პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

რას ითხოვს ჩვენგან მუსიკის გაკვეთილები (IV ნაწილი)

მშობლის როლი

 

ადამიანის პირველი მასწავლებელი მშობელია, რომელიც გვასწავლის ლაპარაკს, სიარულს, თვლას, კითხვას, წერას, როგორ მოვიქცეთ საზოგადოებაში და სხვა.  მშობლებზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული: ჩვენი ხასიათი, მსოფლმხედველობა, კულტურა…

ზოგიერთ ოჯახში საკითხი – ვასწავლოთ თუ არა ბავშვს მუსიკა, საერთოდ არ განიხილება. მშობლებს კარგად მოეხსენება, რომ მუსიკა, როგორც კულტურის ნაწილი ადამიანს მრავალმხრივად და სრულფასოვნად ავითარებს. ვინაიდან 5-7 წლის ბავშვს მხოლოდ თამაშის სურვილი აქვს, ამიტომ ეს მნიშვნელოვანი საკითხი მშობლების გადასაწყვეტია.

 

მუსიკის სარგებელი

მშობელთა ცნობიერებაში ორი მცდარი შეხედულება არსებობს: პირველ შემთხვევაში, როცა ბავშვს აუცილებლად აბსოლუტური სმენა უნდა ჰქონდეს, ხოლო მეორე შემთხვევაში, სწავლას აზრი მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ბავშვი მუსიკას თავის პროფესიად აქცევს.

მშობლებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვის განვითარების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და რომ მუსიკა ტვინის ცალკეული უბნების სტიმულირებით შესანიშნავ თერაპიულ ეფექტს ახდენს.

გვახსოვდეს, მუსიკის შესწავლის პროცესში განუსაზღვრელი შესაძლებლობა არსებობს. სწავლების მრავალფეროვნებისა და სურვილის შემთხვევაში შესაძლოა ვიპოვოთ ის, რაც ბავშვს „აქ და ამ წუთში“ დააინტერესებს და ამავდროულად მუსიკით გატაცებაშიც გადაზრდის.

 

ერთობლივი მეცადინეობები

 

მუსიკის შესწავლის პროცესში ბავშვისა და მშობლის ერთობლივი მეცადინეობები, გაკვეთილის მომზადებაში მონაწილეობის მიღება უკიდურესად მნიშვნელოვანი და ძალზე სასარგებლო ჩვევაა, რადგან დახმარება ყოველთვის დადებითი შედეგის მომტანია. მშობელი მოთმინებით უნდა მოეკიდოს ბავშვის სისუსტეებს. კრიტიკულ შენიშვნებში ფრთხილი იყოს. მშობელს მუდამ უნდა ახსოვდეს, რომ მუსიკალური საკრავის ათვისება ძნელია, ამიტომ მცდელობისთვის, დავალების შესრულებისთვის და მცირე პროგრესისთვისაც კი ბავშვი უნდა შეაქოს. მშობლების მხრიდან ძალზე კარგი ჩვევაა ბავშვში წარმატების რწმენის მუდმივად ჩანერგვა. ბავშვი თუ დაიჯერებს, რომ სწავლის შესაძლებლობები საკმარისზე მეტი აქვს, წარმატება გარანტირებული ექნება.

აქვე მშობლის უარყოფით როლზეც უნდა ითქვას: მშობელი ბავშვის სიზარმაცის მიზეზი იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს, თუ მეცადინეობის ორგანიზების ჰუმანური და კონსტრუქციული მეთოდის გამოძებნა  ვერ მოახერხა.

 

მასწავლებლის როლი

ბავშვის ცხოვრებაში მუსიკის პირველი მასწავლებლის როლი ფასდაუდებელია. მასზეა დამოკიდებული მოსწავლის მუსიკისადმი სიყვარულის გაღვივება, სწავლით დაინტერესება, პირველი წარმატება, პროფესიონალური გზის გასაგრძელებლად შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენა და სხვა. ამიტომ, მშობლებს დიდი პასუხისმგებლობა ენიჭებათ მასწავლებლის შერჩევის საკითხში.

 

მასწავლებლის შერჩევა

მუსიკის სწავლების ხანგრძლივ გზაზე ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი მასწავლებლის შერჩევას შეეხება. პირველ რიგში, ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს მასწავლებლისა და თქვენი ბავშვის ფსიქოლოგიური თავსებადობა. მათ შორის ურთიერთობამ დადებითი ენერგეტიკა უნდა წარმოშვას და იმის შეგრძნება, რომ ერთმანეთი მოსწონთ და სჭირდებათ. ამიტომ მშობელს, რომელიც მასწავლებელს დამოუკიდებლად შეარჩევს, არ უნდა დაავიწყდეს შვილს ჰკითხოს, მოეწონა თუ არა მომავალი მასწავლებელი და თუ აქვს მასთან მეცადინეობის სურვილი.

შესაძლებლობების დაბლოკვა

მასწავლებლებმა გაკვეთილი არ უნდა დავიწყოთ ფრაზით „დღეს ჩვენ რთულ თემაზე უნდა ვისაუბროთ“, ან „ჩვენ ამას ვერ დავძლევთ“, ან „ამის სწავლა შეუძლებელია“. სიტყვა „რთულია“ ბავშვის შესაძლებლობებს ბლოკავს. ამ კონტექსტში „რთული“ „საინტერესოთი“ შევცვალოთ და ბავშვებს ასე მივმართოთ: „დღევანდელი თემა საინტერესოა“, „ჩვენ ამას დავძლევთ“ და ა.შ. აგრეთვე შესაძლებელია აზრის ასე ფორმულირება: „ვითამაშოთ“. ბავშვის წარმოდგენაში თამაში ხომ გართობაა.

 

კლასგარეშე თავისუფალი სწავლება

საკრავის თავისუფლად ფლობის ერთ-ერთი პირობაა მუდმივი დაკვრის პრაქტიკა. ბავშვებს უყვართ საყვარელი სიმღერის სმენით გარჩევა და აკომპანირება. შესაბამისად, ძალზე მნიშვნელოვანია მასწავლებლისა და მოსწავლის ერთობლივი სწრაფვა სწავლების ტრადიციული პროგრამის ჩარჩოებიდან გამოსვლისკენ და მოსწავლის რეპერტუარის იმ ნაწარმოებებით გამდიდრება, რომლებიც მას აინტერესებს. გაკვეთილის ორგანიზების ახალი და განსხვავებული ფორმები ბავშვებისთვის მიმზიდველია და მეცადინეობა აღარ არის მოსაწყენი. ბავშვს მაქსიმალური თავისუფლება მივანიჭოთ და ის გაკვეთილზე მშვიდად და სიამოვნებით იმუშავებს. და ერთიც, მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ მის მიერ შერჩეული პროგრამა მოსწავლის ასაკსა და განვითარების დონეს ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს.

 

სანიმუშო მასწავლებლის პარამეტრები

მასწავლებლებისთვის იმის შეხსენება, რომ მუსიკის გაკვეთილები სიცოცხლით სავსე, საინტერესო და მხიარულ გარემოში უნდა მიმდინარეობდეს, უხერხული მეჩვენება. ბუნებრივია, ამგვარ ატმოსფეროში ჩატარებული გაკვეთილები და თავად მუსიკით გატაცებული მასწავლებლის ენერგეტიკა მოსწავლეებისთვის აუცილებლად გადამდები იქნება. მუსიკის მასწავლებელი ბავშვების მოყვარული და ამავდროულად კარგი ფსიქოლოგიც უნდა იყოს. ძალზე მნიშვნელოვანია ყოველ მოსწავლესთან ინდივიდუალური მიდგომა და მეგობრული ატმოსფეროს შექმნა. და მაინც, საინტერესოა სანიმუშო მასწავლებელს რა პარამეტრები გამოარჩევს:

  • გულისხმიერება
  • მზრუნველობა
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • სამართლიანობა
  • კომუნიკაბელურობა
  • მოსმენის უნარი
  • მუდამ ღია დიალოგისათვის
  • ოპტიმიზმი და სიცოცხლისადმი სიყვარული
  • მეტყველების კულტურა
  • ერუდიცია

კარგი მასწავლებელი კეთილი ჯადოქარია, რომელიც ჩვენს თვალწინ სასწაულებს ახდენს.

P.S. ძალიან კარგია სწავლების ადრე დაწყება, მაგრამ მუსიკის შესწავლა ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი, თუ ადამიანს ამის მიდრეკილება და სურვილი აღმოაჩნდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი