასევე ილაპარაკებენ.

საუბრისას მუდმივად უნდა
ცვალოთ ტონი. ბრძანების ტონით უნდა მისცეთ დავალება, მაგრამ თუ რაიმეს ეკითხებით
პერსონაჟის ხასიათის ან რომელიმე ისტორიული მოვლენის შესახებ, მაშინ თქვენს ხმას
სასაუბრო ტონალობა უნდა ჰქონდეს.

#2 ისაუბრეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც მოსწავლეები
წყნარად და ყურადღებით იქნებიან.

მასწავლებელმა უნდა მოიცადოს მანამ, სანამ კლასში ხმაური და შფოთვა არ
ჩაწყნარდება და მერე უნდა დაიწყოს ახსნა-განმარტება, მსჯელობა. ამ დროს შეიძლება
თვითონ მაოსწავლეებმაც გააჩუმონ ერთმანეთი, რადგან დაინახავენ, რომ თქვენ დუმხართ
და ელოდებით.  შეიძლება ამ მოცდამ
გარკვეული დრო წაიღოს, მაგრამ ეს აუცილებელია საგაკვეთილო პროცესის
ნორმალიზებისათვის. ამისთვის კი მოთმინებისა და ნებისყოფის გამუდმებით წვრთნაა
საჭირო.

#3 გამოიყენეთ ხელები, მინიშნებები და სხვა არავერბალური საურთიერთო
საშუალებები (ჟესტ-მიმიკა).

მოსწავლეთა დასაწყნარებლად შეიძლება ხელის აწევა ან თვალებით მინიშნება, რომ
დაწყნარდნენ. მასწავლებელმა შეიძლება ყველას ააწევინოს ხელები და შემდეგ
დააშვებინოს – მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს საუბარი.  შეიძლება მასწავლებელმა 2-3 წუთიც მისცეს, რათა
მოსწავლეებმა საუბარი დაასრულონ.

დაწყებით კლასებში შეიძლება მოსწავლეებს ტაში შეამოაკვრევინოთ: სამჯერ წინ
და ორჯერ ზურგს უკან. ამგვარად გაახალისებთ და გაააქტიურებთ, მთელ ყურადღებასაც
მასწავლებლისკენ მიაპყრობინებთ.

#4  კლასისთვის
შეუფერებელ ქცევაზე მიუთითეთ სწრაფად და გონივრულად.

მასწავლებელი მოსწავლის შეუსაბამო ქცევაზე სწრაფად და ადეკვატურად უნდა
რეაგირებდეს. არც ერთი მოქმედება არ უნდა დატოვოს ყურადღების მიღმა, თორემ
უმნიშვნელო უდისციპლინობამ შეიძლება გამოუსწორებელი სახე მიიღოს. შეინარჩუნეთ
სიმშვიდე, ნუ დაადანაშაულებთ მოსწავლეს, შეეცადეთ გაარკვიოთ მისი უმსგავსი ქცევის
მიზეზი. შეიძლება ჰკითხოთ კიდეც, შეგიძლიათ თუ არა რაიმეთი დაეხმაროთ („ალბათ
რაღაც გაინტერებს, მკითხე!”). თუ მოსწავლეებს უთანხმოება აქვთ, შეეცადეთ
გაკვეთილის შემდეგ უშუალოდ, მეგობრულად დაელაპარაკოთ და ყოველივე მშვიდობიანად
მოაგვაროთ.

#5 ყოველთვის კარგად დაგეგმეთ გაკვეთილი.

ეს ყველა რჩევაზე მნიშვნელოვანია. წინასწარ დაგეგმეთ მთელი საგაკვეთილო
პროცესი. მაშინ ნაკლები საშიშროება იქნება იმისა, რომ დარჩეს „ცარიელი ადგილები”
ხმაურისა და გაურკვევლობისთვის. დაუგეგმავ გაკვეთილზე უფრო მეტს მასწავლებელი
ლაპარაკობს, მოსწავლეები არ არიან ჩართულნი, შესაბამისად, ყურადღება ეფანტებათ და
მზერა განზე გაურბით, რაც იწვევს კიდეც უდისციპლინობას.

რა თქმა უნდა, ყოველი მასწავლებელი ინდივიდუალურია თავისი თვისებებითა და
გამოცდილებით. ხშირად რჩევა შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ ის ვერ მიესადაგოს
კონკრეტულ შემთხვევას. ამიტომ, მთავარია არა უნივერსალური რჩევებისა და
წეს-კანონების ძიება, არამედ გამუდმებული დაკვირვება საკუთარ თავსა და
გარშემომყოფებზე და იმ ოპტიმალური საშუალებების გამონახვა, რომლებიც უზრუნველყოფენ
სწავლისთვის შესაფერისი გარემოს შექმნას.

სწავლების პროცესს სასიამოვნოს და საინტერესოს მხოლოდ მასწავლებლისა და
მოსწავლეების ერთობლივი ძალისხმევა ხდის.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი