სამშაბათი, აპრილი 16, 2024
16 აპრილი, სამშაბათი, 2024

დათო

სექტემბრის იმ სევდიან დღეს, როცა მარჯვენახელმოტეხილი და წინა დღეებისგან გამოღლილი თბილისი-ზუგდიდის გზას დავადექი, ვეცადე გამეხსენებინა დიდი ხნის წინანდელი შეხვედრა დათო თოლორაიასთან – ბებიაჩემის ძმასთან, რომელიც უკვე ცოცხალი აღარ იყო. მეტიც – მე სწორედ მის უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად ჩავდიოდი ქალაქში, სადაც ის მეოცე საუკუნის 20-იანების დასაწყისში დაიბადა და 2010 წლიდან დაბრუნდა რუსეთში ხანგრძლივი ცხოვრების შემდეგ.

უბრალო და შემთხვევითი კაცის ცხოვრებით არ უცხოვრია, რასაც მისი უკანასკნელი ნაბიჯიც მოწმობს, მაგრამ სანამ იქამდე მიაღწევდა, ბევრისთვის მოუწია დამტკიცება, რომ სხვა ნიჭისა და გაქანებისა იყო. ჯერ ჯანმრთელობის გამოცდა ჩააბარა – მაშინ ძალიან გავრცელებული ტუბერკულოზისგან განიკურნა, მარტო, ოჯახისგან შორს მყოფ სტუდენტს რომ შეეყარა. მერე კი უკვე საბოლოოდ გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქში გამოეცადა თავი, გასაცემიც გაეცა და მისაღებიც იქ მიეღო.

ინჟინერ-მშენებლის პროფესიით რუსეთისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ბევრ ქალაქში, მათ შორის დახურულ და საიდუმლოებით მოცულ ელექტროსტალსა და სემიპალატინსკში უმუშავია და ალბათ ბევრი რამ იცოდა იმ ეპოქის კულუარებზე, რომელსაც მცირე დოზით ოჯახურ თავყრილობებზეც ჰყვებოდა. ასეთი შეკრებები კი ძალიან უყვარდა და ხშირად თვითონვე იყო ინიციატორი – დედ-მამის, მეუღლის, და-ძმის დაბადების დღეებს უგამონაკლისოდ იხდიდა, სულ მარტოც რომ დარჩენილიყო და მხოლოდ მას აენთო სანთელი ძვირფასი სახეების წინაშე. წესრიგი და სიჯიუტე, რომლითაც მოხუცი ფორმაში ყოფნასაც ახერხებდა და სხვებზე ზრუნვასაც, თითქმის ბოლო დღეებამდე მიჰყვა; გაჭირვების ფასიც იცოდა და ფუფუნებისაც, ამიტომ ახლობელ-ნათესავებისთვის დახმარების ჩვევას მკაცრ ხელმომჭირნეობასთან აზავებდა, ამიტომ ფული ყოველთვის ჰქონდა და არც პატივისცემის გარეშე დაუტოვებია ვინმე.

დათო ბიძიას (ყველანი ასე ვეძახდით) ნაშუადღევის ძილი უცვლელ წესად შემოეღო და ჯერ კიდევ ახალგაზრდობიდან ერთგულობდა. და საერთოდ, როგორც ყველა ჭკუაკითხული მეგრელი, ისიც ამოჩემებული თუ მის მიერ საკუთარი თავისთვის დაწესებული ნორმების განუხრელად დამცველი და შემსრულებელი იყო. ეს ეხებოდა შრომის პროცესს, კვებას, მკურნალობას, ადამიანების შეფასებას თუ პოლიტიკურ სიმპათიებს. ალბათ ამიტომაც არ შევიდა კომუნისტურ პარტიაში – და არა იმიტომ რომ დისიდენტობა უნდოდა – უბრალოდ მიაჩნდა, რომ ვიღაც-ვიღაცებმა პარტიული პლატფორმა პირადი კეთილდღეობისთვის გამოიყენეს და იდეალებისთვის ბრძოლის ნაცვლად, მომხვეჭელობასა და მექრთამეობას მიჰყვეს ხელი. თავისი პროფესიული კარიერის მწვერვალს – საბჭოთა კავშირის რკინა-ბეტონის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გენერალურ დირექტორობას – ამის გამო ვერ მიაღწია და მხოლოდ მის წინა საფეხურს დასჯერდა, მაგრამ ამაზე საერთოდ არ სწყდებოდა გული. მე კი მუდმივად განვიცდიდი იმას, რომ საინტერესო ადამიანების მემუარულ ტექსტებზე დაგეშილს დათო თოლორაიას ცხოვრებიდან მხოლოდ ფრაგმენტები მქონდა მოსმენილი. არადა, ყოფილი საბჭოთა კავშირის არაერთი ცნობილი თუ დასამახსოვრებელი პერსონაჟის ამბავი მოეყოლა სუფრებსა და ხანმოკლე შეხვედრებისას და კიდევ რამდენის გახსენება შეეძლო: უმაღლესი რანგის პოლიტიკურ ფიგურებთან შეხვედრები, ათასი იდუმალი თუ გაუხმაურებელი თემა – მათ შორის სტალინის შვილის – ვასილის ოჯახთან ურთიერთობის დეტალები, უშუალო პირველწყაროდან მოსმენილი ბერიას მკვლელობის საქმე და ბევრი სხვა…

მოსკოვში სულ უფრო იშვიათად ბრუნდებოდა და უკვე ყველამ იცოდა, რომ მშობლიურ ქალაქში, დედ-მამის გვერდით უნდა გაჭრილიყო მისი საფლავი, მაგრამ სანამ ეს წუთი დადგებოდა, ერთხელაც გადავწყვიტე და აგვისტოს ცხელ დღეს, კივის ტალავრის ჩრდილში ჩამომჯდარს ჩემი განზრახვა გავუმხილე, – კითხვებს და დიქტოფონს მოვამზადებ, დავსხდეთ რამდენჯერმე, რამდენიმე საათით და კარგი რამე გამოვა-მეთქი. ფასეული, ყველას რომ გამოადგება, ოჯახსაც და ქვეყანასაც. დღესაც და მომავალშიც.

გაიღიმა, თავი გააქნია და მეუბნება:

– არ გამოვა.

– რატომ?

– ვის სჭირდება ჩემი ბიოგრაფია?

– როგორ თუ ვის…

– ჰო, ვის აინტერესებს ჩემი ცხოვრება? კაცის, რომელმაც შეიძლება დიდ წარმატებას მიაღწია, მაღალ თანამდებობებზეც იყო, მაგრამ თავისი ქვეყნისთვის არაფერი გაუკეთებია.

– როგორ არ გაუკეთებია… – დავიბენი, ამის თქმაღა შევძელი, არადა სათითაოდ მინდოდა ჩამომეთვალა, რაც გაუკეთებია, რაც იყო ეს ერთი კაცი ჩვენი ოჯახისა და თავისი გვარისთვის.

– მოკლედ, არ ღირს.

გაგრძელებაც არ ღირდა. მივხვდი, რომ იმ მომენტში ყველაზე გულწრფელი კაცი იდგა ჩემ წინ და მასთან შეკამათების ყველა ცდა ყალბიც იყო და განწირულიც. ამაყი და პატიოსანი კაცის აღსარება ხომ იმაზე მეტი წონისაა, ვიდრე ყველა ის ადამიანური სიკეთე, ჩვენ რომ სიკეთე გვგონია ხოლმე.

…დემეტრემ მითხრა ამასწინათ, – ზუგდიდში რომ ჩავალთ, დათო ბიძიას ხომ ვნახავთო. როგორ, მამა, – ვუთხარი გაკვირვებულმა, – შენც იქ არ იყავი, დათო რომ დავასაფლავეთ-მეთქი.

არადა, ოცი საუკუნე გავიდა და ჩვენ მაინც გვგონია, სხეული თუ ქრება, ადამიანის ნიშანწყალი არ უნდა დარჩეს…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

გმირი თუ დამნაშავე

ენა, რიტუალი, კერძი

 ესკიზები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი