ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

კითხვის საათი წიგნიერების განვითარებისთვის

დაწყებით კლასებში დამრიგებლის საქმიანობით მისაღწევ ერთ-ერთ შედეგს წარმოადგენს წიგნიერების კომპეტენციის განვითარება. ამ მიზნით, I – IV კლასის დამრიგებლებმა კითხვის საათის ფორმატში უნდა გამოიყენონ სხვადასხვა მეთოდები: კითხვის ტექნიკის გაძლიერება, წაკითხულის განხილვა-გააზრება, ანალიზის უნარის განვითარება, მსჯელობის, პრეზენტაციის, შემოქმედებითი უნარების განვითარება.
პირველ რიგში, საჭიროა სამუშაო ტექსტის შერჩევა, რომელიც უნდა პასუხობდეს სადამრიგებლო პროგრამის მიმართულებების თემატიკას. მეოთხეკლასელებისათვის გთავაზობთ სამუშაო ტექსტს ,,პატარა წალკოტის ამბავი, ანუ ,,ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი” (დანართი1). თემატურად ის ეხმიანება პიროვნული განვითარების, გარემოს დაცვის, თვალსაწიერის გაფართოების მიმართულებებს.

1. კლასს ვაცნობთ ნაწარმოების სათაურს და ვეკითხებით: რას ნიშნავს სიტყვა წალკოტი? რას გულისხმობს ანდაზა „ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი”? თქვენი აზრით, რას შეიძლება ეხებოდეს ეს ნაწარმოები?

2. ტექსტი ურიგდება ყველა მოსწავლეს. სამ-ოთხ ნაწილად გაყოფილ ტექსტს სხვადასხვა მოსწავლე კითხულობს. მკითხველებს წინასწარ ვაძლევთ ინსტრუქციას – მკვეთრად, გასაგებად და შესაბამისი ინტონაციებით წაიკითხონ ტექსტი; დანარჩენებს ვთხოვთ, ყურადღებით მიადევნონ თვალი და მონიშნონ გაუგებარი ფრაზები ან სიტყვები.

3. გონებრივი იერიშის მეთოდით, მოვიძიებთ უცხო სიტყვებსა და ფრაზებს, ვწერთ დაფაზე ან ფლივჩარტზე და ვცდილობთ დამხმარე კითხვებით მივიყვანოთ მოსწავლეები ამ სიტყვებისა თუ ფრაზების ახსნამდე; საჭიროების შემთხვევაში, განვუმარტავთ.

4. ვქმნით სამ ან ოთხ ჯგუფს და ვაძლევთ დავალებას: შეადგინონ ნაწარმოების გეგმა და გააცნონ კლასს.

5. იგივე ჯგუფები აგრძელებენ მუშაობას პრეზენტაციაზე ,,ნამდვილი და გამოგონილი ,,ერთი წალკოტის ამბავში”. ჯგუფები წარმოადგენენ პრეზენტაციებს.

6. კლასს დისკუსიისათვის ვთავაზობთ კითხვებს:

ა) რას ეხება ეს ნაწარმოები? რა მოგეწონათ და რა არ მოგეწონათ მასში?
ბ) რა არის საჭირო სწორი გადაწყვეტილების მისაღებად?
გ) თქვენი აზრით, რა საერთო და განმასხვავებელი აქვთ ხელოვანსა და ხელოსანს?
7. ვაჯამებთ დისკუსიას, უკუკავშირის მეთოდით ვაკეთებთ მინიშნებებსა და შეფასებებს. შეჯამებისას არ ვაკეთებთ ცალსახა ფორმულირებებს ( მაგალითად, ,,მოხუცი შეცდა”, ან ,,არ შეცდა”), რათა ბავშვებს დავუტოვოთ ფიქრისა და განსჯის შესაძლებლობა. საბოლოოდ, შემოქმედებითი უნარების განვითარების მიზნით, დავალებად ვაძლევთ ესეს ,,როგორ გადაარჩენდით ან აღადგენდით წალკოტს?”
დანართი 1

პატარა წალკოტის ამბავი,

ანუ ,,ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი”

ზაფხულის ერთ საღამოს ბებიამ შვილიშვილებს უამბო:

– ჩემი ბავშვობის ქალაქში, დიდი ხნის წინ ტაძრის გვერდით ერთი ოჯახი დასახლებულა. ოჯახს ხუთი შვილი ჰყოლია. მათგან ერთს თურმე გამორჩეულად უყვარდა ბუნება, განსაკუთრებით ყვავილები. ბიჭი ბევრს დახეტიალობდა ტყეში თუ მინდორში და სადაც ლამაზ ან უცნაურ ყვავილს, ტოტსა თუ ქვას წააწყდებოდა, უბით, ხელისგულებით მოჰქონდა და ეზოში აბინავებდა. ადგილს ისე შეურჩევდა და მოუწყობდა, იფიქრებდით, დედა-ბუნებას მოურგია ეს ყვავილი და ქოთნის ნატეხი ერთმანეთისთვისო.

ბიჭი გაიზარდა და მებაღეობის სწავლა დაიწყო. ჯერ თავის ქვეყანაში სწავლობდა, მერე ყვავილების სამშობლოდ აღიარებულ ქვეყანაშიც წავიდა, ბევრი რამ გაიგო და ისწავლა, ყველა გზიდან თან უცხო მცენარეები, უცხო ყვავილები წამოიღო და თავის ბაღში გაახარა.

ბაღი დიდი არ იყო, მზის ჩასვლისას ტაძრის ჩრდილი რომ გადმოწვებოდა, გადაფარავდა ხოლმე იქაურობას. ეს პატარა ადგილი მალე წალკოტად იქცა.

— რას ნიშნავს, ბებო, წალკოტი? – იკითხა ბიჭმა.

– წალკოტი ისეთი ბაღია, სადაც უამრავი ყვავილი და დეკორატიული მცენარეა და ყველა ერთად განსაკუთრებულ სილამაზეს ქმნის. იმ ბაღშიც ერთმანეთს ენაცვლებოდა სხვადასხვა ჯიშის ვარდების ფერები და სურნელი. ციცქნა ცისთვალებს მორცხვად გამოეყოთ თავი თიხის ჭურჭლის ნამტვრევიდან. კუნძის თავზე შემოწნული კვალი ვერცხლისფერ ხავსს ამოევსო, იქიდან გადმოკიდული კავიანი ყვავილი კი მიწისკენ ისწრაფოდა. მდინარიდან გამორიყული ხის ტოტი გველეშაპივით გაწოლილიყო, ვეებერთელა ქვევრი ჩრდილში წამოკოტრიალებული დევი გეგონებოდათ. მებაღე გათენებიდან დაღამებამდე იქაურობას დასტრიალებდა, მიწას და ყვავილებს ჩასჩურჩულებდა, ელაპარაკებოდა.

– ბებო, შენ ყოფილხარ იმ ბაღში, გინახავს ის მებაღე? – დაეჭვდა გოგო და დააყოლა: – რაღაც ზღაპარივით გვიყვები..
– არა, ბებო, ნამდვილი ამბავია და მეც ბევრჯერ ვყოფილვარ იმ ბაღში. მე კი არა, ბაღის ამბავი გასცდა პატარა ქალაქს, ქვეყანას და მნახველი მნახველზე მოდიოდა. ბაღის ვიწრო ბილიკებზე დამთვალიერებელთა ნაკადი არ წყდებოდა. მებაღეს ყვავილების ჯადოქარი, ყვავილებით მხატვარი შეარქვეს. მე უკვე მოხუცი მახსოვს, ძალიან მოხუცი. მუდამ მიწისკენ და ყვავილებისკენ დახრილი, ბეჭებშიც მოიხარა, მაგრამ საქმეს თავს არ ანებებდა. ბავშვებთან საუბარი ძალიან უყვარდა, უამბობდა ყვავილების ზნესა და ხასიათზე.

როგორც ამბობდნენ, ღამით, როცა ადამიანები იძინებდნენ, ყვავილები იდგამდნენ ენას და ერთმანეთს თავ-თავიანთ ამბავს უამბობდნენ. ყველაზე ამპარტავნები ჩინური ვარდები და ჰოლანდიური ტიტები იყვნენ, ყველაზე უკარებები – აფრიკული კაქტუსები, თავმდაბლობით ჩვენებური იები და ენძელები გამოირჩეოდნენ. ილაპარაკებდნენ ყვავილები და ბოლოს თავიანთი მებაღის დღეგრძელობას შესთხოვდნენ დედა-ბუნებას. მხოლოდ ვეებერთელა ლოდი იყო ჩუმად, მთასავით მედიდურად უსმენდა ყველას და არც ეთანხმებოდა, არც ეწინააღმდეგებოდა. ამ ლოდზე დაყრდნობა უყვარდა მოხუცს და ისიც იმ წუთების მოლოდინით ათენ-აღამებდა, რომ ბუნების მოამაგისთვის ბუნებისავე ძალა და ენერგია გაეზიარებინა.

– ბებო, ბებო, ეს როგორღა გაიგე? – ჩაეკითხა ბიჭი.

– ეს ჩემმა ბებიამ მიამბო და მეც თქვენ გიამბეთ. მებაღემ თითქმის საუკუნეს მიაღწია, შვილებიდან ერთი ქალიშვილი ცხოვრობდა მასთან და საქმეშიც ეხმარებოდა. სხვები აქეთ-იქით დაფანტულიყვნენ. ლოდთან შესვენებისას მოხუცი ხშირად ფიქრობდა თავისი წალკოტის მომავალზე და თავს ხმამაღლა შეუძახებდა ხოლმე, ,,ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო”. იქვე დევივით წამოწოლილი ქვევრი ჯერ მუცელში ჩაიტრიალებდა მის ხმას და მერე ექოდ აბრუნებდა. მებაღეს ძალიან ართობდა ეს გამოპასუხება. თითქოს წალკოტი არიგებდა ჭკუას. შვილიშვილებიდან ორს ამჩნევდა ბუნების სიყვარულსა და ხელოვანის ნიჭს. აკვირდებოდა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებას აყოვნებდა.

…და ზამთრის ერთ სამწუხარო დღეს მებაღე ისე გარდაიცვალა, ვერ მოასწრო ეთქვა, ვის აბარებდა ნაამაგარს. ანდერძის მიხედვით, ბაღშივე დაკრძალეს, სწორედ იმ ადგილას, სადაც დასვენება უყვარდა.

მამისა და ბაღის მოყვარული ქალი იქაურობას ზრუნვას არ აკლებდა. მაგრამ აღარც ის იყო ახალგაზრდა. მამის მაგივრად ახლა მას უნდა გადაეწყვიტა წალკოტის მომავალი. ბოლოს, მებაღის მრავალრიცხოვანი შთამომავლებიდან იქაურობა ისეთებს დარჩათ, რომლებსაც არც ბუნების ენა ესმოდათ და არც მხატვრის ნიჭი ჰქონდათ. ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ და ვერ შესძლეს იმ განძის პატრონობა, რაც მათ ხელში აღმოჩნდა.

მოიწყინეს ნაფერებმა ყვავილებმა, ზოგი გახმა, ზოგი დაჩიავდა. მათი ადგილი პომიდორმა და კომბოსტომ დაიკავა. წალკოტი ჯერ ბაღს დაემსგავსა, მერე – ბოსტანს. იქაურობა შეიცვალა. მხოლოდ მებაღის საყვარელი ლოდი არ იცვლება, დარაჯობს საფლავს და მედიდურად დუმს. თავქარიანი ჩიტავაშლებიც უძლებენ დროს და ზამთარში წითლად ღუიან. დაჰქროლებს ქარი, გადაურბენს ნაწალკოტარს, ქვევრის მუცლიდან გამოიტაცებს მოხუცის ხმას და წითელ ტოტებში გაბლანდავს. თუ კარგად დაუგდებ ყურს, გაიგებ როგორ ჩურჩულებს ქარი ,,ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერიო”.

– ბებო, ,,გაზომვა” დაფიქრებას ნიშნავს, არა? – იკითხა ბიჭმა.

– დიახ, ბებო გენაცვალოს, გაზომვა დაფიქრებასა და აწონ-დაწონვას ნიშნავს, ადამიანმა წინ გახედვა უნდა მოახერხოს, რომ სწორად ივარაუდოს, რას რა შედეგი მოჰყვება და ისე უნდა გაჭრას, ანუ გადაწყვეტილება მიიღოს.
– წაგვიყვანე რა, ბებო, გვაჩვენე იქაურობა, მართლა ასე ჩურჩულებს ქარი? – ისევ ბიჭი დაინტერესდა.

– წაგიყვანთ, ოღონდ ზამთრის ქარიანი დღე უნდა შევარჩიოთ და ძალიან, ძალიან ყურადღებით მოვუსმინოთ.
– ბებო, იმ ბაღს აღარაფერი ეშველება? – ჩაეძია გოგო.

– ეშველება, თუ ისევ მოხუცი მებაღისნაირი ნიჭიერი და მოყვარული ადამიანი გამოუჩნდება პატრონად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი