შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

სემინარული მუშაობის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები

აღიარებულია, რომ საკლასო ოთახი რთულ სამუშაო ადგილია   (Jackson, 1968, Brophy, 2006; Doyle, 1986, 2006). მკვლევარები საუბრობენ საკლასო ოთახში მასწავლებლის მუშაობის სირთულის მიზეზებზე:
·საკლასო ოთახს მრავალი მოქმედი პირი ჰყავს;

·იკვეთება სხვადასხვა მისწრაფებები;
·მასწავლებელს უხდება ერთ გაკვეთილზე რამდენიმე დაგეგმილი აქტივობის ჩატარება;
·მასწავლებელი გაკვეთილზე  განსხვავებულ და სწრაფ გადაწყვეტილებს იღებს;
·საკლასო ოთახში მოვლენები შეზღუდულ დროში ვითარდება;
·მოსწავლეთა საჭიროებებსა და ინტერესზე რეაგირებისათვის მასწავლებელს  მცირე დრო აქვს და ა.შ.

    როგორ ახერხებს მასწავლებელი, დაძლიოს საკლასო ოთახში მუშაობის სირთულე? ითვლება, რომ ინტერაქტიული სწავლების მეთოდოლოგია ერთ-ერთი საუკეთესო გზაა საკლასო ოთახის რთული სამუშაო გარემოს გამარტივებისათვის. სტატიაში ვისაუბრებთ  გაკვეთილზე სემინარული მუშაობის მეთოდოლოგიის  მნიშვნელობაზე და  საგანთაშორის, პრობლემაზე ორიენტირებულ, თემატურ, სისტემურ, ორიენტაციულ სემინარებზე.
1.საგანთაშორისი სემინარი – ამ დროს სემინარზე გამოაქვთ თემა, რომელიც აუცილებლად უნდა განვიხილოთ სხვადასხვა ასპექტით: 
·პოლიტიკური; 
·ეკონომიკური;
·სამეცნიერო-ტექნიკური;
·იურიდიული; 
·ზნეობრივი;
·და სხვ. 
    აღნიშნულ სემინარზე შეიძლება შესაბამისი პროფესიის სპეციალისტების მოწვევა. მოსწავლეებს შორის ასევე გადანაწილებულია მოხსენების თემებიც. ასეთი სემინარი იძლევა მოსწავლეთა აზროვნების გაფართოებისა და პრობლემის კომპლექსურად შეფასების საშუალებას.

მაგალითად, როდესაც სემინარის თემაა „ჰაერის  დაბინძურება  გამონაბოლქვით”, ამ თემის განხილვა ხდება სხვადასხვა მიმართულებით. კერძოდ:
 

მიმართულება

კონკრეტული ასპექტი

სამეცნიერო-ტექნიკური

საწვავის ხარისხი, ავტომობილების გამართულობა

სამართლებრივი

საერთაშორისო შეთანხმებები, სამართლებრივი აქტები

ეკოლოგიური

გამონაბოლქვის ზეგავლენა გარემოზე

სამედიცინო

გამონაბოლქვის ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე

2.პრობლემაზე ორიენტირებული სემინარი – სასწავლო კურსის ამა თუ იმ თემის შესწავლის წინ ხდება თემის შინაარსთან დაკავშირებული პრობლემის განხილვა.

·მოსწავლეებს ავალებენ პრობლემების შერჩევასა და ახსნას; 
·პრობლემის  განხილვა ხდება სემინარზე, ჯგუფური დისკუსიის დროს.
 ასეთი ტიპის სემინარი საშუალებას იძლევა, განისაზღვროს მსმენელთა შესაძლებლობები ცალკეული კუთხით. ამავე დროს ის იწვევს მძაფრ ინტერესს სასწავლო კურსის აღნიშნული თემის მიმართ. 
3.  თემატური სემინარი – მზადდება და ტარდება რომელიმე აქტუალურ თემაზე ან მის რომელიმე საკითხზე აქცენტირებისთვის. 

·სემინარის დაწყების წინ მოსწავლეებს აძლევენ დავალებას – გამოყონ თემის არსებითი მხარეები; 
·იპოვონ კავშირები პრაქტიკულ ცხოვრებასთან, საქმიანობასთან. 
თემატური სემინარები წარმართავს მონაწილეთა ინტერესს განსახილველი საკითხის გადაწყვეტის    საშუალებათა მოძიებისკენ.  

4. ორიენტაციული სემინარი – ასეთ სემინარზე განხილვის საგანია ნაცნობი თემების ახალი ასპექტები, შესწავლილი პრობლემების მოგვარების გზები, გამოქვეყნებული ოფიციალური მასალები, დირექტივები. 

5. სისტემური სემინარები ტარდება მთლიანად კურსის ან რომელიმე თემის პრობლემატიკის შესასწავლად, რაც ხელს უწყობს მოსწავლეს, ფართოდ გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები, არ ჩაიკეტოს ვიწრო წრეში, აღმოაჩინოს მიზეზშედეგობრივი კავშირები, ყურადღებით შეისწავლოს საზოგადოებრივ-ეკონომიკური ცხოვრების სხვადასხვა მხარე. 
როგორ ეხმარება სემინარის წარმართვა მასწავლებელს საკლასო ოთახში მუშაობის გამარტივებაში?

     ცხადია, რომ გაკვეთილზე სემინარული მუშაობა ხელს უწყობს სასწავლო პროცესში მოსწავლის აქტიური როლის და ახალი ტიპის პასუხისმგებლობის დამკვიდრებას.  სემინარული მუშაობის პროცესში ინტენსიურად მიმდინარეობს ნებისმიერ საგანზე ინფორმაციის მოპოვება, შესწავლა, გაანალიზება და მონაცემების დამუშავება. ამასთან, გააქტიურებულია შემოქმედებითი პროცესი, რამაც შეიძლება მოიცვას არა მარტო მოსწავლეთა ცალკეული ჯგუფები, არამედ მთლიანად   კლასიც. 

   სემინარული მუშაობისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოსწავლის არგუმენტირებულ მსჯელობას.  მსჯელობისას მოსწავლის მიერ გამოყენებული არგუმენტები უნდა იყოს:
·თემატურად სიტუაციის შესაბამისი; 
·მტკიცების/მოსაზრების/კამათის არსისკენ მიმართული; 
·მოკლე; 
·გასაგები; 
·ადვილად აღქმადი.
აზროვნების ფსიქოლოგების აზრით, არგუმენტირებას, როგორც კომპლექსურ  აზრობრივ  ქმედებას, მკვეთრად გამოხატული შინაგანი სტრუქტურა აქვს. თუ როგორია ეს სტრუქტურა, ამაზე სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ზოგი ავტორი (I.Berg, M.Meier) თვლის, რომ სრულყოფილი არგუმენტაცია ხუთი ნაწილისგან უნდა შედგებოდეს: 
1.მტკიცება (Behauptung); 
2.დასაბუთება (Begründung); 
3.დამოწმება (Beleg); 
4.მაგალითი (Beispiel);
5.დასკვნა  (Schlußfolgerung). 

მაგალითად:
მტკიცება:  ავტოტრანსპორტის შეუზღუდავი ზრდა სახიფათოა. 
დასაბუთება: ვინაიდან ეს უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანების ჯანმრთელობასა და გარემოზე. 
დამოწმება: ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები დიდ ქალაქებში საგანგაშოა. 
მაგალითი: ჰაერის დაბინძურებამ X-ჯერ გადააჭარბა დასაშვებ ზღვარს.
დასკვნა: ამიტომ ავტოტრანსპორტის შეუზღუდავი ზრდა დაუშვებელია, განსაკუთრებით ძრავების დღევანდელი მდგომარეობის პირობებში. 
    კომუნიკაციური დიდაქტიკის ფარგლებში სემინარული მეცადინეობა აღიქმება, როგორც საქმის ერთობლივი „კეთება”. იდეალურ შემთხვევაში ეს პროცესი მიმდინარეობს სიმეტრიული კომუნიკაციის ფარგლებში. სემინარული მუშაობის საკითხის გააზრებაზე   ფოკუსირება ხელს უწყობს მოტივაციის ზრდას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სწავლის შედეგების გასაუმჯობესებლად. სემინარული მეცადინეობისას მასალის ჰოლისტურად გააზრებაზე  ორიენტაცია ცვლის მასწავლებლის როლს. ის დომინანტური პირი კი აღარ არის კლასში, არამედ ხელისშემწყობი, დამხმარე ინსტანციაა, რომელიც ეხმარება  მოსწავლეებს საკითხის შესახებ  ცოდნის დაუფლებაში. 
   გაკვეთილზე სემინარული მუშაობისას მასწავლებელმა რამდენიმე მნიშვნელოვანი პრინციპი  უნდა დაიცვას,  რათა გაუიოლდეს გაკვეთილის ჩატარება. ეს ის  პრინციპებია, რომლებიც ეხმარება მასწავლებელს, საკლასო ოთახში შესასრულებელი საქმიანობა გაამარტივოს.
1.სემინარული მუშაობისას მასწავლებელმა აქცენტი უნდა გააკეთოს მოსწავლის მიერ მიღებული ცოდნის ტრაექტორიის   გაზრდაზე.

    მნიშვნელოვანია,  მოსწავლემ დაადგინოს,  რატომაა მის მიერ ან თანაკლასელების მიერ გაკეთებული გზავნილი გამოწვევა. რაც უფრო მეტ გონებრივ ძალისხმევას დახარჯავს მოსწავლე, მით უფრო მაღალი იქნება გაცნობიერების, სწავლის და შემდეგ მისი გახსენების ხარისხი. ამით გაიზრდება ცოდნის ტრაექტორია.
2.სემინარული მუშაობისას მასწავლებელმა ყურადღება უნდა გაამახვილოს იმაზე, რომ  მოსწავლის მიერ მიღებული ცოდნა სასარგებლო ცოდნაა. 

   მოსწავლეში ყოველთვის არსებობს „ფანჯარა” უკვე არსებულ ცოდნასა და სამყაროს უკეთ გასაგებად საჭირო ახალ ცოდნას შორის. სემინარული მუშაობისას მოსწავლემ უნდა შეძლოს,   ეს „ფანჯარა” ამოავსოს.  მასწავლებელმა კი ეს კონკრეტულ თემებს უნდა დავუკავშიროს. ცოდნის „ფანჯრის” ამოვსების პროცესში მასწავლებელი მხოლოდ პროვოცირებას ახდენს. ზოგადად, ცნობილია, რომ ცოდნის „ფანჯრის” ამოვსების პროცესის ინტენსივობაზე  გავლენას უფრო მეტად საკითხის მიმართ მოსწავლის  ინტერესი ახდენს, ვიდრე სხვა ფაქტორები.
3.სემინარული მუშაობისას მასწავლებელმა უნდა ასწავლოს მოსწავლეს  საკუთარი გონებრივი კოდების შემოწმება.

როდესაც მოსწავლეებს სხვისი მოსაზრების, მოხსენების, პრეზენტაციის გაცნობა უკვე  ჩვევად ჩამოუყალიბდებათ, ვასწავლოთ, პერიოდულად თავიანთ თავს ჰკითხონ: გაითავისეს  თუ არა ჩვევა ისე, რომ მთავარ საჭიროებას – საკითხის მრავალმხრივ გააზრებას  ემსახურებოდეს? ვასწავლოთ მოსწავლეებს ფიქრი საკუთარ გონებრივ კოდებზე. საჭიროების შემთხვევაში  მათ უნდა შეძლონ ხელახლა დააპროგრამონ ეს კოდები ისე, რომ უკეთესად გაიაზრონ საკითხები.

    სემინარული მუშაობა ხელს უწყობს სასწავლო პროცესში მასწავლებლის აქტიურობის შემცირებას და მოსწავლის როლის გაზრდას. ამ პროცესში აქტიურად მიმდინარეობს ნებისმიერ საგანზე ინფორმაციის მოპოვება, შესწავლა, გაანალიზება და მონაცემების დამუშავება. ამასთან, გააქტიურებულია შემოქმედებითი პროცესი. ძალზე მნიშვნელოვანია ამ დროს:
Øპედაგოგიური სისტემის ცალკეულ ნაწილებს შორის კავშირის გამოვლენა; 

Øმოსწავლის აქტიური ჩარევა პედაგოგიურ პროცესში არსებული პრაქტიკის კანონზომიერებისა და ცვლილებების აღმოჩენის მიზნით;

Øკლასში შემეცნების მეთოდის რეალიზება, რომლის დახმარებითაც ხდება  პედაგოგიური მოვლენების, ფაქტების, გამოცდილების გამოკვლევა. 

   ასეთი მიდგომები ნათლად წარმოაჩენს მოსწავლეთა ინტერესს საგნის მიმართ, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს მოსწავლეთა და მასწავლებელთა მოტივაციის ამაღლებას აქტიური კომუნიკაციისათვის. ეს ყველაფერი კი, საბოლოოდ, სასწავლო პროცესის წარმატების განმსაზღვრელი ხდება. 

   მასწავლებლის მიერ სემინარული მუშაობის ხშირი გამოყენება ხელს უწყობს   მოსწავლეებში შემოქმედებითობის, გამჭრიახობის და საგნების ახლებურად აღქმის უნარის განვითარებას. ეს მოსწავლეში მრავალმხრივი/ლატერალური აზროვნების განვითარების  საფუძველია. ლატერალური აზროვნება, ვერტიკალური აზროვნებისაგან განსხვავებით, სწორხაზოვანი არ არის. პირიქით, პრობლემის დროს ლატერალური აზროვნების მქონე ადამიანი ახალ და საკმაოდ პირობით პოზიციაზე ინაცვლებს და შემდგომ ბრუნდება უკან. ასე ცდილობს, ლოგიკური ჯაჭვი ააგოს პოზიციასა და საწყის მდგომარეობას შორის. ლატერალურად მოაზროვნე პრობლემის გადაჭრის ისეთ გზას პოულობს, რომელსაც აზროვნების ვერტიკალურ ჩარჩოში მოქცეული ადამიანი ვერ იპოვიდა. ლატერალურად მოაზროვნე ინტუიციით და შემოქმედებითობით გამოიჩევა და პრობლემის გადაჭრის სტანდარტულ გზას ანაცვლებს ინტუიციით, იდეების გონებრივი იერიშით, ან ,,უცებ” შემოთავაზებული გადაწყვეტილებით.  სემინარული მუშაობა ლატერალური აზროვნების განვითარების საუკეთესო საშუალებაა და შესაბამისი პრინციპების დაცვა მასწავლებელს ეხმარება გაამარტივოს   რთული სამუშაო, რომლითაც საკლასო ოთახი ხასიათდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი