პერსონაჟების ფსიქოლოგიური ძვრები  და  ლიტერატურის სწავლება

ლიტერატურის სწავლებისთვის  მნიშვნელოვანია დისკურსი იმის თაობაზე, თუ როგორ ვასწავლოთ პიროვნების ფსიქოლოგიურ ძვრებთან  დაკავშირებული საკითხები, მათი სწავლების შესაძლო ფორმები.  მასში განხილულია რამდენიმე ლიტერატურული ნაწარმოები, რომლებიც მე-კონცეფციას, მეტამორფოზას შეეხება, ნათელჰყოფს გარდასახვის გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებს. ნაშრომში მოცემული ლიტერატურული მაგალითები შეპირისპირებულია ერთმანეთთან; განხილულია პროტაგონისტთა მორალური პოზიციები. ამ ყველაფრის აღქმა საკმაოდ რთულია, მოითხოვს ლიტერატურულ გამოცდილებასა და შესაბამისი ფსიქოლოგიური ნარატივის ცოდნას. სტატიის მიზანია  დაკვირვება იმ ცვლილებებზე, რომლებიც ადამიანის გარდასახვის პროცესში ხდება, საკუთარი ლიტერატურული გამოცდილების გაზიარება და სწავლებასთან დაკავშირებული ზოგადი საკითხების მიმოხილვაც.

ამ მიმართულებით აღსანიშნავია ვაჟა-ფშაველას ,,ალუდა ქეთელაური“, ჯემალ ქარჩხაძის ,,იგი“, ფრანც კაფკას ,,მეტამორფოზა“. გარდა ამისა, მოცემული თეზისების განსამტკიცებლად წარმოდგენილია ერიკ-ემანუელ შმიტის ნააზრევი ჭეშმარიტების, მორალისა და ინდივიდუალისტურ  კონდიციათა შესახებ.

ზოგადად აუცილებელ საკითხთა შესახებ

იმისათვის, რომ მსგავსი ტიპის ლიტერატურა მკითხველისათვის ახლობელი, შესაგრძნობი გახდეს, აუცილებელია მისი დაკავშირება რეალობასთან, ასევე საინტერესოა ლიტერატურის სწავლება ინტერტექსტუალურ ჭრილში. გრეგორ ზამზასა (,,მეტამორფოზა“) და იგის შეპირისპირება, ვფიქრობ, საინტერესო იქნება. აუცილებელია ადამიანის არსებობის ცნობიერ და ქვეცნობიერის შრეებზე საუბარი. ცნობიერი სამყარო, როგორც ადამიანის ცხოველურ საწყისზე გამარჯვება, ქვეცნობიერი ზრახვების დაძლევა. მორალი – ცნობიერი სამყაროა, სუპერეგოა, განვითარების ის ეტაპია, როდესაც მოთხოვნები მხოლოდ საკუთრი საჭიროებებით არ ისაზღვრება.

მეთოდები, აქტივობები შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს:

ტექსტის წაკითხვამდე აუცილებელია აღნიშნული ფსიქოლოგიური საკითხებით მოსწავლეთა დაინტერესება. ინტერესის აღძვრა შესაძლებელია დისკუსიის მეთოდის გამოყენებით; უმჯობესია  მიმდინარეობდეს ჯგუფებად დაყოფილ კლასში, რათა დისკუსია ჯგუფებს შორის წარიმართოს. დისკუსია ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას, ავითარებს კრიტიკულ აზროვნებასა და სოციალურ უნარებს. დისკუსიის დაწყებამდე მასწავლებელმა უნდა დასვას პრობლემური შეკითხვა ან წარმოადგინოს თეზისი, რომელიც მასალას უკავშირდება. მოცემული საკითხების შემთხვევაში სადისკუსიო შეკითხვა შეიძლება ჩამოყალიბდეს ასე: შეიძლება თუ არა ადამიანის ცხოვრებაში მოხდეს ისეთი რამ, რაც სამუდამოდ და ძირეულად შეცვლის მის პიროვნებას, სხვა ადამიანების დამოკიდებულებებს მის მიმართ? რა შეიძლება იყოს ეს მოვლენა/ცვლილება?

შემდგომ შესაძლებელია სათაურების განხილვა. ასოციაციურად რას უკავშირდება მათთვის სათაური ,,გარდასახვა“ (შესაძლო ასოციაციების მოხმობა და „ასოციაციურ რუკაზე“  განთავსება)?

ტექსტთა შინაარსის რეალიზების შემდგომ  აუცილებელია პროტაგონისტთა საქციელის გაანალიზება, ამისათვის მოსწავლეებმა უნდა გაიხსენონ გმირის მიერ განვლილი გზა: როგორი იყო გმირი ამბის დასაწყისში, რამ შეცვალა ის და როგორი იყო  ცვლილების შემდგომ, ამისათვის შესაძლებელია სააზროვნო სქემის გამოყენება ,,პერსონაჟის ცვლილება“.

 

 

 

 

შემდეგ ნაწარმოებებში დასმული პრობლემებისა და გადაჭრის გზების შედარებითი ანალიზი კოგნიტური სქემების გამოყენებით, როგორებიცაა ,,ვენის დიაგრამა“, ,,პრობლემა და მისი გადაჭრის გზები“

 

მოცემულ დიაგრამებში დახასიათდება სამივე პერსონაჟი, მათი ქმედებები ცალ-ცალკე და გამოიკვეთება საერთო ნიშნები, ის, რაც სამივესთვის ან მხოლოდ ორისათვისაა ნიშანდობლივი.

ავტორისეულ იდეაზე საუბრისას ჯერ უნდა გამოიკვეთოს თითოეული იდეა, ხოლო შემდგომ უნდა მოხდეს ამ იდეათა სინთეზი და ჩამოყალიბდეს მთავარი იდეა. ეს აქტივობაც თვალსაჩინოებისათვის შეიძლება წარიმართოს სქემატურად (სქემა – ,,იდეა და მთავარი იდეა“).

მთავარი იდეა

იდეა       იდეა

    

 

 

 

მთავარი იდეა    

 

,,ალუდა ქეთელაურისა“ და „იგის“ იდეური ხაზი  შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს: დაფარული ჭეშმარიტების აღმოჩენა – მნიშვნელოვანი წინააღმდეგობების წინაპირობა და გაადამიანების დასაწყისი. ხოლო ფრანც კაფკა თავის მოთხრობაში ცდილობს, დაგვანახოს მისი ოჯახის წევრების რეალური სახე. მეტამორფოზამ, რომელიც სხვებისთვის უსარგებლო ადამიანად გვაქცევს, შესაძლოა საერთოდ დაგვიკარგოს ცხოვრებისეული დანიშნულება.  საერთო კი სამივესათვის არის ცხოვრების საზრისის ძიებისა და რეალიზების, საკუთარი დანიშნულების ღირსეულად აღსრულების მოტივები. წინააღმდეგობის  დაძლევა ადამიანის არსებობის, ,,კაცის ადამიანად“ ყოფნის უმთავრესი დანიშნულებაა.

მნიშვნელოვანია თეორიული ცოდნისა და არსებული რეალობის ნაწარმოებთან დაკავშირება. მოცემული ნაწილის მიზანია, მოსწავლემ დაინახოს ლიტერატურის კავშირი ცხოვრებასთან.  ამისათვის შეიძლება სქემის გამოყენება ,,ლიტერატურა და ცხოვრება“, რომელშიც 2 მხარე იქნება გამოყოფილი: იგი ლიტერატურაში – იგი ცხოვრებაში; ალუდა ქეთელაური ცხოვრებაში – ალუდა ქეთელაური ლიტერტურაში;

გრეგორ ზამზა ლიტერატურაში – გრეგორ ზამზა ცხოვრებაში.

 

,,ლიტერატურა და ცხოვრება“

 

                                                   რა მოხდა

                                                 (მოთხრობებში/პოემაში)

                                                      ლიტერატურაში? 

 

 

  რა შეიძლებოდა მომხდარიყო ცხოვრებაში, ისინი ჩვენი მეგობრები, ახლობლები, რომ ყოფილიყვნენ?
 

 

,,იგი“

   
 

 

,,მეტამორფოზა“

   
 

,,ალუდა ქეთელაური“

   

 

დასკვნა – სიცოცხლე არის ლიტერატურა და პირიქით: ლიტერატურაც ისეთივე ცოცხალი, ადამიანური განზომილებაა, როგორიც თავად ადამიანი, იმიტომ, რომ ის ადამიანებზე, მათ განცდებზეა.

 

დასკვნა!

მე დავასკვენი, რომ ლიტერატურა და ცხოვრება…

…………………………………………………………………………………………….

…………………………………………………………………………………………….

…………………………………………………………………………………………….

…………………………………………………………………………………………….

 

 

მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა იპოვონ კავშირი ტექსტსა და საკუთარ ცხოვრებას შორის. მოიყვანონ გარდასახვასთან დაკავშირებული ცხოვრებისეული მაგალითები ან უბრალოდ წარმოიდგინონ, რამდენად შესაძლებელია მათ ცხოვრებაში მოხდეს მსგავსი რამ (ამ საკითხზე კითხვა-პასუხის მეთოდით შესაძლებელია საუბარი). მოსწავლეებს შეგვიძლია მივცეთ ბარათები, რომლებზეც დაწერილი იქნება პროტაგონისტთა სახელები და ვთხოვოთ, წარმოიდგინონ თავი მათ ადგილზე და წერილობითი ფორმით უპასუხონ ბარათში დასმულ კითხვებს, მაგალითად:

როგორ მოიქცეოდით (იგის ადგილზე) დღევანდელ რეალობაში, აჰყვებოდით შინაგან ხმას თუ წუხილის გარეშე გაარძელებდით ცხოვრებას?

როგორ და რამდენად იმოქმედებდა თქვენზე მტრის ვაჟკაცობა, მოახერხებდით უარი გეთქვათ  სახელსა და დიდებაზე მისი დანდობის სანაცვლოდ?

ხოლო გრეგორ ზამზასთან მიმართებით თავი უნდა წარმოიდგინონ მისი ოჯახის წევრად – დად, დედად ან მამად. როგორ მოიქცეოდით საკუთარ ოჯახში რომელიმე წევრი ისეთივე ,,საზიზღარი“ შესახედაობის, უსარგებლო ადამიანად რომ გარდაისახოს, როგორიც ზამზა იყო? როგორ იქმნება და რით განისაზღვრება ადამიანის ადგილი,  მისი ,,ფასი“  ოჯახსა და საზოგადოებაში?

 დასასრულ, სასურველია აღნიშნულ თემაზე ესეის ფორმით დავალების შესრულება, რომლის მიზანი მიღებული ცოდნის განმტკიცება და სინთეზურად ყველა ძირითადი პრობლემისა და იდეის გაერთიანება იქნება (ჩამოაყალიბეთ მოთხრობებსა და პოემაში წამოჭრილი პრობლემები; მთავარ გმირთა ქმედებების გათვალისწინებით იმსჯელეთ მათ მსგავსება-განსხვავებებზე;  გამოყავით თითოეული ტექსტის მთავარი სათქმელი; ჩამოაყალიბეთ ის მხატვრული საშუალებები და სახეები, რომლებითაც ავტორი სათქმელს გადმოგვცემს).

ვფიქრობ, რომ აღნიშნული თემა საინტერესო და განგრძობადია.  ცხოვრებისეულ რეალობასთან, თითოეული ადამიანის სულიერ სამყაროსთან დაკავშირებული საკითხია, რომლის გაცნობიერებაც საკუთარი თავის აღმოჩენის, პიროვნული განვითარების, შინაგანი ხმის შეგნებით მოქმედების, მე-კონცეფციის სწორად ფორმირების საწყისია.

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ფრანც კაფკა, ,,გარდასახვა’’, 23-108, თბილისი, გამომცემლობა ,,ოჩო“, 2010 წელი;
  2. ერიკ ემანუელ შმიტი , ,,პილატეს სახარება“, თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2013 წელი;
  3. ვაჟა-ფშაველა-„ალუდა ქეთელაური“,20-40, თბილისი, გამომცემლობა ,,ნაკადული“, 1985 წელი;
  4. ჯემალ ქარჩხაძე , ,,იგი“ , თბილისი, ქარჩხაძის გამომცემლობა, 2012 წელი;
  5. კარლ როჯერსი, პედაგოგიკის საკითხები, ,,ჰუმანისტური ფსიქოლოგია და სწავლა გამოცდილებით“, 32-37, თბილისი, გამომცემლობა ,,უსტარი“, 2013 წელი.

 

 

 

 

კომენტარები

comments